4 თებერვალს ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია, კანონპროექტის მიღებამდე, საზოგადოებაში დაიწყოს შესაბამისი დისკუსია და განხილვა. კოდექსი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით.
ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზებისთვის. კოდექსი იქნება სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის ბავშვთა საკითხებზე მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„ბავშვის კოდექსი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანს — ბავშვის კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფას. ჩვენ ვაძლიერებთ ოჯახებს, იმავდროულად ვზრუნავთ იმაზე, რომ სადაც ოჯახი ვერ ართმევს თავს ბავშვის კეთილდღეობას, იქ სახელმწიფომ იტვირთოს ეს ვალდებულება იმგვარად, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სეგმენტში ბავშვი იყოს ბედნიერი. ჩვენ ამ რეფორმაზე თითქმის ორი წელია ვმუშაობთ. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ბატონმა ღასან ხალილმა ამ პროექტში თავისი დიდი წვლილი შეიტანა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, საქართველოს ჰქონოდა სპეციალური კანონი ბავშვის უფლებათა შესახებ. „2017 წელს იუნისეფმა ჩაატარა ეროვნული კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ანალიზი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 30-ზე მეტი კანონის ცვლილების და ბავშვის უფლებების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის შექმნის საჭიროება. ჩვენ განვაგრძობთ პარლამენტის მხარდაჭერას კოდექსის პროექტის სრულყოფის და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით კოდექსის მიღებამდე“.
ღასან ხალილი მიიჩნევს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა დაცვას და მათ მდგომარეობას საქართველოში, ამიტომ იუნისეფი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ კანონპროექტს და მის მიღებას. „კანონი შექმნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართულებით, ასევე შექმნის სახელმწიფო სისტემას, სადაც გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი კანონია მიღებული ბავშვთა უფლებების დასაცავად — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი, მაგრამ ეს იქნება კანონი — ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც გამოიწვევს ცვლილებებს სხვა კანონში, სისტემაში, გრძელვადიან პერსპექტივაში და, რაც მთავარია — უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი ბავშვების დაცვის სისტემის შესაქმნელად საქართველოში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოდექსი ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობას და გაუმჯობესებულ კოორდინაციას, რომ ყველამ ერთობლივად მოახდინოს ბავშვის უფლებების დაცვა.“
იუნისეფის რეგიონული მრჩეველი ჟენევის სათაო ოფისიდან, აარონ გრინბერგი კოდექსს საკმაოდ ამბიციურ დოკუმენტად მოიხსენიებს. იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა და სხვადასხვა უწყების ჩართვა, იქნება ეს იუსტიციის, ჯანდაცვის თუ განათლების სამინისტროები. „პოლიტიკაში არ არსებობს წარმატება, რომელსაც თან არ ახლავს დიდი შრომა. ვფიქრობ, თავდაუზოგავი შრომით და მონდომებით თქვენ წარმატებას მიაღწევთ“.
მრჩეველი ყურადღებას ამახვილებს ბოლო დროს ქვეყანაში ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები მხოლოდ აქ არ ხდება, მთავარია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს და მათი იდენტიფიცირება არასასურველი მოვლენების განვითარებამდე შევძლოთ.
„მნიშვნელოვანია საზიარო/ერთობლივი პასუხიმგებლობა იგრძნონ სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებმა და მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სამინისტროს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. ყველა უწყებამ, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს შეხება ბავშვებთან, თანაბრად უნდა იზრუნოს მათი უფლებების დაცვაზე. იუნისეფი მზადაა განაგრძოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და ამ პროცესს ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს ჟენევიდან, სათაო ოფისიდან.
ბევრ ქვეყანაში მინახავს, თუ როგორ შეცვალა ბავშვთა უფლებების კოდექსმა ბავშვების მდგომარეობა, სწორედ ასე გვინდა, რომ მოხდეს საქართველოშიც. მჯერა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ნაკლები შედეგის მოტანას.“ — აღნიშნა აარონ გრინბერგმა.
ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი:
* მოიცავს ბავშვის ყველა უფლებასა და თავისუფლებას და აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახის ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვის, ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებების განხორციელებას.
* აღმოფხვრის ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას არსებულ უთანასწორობას ბავშვის უფლებების დაცვის უკეთესი სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
* აწესებს, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების მექანიზმს, რომლის ნაწილი იქნება ბავშვზე ზეგავლენის შეფასება, უწყებათაშორისი კოორდინაცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმირებული პოლიტიკისათვის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაცია.
„წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია და იზიარებს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას, რომ აღიაროს ბავშვი როგორც უფლებების მქონე სუბიექტი, რომელსაც აქვს უფლებები, ფლობს ინფორმაციას ამ უფლებების შესახებ, აცნობიერებს მას და აქვს შესაძლებლობა, თავადაც შეძლოს დამოუკიდებლად მინიჭებული უფლებების განხორციელება. ის შესაბამისობაშია როგორც კონვენციასთან, ისე მის დამატებით ოქმებთან, რომელიც ეხება ბავშვის დაცვას სხვადასხვა ფორმის ძალადობისგან.“ — ამბობს ნანა ჩაფიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი ბავშვთა უფლებებზე.
კოდექსში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ბავშვის ოჯახის მხარდაჭერის კომპონენტზე, ბავშვთა მიტოვებისა და მშობლებისაგან განცალკევების პრევენციისთვის. დღეის მდგომარეობით, ამ კუთხით, მთავარი პრინციპები და მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს, სხვადასხვა კანონებში და კანონქვემდებარე აქტებშია გაბნეული. სისტემა ასეთია, როდესაც ოჯახში ბავშვის დარჩენა ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს და აუცილებელია მისი განცალკევება ოჯახისგან (ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება, როცა სახეზე გვაქვს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობა ან როდესაც მას არ ჰყავს მშობლები და მოკლებულია მზრუნველობას), სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს და ბავშვს შესთავაზოს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მექანიზმი. ასეთ შემთხვევაში, კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების ძირითად პრინციპებს და დამატებით კონტროლს აწესებს, ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი სასამართლო გადაწყვეტილება ხდება. „გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი ჩართული იქნება როგორც ბავშვი, ისე მასზე მზრუნველი პირები და სხვა უწყებები, რომლებმაც მას სერვისები და პროგრამები უნდა შესთავაზონ“ — ამბობს ნანა ჩაფიძე.
ბავშვთა დაცვის ამ ინოვაციური მეთოდის გარდა, ქალბატონი ნანა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე — ბავშვის უფლებებზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმზე საუბრობს: „როდესაც პარლამენტი რომელიმე კანონს, ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილებას ან კანონქვემდებარე აქტს/დადგენილებას იღებს, მუშაობის პროცესში ვალდებული იქნება წინასწარ შეაფასოს პოზიტიური/ნეგატიური რისკები, რა ზეგავლენას მოახდენს მომავალში ბავშვზე, ბავშვთა ჯგუფზე ან საერთოდ ბავშვთა პოპულაციაზე. პროცესი მათ წინასწარი განსაზღვრის საშუალებას მისცემთ — თუკი რაიმე ტიპის საფრთხე გამოიკვეთება, თავშივე შეცვალონ და მიიღონ ისეთი კანონი ან გადაწყვეტილება, რომელიც უპირატესობას ბავშვის ინტერესებს მიანიჭებს. ეს არის პრინციპი, რომელიც დღემდე არც ერთ კანონში არ იყო დანერგილი, როგორც ფორმალური შეფასების პროცედურა. კოდექსში განსაზღვრული იქნება ის კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესებში. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვას და მისი უფლებების მხარდაჭერას ემსახურება, თუ დარღვეულია რომელიმე უფლება — მის აღდგენას და შესაბამისი სერვისების შეთავაზებას.“
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კოდექსი დაამკვიდრებს, მუნიციპალიტეტების როლის მნიშვნელოვანი ზრდაა. ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, განსაზღვროს შესაბამისი სამსახური (გააძლიეროს ან შექმნას), რომელიც ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის პროგრამების მართვას, სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და კოდექსის გათვალისწინებით, ადგილობრივ დონეზე განახორციელებს.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე კოდექსს ზოგადად ძალიან პოზიტიურად აფასებს, მაგრამ გარკვეული საკითხები კითხვებს აჩენს.
„ის, რომ გვექნება სპეციალური ბავშვთა უფლებების კოდექსი, სადაც თავმოყრილი იქნება ბავშვთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, ეს, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც და მენტალურ დონეზეც, საზოგადოებისთვის ბევრის მთქმელია. პირველ რიგში, სპეციალური კანონის მიღებით ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ბავშვთა თემები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კოდექსიც საკმაოდ საინტერესო, პრინციპულ შემოთავაზებებს აკეთებს — უპირველესად კანონმდებლობის რამდენიმე ნაწილში გვთავაზობს სიახლეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მხარს ვუჭერ. მაგალითად, ბავშვთა თემებზე მომუშავე ყველა ადამიანის სპეციალიზაცია, როგორც ვალდებულება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვერავინ იმუშავებს, თუ ის სპეციალიზებული არ იქნება ბავშვთა უფლებებში. ეს, თავისთავად, გაზრდის მუშაობის ხარისხს, ამის საუკეთესო მაგალითია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ასევე მნიშვნელოვანია, მაგალითად, ბავშვთა უფასო იურიდიული კონსულტაციები/დახმარება და ა.შ. მაგრამ არის თემები, რომელიც ძალიან ზოგადია — მაგალითად, ბავშვთა სიღარიბის დაძლევა ან, თუნდაც, ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ნაწილში, მეტიც, საკმაოდ დეკლარაციულია, უფრო მარტივად კი — არაფრის მთქმელი, არადა, ბავშვთა უფლებების სფეროში ოჯახების გაძლიერება სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კოდექსში კონკრეტულად არ ჩანს, ვინ როგორ ეხმარება ოჯახებს გასაძლიერებლად და როგორ განსხვავდება ეს დახმარება არსებულისგან. შემიძლია იგივე ვთქვა ბავშვთა თავისუფლების ნაწილზეც. ბავშვის შეხედულებები, გამოხატვის თავისუფლება, შეკრება-მანიფესტაცია, გაერთიანების თავისუფლება — ეს ის თემებია, რომლის მაღალი სტანდარტით შემოღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გადაგვაწყვეტინებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ბავშვს არ აღვიქვამთ უფლების სუბიექტად. რეალურად, სწორედ აქედან მოდის ბავშვთა უფლებრივი პრობლემები — მას არ აღვიქვამთ თანასწორ მოქალაქედ. ეს ნაწილი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.“
რატომ ხდება ისე, რომ თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც ვერ ვიცავთ ბავშვის უფლებებს? — ამის შესახებ ანა აბაშიძე ამბობს, რომ: „ძალიან ყოჩაღები ვართ კანონების მიღებაში, თან პარლამენტი გაწაფულია დაწეროს ისეთი რეგულაცია, რომელიც კარგ იდეას შემოიტანს, მაგრამ პასუხისმგებლობას არავისთვის განსაზღვრავს. რასაც ვაკეთებთ, ეს არის საშუალება და არა მიზანი. თუმცა, მთავარია მიგვაღწევინებს თუ არა ეს ყველაფერი მიზანს, რომ ბავშვი დაცული იყოს ძალადობისგან, ოჯახი ისე გაძლიერდეს, რომ ბავშვი აღარ შიმშილობდეს. სწორედ ამ კუთხით უნდა შევაფასოთ სახელმწიფოს ქმედება. ცხადია, კოდექსის შემოთავაზებული ვერსია ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მით უფრო, თუკი კონკრეტულ პასუხისმგებლობებს არ განსაზღვრავს სხვადასხვა უწყებების მიმართ. არც ფინანსურ დანახარჯებზეა საუბარი (ჩემი ინფორმაციით, განმარტებით ბარათში ფინანსურ დანახარჯებზე საერთოდ არაფერი წერია), რაც თავისთავად ბადებს ეჭვს. იმისთვის, რომ კოდექსი ეფექტური იყოს, აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბიუჯეტი, რომელიც კოდექსის აღსრულებისთვის იქნება გათვალისწინებული.“
სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ინიცირებული იქნება პარლამენტში შემდგომი განხილვებისა და მიღებისთვის. სავარაუდოდ, კოდექსს პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ასევე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, დაგეგმილია კანონპროექტის საჯარო პრეზენტაციები, დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებთან.
ლალი ჯელაძე