ვაგრძელებთ წერილების ციკლს ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე. მით უფრო, რომ მათ წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ — ისევ დისტანციურ რეჟიმში. მართალია, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს კი დაუბრუნდნენ, მაგრამ დისტანციური სწავლის აჩრდილი „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდიათ თავზე — გზადაგზა მაინც უწევთ ამ რეჟიმზე გადასვლა, ზოგან — ცალკეულ კლასებს, ზოგან — მთლიანად სკოლას.
დღეს ჩვენს რუბრიკაში ქვეყნის ორი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის — მესტიისა და დუშეთის რესურსცენტრებს წარმოგიდგენთ იმ რეალობითა თუ პრობლემებით, რაც მათ წინაშეა. თითოეულს ერთი და იმავე კითხვებით მივმართეთ, თუმცა დუშეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დავით ოსეფაშვილს, დამატებით, მათ მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლა-პანსიონებზეც ვკითხეთ, რომელთა მნიშვნელობაც მაღალმთიან და მით უფრო სასაზღვრო რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია.
⇒ როგორ დაიწყეთ სასწავლო წელი, პანდემიამ რაიმე დაუძლეველი პრობლემები ხომ არ შეგიქმნათ?
⇒ რამდენად ხართ უზრუნველყოფილი პანდემიის პრევენციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით?
⇒ რამდენად მოემზადა რესურსცენტრი ახალი სასწავლო წლისთვის, რა სამუშაოები ჩაატარეთ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დასაწყებად?
⇒ იქიდან გამომდინარე, რომ მაღალმთიან რეგიონს წარმოადგენთ, ტექნიკურად რამდენად გამართულად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება?
⇒ რამდენად უზრუნველყოფილია რესურსცენტრი მასწავლებელთა კადრებით, საკმარისი სპეციალისტები გყავთ?
⇒ რესურსცენტრის წინაშე მდგარი პირველი რიგის პრობლემა რომ დავასახელოთ, რა არის ასეთი?
დარეჯან ნიგურიანი
მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის
უფროსი
♦ სკოლა — 24 საჯარო, 1 აიიპ
♦ მოსწავლე — 1521
♦ მასწავლებელი — 426
✔ მოგეხსენებათ, სასწავლო წელი, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, დისტანციურად მიმდინარეობდა, 4-დან კი საკლასო ოთახებში გავაგრძელეთ სწავლა. თუმცა რამდენიმეგან მაინც დავრჩით დისტანციურ სწავლებაზე. მაგალითად, სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის I კლასი, სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის II კლასი, 24 ოქტომბრამდე, დარჩნენ დისტანციურზე; ამასთან, 2 სკოლა, მათ შორის — ერთი ააიპ-ის სკოლა მთლიანად დისტანციურზე იყო, თუმცა უკვე ისინიც დაუბრუნდნენ დასწრებული სწავლების ფორმატს. სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ყველგან ჩვეულებრივად, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
✔ რესურსცენტრი მაქსიმალურად უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც გვჭირდება პანდემიის პრევენციისთვის… განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შემოტანილია და სკოლებში დარიგებულია დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები თუ სხვა საჭირო საშუალებები.
✔ თავის დროზე, შემოვიტანეთ სახელმძღვანელოები, ყველა საჭირო ინვენტარი და გადავანაწილეთ სკოლებზე. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, 96 კომპიუტერი შემოვიტანეთ 11 სკოლისთვის.
ამასთან, რამდენიმე სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. უკვე დაწყებულია ორი სკოლის მშენებლობა — სოფელ ჭუბერსა და ყარ-სგურიში. სოფელ ბეჩოში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც გაისად უნდა დასრულდეს, სოფელ იფარში კი სკოლის დემონტაჟი უნდა მოხდეს. სამომავლოდ ასევე დაგეგმილია ახალი სკოლების აშენება ნაკრასა და იდლიანში.
✔ შარშანდელმა გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა, ზოგადად, მთელ საგანმანათლებლო სისტემას. ყველა სკოლა, თავად მშობლები და ოჯახებიც მომზადებულნი შეხვდნენ შესაძლო სირთულეებს ამ მიმართულებით. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა ყველგან ბოლომდე მოგვარდა, მაგრამ სკოლები, მშობლები მუშაობენ ამ კუთხით და ცდილობენ, მაქსიმუმი გააკეთონ საამისოდ.
✔ ვაკანსიები გამოვაცხადეთ და ნაწილობრივ დაიფარა ადგილები, ნაწილობრივ კი შიგნით გადანაწილდა კვალიფიციური კადრის მიღებამდე. მასწავლებლის გარეშე სკოლები დარჩენილი არაა, თუმცა ახალი კადრების საჭიროება მაინც არის.
✔ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი შენობა არ გვაქვს. ძველი შენობა ავარიულია, რომელიც 2018 წელს დავცალეთ. მერიამ, საკუთარი ფართიდან, ერთი ოთახი გამოგვიყო, რისთვისაც მათ დიდი მადლობა, თუმცა ჩვენთვის ეს არაა საკმარისი — აქ თანამშრომლებიც კი ვერ ვეტევით, ვერ ვატარებთ თათბირებს. წიგნები რომ მივიღოთ და დავასაწყობოთ, ამისთვის სკოლების შენობის გამოყენება მოგვიხდა. ადრე ორსართულიანი შენობა გვქონდა, სადაც ყველაფრის განთავსება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ახლა ამის საშუალება აღარ გვაქვს. პანდემიის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარიც — დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხეები და ა.შ. — სხვაგან გვაქვს შენახული. იმედია, გაისად უკვე დაიწყება მისი მშენებლობა.
დავით ოსეფაშვილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის
უფროსი
♦ სკოლა — 37 საჯარო
♦ მოსწავლე — 3320
♦ მასწავლებელი — 639
✔ შარშანდელმა სეზონმა გამოცდილება შეგვძინა. თანაც — ძალიან დიდი და ამიტომ წლეულს სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შევხვდით. მზაობა იყო როგორც პედაგოგიური საზოგადოებისგან, ასევე — მშობლებისგანაც, თუმცა, მზაობასთან ერთად, იყო მოთხოვნაც, რის გამოც ჩვენც ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. დიდი დახმარება გაგვიწია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, პანდემიის პრევენციისთვის საჭირო ყველა აუცილებელი საშუალებით მოგვამარაგა.
მუნიციპალიტეტში, 4 ოქტომბერს, სწავლა 37-ივე საჯარო სკოლაში დასწრებულ რეჟიმში ანუ საკლასო ოთახებში დავიწყეთ. თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი, როცა მშობლებმა, განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მოითხოვეს დისტანციური სწავლა. ბუნებრივია, მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. სასწავლო წლის განახლების შემდეგ, დისტანციურ სწავლაზე გადავიყვანეთ ორი სკოლა — ჟინვალისა და ბულაჩაურის, თუმცა მათ უკვე დაასრულეს კარანტინი და ისევ დაუბრუნდნენ სკოლის შენობას. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში იძულებულები ვართ, დისტანციურ სწავლაზე გადავიყვანოთ ცალკეული კლასები. ამ დღეებში დისტანციურზე გადაგვყავს ანანურის საჯარო სკოლა.
✔ როგორც გითხარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, სრულად მოგვამარაგა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო საშუალებებით — დეზობარიერები, პირბადეები, სადეზინფექციო სითხეები, თხევადი საპონი, სველი ხელსახოცები და ყველაფერი, რაც საჭიროა. ამ საშუალებებით ყველა სკოლა უზრუნველყოფილია და მარაგი აქვთ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდებათ. ამ კუთხით უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის ყველაზე შორეული სოფლებიც კი, მათ შორის, შატილის სკოლაც, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა — ეს საკითხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონეზეა მოგვარებული. თუმცა მუნიციპალიტეტის ვერც ერთი სკოლა ვერ იტყვის, რომ რაიმე საჭიროება აქვს, ან მარაგი არ აქვს, ან რაიმე დაგვიანებით მოუვიდა. აგვისტოს ბოლოს, ვიდრე სწავლას დავიწყებდით, ყველა სკოლა მომარაგებული იყო ყველაფრით.
✔ ამჟამად 3 სკოლაში სრულდება სრული რეაბილიტაცია — დუშეთის I საჯარო, ბარისახოსა და პირმისაანთკარის სკოლები. ოქტომბრის ბოლოს დასრულდება დუშეთის სკოლის რემონტი, ნოემბრის ბოლოს — იმ დარჩენილი ორისა. სამივე სკოლაში რემონტი ძალიან მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტით კეთდება. ბუნებრივია, სამივეგან ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს 3 სკოლა ყოველგვარ გამოწვევას და ეროვნულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.
პატარ-პატარა სამუშაოების მოთხოვნილება სკოლებში ყოველთვისაა. ასეთ დროს რესურსცენტრი შუამდგომლობას ვუწევთ და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანხმობას აძლევს, სკოლები კი საკუთარი ბიუჯეტიდან ახერხებენ თანხის გამოყოფას და მცირე-მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. პრაქტიკულად, სველი წერტილები ყველგან კეთილმოწყობილია — ამ კუთხით, ძალიან გვეხმარება მუნიციპალური ფონდი. ახლა მიმდინარეობს კეთილმოწყობა აბანოსხევის საჯარო სკოლაში, სადაც, ფაქტობრივად, ბოლო ფაზაა, რათა სველი წერტილები იქაც მაღალი სტანდარტით იყოს მოწესრიგებული. ამ ეტაპზე, ახალი სკოლის მშენებლობის საჭიროება არ დგას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა სკოლას სჭირდება კოსმეტიკური რემონტი, გაცოცხლება და გაახლება. ცხადია, ამის საჭიროება არის, მაგრამ მუნიციპალიტეტში არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ სკოლის შენობა რაიმე საფრთხის შემცველი იყოს მოსწავლეებისთვის ან მასწავლებლებისთვის.
სკოლა-პანსიონებიც გამართულად მუშაობს. სამწუხაროდ, შატილის სკოლა-პანსიონში მეორედ გაჩნდა ხანძარი — ამჯერად სამზარეულო დაიწვა. ორი დღის წინ ვესაუბრე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს და მითხრა, რომ სატენდერო კუთხით ყველაფერი მოგვარებულია. იქ სენდვიჩ-პანელებით ძალიან ჩქარა აშენდება და ხელი არ შეეშლება პანსიონის მუშაობას. შატილში გვაქვს ეს პრობლემა, რაც თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჰყავს კონტროლზე აყვანილი. ბარისახოსა და მაღაროსკარში კი ყველაფერი წესრიგშია.
მუნიციპალიტეტის სკოლებს სასკოლო ტრანსპორტიც გამართულად ემსახურება, რასაც კონკრეტული სატრანსპორტო კომპანია და დუშეთის მერია ახორციელებენ. რაიმე სახის შეფერხების შემთხვევაში ოპერატიულად ვაცნობიერებთ ხოლმე მათ, მაგრამ, ამ ეტაპისთვის, ნამდვილად არსად არაა ისეთი შეფერხება, რომ ბავშვი უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდეს სკოლამდე მისვლას ან ფეხით უწევდეს ამ მანძილის გავლა. ეს ინფორმაცია ყველა მშობელს აქვს და შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, წერილობით მიმართონ სკოლას. ასეთ შემთხვევაში, ვამატებინებთ ტრანსპორტს.
მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ინკლუზიური საჭიროების მქონე მოსწავლე, რომლებიც 10 სკოლაში სწავლობენ. მათთვის შერჩეულია მასწავლებლებიც, რომელთაგანაც 6 უფროსი მასწავლებელია, 4 — პრაქტიკოსი. მათ გაისად უწევთ გამოცდების ჩაბარება და ვიმედოვნებ, წარმატებით გააკეთებენ ამას. მათთან სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს — მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული იყოს ყველაფერი. თითოეული პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაცია, რესურსცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით, მათი უშუალო დახმარებით და ჩართულობით, ვცდილობთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთოთ მათთვის.
✔ ამ ეტაპისთვის შეფერხება ნამდვილად არაა. შარშან ბარისახოში კი შეგვექმნა ინტერნეტის პრობლემა, მაგრამ ამ მომსახურეობის გამწევმა კომპანიამ, სამინისტროს შესაბამის სსიპ-თან ერთად, მოვაგვარეთ ეს საკითხი. მე ნამდვილად არ მქონია ინფორმაცია, რომ რომელიმე მოსწავლე, ინტერნეტის ან რაიმე სხვა საკომუნიკაციო ხარვეზის გამო, ვერ ერთვებოდა სასწავლო პროცესში.
✔ ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ მასწავლებლის სახლთან და როგორც კი ჩნდება ვაკანსია, მათთან ერთად ვარჩევთ კადრს. ასევე მუშაობს პროექტი „ასწავლე საქართველოსთვის“ და კადრების კუთხით დეფიციტი არ გვაქვს, ყველა სკოლაში საკმარისია სპეციალისტები. მაძიებელი მასწავლებელიც ცოტა გვყავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში შევარჩიეთ ისინი და მათ შორის არიან საკმაოდ კარგი ახალგაზრდები. ვფიქრობ, ისინი გაამართლებენ იმედებს.
✔ არ მახსენდება ისეთი პრობლემა, რომ მაწუხებდეს და ამის თქმა აუცილებელი იყოს. განათლების სისტემაში დიდი ხანია ვმუშაობ და თუ რამე პრობლემა იქმნება, კონკრეტული ადამიანები სამინისტროდან მყისიერად გვეხმარებიან მის მოგვარებაში. ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც სასწრაფოდ საჭიროებს გადაჭრას.