თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და ამავე უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ბატონი გიგი შუბითიძის ორგანიზებით ჩატარდა ქართული სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ვახტანგ ბაქანიძის სახელობის ტურნირი.
17 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში გამართულმა ჩემპიონატმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვინაიდან მონაწილეობდა 20 გუნდი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებით დაკომპლექტებული.
გამარჯვებული გუნდი გახდა „ბაქანა“, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში „all eyes on me“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 6-0, დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. უნივერსიტეტის მოედნის ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა დინამიური თამაში იხილეს, ვინაიდან ორივე გუნდი შეტევით თამაშს თამაშობდა. საბოლოოდ, „ბაქანამ“ მეტოქის წინააღმდეგობა გადალახა და 6 უპასუხო ბურთი გაიტანა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე თენგო შარიქაძე გახდა, რომელმაც თავი არაერთი ულამაზესი მოძრაობითა თუ გოლით გამოიჩინა; ტურნირის საუკეთესო მეკარე თორნიკე ფუტკარაძე გახდა, რომელმაც ურთულესი დარტყმების მოგერიება შეძლო; რაც შეეხება ტურნირის ბომბარდირს, ეს ნომინაცია მირიან ჯაფიაშვილს ერგო.
მესამე ადგილი დაიკავა უცხოელი სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, სახელად „kassandra“, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში ღირსეულად იბრძოლა და ყველას თავი შეუპოვრობით დაამახსოვრა.
მატჩის ბოლოს თსსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ბატონ ვახტანგს მადლობის სიგელი გადასცა, რითაც გუნდმა დიდი მადლიერება გამოხატა წლების განმავლობაში სამედიცინო უნივერსიტეტში გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის.