თამარ დევდარიანი
პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა“ კონსულტანტ-მასწავლებელი, სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ტურცხის საჯარო სკოლა
„სად წაიყვან სადაურსა“ — ფრაზა შეესაბამება ჩემი ცხოვრების ისტორიას, კონკრეტულად კი იმ ნაწილს, რომელშიც დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა სომხურ სკოლაში. ეს ამბავი დაიწყო რვა წლის წინ. მაშინ ჩვენს პროგრამას ერქვა „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“. პროგრამის შესახებ ინფორმაცია მქონდა სტუდენტობის პერიოდში და დაინტერესებულიც ვიყავი. ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენს უნივერსიტეტში მოეწყო პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გაგვაცნეს პროგრამის არსი, მიზნები, პირობები და ა.შ. მაშინ კი, საბოლოოდ გადავწყვიტე პროგრამაში მოხვედრა, ამ დროს უკვე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მონაწილეობა მივიღე კონკურსში, წარმატებით გავიარე პირველი ეტაპი — გამოცდა, შემდეგ მეორე ეტაპი — გასაუბრება. ძალიან კარგად მახსოვს გასაუბრების მომენტი, როცა ვთქვი — ყველაზე შორსაც რომ გამიშვათ, მზად ვარ წავიდე-მეთქი, მგონი, გარკვეულწილად, ამ სიტყვებმა განსაზღვრა ჩემი მომავალი. ამის შემდეგ, ჩაგვიტარდა ტრენინგები და გამოგვიცხადეს ვინ სად უნდა წავსულიყავით, მე გამანაწილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. იხტილის საჯარო სკოლაში. ჩემთვის არაფრის მთქმელი იყო ეს სახელი, მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია, არც ერთი სომხური სიტყვა არ ვიცოდი, თუმცა უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან ამისრულდა დიდი ხნის ოცნება, მიზანს მივაღწიე და სირთულეები აღარ მაშინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, მაინც უარყოფითად მახსენდება საზოგადოების რეაქცია, როცა იგებდნენ, რომ ასე შორს, სხვა ეროვნების ადამიანთა გარემოცვაში ვაპირებდი სამუშაოდ წასვლას, სტერეოტიპების უდიდეს ტალღასთან შეჯახება და დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მომიწია, თუმცა იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შევძელი.
დადგა ნანატრი დღეც, თბილისიდან წალკის გზით წამოვედით. ეს იყო ზღაპრულ ქვეყანაში მოგზაურობა, ის ემოციები არასდროს დამავიწყდება, სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდით, თითქმის ყველა ერთი ასაკის, დამწყები პედაგოგები — ვიდექით ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ძალიან გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა. ჩამოვედით ახალქალაქის რესურსცენტრთან, დაბნეულები ვიმეორებდით ჩვენი სკოლებისა და სოფლების სახელებს, სკოლების დირექტორებიც ეძებდნენ მათ სკოლებში მივლენილ პედაგოგებს. ეს მომენტი ძალიან ნიშანდობლივი იყო და ენობრივი ბარიერით გამოწვეული უხერხულობა ყველაზე კარგად იგრძნობოდა ამ მცირე დეტალით. დღევანდელი სიტუაცია ამ კუთხით გაცილებით უკეთესია, სახელმწიფო ენაზე ელემენტარული კომუნიკაცია უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
მოკლედ, ვიპოვე ჩემი დირექტორი და გავემართეთ მასპინძელი ოჯახისკენ, სოფელ იხტილაში. ოჯახში მისვლის შემდეგ მომიწია უკვე იმ სირთულეების გააზრება, რომელიც შემხვდებოდა, პირველ რიგში კი, ენობრივი ბარიერი, ეს ნამდვილად ძალიან ართულებდა ადამიანებთან ურთიერთობას. საღამომდე ვიწვალეთ მე და მასპინძელი ოჯახის წევრებმა, რომ რამე გაგვეგო ერთმანეთის, თუმცა ბევრი ვერაფერი მოვახერხეთ. საღამოს ოჯახის უფროსი მოვიდა სამუშაოდან, ალბათ შეამჩნია ჩემი დაბნეულობა და დაძაბულობა, დაიწყო ქართულად საუბარი, ჯერ ყურებს არ ვუჯერებდი, როცა დავრწმუნდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ მას, მრავალი წლის წინ, ჯარში უსწავლია ქართული, ამან ძალიან გამიმარტივა მდგომარეობა. ეს სიტუაცია რამდენიმე თვეში რადიკალურად შეიცვალა, ჩემი მასპინძელი ოჯახის ყველა წევრს შეეძლო ქართულ ენაზე კომუნიკაცია, ოჯახის ბავშვები კი თითქმის თავისუფლად საუბრობდნენ სახელმწიფო ენაზე, ეს დიდი მიღწევა იყო ჩემთვის. შემდეგ გავიცანი ადგილობრივი ქართული ენის პედაგოგი, რამდენიმე თვეში მისი შვილის ნათლია გავხდი და მათი ოჯახი ჩემთვის გახდა, როგორც უფლის საჩუქარი, მათთან გადავედი, მეორე წლიდან, საცხოვრებლადაც და უკვე თავს ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში. ეს ნამდვილად დიდი ბედნიერება იყო, რადგან ბევრი ჩემი პროექტელისათვის საცხოვრებელი პირობები ძალიან დიდი პრობლემა იყო, მათ სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწიათ. აქ ჩამოსული ყველა პედაგოგის ისტორია ერთმანეთისგან განსხვავდება და თითოეული მათგანი უნიკალურია, რადგან მნიშვნელოვანწილად შეცვალა აქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრება, დამოკიდებულებები და ზოგადად რეგიონში არსებული ენობრივი მდგომარეობა. უკვე მერვე წელია, ვცხოვრობ აქ და გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ყოველი მომდევნო წელი უფრო დიდი პროგრესის მაჩვენებელია, ჩვენი მოსწავლეების უდიდესი ნაწილი სწავლას აგრძელებს ქართულ უნივერსიტეტებში და სახელმწიფო ენის როლი და მნიშვნელობა შესაბამის დონეზე დადგა.
აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომლებიც აქცენტს აკეთებენ პროექტის მასწავლებელთა შედარებით მაღალ ანაზღაურებაზე და რატომღაც ყურადღების მიღმა რჩებათ ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც გვიწევს და იმ შრომას, რასაც თითოეული ჩვენგანი ეწევა, სათანადოდ ვერ ან არ აფასებენ. გულდასაწყვეტია, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მოსწავლეები, რომლებიც ამას თავიანთი წარმატებებით ამტკიცებენ, ჩემი და ჩვენი ყველაზე დიდი სურვილიც სწორედ წარმატებულ მოსწავლეთა სიმრავლეა.
მოკლედ, გადიოდა დღეები, ვეწეოდი აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას, ვსწავლობდი სომხურ ენას. ერთი წლის შემდეგ ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები და გავხდი კონსულტანტ-მასწავლებელი, მანამდე კი დამხმარე მასწავლებელი გახლდით. ეს იყო უდიდესი წარმატება ჩემს ცხოვრებაში, ამაზე დიდი სიხარული იმ მომენტამდე არასდროს განმეცადა. კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა გავაგრძელე სოფ. ტურცხის საჯარო სკოლაში, სადაც დღემდე ვმუშაობ.
აქ მუშაობის მეშვიდე წლის თავზე, სვანეთში, გავიცანი აქაური ბიჭი, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა. ესეც თითქოს უფლის მიერ ბოძებული ჯილდო იყო. ეს ისე მოულოდნელად და საინტერესოდ მოხდა, რომ საბოლოოდ ვირწმუნე სასწაულების არსებობა და ის ფაქტი, რომ ჯავახეთში ძალიან დიდი მისიით გამომგზავნა უფალმა, ერთი მხრივ, როგორც მასწავლებელი, მეორე — ქართული ტრადიციული ოჯახის დიასახლისად და უმთავრესი წოდება — „პატარა ცოტნეს დედა“. ეს უკანასკნელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსია და მხოლოდ ამისთვის ღირდა საქართველოს ერთი ბოლოდან მეორეში, სვანეთიდან ჯავახეთში, წამოსვლა, ყველა თავისი სირთულითა და სიხარულით. ახლა უკვე საკუთარი ოჯახით ვაგრძელებ პროფესიულ საქმიანობას, ვეჭიდები ახალ სირთულეებს და ვცდილობ, ფეხი ავუწყო თანამედროვე გამოწვევებსა და ცვლილებებს. ამჟამად წამყვანი მასწავლებელი ვარ და მიზნად მაქვს დასახული, გავხდე მენტორი.
ჩემი ცხოვრების ისტორიის მოყოლა გადავწყვიტე, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, ვუთხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არასდროს არაფრის შეგეშინდეთ, ყოველთვის დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, არის ის, რომ „შეუძლებელი არაფერია“ და თუ მათ უნდათ მიაღწიონ წარმატებას, უნდა დაიწყონ იმით, რომ დაივიწყონ ფრაზა „არ შემიძლია“, მთავარია მიზანი და ის ყოველთვის ამართლებს საშუალებას.
მარტივი არ იყო ამ გზის გავლა, უამრავი დაბრკოლება მხვდებოდა, ფსიქოლოგიურადაც მრავალი რთული მომენტი გადამიტანია, ყველაზე ცუდად ის დღე მახსენდება, როცა დამირეკეს და მამაჩემის გარდაცვალება შემატყობინეს, სულ რაღაც ორი თვის ჩამოსული ვიყავი, ეს იყო უდიდესი ტრაგედია, ამ და სხვა განსაცდელების გადალახვაში მეხმარებოდა ბავშვებთან ურთიერთობა და რწმენა უფლისა…
აქვე მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ იმ პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობ რეგიონში — „არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“. პროგრამა, მრავალი წელია, არსებობს და წარმატებით მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მისი მიზანი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროგრამის პედაგოგთა საქმიანობა მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც მოსწავლეებთან, ისე პედაგოგებთან და თემთან მუშაობას. პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის: სოციალური და სასწავლო პროექტები, კონფერენციები, ინტელექტუალური, სპორტული და სხვა ტიპის შეჯიბრებები, ეწყობა ზეიმები და ა.შ.
რაც შეეხება პედაგოგებთან მუშაობას, ყველაზე მთავარი და შრომატევადი მიმართულება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებია, ამ კუთხით დგას ენობრივი, შინაარსობრივი და ტექნიკური დახმარების საჭიროება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ენის კურსები, რომელსაც ჩვენ პედაგოგებთან ვატარებთ, გარდა ენის შესწავლისა, აღნიშნული კურსებით მათ შეუძლიათ მიიღონ კრედიტი, რაც შემდგომ სტატუსის შეცვლაში დაეხმარებათ.
სკოლებში შექმნილია წრეები, რომელთა მიზანია ქართული ენის ფლობის დონის ამაღლება, ასევე, სხვადასხვა კუთხით, მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა და მათი ცნობიერების ამაღლება. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რომელსაც პროგრამის თითოეული პედაგოგი ეწევა. განსაკუთრებით გამოირჩევა მოსწავლეთა დამოკიდებულება პროგრამის პედაგოგების მიმართ, ეს ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. სწორედ ამგვარი დამოკიდებულებისა და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა როგორც ენობრივი, ისე სხვა მიმართულებითაც, ამას აღნიშნავს ყველა და ადასტურებს მოსწავლეების, მშობლების კეთილგანწყობა, ნდობა.
ამრიგად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პროგრამის მუშაობა წარმატებული და აუცილებელია კიდევ მრავალი წელი, რათა დაეხმაროს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ინტეგრაციასა და წარმატებაში.
ზოგადად, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა საკუთარი პროფესიით მუშაობა, მით უფრო, როცა ის გიყვარს. განვითარება და წინსვლა აუცილებელია, ვცდილობ კოლეგებსაც დავეხმარო ამ კუთხით, ბევრისთვის მოტივაციის ამაღლების წყარო ხდება შენი წარმატება, ნებისმიერ კარგ წამოწყებაში გიჩნდება მიმბაძველები, შეგიძლია სიკეთის იდეით გააერთიანო მრავალი ადამიანი, ამის კარგი მაგალითია ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელებული საქველმოქმედო პროექტი ნინოწმინის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა დასახმარებლად. ამ სოციალური პროექტით გავაერთიანე ჩემი მოსწავლეები, კოლეგები და თემის წარმომადგენლები. ამ წამოწყებას, უკვე მეხუთე წელია, ვახორციელებთ, რაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. აღნიშნული აქტივობის განხორციელებას წელსაც ვგეგმავთ, რამდენადაც საშუალებას მოგვცემს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა…
მოკლედ, ლენტეხის რაიონის სოფელ შკედში დაბადებული და გაზრდილი გოგო, ახლა ჯავახეთში, ახალქალაქში, ჩემი ოჯახით ვემსახურები საქართველოს — მე, როგორც პედაგოგი, ჩემი მეუღლე კი, როგორც ჯარისკაცი.
ბოლოს მინდა ვთქვა — „რაც უფრო რთულია ცხოვრება, მით უფრო საინტერესო და ღირებულია ის“.