უკრაინის ომის 64-ე დღეს, კალიგრაფებმა ქართული საზოგადოება, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, თიბისი არტ გალერეაში, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გააერთიანა, სადაც 20-მდე კალიგრაფის ნამუშევარი წარმოადგინეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ახლახან დაფუძნებული კალიგრაფთა ასოციაცია იყო, რომლის დირექტორი ნესტან ბაგაურია. ასოციაციამ პირველი ღონისძიება სწორედ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მიუძღვნა.
„დღეს, როდესაც რუსული ოკუპაციის სამიზნე უკრაინაა, მიგვაჩნია, რომ ყველამ უნდა მოჰკიდოს ხელი იმ „მახვილს“, რომლითაც უკეთ მოიგერიებს ძალადობას, გვერდით დაუდგება მეგობარს: მეომარი იშიშვლებს იარაღს, ექიმი – სამედიცინო ხელსაწყოებს, მფრინავი ცაში აიჭრება… კალიგრაფებმა კი, ავიღოთ კალამი და საუკუნეებგამოვლილი ხელოვნებით გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა!“ – ამბობს ნესტან ბაგაური.
გამოფენის მონაწილე კალიგრაფებმა ნამუშევრებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული სტრიქონები გააცოცხლეს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო: სახარებისეული სიბრძნე, რუსთაველი, ბარათაშვილი, გალაკტიონი თუ ვაჟა-ფშაველა…
ნესტან ბაგაური: „ქართული კალიგრაფია, როგორც ხელოვნება, დადასტურებული მეხუთე საუკუნიდან გვაქვს და, ალბათ, კიდევ უფრო დიდი ფესვები აქვს. სწორედ კალიგრაფებისა და კალიგრაფიის დამსახურებაა ის, რომ გვაქვს ათასობით ხელნაწერი მემკვიდრეობა, რის საფუძველზეც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ და ვთქვათ, რომ ძველი ცივილიზებული ერი ვართ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ამ კოლექციის მფლობელი, ალბათ ლოგიკურია, 21-ე საუკუნეში კალიგრაფიის გაცოცხლების ავანგარდში იყო, ყოველი ცალკეული პროექტის დროს. გარდა იმისა, რომ 2010-ში დაიწყო საერთაშორისო კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, ყოველწლიურად ატარებდა კონკურსს, კონკურსს მიღმა კი, თუკი რაიმე აქტივობა ან პროექტი იყო, ყოველთვის ლობირებდა კალიგრაფიის თემას. ამასობაში 12 წელი გავიდა და ამ მხარდაჭერის ფონზე, კალიგრაფების ორი თაობა გაიზარდა – დაახლოებით 30 პროფესიონალი კალიგრაფი მოღვაწეობს უკვე ამ მიმართულებით წარმატებით, ზოგი – საქართველოში და ზოგიც – უცხოეთში. არაერთი მასშტაბური გამოფენა მოეწყო ჩვენს ქვეყანაშიც და უცხოეთშიც, ამის გარდა, დაარსდა რამდენიმე სკოლა-სტუდიაც და სულ უფრო მზარდი გახდა ინტერესი კალიგრაფიისადმი.
რეალურად გაჩნდა საჭიროება, რომ კალიგრაფების მუშაობა იყოს კოორდინირებული, რაც ხელს შეუწყობს კალიგრაფიის პოპულარიზებას, მოვიზიდავთ ადამიანებს, ვისაც ეს ემარჯვება და გამუდმებით ამაზე იმუშავებენ. ამის გარდა, სასურველია, მოხდეს კალიგრაფიის ხელოვნების ინტენსიური ინტეგრაცია ტურისტულ სექტორში. როდესაც ვამბობთ, რომ ძველი, ცივილიზებული ერი ვართ, ძალიან კარგია სამზარეულოს კულტურა, არქიტექტურა, მაგრამ რამაც შვა ეს ყველაფერი, სწორედ დამწერლობაა, ჩვენი კალიგრაფიაა, რომელიც მეტად ცნობადი უნდა გავხადოთ.
ამ ნაბიჯისკენ იმანაც გვიბიძგა, რომ ჩვენი სანაცნობო და საკონტაქტო წრე კალიგრაფიის სფეროში გაფართოვდა. როცა აღმოსავლელი კალიგრაფები – ირანელები, არაბები იგებდნენ, რომ ამოდენა კალიგრაფიის კულტურის მქონე ქვეყანას არ გვქონდა ასეთი ასოციაცია ან გაერთიანება, ძალიან უკვირდათ. დიდი მხარდაჭერა და თანამშრომლობის სურვილი გვაქვს ევროპელი კალიგრაფებისგანაც. ამ ყველაფერმა კი, იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ კალიგრაფებს საკუთარი ბედი თავად უნდა გვემართა და არ უნდა ვყოფილიყავით კონკრეტული, ცალკეული პროექტების რაღაც ნაწილი.
ასე გაჩნდა კალიგრაფთა ასოციაციის შექმნის იდეა, უკრაინაში დაწყებულმა ომმა და იმის სურვილმა, რომ ქართველი კალიგრაფების სახელით გამოგვეხატა პროტესტი და ქმედითი დახმარება გაგვეწია უკრაინელი ხალხისთვის, პროცესი ერთგვარად დააჩქარა. სულ ახლახან დაფუძნდა ჩვენი ასოციაცია და ცხადია, პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს საქველმოქმედო გამოფენაა – კალიგრაფები უკრაინელებისთვის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ძალიან მრავალმხრივია, არაერთი მიმართულების კალიგრაფიის სტუდია შეიქმნება, გამოფენებით გავანებივრებთ ქართველ და უცხოელ საზოგადოებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს გამოფენები ძალიან მაღალი დონის და დიდი მასშტაბის იქნება, ნამუშევრები – სასკოლო, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საზოგადოებაზე გათვლილი. ვითანამშრომლებთ სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებთან და, რაც მთავარია, საგანმანათლებლო და სამუზეუმო სივრცესთან.“
კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე, ახალგაზრდა კალიგრაფი დავით მაისურაძე გვიყვება, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ნამუშევარი უკრაინის ომის დაწყებისთანავე შექმნა: „ომის დაწყებისთანავე ვიფიქრე, გამეკეთებინა ეს ნამუშევარი, რადგან კალიგრაფია არის არა მხოლოდ სამხილი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი კულტურა, არამედ ერთგვარი იარაღია, გამოხატო შენი სათქმელი. ხელოვნება, ზოგადად, არის იარაღი სათქმელის გამოსახატავად, კალიგრაფია კი, ერთ-ერთი უპირველესია. შევეცადე, კალამი ამეღო და ჩემი ემოცია ასე გამომეხატა. პირველი, რაც მომაგონდა და რაც ყველაზე კარგად გამოხატავს დღევანდელ რეალობას, რუსთაველის ფრაზაა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
დარწმუნებული ვარ, ამ სასტიკი ომის ფინალიც ეს იქნება. ჩემს ნამუშევარზე ციტატის უკრაინული თარგმანიც დავწერე. ტრადიციული ქართული შრიფტი და ტრადიციული უკრაინული შრიფტი შევარჩიე, ორივე ერთი პერიოდისაა – მე-18 საუკუნეში განვითარდა. სხვათა შორის, ორივეს ერთი და იგივე საფუძველი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ორი ერის ისტორიულ კავშირებს.“
ღონისძიებაზე 20-ზე მეტი კალიგრაფი გაერთიანდა საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. „შემოგვიერთდნენ ჩვენი ემიგრანტი ქართველები გერმანიიდან, ირლანდიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი კალიგრაფი უკრაინიდან – ანა ეგოროვა, რომელმაც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნა ერთ-ერთი ნამუშევარი „უკრაინის დაბომბილი ქალაქები“, რომელიც შესრულებულია ლათინური და ტრადიციული უკრაინული კირილიცას შრიფტით და პირველ სიტყვებში იკითხება: კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ბუჩა…
კიდევ ერთ ნამუშევარზე მინდა შევაჩერო ყურადღება – ეს არის ხატია ფოფხაძის მიერ გერმანიიდან გამოგზავნილი ნამუშევარი და როგორც თავად უწოდებს — ნაწერ-ხატი, ერთდროულად არის ნაწერიც და ნახატიც. მართლაც საოცარი ნამუშევარია. სხვათა შორის, კალიგრაფია იმითაც არის საინტერესო, რომ მხოლოდ ტექსტს არ გვინახავს, არამედ ემოციასაც გამოხატავს, ამიტომაცაა ხელოვნება. მნახველმა და მკითხველმა მასში ემოცია უნდა ამოიკითხოს, გაითავისოს და შეიგრძნოს. ეს ნამუშევარი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა, ემოციის გადმოცემის თვალსაზრისით.“ – ამბობს დავით მაისურაძე.
ლეილა ბაღბაია, კალიგრაფი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის თანამშრომელი: „კალიგრაფები უკრაინაში მიმდინარე ომმა გაგვაერთიანა. სპეციალურად ამ პროექტისთვის – „კალიგრაფები უკრაინისთვის“ ისეთი კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შეგვექმნა, ერთდროულად, ქართული ანბანის სიმბოლოც ყოფილიყო, მიმზიდველიც და დამთვალიერებლებისთვის საინტერესო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. ახლად შექმნილი კალიგრაფთა ასოციაციის წევრები უკვე დიდი ოჯახი ვართ, მხარდამჭერებთან ერთად. ჩვენი ხელწერა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად ვჩანდეთ ფართო საზოგადოების ასპარეზზე, მეტი პოპულარიზება გავუწიოთ მშობლიურ ანბანს, კალიგრაფიას და ნებისმიერი აქტუალური საკითხის მიმართ გამოვხატოთ დამოკიდებულება. გამოფენაზე მოსული საზოგადოების მხრიდან იგრძნობოდა გულწრფელი ემოცია, რომელიც ჩვენთვისაც გადამდები აღმოჩნდა. აღფრთოვანებული სტუმრების მხრიდან არაერთი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის, ბატონ გურამ ცერცვაძისგან.
მაქსიმალურად მოვინდომე, რომ ჩემი ნამუშევარი პროდუქტიული ყოფილიყო, ფინანსური თვალსაზრისით. მიდგომამ გაამართლა – ჩემი ერთი ნამუშევარი შეიძინა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში; ერთ-ერთი კი – აფხაზეთის მკვიდრმა. ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე საქმეში, რასაც უკრაინის ტკივილი ჰქვია. მადლობა მინდა ვუთხრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტს, თიკა სვანიძე-ვენკოს, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორს, ბესიკ სილაგაძეს მხარდაჭერისთვის…
ყოველთვის ვიამაყებთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ანბანი გვაქვს. ჩემი ყოველი ხელის მონასმი აფხაზეთის მონატრებას და სიყვარულს უკავშირდება, ნოსტალგია გადამაქვს კალიგრაფიაზე, თუმცა, ახლა მთავარი სათქმელი იყო თემა, რომლის გარშემოც გავერთიანდით, უკეთესი მომავლისა და გამარჯვების რწმენით!“
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაში, ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეებს მიმართეს: ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თიკა სვანიძე-ვენკომ, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ხელნაწერთა ექსპერტმა და კოლექციონერმა, ამირ იაშარ აჯამმა. გამოფენაზე ვიდეომიმართვა გააკეთა უკრაინელმა კალიგრაფმა, საქველმოქმედო საღამოს მონაწილემ, ანა ეგოროვამ.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ფონდში.
ლალი ჯელაძე