ლილი სვიაკაური
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის
საჯარო სკოლის დირექტორი
⇒ სკოლის დირექტორი – რას მოითხოვს მისგან სახელმწიფო, საზოგადოება…
სკოლის დირექტორი ეფექტური ლიდერია, ისეთი თვისებებით, როგორიცაა: კომპეტენცია, კომუნიკაბელურობა, პატივისცემა, გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისას, პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარით. სკოლის დირექტორისგან სახელმწიფო და საზოგადოება მოითხოვს მშვიდი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას. იგი მუდმივად უნდა ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და ხელშეწყობაზე, სკოლაში ნერგავდეს სიახლეებს, სწორად განსაზღვრავდეს სკოლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.
⇒ სკოლის ლიდერის პასუხისმგებლობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი
შევქმნა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის უსაფრთხო გარემო, სადაც სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს, ყველა მოსწავლეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება.
⇒ სკოლის მართვის თქვენი მოდელი/პრაქტიკა
სკოლის ხელმძღვანელის ძირითადი მიღწევაა სკოლაში პოზიტიური სასკოლო კულტურის დამკვიდრება, ეს არის თანამშრომლობითი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, სადაც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს გაზიარებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა.
⇒ სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა
დღევანდელი მდგომარეობით სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა ძირითადად, კანონმდებლობით სავალდებულო ფუნქციებით შემოიფარგლება. სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებლები ისედაც აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, რასაც ვერ ვიტყვით მშობლებზე, მათ ნაკლებად აინტერესებთ, თუნდაც სხდომებზე ანგარიშის მოსმენა თუ საკითხზე მსჯელობა, ამასაც გარკვეული ცოდნა სჭირდება.
⇒ ამზადებს თუ არა დღევანდელი სკოლა აქტიურ მოქალაქეებს
სკოლა ნამდვილად ზრდის აქტიურ მოქალაქეებს. თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენა, მისი საჭირო ცოდნით შეიარაღება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც სამომავლო ცხოვრებაში დასჭირდება, ისედაც სკოლის მისიაა.
⇒ რა ხელშეწყობა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს, რომ გაზარდოს კომპეტენციები
მნიშვნელოვანია დირექტორი მუდმივად ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, აუცილებლად გაიზიაროს და გაითვალისწინოს სხვათა გამოცდილება. წლების წინ, სკოლის დირექტორებმა გაიარეს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ლიდერობის აკადემია“, სამივე მოდული. სასურველია, დირექტორებს ჰქონდეთ მსგავსი მოდულებით ცოდნის ამაღლების შესაძლებლობა.
⇒ საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი ზოგად განათლებაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების პროცესში სკოლებისთვის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია რესურსცენტრის როლი და მხარდაჭერა სკოლების სამართლებრივი თუ ადამიანური რესურსით პროფესიული გაძლიერების კუთხით, აგრეთვე ესგ-ს დანერგვის ჯგუფის საგნობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობით სკოლების დახმარება და სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის კულტურის მხარდაჭერა.
⇒ სკოლის საჭიროებები, რომელიც ავტორიზაციის პირველ ეტაპზე გამოიკვეთა
პირველი ეტაპი ეს არის თვითშეფასების, დიაგნოსტირების ეტაპი. ამ პროცესში უდიდესი დახმარება გაგვიწია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კერძოდ, სკოლებთან თანამშრომლობენ ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან სწორად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი – რა ეტაპზე ვართ, რა პრობლემები გვაქვს.
ჩვენ ვართ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლა, სადაც პედაგოგები, საგნობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობით, მუშაობენ კომპლექსურ დავალებებზე, სასკოლო პროექტზე. აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ესგ-ის დანერგვის პროცესი. სკოლას უწევს საკუთარ, ორიგინალურ სასკოლო სასწავლო გეგმაზე მუშაობა, რომელიც გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისა და თემისათვის. სკოლას უწევს მუშაობა საკუთარ სასკოლო სივრცეზე, შესაძლებლობებზე, პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე მორგებულ კურიკულუმზე.
ჩვენს სკოლას ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს, რადგან სკოლის შენობა ავარიულია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაგეგმილია სკოლის ყველა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და ახლის აშენება. ამჟამად სკოლა სასწავლო პროცესს სოფელ წინუბნის სკოლის შენობაში ახორციელებს, რომელიც 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა და ოპტიმიზებულია ჩვენს სკოლასთან. დუისიდან 4 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ 5 მიკროავტობუსი ემსახურება 500 მოსწავლისა და პედაგოგის გადაყვანას და უკან დაბრუნებას, მთელი დღის განმავლობაში, რადგან სკოლა ორ ცვლაში მუშაობს.
იმედია, დუისში სკოლა დადგენილ ვადებში და ისეთი სტანდარტით აშენდება, რომ ავტორიზაციის პროცესში ხელი არ შეგვეშლება.