საგანმანათლებლო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის განუყოფელი და აუცილებელი კომპონენტი ხდება. თავდაპირველად, ელექტრონული ჟურნალის შექმნას მოჰყვა ვებვერსია და მობილური აპლიკაცია, მაგრამ, რაკი ონლაინ სწავლება არ გვქონდა, პანდემიის დროს ბევრი ფუნქციონალის შეცვლა გახდა საჭირო, განვითარდა ელექტრონული ჟურნალიც, შესაბამისად, მობილურ აპლიკაციასაც გარკვეული სიახლეები დაემატა.
მობილური აპლიკაცია ქართულენოვანია და გადმოწერა შესაძლებელია ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობაზე როგორც iOS, ისე Android სისტემებისთვის, სახელწოდებით Onlaine School EMIS.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნინო ეფხოშვილის შეფასებით: „ეს მობილური აპლიკაცია გაცილებით მოქნილი და მოსახერხებელია. აღარაა საჭირო ვებგვერდზე შესვლა (რისთვისაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო), რომ სასურველი ინფორმაცია მიიღო. ერთხელ გადმოწერს აპლიკაციას მასწავლებელი, მოსწავლე თუ მშობელი და ოპერატიულად მიიღებენ შეტყობინებებს ყველა იმ სიახლის, ცვლილებისა თუ აქტივობის შესახებ, რაც ელჟურნალში ფიქსირდება. ეს შეიძლება იყოს მოსწავლის შეფასება, საგაკვეთილო პროცესის გაცდენა თუ პროცესში ჩართულობა, აქტივობის, თუ მშობელთა კრების ჩანიშვნა და ა. შ. ეს ყველაფერი მყისიერად, ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაციის გარეშე, მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვით“.
⇒ სიახლე საქმეს უმარტივებს მასწავლებელსაც. როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, მისი დანერგვა მასწავლებელთა მოთხოვნაც იყო – კომპიუტერი ხომ სულ თან არ აქვს ადამიანს. „ერთი კვირაა, რაც მობილური აპლიკაცია მუშაობს და დადებითი უკუკავშირი უკვე გვაქვს, თუმცა ეს ცოცხალი პროცესია და პედაგოგებთან თანამშრომლობით, აპლიკაციის განვითარებისა და განახლებისთვის ჩვენ მზად ვართ“.
⇒ ეს სიახლე განსაკუთრებით საინტერესო იქნება მშობლებისთვის. თუ ადრე ისინი მხოლოდ შეფასების კომპონენტს ხედავდნენ, ახლა ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი ყველა ცვლილება მყისიერად მიეწოდება ყველა მშობელს – მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შეფასების ცვლილება, აქტივობა, მშობელთა კრება და სხვ.
როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციის შემთხვევაში, მშობლებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რაც გულისხმობს იმას, რომ მშობლის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს სკოლების მართვის ელექტრონულ სისტემაში – სახელი, გვარი, ტელეფონისა და პირადი ნომრის მითითებით. თუ ტელეფონის ნომერი არასწორად იქნა დაფიქსირებული, რეგისტრაციის გავლა შეფერხდება, რადგან ვერ მიიღებს სათანადო კოდს. ასეთ შემთხვევაში, მან უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, მას წვდომა ექნება მხოლოდ საკუთარი შვილის (შვილების) შესახებ ელექტრონულ ჟურნალში ასახულ ყველა სახის შეტყობინებებზე.
ჩამოტვირთეთ ელექტრონული ჟურნალის განახლებული მობილური აპლიკაცია და ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნეთ თქვენი შვილის სასწავლო პროცესს!