21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ბაღის გარეშე დარჩენილი სკოლამდელები

spot_img

როგორც იქნა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში ჩადგა და დისტანციურიდან დასწრებულ სწავლებაზე გადაინაცვლა. მათ შორის, საბავშვო ბაღებიცაა – სკოლამდელი ასაკის პატარებმა ხალისით მიაშურეს ბაღებს, თუმცა მათ შორის არ არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 სკოლამდელი ასაკის ბავშვი. ამ სოფელში ბაღი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გასული საუკუნის 90-იან წლებში, გაუქმდა და მას შემდეგ აქაური ბავშვები სკოლაში ისე მიდიოდნენ, მათთვის სკოლამდელი აღზრდა და სასწავლო პროცესი, როგორც საზოგადოებრივი პროდუქტი, არ არსებობდა. ბოლო წლებში, როცა საჯარო სკოლების ავტოტრანსპორტით მომსახურება სახელმწიფომ ითავა, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნა – ამ სოფელში არასრული საჯარო სკოლაა, რომლის დამთავრების შემდეგ აქაურები სწავლას მეზობელი საჭამიასერის სკოლაში აგრძელებდნენ, მათ კი ის ტრანსპორტი ემსახურებოდა. ბაღის ბავშვებიც ამ ავტომანქანებს დაჰყვებოდნენ, მართალია, ბაღიდან სახლში დაბრუნება ნაადრევად უწევდათ, ნახევარ დროს თუ ატარებდნენ ბაღში, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა! პირიქით, მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილნი იყვნენ იქ გატარებული იმ რამდენიმე საათითაც, რაშიც დიდი წვლილი იქაურ პედაგოგებსა და ზოგადად, მომსახურე პერსონალს მიუძღვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პატარებისთვის მაქსიმალურად მისაღები გარემოს შესაქმენლად.

წელს ზემოხეთიდან საჭამიასერის სკოლაში არც ერთი მოსწავლე აღარ დადის. შესაბამისად, სკოლის ავტობუსის მომსახურებაც აღარაა საჭირო, რის გამოც ვეღარც სკოლამდელი ასაკის ბავშვები დადიან ბაღში. ისე, ესეც დიდი მინუსი მგონია, რომ იმ ავტობუსს, თურმე, მხოლოდ მოსწავლეების გადაყვანა ევალება და არა – მასწავლებლის. არადა, ზემოხეთის სკოლას ერთი მასწავლებელი საჭამიასერიდანაც ჰყავს, რომელიც 4 კილომეტრს გადის სკოლამდე (ვფიქრობთ, ეს მასწავლებლის ინსტიტუტის უპატივცემულობაა). ასე დარჩა 21-ე საუკუნის ქვეყანაში 5 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე, ხსნა კი არსაიდან ჩანს! ბუნებრივია, ამის შესახებ აცნობეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ასეთი პასუხი მიიღეს: ეს 2 თვეც მოვითმინოთ და ახალი წლიდან დავნიშნავთო! გასაგებია, რომ გურულების მოსაწონი მთავრობა საქართველოში კი არა, ჯერ მსოფლიოში არ გამოჩენილა, მაგრამ ერთი კვიმატი კითხვა მაინც გაგვიჩნდა: მაღალჩინოსანთა შვილებს რომ ეხებოდეს საქმე, მაშინაც მოითმენდნენ 2 თვე? ან ამ ბავშვებს ახალ წლამდე არ უნდათ სწავლა? თუ რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღი პატარებისთვის 21-ე საუკუნეში, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

ამასობაში კი, ეს ბავშვები ვაჟას მთებივით „დგანან და ელიან“, როდის წაიყვანენ მშობლები ბაღში. მაგალითად, იმ 5-დან ერთ-ერთი * ლუკა შამუგია, პერიოდულად, ეკითხება დედას: „დე, ბაღში როდის წავალთ“, მშობელს კი ამაზე პასუხი არ აქვს. ვიდრე ეს დრო დადგება, ლუკა იძულებულია, უფროსებთან ითამაშოს (ამას კი არავინ ამადლის, იმდენად კარგი ბავშვია), რადგან ნახევარ სოფელში ის საბავშვო ასაკის ერთადერთი მოზარდია, თუმცა მას მაინც თანატოლებთან თამაში ურჩევნია. არადა, ვინ იცის, დღევანდელ საქართველოში, რამდენი ბავშვია ასეთ დღეში, ვინც ვერ იღებს ელემენტარულს, რასაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს.

იმედია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და სათანადო ორგანოები ყურად იღებენ ამ პრობლემას.

ირაკლი თავაძე

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები