იმდროინდელ საქართველოში ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილის შემდეგ, მეორე პიროვნება იყო, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე სწავლა-აღზრდის გავრცელებას, სახალხო განათლებისა და საბავშვო მწერლობის აღორძინებას შეალია.
ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ნინო ორბელიანი, კატო და ანიკო ნიკოლაძეები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძისა, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია… XIX საუკუნეში მოღვაწე ქართველ ქალთა ამ შესანიშნავ კოჰორტას კიდევ ერთი სახელი ამშვენებს – ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა. იგი თბილისში დაიბადა 1849 წლის 25 აგვისტოს (6 სექტემბერი), ქართულ მწერლობაში კარგად ცნობილი პოეტისა და პუბლიცისტის, მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ: დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ლევან მელიქიშვილი, ირაკლი ანდრონიკაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე და სხვები. მათი შეკრებისა და მსჯელობის საგანი „ქართლის ბედი“ იყო. აი, ამ გარემოცვაში იზრდებოდა ანასტასია 8 წლამდე, ვიდრე მშობლებმა იგი „მადამ ფავრის პანსიონში“ არ მიაბარეს. თბილისში ეს ერთადერთი სასწავლებელი იყო, სადაც ქართულ ენას ასწავლიდნენ და სადაც, რუსების გარდა, ცნობილი ქართველი პედაგოგები: ალ. ცაგარელი, ნ. დედაბრიშვილი, ნ. ინაშვილი და სხვები ასწავლიდნენ. ამავე პანსიონში მიიღო განათლება ეკატერინე გაბაშვილმაც. ამას მოჰყვა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ანასტასია თუმანიშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
ამ ცვლილების შემოქმედი კი რუსეთში სახელგანთქმული მეცნიერი ივ. თარხნიშვილი გახლდათ – თბილისში წაკითხულმა ლექციებმა ახალი ინტერესი და პერსპექტივა გადაუშალა ანასტასიას, იგი ციურიხში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად, სადაც გაეცნო ბავშვთა აღზრდის იოჰან ჰაინრიხ პესტალოცისეულ მეთოდებს, ახალ პედაგოგიურ იდეებს, შვეიცარიული და ფრანგული სკოლების მუშაობას და სამშობლოში დაბრუნდა. მის თანამედროვე ქართველ განმანათლებელ ქალებთან ერთად, აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო წკგს-ის გამგეობის წევრი. სწორედ ამ ორგანიზაციის დახმარებითა და მისი დიდი ძალისხმევით, მოხერხდა მის მშობლიურ სოფელში, ხელთუბანში, (გორის რ-ნი) დაწყებითი სკოლის დაარსება 1884 წელს, თუმანიშვილების სახლში, რომლის საზეიმო გახსნას აკაკი წერეთელიც დასწრებია. ამის შესახებ იმდროინდელი გაზეთებიც წერდნენ, თავად ანასტასია სიხარულს ვერ მალავდა ამ „ბრწყინვალე გამარჯვების“ გამო. თუმცა, საკუთრივ სკოლისთვის შესაფერისი შენობის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ანასტასიას ახალი საზრუნავი იყო და, როგორც თავად ამბობს, „აშენებას დიდი ძალ-ღონე მოუნდა“. ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ხელთუბნის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა. აქ საინტერესო ისაა, რომ ანასტასიამ მასწავლებლად მოიწვია გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ნიჭიერი პოეტი და ბელეტრისტი, საბავშვო მწერალი თედო რაზიკაშვილი, რომელიც სიკვდილამდე არ გასცილებია ღირსეული ქართველი ქალის ამ დიდ ნაამაგარს, თუმცა მანამდე, 1905 წელს, თედო რაზიკაშვილი, რევოლუციური პროპაგანდისთვის დააპატიმრეს, ხოლო კაზაკთა დამსჯელმა რაზმებმა სკოლა მთლიანად ააოხრეს და გააჩანაგეს. აქაც შეუძლებელი შეძლო ანასტასია თუმანიშვილმა – მისმა თავგამოდებამ სკოლაც აღადგინა და საყვარელი მასწავლებელიც დააბრუნა. განათლება იყო ახალგაზრდა ქალის ინტერესისა და საქმიანობის ძირითადი სფერო. იგი მწვავე წერილით გამოეხმაურა გაზეთ „დროებაში“ ერთ ტრაგიკულ ფაქტს – აუტანელი პირობების გამო, ერთმა მასწავლებელმა თავი მოიკლა. მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, მალევე, ოფიციალურად დაარსდა „მასწავლებელთა და აღმზრდელთა ურთიერთდახმარების საზოგადოება“, რომლის თავმჯდომარეც, 33 წლის განმავლობაში, ე.ი. მის დახურვამდე, თავად იყო. საზოგადოების წევრები, მასწავლებლების გარდა, სხვა პროფესიის ქალებიც იყვნენ, რომლებიც, ნივთიერი დახმარების მიღების გარდა, ისმენდნენ ლექციებს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ლიტერატურულ თემებზე, იმართებოდა საკვირაო სკოლები, იხსნებოდა ბავშვთა სამკითხველოები კუკიაზე, ავლაბარში, ვერაზე, ნაძალადევში… მოგვიანებით, იგი აფუძნებს ახალ საზოგადოებას „განათლება“ და საშუალო სასწავლებელს ყაზბეგის ქუჩაზე (ე.წ. „ყაზბეგის სკოლა“). ამ საქმეში მისი თანამოაზრეები და თანამებრძოლები არიან: კატო და ანიკო ნიკოლაძეები, სოფიო კალანდარიშვილი, ელისაბედ ყაზბეგი. აღსანიშნავია, რომ „განათლებამ“ მალევე მიიპყრო ფართო საზოგადოებისა და მეცენატთა ყურადღება, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც წარმატებით ასრულებდნენ თავიანთ მისიას ქალთა საშუალო სკოლა, პროფესიული განყოფილებაცა და სამხატვრო სახელოსნოც, ვიდრე ბოლშევიკურმა რეჟიმმა არ გააუქმა ამდენი წლის ნაშრომ-ნაამაგარი, 1923 წელს…
მანამდე კიდევ ბევრ სასიკეთო და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს ანასტასია თუმანიშვილი, რომელსაც კარგად ესმის განათლების როლი და აუცილებლობა რუსული იმპერიის გუბერნიად ქცეული ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის. ამიტომაც სრულიად სამართლიანია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ანასტასია თუმანიშვილის საზოგადოებრივი, ლიტერატურული და პედაგოგიური მოღვაწეობის ნამდვილი გვირგვინი საბავშვო ჟურნალია – „ჯეჯილი“, მისი პირმშო, რომელმაც უკვდავყო ანასტასიას სახელი ქართულ ლიტერატურასა და ჟურნალისტიკის ისტორიაში.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით 1882-92 წწ, ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ, როცა მთელ იმპერიაში განსაკუთრებით მძიმე იყო ვითარება, ჟურნალის გამოცემისთვის ნებართვის მიღება ძალიან რთული აღმოჩნდა. ბევრი სიძნელისა და დაბრკოლების გადალახვა მოუხდა ანასტასია თუმანიშვილს, იოლად არც ახლა დანებდა და საწადელსაც მიაღწია – საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ ორ თვეში ერთხელ გამოცემის ნებართვა მიიღო. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება პროგრამა, სადაც ჩამოთვლილია, რას სთავაზობდა ჟურნალი მკითხველს: 1. მოთხრობები, ამბები, ზღაპრები, მოგზაურობა, ბიოგრაფიები, პოემები, ეტიუდები; 2. ლექსები; 3 მეცნიერება და ხელოვნება; 4. ნარევი; 5. წვრილმანი; საბავშვო, პედაგოგიკური, საჭადრაკო და სხვა თამაშობანი, რებუსები, მათემატიკური ამოცანები, ანეკდოტები, გამოცანები, იგავები, ანდაზები; 6. ილუსტრაციები; 7. სიმღერები ნოტებით, პასუხები და განცხადებანი. დამეთანხმებით, პროგრამა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. მის განსახორციელებლად ანასტასიამ კვლავ ინტელიგენციის მოწინავე და საუკეთესო ნაწილს მიმართა, რომელიც აღფრთოვანებით შეხვდა ახალი ჟურნალის დაარსებას. რედაქტორ-გამომცემელთან საკონსულტაციოდ შეიკრიბნენ: იაკობ გოგებაშვილი (ჟურნალის სახელწოდების – „ჯეჯილი“ – ავტორი), კეკე მესხი, ეკ. გაბაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ვახტანგ ორბელიანი, ოლღა ჭავჭავაძისა… სწორედ მისი დაპირებით დაიბეჭდა ჟურნალის პირველ ნომერში ილიას „ბაზალეთის ტბა“, ჟურნალის ეპიგრაფად კი აირჩიეს სტრიქონები ი. დავითაშვილის ცნობილი ლექსიდან „ჯეჯილი“ – „იზარდე მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო“. პირველი ნომერი, შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა, ტექნიკურად ლამაზად გაფორმებული. პირველ და მომდევნო ნომრებსაც ამშვენებდა ისეთი სახელები, როგორებიცაა: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ეკ. გაბაშვილი, შიო მღვიმელი, იაკობ მანსვეტაშვილი, ალექსი ჭიჭინაძე, ეფროს ჭიჭინაძე და სხვები. ბუნებრივიც იყო, რომ ჟურნალის ავტორიტეტიცა და მასზე მოთხოვნაც მალევე გაიზარდა, გაუმჯობესდა ეკონომიკური მხარეც, რამაც განაპირობა „ჯეჯილის“ ყოველთვიური გამოცემა. ამ პერიოდში ჟურნალის გამომცემლის მხარდამჭერთა შორის იყო ჩვენი სახელოვანი ბელეტრისტი გიორგი წერეთელი, რომელიც საერთო საქვეყნო საქმემ დააახლოვა ანასტასიასთან, რაც მათი შეუღლებით დასრულდა. ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო საინტერესო გახდა უკვე ყველასათვის საყვარელი „ჯეჯილი“ და მოხერხდა კიდევ ერთი ახალი ჟურნალის, ყოველკვირეული „კვალის“ გამოცემა, რედაქტორ-გამომცემელი – ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი. ამ ჟურნალმა დიდი წვლილი შეიტანა 900-იანი წლების ქართული საზოგადოების აზროვნების განვითარებაში, პროგრესული იდეების გავრცელებაში. გიორგი წერეთლის გარდაცვალების შემდეგ, 1904 წელს, „კვალი“ დაიხურა, როგორც „მეფის ხელისუფლებისათვის მავნე აზრების“ მქადაგებელი, შეჩერდა „ჯეჯილის“ გამოცემაც. კეკე მესხთან, ალექსანდრე სარაჯიშვილთან, სალომე მაღალაშვილთან, სეით იაშვილთან და ნიკოლოზ ავალიშვილთან ერთად ანასტასიამ ჩამოაყალიბა ქართული პოპულარული და საბავშვო წიგნის გამომცემლობა, ამხანაგობა „სხივი“. მოხერხდა „ჯეჯილის“ აღდგენაც, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა იმდროინდელი ქართული საზოგადოება. სწორედ ამ ჟურნალით ჩაეყარა საფუძველი საბავშვო პერიოდულ პრესას. გარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ფუნქციისა, მისი არსებობა ამ მიმართულებითაც ძალზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება „სხივს“, წლების განმავლობაში, ამხანაგობა ნაყოფიერად მუშაობდა და საუკეთესო წიგნების მთელი სერია გამოსცა.
„ჯეჯილი“ კი ყოველთვის რჩებოდა ანასტასია თუმანიშვილის პირველ და მნიშვნელოვან პირმშოდ, იუბილეებსაც კი უხდიდა ხოლმე ყოველ მე-10 წელიწადს, სადაც იკრიბებოდნენ არა მხოლოდ ჟურნალის მესვეურები და ავტორები, არამედ მადლიერი მკითხველებიც, ისინი, ვინც ამ ჟურნალის ფურცლების მეშვეობით ეზიარა მშობლიურ ანბანს, შეისწავლა წერა-კითხვა, გაიგო არაერთი საინტერესო ამბავი, წაიკითხა ქართული ზღაპრები, მათი სათაყვანებელი მწერლების ლექსები და მოთხრობები… ერთ-ერთ ასეთ იუბილეზე აკაკის უთქვამს: „არც ერთი ყოველთვიური ან დროგამოშვებით გამოცემა არ ყოფილა ჩვენში ისე სათანაგრძნობო, როგორც ეს პატარა ჟურნალი…“ შიო მღვიმელს კი ასე შეუფასებია რედაქტორის დიდი ამაგი ქართველი ხალხის წინაშე:
„ოცდაათი წელიწადი თავს ევლები ჩვენს ყმაწვილებს,
ისე ზრდი და უსათუთებ, როგორც დედა პირმშო შვილებს“.
მართლაც რომ ფასდაუდებელია ანასტასია თუმანიშვილის ღვაწლი და დამსახურება ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. მთელი თავისი ენერგია და ცოდნა მოახმარა მან ქვეყნისთვის ამ ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეს. ტყუილად არ ეძახდა ნიკო ნიკოლაძე მეორე იაკობ გოგებაშვილს, ოხუნჯობით კი – გოგებაშვილს კაბაში. მართლაც, იმდროინდელ საქართველოში ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილის შემდეგ, მეორე პიროვნება იყო, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე სწავლა-აღზრდის გავრცელებას, სახალხო განათლებისა და საბავშვო მწერლობის აღორძინებას შეალია.
„ჯეჯილი“ 1923 წლამდე მისი რედაქტორობით გამოდიოდა, ხოლო როცა 75 წლის ასაკში რედაქტორობიდან განთავისუფლება ითხოვა, „ჯეჯილიც“ და საზოგადოება „განათლებაც“ დახურა საბჭოთა ხელისუფლებამ. მიუხედავად ამისა, უკვე ხანდაზმული ქალბატონი განათლების სახელმწიფო კომისარიატის მუშაობაში, კერძოდ, საბავშვო წიგნების გამოცემის საქმეში ჩაერთო. ეს მისი უკანასკნელი ასპარეზი აღმოჩნდა – 1932 წლის 7 თებერვალს ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა გარდაიცვალა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა იგი დიდი პატივით დაკრძალა მთაწმინდის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.
ბიბლიოგრაფია:
1881-1884 წწ. გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის მოთხრობები და სტატიები: „მოლოდინი“, „ნუცა“, „ინსტიტუტკას დღიური“, „სოფელი ხელთუბანი“ (ეძღვნება სკოლის გახსნას), „საზოგადოების საყურადღებოდ“, „ქალების პროფესიონალური ხელსაქმის სკოლა თბილისში“, „მამის მსხვერპლი“, „რძალ-მული“, „თაიგული“, „საყმაწვილო ამბები მოზრდილთათვის“, „ყვავილი“ – საყმაწვილო ამბები.
თარგმანები:
ალფონს დოდე – „მარშლის გულმტკივნეულება“ (გაზ. „დროება“);
ვალტერ სკოტი – „ჰირლანდელი ქვრივი“;
თომა ალვა ედისონი – „ამბავი ერთი კაცის ცხოვრებისა“.
სტატია მომზადებულია ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის - „განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“ - მიხედვით