განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელთა რეგისტრაციის ასაკმა კიდევ ერთი თვით გადაიწია და მომავალ სასწავლო წელს (2024-2025 წწ) სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. აქვე დავაზუსტებთ, რომ ცვლილება შეეხება პირველ დეკემბრამდე დაბადებულ 5 ათასამდე ბავშვს. თუმცა, როგორც მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, ეს არ არის სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში შევლენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ახსნა, რომ ცვლილების შეტანის საჭიროება გამოიწვია იმ მშობლების მიმართვიანობამ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათ უნდა ჰქონოდათ არჩევანის შესაძლებლობა. თუმცა, მისივე განმარტებით, „ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ამ ასაკში ბავშვი არ არის სასკოლოდ მზად, ბაღებში რჩება ვალდებულება და მშობელს შეუძლია საბავშვო ბაღში დატოვოს ბავშვი და მომდევნო წელს მიიყვანოს სკოლაში“.
სამინისტრომ დააკამაყოფილა მშობლების მოთხოვნა, რომ „ერთი წელი არ დაკარგონ მათმა შვილებმა, სკოლაშიც ადრეულ ასაკში შეიყვანონ და შემდეგ სკოლაც დროულად დაამთავრონ“. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა, როგორია ჩვენი რეალობა ამ გადაწყვეტილების მიღმა – არის თუ რეალურად მზად სკოლა 5 წლის ასაკის ბავშვის მისაღებად და რამდენად პასუხობს სასკოლო გარემო ადრეულ ასაკთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ან თუნდაც, აქვს თუ არა მშობელს გაცნობიერებული რა რისკები შეიძლება წარმოიშვას მისი 5 წლის შვილის სკოლაში მიყვანასთან ერთად და როგორ უნდა შეაფასოს – არის თუ არა ბავშვი მზად სკოლაში მისასვლელად? თავისთავად, ამ გადაწყვეტილების მხოლოდ მშობელზე მინდობა, არამართებულია, რადგან, მშობელი ამ საკითხში არ არის კომპეტენტური, მთელ რიგ შემთხვევებში, მან შეიძლება არასწორად შეაფასოს შვილის სკოლისთვის მზაობა. ყურადსაღებია, რას ფიქრობენ სპეციალისტები და რას ურჩევენ მშობლებს, რომლებიც ჩქარობენ შვილის სკოლაში შეყვანას.
გთავაზობთ ფსიქოლოგის, ქცევითი ანალიტიკოსის, გვანცა ჩვამანიას რჩევებს, რომელმაც გადაცემაში – „განათლების უფლება მეგი კავთუაშვილთან ერთად“ ისაუბრა – როგორ განსაზღვრონ სწორად მშობლებმა არიან თუ არა მათი შვილები სკოლისთვის მზად და რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება გადაწყვეტილების მიღებისას.
⇑⇓ აქვს თუა არა მშობელს რესურსი, შეაფასოს მზადაა თუ არა მისი შვილი სკოლისთვის?
პირველი, რაც ხაზგასმით მინდა ვთქვა, დაკარგულ წელთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გავრცელებული მითია, თითქოს, სწავლა მხოლოდ სკოლის გარემოში ხდება. სწავლა არ არის აუცილებლად აკადემიურ გარემოსთან დაკავშირებული პროცესი. ბავშვი, დაბადებიდან მესამე თვეს რომ იწყებს სწავლას, მას მერე გარემოსგან უამრავ რამეს სწავლობს. ამიტომ, ის წელი, ფიზიკურად, დაკარგული ვერ იქნება, თუ სწორად არის წარმართული ბავშვის ცხოვრება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არიან მზად მშობლები, განსაზღვრონ შვილის მზაობა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ, ჯერ ერთი, სასკოლო მზაობა არ არის აუცილებლად დაკავშირებული ლექსების ცოდნასთან ან თუნდაც ციფრებთან. „უკვე იცის პირველი კლასის მასალა“ – თუ მართლა იცის, ეს შეიძლება ხელის შემშლელ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული, იმავე მოტივაციასთან, რადგან სასწავლო პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თუ რამდენად მოტივირებული ვარ და თუ ვიცი რაღაც ე.ი. აღარ მაინტერესებს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.
სასკოლო მზაობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან, რაც მშობლებში მხვდება ხოლმე, არის ის, რომ მათ მხოლოდ აკადემიური მზაობა ჰგონიათ სასკოლო მზაობა. რეალურად, ასე არ არის. სასკოლო მზაობა, ასევე არის ემოციური და სოციალური მზაობა, როცა მე შემიძლია გაზიარება, ნივთის თხოვება, პრობლემის კონფლიქტის გარეშე მოგვარება და ა.შ. ამ ყველაფრის უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს. ამავდროულად, სასკოლო მზაობა გულისხმობს მოტორულ მზაობასაც და კვლევების თანახმად, თუ ბავშვს არ შეუძლია, მაგალითად, თასმის შეკვრა, ამანაც კი შეიძლება შეუშალოს ხელი სასკოლო მზაობაში, რადგან თვითმოვლის წესებსაც გულისხმობს – ბავშვი დიდ დროს ატარებს სკოლაში და მან უნდა შეძლოს დამოუკიდებლად თავის მოვლა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციური მზაობა სკოლისთვის. მაგალითად, მაქვს ნებისყოფა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო, რაც გარკვეულ ასაკში ფიზიკურად შეუძლებელია – ჩემი ტვინის და ასაკობრივი განვითარება არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისყოფით ვიყო აღჭურვილი. მათ შორის, ეს მზაობა შეიძლება 6 წლის ასაკშიც კი არ იყოს სრულფასოვნად ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, ამას ერთ დღეში ვერ გამოიმუშავებ, ძალიან დიდი შრომაა გასაწევი, რომ სათანადო მზაობა ჰქონდეს ბავშვს, როცა სკოლაში წასვლის დრო დადგება. 3 წლიდანაც შეიძლება დაიწყოს ამაზე გარემომ – მშობელმა, ბაღის აღმზრდელებმა, პედიატრებმა იმის შემოწმება, რამდენად შესაბამისად ვითარდება ბავშვი იმისათვის, რომ, როცა დრო დადგება, მზად იყოს აკადემიური სწავლისთვის.
ყველაზე ხშირად რაც გაგვიგია და ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, რომ, როცა ბავშვი თავისით გამოხატავს ამა თუ იმ წრეზე სიარულის სურვილს, უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე თვის შემდეგ უარს ამბობს, აცხადებს, რომ აღარ უნდა წრეზე სიარული და წყვეტს ამ პროცესს. მერე რაღაც ახალს სთავაზობენ და იმასაც რამდენიმე თვეში ანებებს თავს. რატომ ხდება ასე? ნებისმიერ საქმეს, რომელსაც თავიდან ენთუზიაზმით ვიწყებთ, გვსიამოვნებს, გვიხარია, დროთა განმავლობაში, შემდეგ სირთულე მოყვება, რადგან ამ ყველაფერს თანმიმდევრულობა, ნებისყოფა და მონდომება სჭირდება. მაგრამ თუ მე ეს არ გამომიმუშავდა და არ მაქვს მზაობა, რომ დაწყებული საქმე, სირთულის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანო და თუნდაც მარცხის მიუხედავად გავაგრძელო, სწავლის პროცესი არ შედგება, ანუ ვერ ვისწავლი ბოლომდე.
მშობლებმა იციან თუ არა ამის შესახებ? არ გამიგია, მშობლობას ან ბავშვის განვითარებას სადმე სწავლობდე. თუ მშობელი არ არის კონკრეტულად დაინტერესებული ამ საკითხით და არა აქვს იმის დრო, რომ დამატებით გაეცნოს სათანადო მასალას, ლიტერატურას, მივიდეს სპეციალისტთან და რჩევები მიიღოს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ამის შესახებ არ ექნება საჭირო ინფორმაცია და, შესაბამისად, შეიძლება შეცდეს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაში.
⇑⇓ რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს?
პირველ რიგში, ნამდვილად ინდივიდუალური პროცესია განვითარების შეფერხება, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ნორმებს მივყვებით, მაგრამ ამ ნორმების ცოდნა მშობლისთვის ძალიან სპეციფიკურია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი კითხვარი, აპლიკაცია, რომელიც შეუძლია მან შეავსოს და დაახლოებით მაინც შეიქმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად ახლოს არის ბავშვი ნორმასთან, ან სად არის თავისი განვითარებით, თანატოლებთან შედარებით, ეს მაინც ინდივიდუალურად განსასაზღვრი პროცესია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ პანდემიის შემდგომ ძალიან ბევრი კვლევა გვეუბნება, რომ 6 წლის ბავშვებიც კი, შესაძლებელია, გარკვეულწილად არ იყვნენ მზად, ემოციურად, ყურადღების კონცენტრირებით თუ ქცევითი მახასიათებლებით, სკოლაში ინტეგრაციისთვის.
⇑⇓ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, ბავშვის განვითარების მხრივ:
პირველ რიგში, ის უნდა დააკვირდეს, რამდენად აქვს ბავშვს ინტერესი სწავლის მიმართ, რადგან მოტივაცია სწავლაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. რამდენ თქვენგანს აქვს იმის გამოცდილება, რომ სკოლაში გყავდათ მასწავლებელი, რომელიც არ მოგწონდათ ან რომელმაც ვერ დაგაინტერესათ და დღემდე არ იცით ეს საგანი. ეს ყველაფერი კავშირშია მოტივაციასთან, ანუ რამდენად მომწონს და დაინტერესებული ვარ ამ პროცესით; მეორე, რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, არის ის, ილტვის თუ არა ბავშვი წიგნიერებისკენ და რამდენად შეუძლია მას წიგნთან დროის გატარება, მშვიდად ჯდომა. თუმცა, მხოლოდ მშვიდად ჯდომა და მოსმენის კულტურა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად არის. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, რამდენად შეუძლია დამოუკიდებლად რაიმეს კეთება, თუნდაც მცირე დავალების შესრულება, სავალდებულო, რუტინული დავალების და არა იმის, რაც იმ წუთას მისთვის საინტერესოა – ნაკლებად რომ აინტერესებს და მაინც ბოლომდე მიიყვანოს, არ შეწყვიტოს შუა გზაში ეს არის ყურადსაღები.
ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ენობრივი განვითარება, შეუძლია თუა რა თხრობა, კითხვაზე პასუხის გაცემა. ძალიან საინტერეოა, ასევე, შეუძლია თუ არა მას თანატოლებთან დამოუკიდებლად ურთიერთობა. პირველი, რაც უნდა შეეძლოს ბავშვს, იმპულსის შეკავებაა. რას ნიშნავს იმპულსის შეკავება? პატარებს (1-2 წლის ბავშვს) ხშირად ახასიათებთ – თუ გაბრაზდა, მაშინვე ისროლოს რაიმე ნივთი ან ვიღაცას დაარტყას, რაც არ უნდა იყოს უკვე სასკოლო ასაკის ბავშვეში, რომელიც მიდის სასწავლო დაწესებულებაში, სადაც სხვადასხვა მასწავლებელთან და თანატოლებთან ერთად უწევს საკმაოდ დიდი დროის გატარება. თუ მსგავსი პრობლემა აქვს, ვერ მართავს საკუთარ მრისხანებას, ადვილად ფეთქდება ან, პირიქით, გულჩვილი ხდება, ადვილად სწყინს, მშფოთვარეა, ეშინია – ეს ძალიან საყურადღებო ნიშნებია. მოგვიანებით, წავაწყდებით ხოლმე, რომ მას აღარ უნდა სკოლაში სიარული, რადგან ვერ მოძებნა კლასელებთან საერთო ენა ან რამეზე გაბრაზდა. მეორეა, როცა არ გამოიხატება ასე პირდაპირ მისი ემოცია და, სკოლაში წასვლის წინ, ნამდვილად სტკივდება მუცელი. ეს უკვე სომატური ნიშანია იმისა, რომ ბავშვი იმ გარემოში დისკომფორტს განიცდის, შფოთავს, ანუ მზად არ არის იმ გარემოსთვის.
დასაწყისში ვახსენე, რომ სწავლა არ არის მხოლოდ აკადემიური პროცესი. ბავშვი, პირველ რიგში, სწავლობს ჯერ საკუთარი თავის მოვლას, პატარა რაღაცებით იწყებს, პირველ კონტროლს საკუთარ სხეულზე ამყარებს. მაგალითად, როგორ გამოიყენოს ხელი მიზანმიმართულად, კოორდინირებულად, ცოტა მოგვიანებით შარდის ბუშტზე იწყებს კონტროლს, მოთმენის უნარი უვითარდება და ტუალეტში სიარულის ჩვევა უყალიბდება. კიდევ უფრო მოგვიანებით, ემოციის კონტროლს სწავლობს – არ გამომივიდა რაღაც აქტივობა, მაგრამ კი არ მოვისროლე ან კი არ გავბრაზდი, არამედ ისევ ვცადე და ბოლომდე მივიყვანე დაწყებული საქმე.
ძალიან საინტერესო კვლევებია, რაზეც შეიძლება მშობლებმაც და პედაგოგებმაც გაამახვილონ ყურადღება – როდესაც ბავშვს რამე გამოსდის, მიუთითეთ არა იმაზე, როგორი ნიჭიერია, არამედ იმაზე, როგორი ძალისხმევა დახარჯა და რამდენი იშრომა. ეს სერიოზულ სხვაობას გვაძლევს იმიტომ, რომ ფრთიანი ფრაზა, რომელიც არ მიყვარს – „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ – რეალურად, არაფერს კარგს არ გვაძლევს სწავლასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რაც უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი და ჰქონდეს გარკვეული მიდრეკილებები, თუ მას არ აქვს ნებისყოფა, შრომის უნარი, რომ საქმე გააკეთოს, დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს!
⇑⇓ რა პასუხისმგებლობა შეიძლება აიღოს მშობელმა, თუ 5 წლის შვილი შეიყვანა სკოლაში?
კიდევ ერთხელ უდა გავიმეორო, რომ სასკოლო მზაობა მოკლე პროცესი არ არის, ერთ თვეში ბავშვი ვერ იქნება სკოლისთვის მზად, აკადემიური გარემოსთვის ბავშვის მომზადება 3 წლიდან იწყება. იმ მშობლების საყურადღებოდ, ვინც მომავალში გეგმავს 6 წლამდე ასაკის შვილის სკოლაში მიყვანას, უკვე ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, ყურადღება უდა მიაქციოს ბავშვის განვითარებას, იქნება ეს ემოციური, ქცევითი, ენობრივი თუ წიგნიერების მიმართულებით.
ამის გარდა, მნიშვნელოვანია, თუ მშობელი გადაწყვეტს და შვილს სკოლაში 5 წლის ასაკში მიიყვანს (ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაშიც), აქტიურად უნდა ჩაერთოს მის სასწავლო პროცესში – იცოდეს რა მდგომარეობაშია ის საგაკვეთილო პროცესში. უნდა ჰქონდეს საშუალება, მასწავლებელთან გაცვალოს აზრი, თვითონ დააკვირდეს მეცადინეობის პროცესს, თუნდაც სახლში. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებ, დააკვირდეს ბავშვის ქცევას. სკოლაში მისვლიდან რამდენიმე თვეში იწყება ზუსტად ის სირთულეები, რაზეც უკვე ვისაუბრე. შეიძლება სხვადასხვა მიზეზთა გამო, პირველკლასელმა თავი ვერ დაიმკვიდროს სასკოლო გარემოში, რის გამოც, შემდეგ უამრავი ბავშვის მშობელი მოდის ჩვენთან ჩივილით: რომ მის შვილს უჭირს საგაკევთლო პროცესში ჩართვა. და ეს ხდება, სკოლაში მისვლიდან არა პირველივე დღეებში ან თვეებში, არამედ ბევრად უფრო მოგვიანებით, პირველი კლასის მეორე სემესტრში ან მეორე კლასშიც კი, როცა უკვე გადაიარა პირველმა ენთუზიაზმმა, საინტერესო რაც იყო მისთვის ამოწურა, მასწავლებელმაც და კლასელებმაც უკეთ გაიცნეს და მეტი პრობლემა დაუგროვდა. მაგალითად, გაკვეთილს ვერ ისმენს, ვერ არის კონცენტრირებული, რაც ხელის შემშლელი ხდება სხვისთვისაც, ან ადვილად ღიზიანდება, თვითშეფასების პრობლემები იჩენს თავს, შფოთავს, თვალცრემლიანია, უჭირს ხმის ამოღება. ხშირად იმასაც ამბობს მშობელი, რომ ბავშვი მომზადებული მიდის სკოლაში, იცის გაკვეთილი, მაგრამ უარს აცხადებს ხმის ამოღებაზე, ღელავს, რამდენად სწორი იქნება მისი პასუხი, თავს იკავებს, რომ არ მოეწონოს მასწავლებელს ან თანაკლასელს.
⇓⇓ რა არის თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლობაში
როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, ერთმნიშვნელოვანი პასუხია: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, შვილთან რეგულარულად ატარებდე ნაყოფიერ დროს, რაც ნიშნავს, რომ ეკრანი გადადებულია და მე და შვილი ერთად ვართ ჩართულები რაიმე სასიამოვნო აქტივობაში. აქაც, სასურველია, ბავშვმა აირჩიოს რა ვაკეთოთ, იქნება ეს გაფერადება, სამაგიდო თამაში თუ სხვა. ვაკეთოთ მხოლოდ ის, რაც მას მოსწონს და სიამოვნებს. ამ პროცესში, ერთი მხრივ, მშობელი უკეთ ეცნობა შვილს და ხვდება, აქვს თუ არა მას დამახსოვრების პრობლემა, ან ყურადღების კონცენტრირების, ან ემოციურად რა მდგომარეობაშია, გააჩნია თუ არა მოთმენის უნარი, როგორ ეგუება მარცხს. მეორე მხრივ, მშობელი თვითონ ქმნის ბავშვთან სწორ ემოციურ ურთიერთობას, რაც მედეგობის წინაპირობაა, რომ ბავშვი იყოს მედეგი, ანუ ნაკლებად მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის მიმართ. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობელი ნაყოფიერად ატარებდეს დროს შვილთან, თუნდაც, ეს იყოს 20 წუთი, მაგრამ ყოველდღიურად.