თამარ გაგოშიძე
ფსიქოლოგი
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს შეხება და საოცარია ის, თუ როგორ ახერხებს ადამიანი თვითონვე დააბრკოლოს საკუთარი წინსვლა, უნარები, ის შესაძლებლობები და პოტენციალი, რაც მას გააჩნია. რატომ არის, რომ ადამიანები შთააგონებენ საკუთარ თავს, რომ ისინი რაღაცას ვერ შეძლებენ, ვერ გააკეთებენ, რატომ აქვთ ადამიანებს შიში იმისა, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ ან პირიქით — რატომ არიან ადამიანები უკრიტიკონი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.
თვითეფექტურობა არ ნიშნავს ეფექტურობას. ეფექტურია ის, რაც ობიექტურად ეფექტურია, ის, რასაც მოაქვს შედეგი, რასაც მოაქვს პროდუქტი, ანუ გარკვეული მოქმედების შედეგი. თვითეფექტურობა სუბიექტური რწმენაა, გვჯერა იმის, რომ ჩვენ შევძლებთ კონკრეტულ სიტუაციასთან გამკლავებას და გვჯერა, რომ შევძლებთ ამ კონკრეტული ამოცანის გადაჭრას.
ჩვენი ამ თვისების აღმოჩენას და მის შესახებ გარკვეული შეხედულებებისა და გამოცდილების დაგროვებას ალბერტ ბანდურას უნდა ვუმადლოდეთ. რას ნიშნავს ეს რწმენა იმისა, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე კონკრეტულ სიტუაციას. ამის საფუძველი და ფესვები ჩვენს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. უნდა გავიხსენოთ ჩვენი თავი, როცა ვიყავით პატარები და როდესაც ვიძიებდით გარემოს, ვცდილობდით პატარ-პატარა პრობლემები გადაგვეჭრა, როდესაც შევყურებდით ჩვენ გარშემო ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის ავტორიტეტები იყვნენ. ჩვენი უმნიშვნელო მარცხი, მათი პატარა რეპლიკა ამ ჩვენი მცდელობების მიმართ კარგად გვახსოვს და ხშირად გვახსოვს ნეგატიურად: „რა არის, შე ბოთე, ვერ მოახერხე..“, „ხომ იცი, რომ არ გამოგდის…“, „ხომ იცი, რომ ჩამოვარდები…“, „ხომ იცი, რომ ხელი არ უნდა მოკიდო…“ და ა.შ. როდესაც შენ, პატარა არსება, ცდილობ გარემო შეისწავლო, აითვისო, შენთვის პატარ-პატარა პრობლემები გადაწყვიტო, მხოლოდ შენს რწმენაზეა დამოკიდებული, ამას მოახერხებ თუ არა. ნელ-ნელა გიყალიბდება განცდა იმისა, რომ შენ, სხვისგან დამოუკიდებლად, ახერხებ გარკვეული ამოცანების გადაჭრას და მნიშვნელოვანია, როცა გარემო ამაში ხელს გიწყობს იმით, რომ წაგახალისებს, მხარს გიჭერს და გეუბნება, რომ შენ მოახერხებ ამის გაკეთებას, თუ ვერ მოახერხებ, მე შენ დაგეხმარები და ამაში არ არის პრობლემა.
ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, თვითეფექტურობა არ ნიშნავს საკუთარი თავის ისეთ უკიდეგანო რწმენას, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. თვითეფექტურობა ნიშნავს, რომ მე ზუსტად ვიცი რისი გაკეთება შემიძლია და რისი გაკეთება არ შემიძლია, რა რესურსი გამაჩნია. მე მაქვს რწმენა იმისი, რომ შევძლებ რაღაცების დაძლევას, რაღაცებზე კი დამჭირდება დახმარება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ჩვენ, ზოგადად, დახმარების თხოვნა არ გვიყვარს. იმიტომ, რომ გვგონია, ამით ჩვენს რეპუტაციას შევლახავთ. არ გვიყვარს იმის აღიარება, რომ რაღაცას ვერ მოვახერხებთ ან რაღაცის შესახებ ნაკლები ცოდნა გვაქვს. არასოდეს ვაღიარებთ იმას, რომ არ ვართ კომპეტენტურები გარკვეულ საკითხში, მაგრამ სხვა საკითხებში ვართ კომპეტენტურები და აი, აქ არის ზუსტად ის მთავარი მექანიზმი, რომელსაც თვითეფექტურობა ჰქვია. თვითეფექტურობა ზუსტად ეს არის, როცა ჩვენ, ერთი მხრივ, გვჯერა იმისი, რომ მოვახერხებთ კონკრეტულ სიტუაციასთან გამკლავებას, გამოვიყენებთ ჩვენს კომპეტენციებს და გადავჭრით ამ პრობლემას და ამასთანავე, ვიცით ჩვენი საზღვრები, ზუსტად ვიცით, სადამდე გვეყოფა ეს კომპეტენცია და როდის დაგვჭირდება სხვა რესურსების მოძიება სირცხვილის გარეშე, თვითდამცირების გარეშე, იმის გარეშე, რომ თავი მოვაჩვენოთ ვიღაცას, რომ ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერი ვიცით და ყველაფერში კომპეტენტურები ვართ. აი, აქ არის ზუსტად სერიოზული წინააღმდეგობები. გარედან ჩანს, რომ ადამიანი უკრიტიკოა და აქვს მაღალი წარმოდგენა თავის თავზე, რომ ყველაფერი შეუძლია (ჩვენ ვიცნობთ ასეთ ადამიანებს), თუმცა, თუ ძალიან ღრმად ჩავიხედავთ ამ ადამიანების სიღრმეებში, აღმოვაჩენთ, რომ ეს დაცვის რეაქციაა, კომპენსატორული რეაქცია, როცა მე ვცდილობ ამით ჩემი დაბალი თვითეფექტურობის დაფარვას, სადღაც ღრმად მჯერა იმის, რომ არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ სხვებმა ეს არ უნდა დაინახონ, სხვებმა უნდა იფიქრონ, რომ მე ყველაფერი შემიძლია და აი, აქ იწყება ადამიანის ტრაგედია.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე მიწევს შეხვედრა ძალიან ბევრ სტუდენტთან, სასწავლო პროცესში და ყველაზე კარგად თვითეფექტურობის პრობლემები, რომ შენ შენი შესაძლებლობების არასწორი სუბიექტური რწმენა გაქვს, სასწავლო პროცესში ჩანს. ასევე მიწევს შეხება სკოლის მოსწავლეებთან და ვხედავ, როგორ აბრკოლებს ბავშვის შეხედულება, სტუდენტის, უკვე ყმაწვილი ადამიანის, შეხედულება და რწმენა თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შესახებ მის შემდგომ განვითარებას. ვხედავ, როგორ ეშინიათ ბავშვებს შეცდომის დაშვების, აზრის გამოთქმის, თავიანთი პოზიციის დაცვის იმიტომ, რომ არ იციან რა რეაქცია წამოვა გარემოდან. მათ აქვთ ცუდი გამოცდილება, ჩემი დასკვნა ეს არის, ცუდი გამოცდილება გარემოს რეაგირებისა. რეალურად, თვითეფექტურობის განცდა ზუსტად თვითშეფასებაზე მოქმედებს — არ იფიქროს არავინ, რომ მე ვარ სულელი, რომ მე არ შემიძლია, რომ მე შემეშალა. შეცდომის დაშვება სერიოზული ტრაგედიაა ჩვენს საზოგადოებაში.
თვითეფექტურ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ აქვს საკმარისი კომპეტენცია, გაუმკლავდეს კონკრეტულ სიტუაციას, შეცდომის დაშვების არ ეშინია. მან იცის კარგად, რომ ადამიანი, რომელიც გარკვეულ პრობლემას წყვეტს, მისი ცოდნისთვის ახალ სიტუაციაში გარკვეულ ინფორმაციას იძიებს, შეცდომისგან დაზღვეული არ არის და ამის გამო მის თვითშეფასებას არაფერი არ მოსდის.
აი, აქ ჩვენ გადავდივართ მეორე ცნებაზე ფსიქოლოგიაში — თვითშეფასება. თვითშეფასება წარმოდგენაა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ღირებულებაზე, ფასეულობაზე და ეს ძალიან რთული ცნებაა. თვითშეფასებაც მცირეწლოვანი ასაკიდან ყალიბდება. ჩვენი შეხედულება ჩვენ თავზე, არა მარტო შესაძლებლობებზე, ჩვენს სხეულზე, ჩვენს პიროვნულ თავისებურებებზე, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება, ძალიან რთულ კონფიგურაციას წარმოადგენს და განუყოფელია ჩვენი მე-სგან — მე ვარ მე და როგორი ვარ მე, როგორი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე. აი, ეს მათლიანი სურათი შედის ჩემს თვითშეფასებაში, როგორ ვუყურებ ჩემს თავს, როგორც პიროვნებას, როგორც მოქმედს, როგორც გარკვეული ტიპის სხეულის მატარებელს და ა.შ. აქ ეს კავშირი ძალიან კარგად ჩანს, რომ მე, რომელიც არ ვაღიარებ იმას, რომ შეიძლება შეცდომა დავუშვა, არც იმას ვაღიარებ, რომ შეიძლება ეს პრობლემა პირველ ჯერზევე ვერ გადავჭრა და მოტივაცია დამეკარგოს, მაშინვე ჩემი თვითშეფასება მივარდება, შეხედულება ჩემი ღირებულების თუ ფასეულობის შესახებ ძალიან ეცემა. ეს მექანიზმი სწორედ ბავშვობის ასაკიდან ყალიბდება და ყველაზე კარგად ჩანს სასწავლო სიტუაციაში. ეს ჩანს მოსწავლეებში, სტუდენტებში. ძალიან ხშირად ჩვენთან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოდიან მშობლები და მასწავლებლები, რომლებიც ჩივიან კონკრეტული ბავშვის შესახებ, რომ ის არის უმოტივაციო, უინტერესო, ზარმაცი და ა.შ. აღმოჩნდება, რომ ბავშვს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, ძალიან კარგი რესურსის მქონე შესანიშნავი მომავალი პიროვნებაა, მაგრამ ამას არ ამჟღავნებს. არ ამჟღავნებს სწორედ იმის გამო, რომ მას თავისი ინიციატივების ჩახშობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს — კითხვა დასვა და დასცინეს, აზრი გამოთქვა და თუ არ დაამცირეს, საერთოდ იგნორირებული იყო მისი ეს აზრი, არ წაახალისეს, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, არ წაახალისეს იმაში, რომ ეღიარებინა თავისი შეცდომა, პირიქით, ბავშვი ყოველთვის არის შიშში, რომ მისთვის ავტორიტეტული ადამიანი, იქნება ეს მშობელი თუ მასწავლებელი, მას ცუდად შეაფასებს, დაადანაშაულებს იმაში, რომ შეცდომა დაუშვა და ბავშვის თვალსაზრისით, ეს მის თვითშეფასებას ღირებულებას უკარგავს. ის ფიქრობს, რომ აღარ არის ღირებული არც მასწავლებლის და არც მშობლის თვალში და ჰგონია, რომ აღარ ეყვარებათ. ფრაზას „მე არავის არ ვუყვარვარ“ მოზრდილ ასაკში ჩვენ აღარ ვამბობთ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობთ ასე და ეს ჩვენი ბავშვობის ექოა, რომელიც გვეუბნება, რომ „შენ არავის არ უყვარხარ, შენ ხარ ყველაზე უსახური, უფერული ადამიანი“. ადამიანის ბუნება კი ასეთ დამოკიდებულებას ვერ იტანს საკუთარი თავისადმი და მერე იწყება თავდავიწყება — ან ერთ პოლუსზე გადავარდნა, როდესაც ბავშვი იძულებულია საკუთარი თავის შესახებ არაადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას, არარეალისტური შეხედულება და რწმენა იმისა, რომ მას ყველაფერი გამოუვიდა ან ყველაფერი გამოუვა, ესეც ძალიან აზარალებს მის პიროვნულ ზრდას. ორი მომენტია, ორი პოლუსია, ერთი, რომ მე არ ვაქტიურობ იმიტომ, რომ მეშინია, შეცდომის დაშვების, მე ეს შემიძლია, მაგრამ არ ვაკეთებ. ეს ორივე პოლუსი ურტყამს პიროვნულ განვითარებას. ერთი პოლუსი — იმის გამო, რომ დაბალი თვითეფექტურობა მაქვს, ნაბიჯს არ გადავდგამ და მეორე — იმის გამო, რომ დაბალი თვითეფექტურობა მაქვს, ძალიან არაადეკვატური თვითშეფასება მაქვს, კომპენსატორული, ცხადია, მაინც არ გადავდგამ ნაბიჯს, რად მინდა, მე ხომ ყველაფერი ისედაც ვიცი და ყველაფერი შემიძლია.
აქედან გამომდინარე, ეს თვითეფექტურობა, რომელსაც არც აღზრდის პროცესში არ ვაქცევთ ყურადღებას და არც შემდგომში, უკვე სტუდენტების სწავლებისას, აღმოჩნდება ხოლმე ის უსიამოვნო ქვა, რომელსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება ფეხი წამოკრას და ამან მის პიროვნულ განვითარებაზე მოახდინოს გავლენა.
არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ისინი შეიცვლებიან და არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ისინი შეიცვლებიან. ეს განწყობა ზრდაზე, განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც ზუსტად უწყობს ხელს ადამიანის თვითეფექტურობის განვითარებას და მისი დასწავლილი უსუსურობის ელიმინაციას. ეს ჩემი მოგონილი ტერმინი არ არის, არის ძალიან საინტერესო ავტორი — კარელ დვეკი, ფსიქოლოგი, რომლის გამოსვლები სწორედ განვითარების განწყობას ეხება. და მართლაც, ჩვენ გარშემო აღმოვაჩენთ არაერთ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ ასეთი დაიბადა და ასეთი იქნება მთელი ცხოვრება, რადგან ნიჭი განსაზღვრავს ყველაფერს. ქართული საზოგადოება ძალიან მოწყვლადია სწორედ ასეთი აზრების გამო. ჩვენ გვჯერა, რომ ნიჭი ყველაფერს განსაზღვრავს. არ ვაფასებთ ადამიანის ძალისხმევას, ნებისყოფას, მის სწრაფვას იქითკენ, რომ შეიცვალოს და ბევრი რაღაც შეცვალოს ცხოვრებაში, თავის შესაძლებლობებში, ჩვენ ვაფასებთ ადამიანის ნიჭს და ეს ჩვენი ცნობილი გამოთქმა, ფორმულა — ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, დღემდე ძალიან მოდაშია. როგორ ვაქებთ ხოლმე ადამიანებს — შვილებს, მოსწავლეებს? რა ნიჭიერია, როგორი შესაძლებლობები აქვს. ამ დროს, არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რა ძალისხმევა ჩადო ადამიანმა თავის შედეგში, თავის პროდუქტში, თავის მიღწევაში. ისევ ჩემი პროფესიის გამო, მიწევს დავაკვირდე სტუდენტებს, რომლებიც შემოდიან პირველ კურსზე, ამთავრებენ ბაკალავრიატს, მერე ჩემთან მოდიან მაგისტრატურაზე, დაბოლოს, ამთავრებენ მაგისტრატურას — ეს როგორი გარდასახვაა, იცით, როგორც (შეიძლება ცუდი მაგალითია) ლამაზი პეპელა რომ გამოდის ჭუპრიდან, როგორ იცვლება განვითარების სტადიები და როგორ გამოფრინდება ბოლოს ლამაზი პეპელა. მე თვითონ ვერ ვცნობ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათ მოახერხეს თავიანთი რესურსების, შესაძლებლობების, პიროვნული უნარების განვითარება. ჩვენ რომ გვეძახა, რომ შენ ხარ ნიჭიერი ან გვეთქვა, ეს ნიჭიერია, შენ კი უნიჭო ხარ (ასე არ ვეუბნებით, მაგრამ ჩვენი ქცევით ვაგრძნობინებთ ხოლმე, მაინც არაფერი გამოგივა), ასე არ მოხდებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია ადამიანის ცხოვრებაში — ჩვენ ხელს ვუწყობთ ზრდაზე ორიენტირებული განწყობის ჩამოყალიბებას.
ძალიან ბევრი ექსპერიმენტია ჩატარებული ამერიკულ ფსიქოლოგიაში სწორედ ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიაზე, სკოლებში (შეიძლება, ნაკლებად ეთიკური ექსპერიმენტები ბავშვებზე), მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო ასეთი, მასწავლებლებს აძლევენ ცრუ ინფორმაციას მათი მოსწავლეების IQ-ს შესახებ, ინტელექტების შესახებ და ეს ინფორმაცია დამახინჯებულია — ვისაც ჰქონდა დაბალი შესაძლებლობები, შედარებით დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის ტესტებში, მათ შესახებ მასწავლებლებს მაღალი მაჩვენებლები მისცეს და პირიქით. ზუსტად ერთ თვეში, ვითარება შეიცვალა — წარმატებული მოსწავლეები გახდნენ „შეშინებულები“, ძალიან პასიურები, უინტერესოები და დემოტივირებულები და ეს ოროსანი მოსწავლეები უეცრად გარდაიქმნენ. რა მოხდა? მასწავლებელს შეეცვალა დამოკიდებულება. ჩვენ ვერც ვგრძნობთ, უფროსები, ჩვენი ტონით, ფრაზით, თუნდაც სხეულის ენით, როგორ გავლენას ვახდენთ მოსწავლეთა თვითეფექტურობაზე და შესაბამისად, თვითშეფასებაზე, როგორ ვაყალიბებთ მათ ნეგატიურ და ძალიან დაბალ განწყობას საკუთარი შესაძლებლობების განვითარების მიმართ. ძალიან ბევრი მსგავსი ექსპერიმენტი გვეუბნება, როგორ შეიძლება ამ ავტორიტეტულმა ადამიანმა, იქნება ეს მასწავლებელი თუ მშობელი, ხელი შეუწყოს თვითეფექტურობის განვითარებას, რწმენის გაჩენას, რომ მე ვარ კომპეტენტური, კონკრეტულ სიტუაციაში მე შევძლებ მოქმედებას, თუ ვერ შევძლებ, ისიც მეცოდინება, სად ვერ ვიქნები კომპეტენტური, ამის გამო გული არ გამისკდება და თვითშეფასება არ დამეწევა. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
დღეს ჩვენ ვუყურებთ ადამიანებს, რომლებმაც ვერ გამოიყენეს თავიანთი რესურსები, ვერ გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები, ძალიან კარგი ინტელექტის ადამიანებს, რომლებისაც არც გარშემომყოფებს სჯერათ, არც იციან, რომ მათ ეს შესაძლებლობები აქვთ. ასევე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დანინგ-კრუგერის ეფექტით არიან შეპყრობილები, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი იციან და სინამდვილეში — არაფერი, ესეც ხომ სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ვუყურებთ ექსპერტებს, რომლებიც სინამდვილეში ექსპერტები არ არიან, ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ კომპეტენციებზე და სინამდვილეში ისინი დიდად კომპეტენტურებად ვერ ჩაითვლებიან, პარალელურად, ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეს შესაძლებლობები და ვერ იყენებენ. აი, ეს არის სწორედ დამახინჯებული თვითეფექტურობის შედეგი, რომელშიც მერე ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ ფასს იხდის, რადგან ეს ნიშნავს დამახინჯებულ ცხოვრებას, უკმაყოფილო ადამიანებს. „მე არავის არ ვუყვარვარ“ — ამას ამბობს ისიც, ვისაც უკრიტიკოდ მაღალი თვითშეფასება აქვს და ისიც, ვისაც კრიტიკულად დაბალი თვითშეფასება აქვს. ასეთი ადამიანები არასოდეს არიან კმაყოფილები და ეს უკვე გადადის მენტალურ პრობლემაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის, მასწავლებლის, მენტორის ყურადღება მომავალი თაობის მიმართ, რომ მათ თვითეფექტურობაზე, ზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირებული განწყობა ჩამოუყალიბდეთ. რატომ არის, რომ ძალიან ბევრს, გარდატეხის ასაკში, საკუთარი თავი არ მოსწონს, სხეული არ მოსწონს, არაფერი არ მოსწონს და ჩვენ კიდევ, ჩვენი რეპლიკებით, ვუმძაფრებთ ამ განცდას, ვეუბნებით: „შენ ინტერესი არ გაქვს“, „შენ არაფერი არ შეგიძლია“, „არაფერს შენ არ აკეთებ“ და ა.შ. არ ვინტერესდებით, რა მიდრეკილებები აქვს ამ ადამიანს. ძალიან ხშირად, მშობელი მეუბნება: არ ვიცოდი, ეს თუ აინტერესებდა. არ იცის მშობელმა, რა აინტერესებს მის შვილს, სამაგიეროდ, თვითონ იცის, რაც აინტერესებს, თავისი ინტერესით ცდილობს შვილის წარმართვას. ხშირ შემთხვევაში, მისი ინტერესი არ არის შვილის ინტერესი და მშობელი ჩივის, რომ მას არაფერი არ მოსწონს, არ უნდა. წავიყვანე, მაგალითად, ჭიდაობაზე და ორ თვეში გამოვიდა, წავიყვანე ციგურებზე — ორ თვეში გამოვიდა, წავიყვანე ხატვაზე — ორ თვეში გამოვიდა. რატომ? ან არ სჯერა, რომ რამე გამოუვა, ან შეეჯახა წინააღმდეგობას, დაბრკოლებას (მაგალითად, ვიღაცამ შენიშვნა, სპორტის ან ცეკვის მასწავლებლები ხშირად ხმამაღალი ტექსტებით მიმართავენ ხოლმე მოსწავლეებს, დისციპლინირების თვალსაზრისით), არ მოეწონა და გამოვიდა. შენიშვნები პირდაპირ ურტყამს მის თვითშეფასებას და არ უნდა, რომ ყოველთვის ამ შენიშვნების სამიზნე იყოს, არ უნდა, რომ თავის თავთან აღიაროს ის, რომ პირველივე ჯერზე, შეიძლება, არ გამოუვიდეს რაღაც და ამას სჭირდება ძალისხმევა. ეს მას არავინ არ ასწავლა ბავშვობიდან და ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც იწყებს საქმეს და არ ამთავრებს, პატარა დაბრკოლება შეხვდება თუ არა, ეგრევე თავს ანებებს დაწყებულ საქმეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ნახევრად შემდგარი და არშემდგარი ადამიანების არმია, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ფანტასტიკური შესაძლებლობები, ძალიან კარგი რესურსები, მაგრამ ეს არავინ არ იცის, მათივე ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, როგორც მასწავლებლებისთვის, როგორც მშობლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს დავუჭიროთ მხარი, პოზიტიურდ შევაფასოთ ისინი. რას ნიშნავს ეს? სულ ვაქოთ და პოზიტიურ მხარეებზე ველაპარაკოთ? არა, იმიტომ, რომ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ბამბაში, რეალურ ცხოვრებაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა არასოდეს არ შეგვაქებს, ყველას არასოდეს მოვეწონებით და რა საჭიროა, რომ ყველას მოეწონო და ყველამ შეგაქოს.
ბავშვობაში ეგოცენტრული არსებები ვართ და გვაქვს განცდა, რომ ჩვენ ვართ დედამიწის ცენტრი და ყველა ჩვენ გარშემო უნდა ტრიალებდეს. ნელ-ნელა, ამ ილუზიას ვკარგავთ. ამ ილუზიის უმტკივნეულოდ დაკარგვაში, ჩვენი თვითშეფასების განვითარებაში და ჩვენი თვითეფექტურობის ჩამოყალიბებაში სწორედ უფროსებმა, მოწიფულმა პიროვნებებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, მხარი დაგვიჭირონ, რომ ჩვენ გვჯეროდეს, რომ ვართ კომპეტენტურები კონკრეტული საკითხების და ამოცანების გადაწყვეტაში. თუ არა ვართ კომპეტენტურები, შეგვიძლია, გავუმკლავდეთ ჩვენთვის უცნობ სიტუაციას და ამისთვის შეგვიძლია, ვითხოვოთ დახმარება, მოვიძიოთ რესურსები ისე, რომ არ დაეცეს ჩვენი თვითშეფასება და არ გაგვიუფასურდეს საკუთარი თავი.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
წყარო – აზროვნების აკადემია