შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად ემზადება 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად. ცენტრი უახლოეს მომავალში დაიწყებს, პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
წელს პირველად საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნება – გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა საჭირო აღარ იქნება, რაც აბიტურიენტებს როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით, დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა-დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ., ასევე, სპეციალური პროგრამის ჩაწერა ლეპტოპებში, ამოწმებენ ხმის გამაძლიერებლებსა და ყურსასმენებს, აგრეთვე, კალმებს. მალე გამოქვეყნდება საგამოცდო განრიგი, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრებში.
საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები, ამასთანავე ტესტირება. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სულ მალე დაასრულებს გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციასა და ანალიზს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრების (ღია კარის დღეები) გამართვას როგორც პირისპირ (უკვე ჩატარდა 17 ქალაქში), ასევე ონლაინ რეჟიმში.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.