დავით ყაველაშვილი იმ წარმატებულ სტუდენტებს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ ინოვაციურ იდეებს და სტარტაპ პროექტებს წარმატებით ახორციელებენ და სწავლის პარალელურად არაერთ ბიზნეს პროექტსაც მართავენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების მე-3 კურსის სტუდენტის გამოგონებას არაერთი მეწარმე და კომპანია იყენებს. დავითი დატვირთული სტუდენტური ცხოვრების პარალელურად, ჩართულია მრავალ კონკურსსა და შეჯიბრში, STEM მარათონებში და სხვა აქტივობებში. როგორც თავად ამბობს, აღნიშნული სემესტრი მისთვის მრავალი მიღწევით იყო გამორჩეული.
დავით ყაველაშვილი: 2023 წლის ოქტომბერში ვმონაწილეობდი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, სადაც წარმატებით ვიასპარეზე და მოვიპოვე 25 000-ლარინი გრანტი. კონკურსზე წარვადგინე პროექტი – „Smart Flow“. ეს გახლავთ მოწყობილობა, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ავტომატურ და დისტანციურად კონტროლირებადი სარწყავი მართვის მოდულს და აპლიკაციას. ამ პროექტზე 2 წლის განმალობაში ვმუშაობდი. მოპოვებული მაქვს სააგენტოს მიერ გამოყოფილი 15 000-ლარიანი პროტოტიპირების გრანტიც. კვლავ ვაგრძელებ პროექტზე მუშაობას და შემდეგ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანასაც ვფიქრობ.
დავითი ასევე მონაწილეობას იღებდა პროექტში „სტარტაპ მეწარმე“, რომელიც ბაღდათის განვითარების ფონდის ინიციატივით, თეგეტა მოტორსის მხარდაჭერითა და Future Laboratory-ის პარტნიორობით განხორციელდა. პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის ფარგლებში გუნდებმა იმუშავეს იდეების განვითარებაზე, მათ ტესტირებაზე, MVP-ის ფორმირებაზე. შეჯიბრის პრეაქსელერაციის ეტაპზე დავითმა ორი სტარტაპი წარადგინა. პირველი სტარტაპი გახლდათ – „WineGuard“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ღვინის ხანგრძლივ და უსაფრთხო შენახვას ინოვაციური თავსახურის დახმარებით, ხოლო მეორე სტარტაპი – „HOPY“, ნივთების საქალაქთაშორისო თანწაღების აპლიკაცია, რომელიც მან, მეგობრებთან ერთად, KIU-ში, მენეჯმენტის სკოლის ლექციაზე მოიფიქრა. აღნიშნულ პროექტში დავითის გუნდის წევრები იყვნენ: თეკლა ჯიხვაძე, მარიამ გოგოხია და ეთო აბულაძე. პრეაქსელერაციის ეტაპზე მათ შეძლეს და მოიპოვეს 5 000 – 5 000-ლარიანი დაფინანსებები პროექტის დასახვეწად. რაც შეეხება აქსელერაციის ეტაპს, 2 თვის განმალობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად, დავითმა და თეკლამ მოახერხეს და დემო დღეზე პროექტი „WineGuard“ წარმატებით წარადგინეს, შედეგად კი მოიპოვეს 52 600–ლარიანი ინვესტიცია. აღნიშნულ იდეაში მუშაობა დავითმა ზაფხულში დაიწყო „ღვინოთონის“ ფარგლებში, სადაც 5 000-ლარიანი პრიზიც მოიპოვა.
„მადლიერი ვარ ყველა იმ ორგანიზაციისა და პიროვნების, ვინც საშუალება მომცა განმეხორციელებინა ჩემი ინოვაციური პროექტი და რეალობად მექცია. მის დასახვეწად არაფერს ვიშურებ და, ვიმედოვნებ, რომ სექტემბრიდან პროდუქტს უკვე საქართველოს ბაზარზე ვიხილავთ“, – ამბობს დავით ყაველაშვილი.
აღნიშნული პროექტის შემდეგ დავითი საქმიანობას არ წყვეტს და აქტიურად აგრძელებს თავისი საგანამანათლებლო პლატფორმის – „ლოპუსის“ მართვას. ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლასთან ერთად, ლოპუსის გუნდი მრავალ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. დავითი და ლეგო რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული გიორგი გაგუა სკოლაში ფიზიკურ წრეებს ატარებენ. ისინი (2 გუნდი) წარმატებით ასპარეზობენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე, საქართველოს STEM სკოლის შეჯიბრზე, STEM სიმპოზიუმსა და Technovation Girl-ზე.
„აღსანიშნავია, რომ KIU-სა და ლოპუსს შორის თანამშრომლობა დაიწყო. სექტემბრიდან უნივერსიტეტში ელექტრო ინჟინერიის კლუბს გავუძღვებით. კლუბის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს სტემის საფუძვლების გაგებასა და საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ Hardware პროექტებში მონაწილეობის მიღებაში. უნივერსიტეტმა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 8 000-ლარიანი დაფინანსება გამოგვიყო. ეს წრე სტუდენტებს მისცემს საშუალებას, მიიღონ მათთვის საჭირო გამოცდილება დარგის ექსპერტებისგან. ნაწილების და სხვადასხვა დანადგარის დახმარებით კი, შეძლებენ შექმნან მათთვის საჭირო მოწყობილობები შეჯიბრებში მონაწილეობისთვის“, – აცხადებს სტუდენტი.
ახლახანს დავითმა კიდევ ერთ წარმატება მოიპოვა. KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტების: დავით ყაველაშვილის, გიორგი გაგუას, საბა საკანდელიძის, დავით ლომიაშვილისა და ლუკა რეხვიაშვილის სტარტაპ იდეამ „WaveX“ სტუდფესტ 2024-ის ფარგლებში, STEM მარათონში გაიმარჯვა და 5 000-ლარიანი ჯილდოს მფლობელიც გახდა. WaveX გახლავთ მოწყობილობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სთავაზობს გონებრივ კავშირს ციფრულ სამყაროსთან. მოწყობილობის დანიშნულებაა გონების ტალღების გარდაქმნა ციფრულ ბრძანებებად და, 0132ჭკვიანი სახლის“ ინტეგრირებით, სხვადასხვა დავალების შესრულება, მაგალითად, შუქის ანთება, ტემპერატურის კონტროლი, წყლის ადუღება და ა.შ.
„მიხარია, რომ KIU-ს სტუდენტური პროექტების მხარდაჭერით ახალ ინიციატივაზე ვმუშაობ. უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მიიღო ხარისხიანი ცოდნა, განვითარდე და მიაღწიო წარმატებას“, – აღნიშნავს დავითი.
♦♦♦
დღეს KIU–ს სტუდენტებს უკვე შექმნილი აქვთ არაერთი სტარტაპი როგორც უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიუხედავად უნივერსიტეტის მოკლე ისტორიისა, KIU-ს სტუდენტების წარმატება საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებზე, ჰაკათონებში შთამბეჭდავია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) მიზნად აქვს დასახული, რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბდეს. KIU–ს მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. წელს KIU-ს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება, ეს ის პირველი კოჰორტა იქნება, რომლებიც იღებენ ევროპულ განათლებას და აღჭურვილნი არიან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლებით და უნარ–ჩვევებით.