მაია კუჭუხიძე
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
როგორ ვისწავლოთ მარტივად ინგლისურად საუბარი
XXI საუკუნეში ინგლისური ენა, მისი პოპულარულობით, დომინირებს მსოფლიოში. ამ ენის შესწავლით ფართოვდება მოსწავლის და არა მარტო მოსწავლის შეხედულებები. ის საჭიროა ყველა სფეროში. ინგლისურ ენას ხშირად ახსენებენ, როგორც „შესაძლებლობების ენას“. მე არ მჭირდება იმის მტკიცება თუ რამდენად მნიშვნელოვანი ენაა, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო ინგლისურ ენაში საუბრის — „speaking“-ის პრობლემებზე და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
მიუხედავად მრავალფეროვანი აქტივობებისა და, ხშირ შემთხვევაში, საჭირო ლექსიკისა, მოსწავლეებს უჭირთ ან თავს არიდებენ საუბარს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ, პრობლემა ხშირად მომდინარეობს:
⇒ როცა მოსწავლეები განიცდიან დაშვებულ გრამატიკულ თუ „სპელინგურ“ შეცდომებს;
⇒ არ იციან რომელი გრამატიკული დრო გამოიყენონ საუბრისას;
⇒ ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, რადგან არ შეუძლიათ საუბარი;
⇒ ხშირად ნაკლები მოტივაციაა.
პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგი პრობლემის მოგვარებისკენ, იყო ის, რომ სწავლისთვის მეგობრული,ურთიერთნდობასა და თანამშრომლობით პრინციპებზე დაფუძნებული გარემო შევქმენი, რათა მომეხსნა საუბართან დაკავშირებული კომპლექსები. შესაძლებლობისთანავე, ვუბიძგებდი მოსწავლეებს, ესაუბრათ კლასის ან საზოგადოების წინაშე.
ვახალისებ მოსწავლეთა სულ მცირე მონდომებას; ვარწმუნებ, რომ მათ შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია; შეცდომის დაშვებისას ვაძლევ პოზიტიურ რეკომენდაციას, ვეუბნები, რომ შეცდომას ყველა უშვებს და ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ.
მოსწავლეები განიცდიან საუბრის დროს დაშვებულ შეცდომებს, ამიტომ, ზოგჯერ, თავს არიდებენ საუბარს. მე ეს პრობლემა პედაგოგიურ პრაქტიკაში ცნობილი „შუქნიშნის“ მეთოდით მოვაგვარე. გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ „შუქნიშნის ბარათებს“. ამ აქტივობით მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, როდის გავუსწორო საუბრის დროს ან შემდეგ დაშვებული შეცდომები — ზოგჯერ მოსწავლეები იბნევიან და კომპლექსდებიან, როცა პედაგოგი აწყვეტინებს საუბარს.
პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, გაკვეთილზე ინგლისურად საუბრისას, შევიმუშავე შემდეგი წესები: მოხალისე მოსწავლე არიგებს შუქნიშნის 3 ფერს ყველა მოსწავლისთვის. რას ვგულისხმობ შუქნიშნის 3 ფერის უკან?
თუ მოსწავლე მიჩვენებს:
⇒ წითელ ფერს — ეს ნიშნავს, არ უნდა გავუსწორო შეცდომა საუბრის დროს.ზოგიერთი მოსწავლე შეცდომის გასწორების დროს თავს იმედგაცრუებულად მიიჩნევს და ვეღარ აგრძელებს საუბარს;
⇒ ყვითელ ფერს — შემიძლია გავუსწორო შეცდომა. ამ ტიპის მოსწავლეებს ყოველთვის თავისუფალი კომუნიკაცია სურთ;
⇒ მწვანე ფერს — შემიძლია ნებისმიერ დროს გავუსწორო შეცდომა. ასეთ მოსწავლეებს სურთ, შეცდომა დაშვების დროს იქნეს აღმოფხვრილი.
პერიოდულად ვაძლევ რეკომენდაციას, ისაუბრონ უცხოელებთან, პირისპირ თუ ონლაინ, რაც მოგვიანებით ძალიან კარგ შედეგს იძლევა.
ვაწყობდი და მომავალშიც ვგეგმავ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან, სკოლაში თუ სკოლის გარეთ, რათა ჩემს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, ისაუბრონ ინგლისურენოვან თანატოლებთან ან უფროსებთან. მოსწავლეები მსგავს შეხვედრებს ყოველთვის ენთუზიაზმითა და ინტერესით ელოდებიან.
ვიგოტსკი სწავლის სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზს. ბავშვები სწავლობენ მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად.
ასევე ძალიან მომეხმარა ონლაინ რესურსები საუბრის გაუმჯობესებისათვის. მოსწავლეებს ხშირად ვასმენინებდი დიალოგებს და მერე იმავე კითხვებზე ცდილობდნენ პასუხის გაცემას.
სტატია სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომელიც დაფუძნებულია ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებაზე. მისი ეფექტურობა თვალნათლივ ჩანს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
♦ წყარო:
https://adilblogger.com/problems-faced-students-speaking-english-language/