ციფრული ინოვაციები და თავისუფალი მასწავლებლები
ესტონელი მოსწავლეები იდეალურ გარემოში იზრდებიან ხელისუფლების შორსმჭვრეტელობისა და დიდი ინვესტიციების წყალობით. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ბაძავს ამ მოდელს.
ხშირად ამბობენ, რომ სწავლება ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების მამოძრავებელი ძალაა. ამ მხრივ ევროპაში ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი ესტონეთია. ეს პატარა ბალტიური რესპუბლიკა ნამდვილად არ არის მდიდარი ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 14.000 დოლარია. ვერც იმას ვიტყვით, რომ აქ ეკონომიკის სწრაფი ზრდის ტენდენციაა, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ესტონეთი იმით გამოირჩევა, რომ ეკონომიკის ზრდისას განათლებას დიდ როლს ანიჭებს. ეს მეხუთე ევროპული ქვეყანაა განათლებაში ინვესტიციების მხრივ დანიის, შვედეთის, ბელგიისა და ფინეთის შემდეგ და ერთადერთი განვითარებადი ეკონომიკა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაშია ჩადებული.
♦♦♦
ესტონეთში, 3 წლის ასაკიდან, თითქმის ყველა ბავშვი საბავშვო ბაღში დადის. საბავშვო ბაღი არ არის მხოლოდ ბავშვის მოვლისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თავიდან ბავშვებს თამაშის საშუალებით აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას, სკოლის წინა წელს კი ასწავლიან ასოებს, თვლას, აძლევენ ელემენტარულ ინფორმაციას ხელოვნებაზე, ბუნებისმეტყველებაზე, ისტორიაზე.
ესტონელებს მიაჩნიათ, რომ განათლება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ასწავლო სახალისოდ. საბავშვო ბაღში ბავშვები სწავლობენ მასწავლებლის მიერ წარმართული თამაშით და თანდათანობით ეჩვევიან აკადემიურად წარდგენილი მასალის ათვისებას. სკოლის პირველ კლასში მისულმა ბავშვებმა წერა-კითხვა უკვე იციან. გარდა ამისა, სკოლამდელ ჯგუფებში ქცევის ელემენტარულ წესებს — ხელის აწევას, კითხვის დასმას ასწავლიან. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალიზაციას.
სკოლაში შესვლისთვის 7 წლის ასაკია დაწესებული, რათა ყველა მზად იყოს სწავლისთვის — ემოციურადაც და ფიზიკურადაც. საბავშვო ბაღში სასკოლოდ გამზადებულ ბავშვს აძლევენ ბარათს, სადაც აღწერილია მისი უნარ-ჩვევბი, განვითარების დონე და რეკომენდაციები.
საბავშვო ბაღები ფასიანია. თანხის 50%-ს სახელმწიფო იხდის, დანარჩენს — მშობლები, თუმცა ინდივიდუალური საფასური დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე — ის არ უნდა აღემატებოდეს მშობლის ხელფასის 20%-ს.
♦♦♦
I-IX კლასების განათლება სავალდებულოა. ეს პერიოდი 4 ნაწილად იყოფა: I-III, IV-VI, VII-IX და X-XII კლასები. 9 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლე იღებს სერტიფიკატს ნიშნების ფურცლით. ამის შემდეგ შეუძლია, აირჩიოს — სკოლაში, აკადემიურ კლასში და შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა თუ პროფესიული განათლება და, სკოლის დამთავრების შემდეგ, დასაქმება არჩიოს.
ესტონეთს შეუძლია იამაყოს მსოფლიოში განათლების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მეთოდით, კერძოდ, 2012 წელს ამუშავებული პროექტით, სახელად — ProgeTiger. ამ პროექტზე დაფუძნებით, სასკოლო განათლება სავალდებულოა და აქ დიდი ადგილი უკავია ციფრულ ტექნოლოგიებს — ასწავლიან კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებს „პრაქტიკული აქტივობებით და ასაკის შესაფერისი პროგრამული ენით“. სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება ვიდეომასალა ინტერნეტიდან. სკოლებში აქვთ ელექტრონული სისტემები, საშინაო დავალებებიც უმეტესად ელექტრონულად სრულდება. დღიურები ელექტრონულია. მშობლებსა და პედაგოგებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით სირთულეს აღარ უქმნის ყველაზე დაკავებულ მშობლებსაც კი.
♦♦♦
ესტონეთში ბევრს მიაჩნია, რომ წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასწავლებლის თავისუფლებაა. სკოლებს მაქსიმალური ავტონომია აქვთ. მასწავლებელი კი თავად იღებს გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესის წარმართვის თაობაზე, დამოუკიდებლად ადგენს სილაბუსებს. ამგვარი მიდგომის ეფექტურობა რეიტინგებშიც აისახა.
ეს არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად იზრდება მასწავლებლების ხელფასი (საშუალო ხელფასი, 5 წელიწადში, 50%-ით გაიზარდა — 810 ევროდან 1210 ევრომდე), რამაც ეს პროფესია მიმზიდველი გახადა ბევრი ადამიანისთვის, და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის წარმატება აქ ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული მშობლების სიმდიდრეზე. საჯარო სკოლები უფასოა, რაც ნიშნავს, რომ უფასოა სახელმძღვანელოებიც და ტრანსპორტიც.
♦♦♦
ეკონომიკის განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OESD) სტატისტიკის თანახმად, PISA-ს (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) შედეგების მიხედვით, ესტონელი მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ევროპაში პირველ და მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებენ, სინგაპურისა და იაპონიის შემდეგ, მათემატიკურ მეცნიერებებში — ევროპაში პირველ (შვეიცარიასთან ერთად) და მსოფლიოში მეცხრე ადგილს; გარდა ამისა, ფუნქციურ წიგნიერებაში ესტონელებს ევროპაში მესამე ადგილი უკავიათ, ფინელებისა და ირლანდიელების შემდეგ, მსოფლიოში კი — მეექვსე ადგილი. OESD-ს თანახმად, ესტონეთში ასევე იზრდება უცხოელი სტუდენტების რიცხვი. 10 წლის წინ აქ 400 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, დღეს კი მათი რიცხვი 4.000-ს აღწევს.