სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში „კოვიდ-19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“ ასახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების ზეგავლენას ბავშვებზე.
კვლევა ორ ნაწილად იყო დაყოფილი: პანდემიის დროს ალტერნატიულ ზრუნვასთან, ბავშვების განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ინფორმირებულობის, ძალადობისგან დაცვის, სხვადასხვა სერვისზე წვდომასა და ოჯახებთან ურთიერთობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შეფასება სამაგიდო კვლევის გზით; ზომების ზეგავლენის შეფასება საველე სამუშაოების, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების განხორციელების გზით.
უმნიშვნელოვანესი იყო ბავშვების ჩართულობა მონაცემების შეგროვების ეტაპზე — მათი შეხედულებების გაგება, როგორც სახელმწიფოს მიერ COVID- 19-ის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებულ ზომებში მათი მონაწილეობის შესახებ, ისე იმ სირთულეების ირგვლივაც, რომლებიც შეექმნათ და/ან დღემდე ექმნებათ ამ ზომებიდან გამომდინარე. ბავშვების მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო — შეეძლოთ აერჩიათ, მიიღებდნენ თუ არა კვლევაში მონაწილეობას და ინფორმირებულები იყვნენ, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოთ შეეწყვიტათ მონაწილეობა. ბავშვების შერჩევის დროს დაწესებული არ ყოფილა ასაკობრივი შეზღუდვა, განსხვავებული იყო მხოლოდ მიდგომა ასაკის მიხედვით. ადრეული ასაკის შემთხვევაში, გასაუბრების დროს აქცენტი კეთდებოდა მათი ასაკის შესაბამის აქტივობებზე. მუშაობის პროცესში უფროსებს ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნებისმიერი რისკის პრევენციის ვალდებულება ჰქონდათ.
კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან, თითქმის ყველა მიმართულებით, ბავშვის უფლებების დაცვა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ: კიდევ უფრო დამძიმდა იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს, არ აქვთ წვდომა სათანადო რესურსებზე, აქვთ ძალადობის გამოცდილება და საჭიროებენ სხვადასხვა სარეაბილიტაციო მომსახურებას; ამასთანავე, პანდემიის პერიოდში, გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის მოწმედ ყოფნის რისკები და კიდევ უფრო შემცირდა მათი გამოვლენის მექანიზმები; ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკების ზრდა, ძირითადად გამოიწვია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ და იზოლაციაში ყოფნამ, ბავშვებს აღარ ჰქონდათ სრულყოფილი კომუნიკაცია თავიანთ მასწავლებლებთან, რაც მათ მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის შემთხვევების შესახებ შეატყობინების შესაძლებლობას უზღუდავდა.
განსაკუთრებულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც თვეების განმავლობაში იძულებულები იყვნენ არ დაეტოვებინათ დაწესებულების ტერიტორია, არ ჰქონდათ მშობლების მონახულების უფლება. დაწესებულებები არ აღმოჩნდნენ მზად, ჩაკეტილ სივრცეში ბავშვებისთვის ალტერნატიული სოციალური პროგრამები შეეთავაზებინათ.
დისტანციური სწავლის რეჟიმმა და იზოლაციამ მკვეთრად გაზარდა ბავშვების მიმართ ძალადობის რისკები, ამასთანავე, გართულდა ძალადობის ემოციურ და ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვება. თუმცა, შეფასების შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ გაზრდილი რისკების მიუხედავად, სამთავრობო უწყებებში მიმართვიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა არ ყოფილა. რიგ შემთხვევებში, მიმართვიანობა მცირედითაა გაზრდილი ან პირიქით, კლების ტენდენცია შეიმჩნევა, რაც, სავარაუდოდ, უფრო ბავშვთა მიმართ შესაძლო ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პრობლემას უკავშირდება. პანდემიის პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე მიმართვიანობის მკვეთრ მატებაზე მათ უწყებაში მხოლოდ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები მიუთითებენ.
დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლის პროცესი ცალკეული ბავშვებისთვის განსაკუთრებით სტრესული გამოდგა. კერძოდ, ონლაინ გაკვეთილში ჩართვის და მონაწილეობის დისკომფორტი ექმნებოდათ გადატვირთულ საცხოვრისში მცხოვრებ ბავშვებს, ასევე, არასრულწლოვნებს, რომელთაც ოჯახური კონფლიქტის ფონზე უწევდათ გაკვეთილის მოსმენა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. მაგალითისთვის, კვლევის პროცესში, ერთ-ერთმა მასწავლებელმა გაიხსენა საგაკვეთილო პროცესში ბავშვის სახლში მშობლებს შორის კონფლიქტისა და მშობლების მხრიდან ბავშვის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევა, რამაც არასრულწლოვანი მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში ჩააგდო.
დისტანციურ სწავლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის შესაბამისი ციფრული პლატფორმებით სარგებლობის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე. სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ოჯახებსა და რეგიონებში, სადაც ინტერნეტი მიუწვდომელი იყო, ბავშვებს ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უმწვავესი პრობლემები ჰქონდათ. ამასთან, გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით.
„ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების ინტენსივობა არ იყო საკმარისი მასალის დასამუშავებლად. მოსწავლეების განცხადებით, გარკვეული დრო ტექნიკურ საკითხებში იხარჯებოდა, დიდი დრო სჭირდებოდა დავალებების შემოწმებასა და გამოკითხვას და ახალი მასალის ახსნის დრო აღარ რჩებოდა. ამიტომ, ზოგიერთ საგანში ვერ მოახერხეს წიგნების დასრულება. ბავშვებმა ამის ფონზე მოითხოვეს დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, რაც დაკმაყოფილდა.“ (საჯარო სკოლის თანამშრომლები)
„ოჯახში ნაკლებად ჰქონდათ ფსიქოსოციალური განვითარებისთვის საჭირო რესურსები, არც მშობლები იყვნენ მზად ბავშვების სახლში სამეცადინოდ. ამიტომ, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ბავშვებს ჰქონდათ გართულებული ქცევა, რომელიც მოწესრიგდა ფსიქოლოგისა და სხვა სპეციალისტების ჩარევის შედეგად. როდესაც განახლდა კონტაქტური სწავლება, ბავშვები ნელ-ნელა გახალისდნენ და აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში.“ (სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სკოლა-პანსიონის თანამშრომლები)
„დისტანციური სწავლების დროს შეინიშნებოდა შვილების მიმართ მშობლების არაჯანსაღი დამოკიდებულებები. კერძოდ, როდესაც ბავშვი სახლიდან ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესს, მშობლის მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთებულა: ,,რა ვეღარ დამთავრდა შენი გაკვეთილი“!? „რა ვეღარ მორჩი“!? მათი თქმით, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახა ბავშვების ფსიქიკაზე, მუდმივად განიცდიდნენ სტრესს, თითქოს იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მშობლების მხრიდან. პედაგოგები ითხოვდნენ მშობლებისგან, რომ ბავშვებისთვის სასკოლო გარემო შეექმნათ, თუმცა როდესაც ოჯახი ერთ სივრცეში ცხოვრობს, სადაც რამდენიმე ბავშვია, შეუძლებელია ასეთ დროს მოსწავლეს ჰქონდეს განათლებაზე წვდომის ადეკვატური შესაძლებლობა.“ (ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის თანამშრომელი)
ვინაიდან ბავშვი სულ სახლში ატარებდა დროს, არ არის გამორიცხული, რომ საშინაო საქმეებშიც ყოფილიყო ჩართული. გაიზარდა ექსპლოატაციის რისკიც, თუმცა სკოლა ამას ვერ გამოავლენდა. იზოლაციამ ბავშვების ქცევაზეც მოახდინა გავლენა. შესაბამისად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით.
პანდემიის პერიოდში დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა მანდატურის სამსახურიც. სამსახურის ყველა მომსახურება პირისპირ/ფიზიკურ ფორმატზე იყო მორგებული, მათ შორის, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამიტომ, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან ონლაინ მუშაობა, თუ მანამდე უკვე არ ჰქონიათ ურთიერთობა, შეუძლებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა რეგიონში, რადგან მომსახურება, ძირითადად, ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ინტერნეტზე წვდომა კი ყველა ბავშვს არ ჰქონდა.
„ონლაინ ფორმატზე გადასვლა გამოწვევა არ ყოფილა მხოლოდ ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. გამოწვევა იყო სპეციალისტებისთვისაც, და ეს გამოწვევა ცალკეულ შემთხვევებში ახლაც დგას. ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, სოციალური მუშაობა ისეთი ტიპის მომსახურებებია, რომ საჭიროა ფიზიკური კომუნიკაცია. ამიტომ, ონლაინ სივრცეში ეს პროცესი გართულდა.“ (მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი)
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც შშმ და სსსმ ბავშვების დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ეფექტიან ჩართვასა და ხარისხიანი განათლების მიღებასთან იყო დაკავშირებული, არასრულწლოვნების ოჯახის წევრებზე გაზრდილი ვალდებულებები გახლდათ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, დისტანციური სწავლების დროს მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოშვა იმან, რომ სპეციალური მასწავლებლების და ასისტენტების ვალდებულებები ფაქტობრივად გადავიდა მშობლებზე, რომლებიც, თავის მხრივ, არ აღმოჩნდნენ მზად ამ ვალდებულებების შესასრულებლად.
კვლევის ძირითადმა თემატიკამ, დამატებით, მოიცვა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებიც, კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენის პირობებში. კვლევამ ცხადყო, რომ სახელმწიფო ზრუნვის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ინფიცირების შემთხვევების მართვა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა. მუდმივმა იზოლაციამ და სოციალური კონტაქტების წყვეტამ ბავშვების ქცევის მართვა გაართულა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა არასრულწლოვანთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რთული ქცევის კუთხით.
ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ქცევის სირთულეებზე ისაუბრეს ყველა დაწესებულებაში, სადაც შეფასება განხორციელდა. ის დაწესებულებები, რომელთაც ეზოები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდათ, გარე აქტივობების გამოყენებით, შედარებით, ახერებდნენ ბავშვების ქცევის მართვას. თუმცა, კიდევ უფრო რთული ვითარება შეიქმნა იმ მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში, სადაც მსგავსი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ. ამის გამო, იმატა დაწესებულებებიდან გაქცევის მაჩვენებელმა, განსაკუთრებით, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების შემთხვევაში.
„ეზო იყო ერთადერთი სივრცე, სადაც გადიოდნენ. იმ ბავშვებს, ვისაც ისედაც ჰქონდათ გაქცევის მცდელობები, დაემატათ ახალი ქცევები. ამის ობიექტური მიზეზი იყო ის, რომ არა ეზო, არა სკოლა, არა მეგობრები. იყო ტანსაცმლის გადაყრის, კარადების დანგრევის შემთხვევები. ხშირი იყო ბავშვებს შორის კონფლიქტები და ფიზიკური დაპირისპირება. ბავშვები ღამე რომ იძინებდნენ, მორიგეობდნენ, რომ ასაკით უფრო დიდ ბავშვებს არ ეძალადათ.“ (სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას ჰქონდა ეზო, მაგრამ არ იყენებდა და ბავშვები გამოკეტილები იყვნენ ოთახებში. მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა, მაგალითად, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პანსიონატში. ბავშვების უმეტესობას, პანდემიამდე, ჰქონდა ქცევითი სირთულე და ამას დამატებითი შეზღუდვა დაემატა. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები მთელი დღე გაკოჭილები იყვნენ სკამზე და ერთადერთი ჭამის პროცესში თუ უახლოვდებოდათ მათ ვინმე, შესაბამისად, ადვილად ასახსნელია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება.
კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პანსიონატის წარმომადგენლების თქმით, გაიზარდა როგორც ბავშვების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადაყვანის მაჩვენებელი, ასევე, ბავშვებს შორის კონფლიქტების შემთხვევები. ბავშვების ქცევის დამძიმება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის შემთხვევებშიც გამოვლინდა. ამასთანავე, ამ ტიპის გართულებებმა იმ ბავშვებშიც იჩინა თავი, რომელთაც მანამდე მსგავსი პრობლემები არ ჰქონდათ.
საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამ რისკის წინაშე დააყენა ბავშვების წვდომა სასიცოცხლო მომსახურებებზე, კვებასა და რეაბილიტაციის სერვისებზე. განსაკუთრებით პრობლემური იყო ეს საკითხი პანდემიის დაწყების პირველ თვეებში, როდესაც დაიკეტა ან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა მომსახურებები, დღის ცენტრები, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სკოლა-პანსიონები და ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტების ალტერნატიული მიწოდების სქემა არ არსებობდა. მოგვიანებით, დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის გაიცა კვების ვაუჩერები. თუმცა, საკვების მიწოდების კუთხით, პრობლემური იყო სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომა, რომელიც კრძალავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას.
„ძალიან დიდი გამოწვევა იყო ყველაფრის დაკეტვა, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ჩვენ, გარდა იმისა, რომ ინსტიტუციებში გვყავს ბავშვები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებში გვაქვს, ასევე, სასადილოები. აქ, ხანდაზმულებთან ერთად, დადიან მათი ოჯახის წევრებიც. ტრანსპორტის გაუქმების გამო, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რომ მიგვეწოდებინა ეს საჭმელი, რადგან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა და პროვაიდერების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. მერე დავიწყეთ ფონდების მოძიება და პერიოდულად, 2 კვირაში ერთხელ მაინც, ვახერხებდით დღის ცენტრის ბავშვების საკვები პროდუქტებით მომარაგებას. სახელმწიფოს ამისთვის დამატებით ერთი თეთრიც არ გამოუყვია.“ (სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი)
სპეციალურ ანგარიშში განხილულია სახელმწიფოს მიერ, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ეტაპობრივად მიღებული ზომები, რომელიც შეირჩა კვლევის მიზნებისთვის და ზეგავლენა იქონია ბავშვის უფლებებზე, მათ შორის, ბავშვების ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვაზე, განათლების უფლებისა და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზოგად უფლებრივ მდგომარეობაზე.
ანგარიშის რეკომენდაციით, პანდემიის პერიოდში თუ სხვა კრიზისებისას შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, მთავრობამ ეფექტიანი მექანიზმები და რეგულაციები უნდა შეიმუშაოს. მნიშვნელოვანია, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან სხვა მოქმედებების განხორციელებისას, მათ შორის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომების შემუშავების პროცესში, არასრულწლოვანთა აზრის გათვალისწინება და მათი ჩართულობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC), ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, მოამზადა.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა