26 აპრილი, პარასკევი, 2024

UNESCO-მ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის­თა­ვი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უდი­დე­სი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ფი­ლის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა სწავ­ლე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და ინო­ვა­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, არა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში.

დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი: „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, წლების განმავლობაში, საგანმანათლებლო სფეროში თავი დაიმკვიდრა, როგორც საუკეთესო აკადემიური ტრადიციების მატარებელმა და ამავდროულად, ინოვატორმა მთავარმა საინჟინრო სკოლამ. ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს ხვდება, როგორც თანამედროვე, ავტორიტეტული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუცია“.

წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს 100 წე­ლი შე­უს­რულ­და, მი­სი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია კი ასე და­ი­ყო…

XVIII სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, 1799 წელს, იოანე ბაგ­რა­ტი­ონ­მა, მწე­რალ­მა და მეც­ნი­ერ­მა, გი­ორ­გი XII-ს წა­რუდ­გი­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო რე­ფორ­მა­თა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, გორ­სა და ქუ­თა­ის­ში უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გახ­ს­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაპყ­რო­ბის გა­მო ამ იდე­ას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ ეწე­რა, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთს კო­ლო­ნი­ე­ბად ქცე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი აღ­მავ­ლო­ბა არ სურ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც გა­ნა­პი­რა კო­ლო­ნი­ურ ქვეყ­ნებ­ში, ცა­რიზ­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად ზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის კე­რებს. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­დან ცნო­ბი­ლია, რომ 1912 წლის 20 ივ­ნისს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თბი­ლის­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა ნი­კო­ლოზ მე­ო­რემ, ერ­თი თვის შემ­დეგ, 20 ივ­ლისს, და­ამ­ტ­კი­ცა, მაგ­რამ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის მრა­ვა­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა იყო სა­ჭი­რო. სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 1917 წლის 11 ივ­ლისს და­არ­ს­და. სწავ­ლა ამა­ვე წლის 9 ოქ­ტომ­ბერს (სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­ფუძ­ნე­ბის თა­რი­ღად 6 მა­ი­სი და 1 ივ­ლი­სი ფიქ­სირ­დე­ბა) და­იწყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში ინ­ს­ტი­ტუ­ტი კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სი­თა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით სარ­გე­ბლობ­და (ინა­ხავ­დ­ნენ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­თა და სწავ­ლის ქი­რით). სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, 1921 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ინ­ს­ტი­ტუ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად გა­მოცხად­და და მას თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი ეწო­და. მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ პირ­ველ პრო­ფე­სორ­თა შო­რის იყ­ვ­ნენ: ლ. მან­დელ­შ­ტა­მი, ალ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ა. თვალ­ჭ­რე­ლი­ძე, ა. დი­დე­ბუ­ლი­ძე და სხვ., რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ინ­ს­ტი­ტუტ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა. ქვეყ­ნის მო­მავ­ლი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნას. პირ­ვე­ლი სა­ერ­თო კრე­ბა 1917 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტარ­და. ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კო­მი­სა­რი­ა­ტის შექ­მ­ნის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ორ­გა­ნომ, 1917 წლის 2 დე­კემ­ბერს, და­ამ­ტ­კი­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ბუ­ლე­ბა. 1918 წლის 26 იან­ვარს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნის დღეს, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვილ­მა საპ­როგ­რა­მო სიტყ­ვით მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ, ეროვ­ნულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს „ალ­მა-მა­ტერს“. სწო­რედ აქ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის 1918 წლის 3 სექ­ტემ­ბ­რის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მოცხად­და სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტად და ეწო­და „ტფი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი“.

ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ რო­გორც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქებ­ში, ისე და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. იქ მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა იმათ, ვინც შემ­დეგ ჩვენს სას­წავ­ლებ­ლებს და, სა­ერ­თოდ, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დ­ნენ სამ­შობ­ლოს გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბას მი­უძღ­ვ­ნეს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­არ­სე­ბის­თა­ნა­ვე და­იწყო მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღ­დ­გე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მ­ნა ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი: ერ­თი იყო ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა; ხო­ლო მე­ო­რე — თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის შექ­მ­ნა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი არ ემ­ხ­რო­ბო­და პირ­ველ იდე­ას, ანუ ავ­ტო­ნო­მი­უ­რი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. იგი თვლი­და, რომ აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და სა­თა­ნა­დო მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა და პი­რო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის სიმ­ცი­რის გა­მო. 1921 წლის 16 ნო­ემ­ბერს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ და პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭომ მი­ი­ღეს დად­გე­ნი­ლე­ბა: „ნაც­ვ­ლად გან­ზ­რა­ხუ­ლი სა­ტექ­ნი­კო ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა, და­არ­ს­დეს სა­ტექ­ნი­კო ფა­კულ­ტე­ტი“.

1922 წლის 16 იან­ვარს გა­იხ­ს­ნა თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი, გახ­ს­ნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ას და მის პირ­ველ სხდო­მას თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის გა­მოს­ვ­ლა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა  ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ეროვ­ნუ­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მი­აპყ­რო. იმა­ვე დღეს, ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა მო­ის­მი­ნეს პირ­ვე­ლი ლექ­ცია მა­თე­მა­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც ან­დ­რია რაზ­მა­ძემ წა­ი­კითხა, ასე და­იწყო სა­ინ­ჟინ­რო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი საქ­მე.

1922 წლის 3 მა­ისს, პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნად უნი­ვერ­სი­ტე­ტის საბ­ჭომ ფა­კულ­ტე­ტის და­არ­სე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი, ღვაწ­ლ­მო­სი­ლი მეც­ნი­ე­რი ალექ­სან­დ­რე დი­დე­ბუ­ლი­ძე აირ­ჩია. პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რა და შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბა, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისე­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის სა­ხე­ლებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, ან­დ­რია რაზ­მა­ძე, ალექ­სან­დ­რე დი­დე­ბუ­ლი­ძე, ან­დ­რია ბე­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, გრი­გოლ წუ­ლუ­კი­ძე, გი­ორ­გი გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მუ­ხა­ძე, ვა­სილ კა­კა­ბა­ძე, ალექ­სან­დ­რე თვალ­ჭ­რე­ლი­ძე, ივა­ნე ყიფ­ში­ძე და სხვ.

პო­ლი­ტექ­ნი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე დამ­ტ­კიც­და სა­მი გან­ყო­ფი­ლე­ბა: სამ­შე­ნებ­ლო, მე­ქა­ნი­კუ­რი და სამ­თო. თი­თო­ე­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბას სამ-სა­მი სპე­ცი­ა­ლო­ბა ჰქონ­და: სამ­შე­ნებ­ლოს — არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, საგ­ზაო და ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი; მე­ქა­ნი­კურს — ელექ­ტ­რო­მე­ქა­ნი­კუ­რი, ჰიდ­რო­მე­ქა­ნი­კუ­რი და თერ­მო­მე­ქა­ნი­კუ­რი; სამ­თოს — სამ­თა­მად­ნო, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი და ქი­მი­ურ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი. ეს იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის თა­რი­ღად 1922 წე­ლია აღი­ა­რე­ბუ­ლი. ამა­ვე წლის მარ­ტის და­საწყის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­შინ­დელ­მა სა­ო­კუ­პა­ციო მთავ­რო­ბამ, ფა­კულ­ტე­ტის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და 300 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი გა­მო­ყო.

დო­კუ­მენ­ტუ­რი წყა­რო­ე­ბი­სა და პრე­სის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ჩანს, რომ პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი დღი­თი დღე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და, სწავ­ლის მსურ­ველ­თა რიცხ­ვ­მა ფა­კულ­ტე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა. პირ­ვე­ლი­ვე წელს სა­ჭი­რო გახ­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის საბ­ჭოს 1922 წლის 30 ივ­ნი­სის დად­გე­ნი­ლე­ბით, სა­გა­მოც­დო დის­ციპ­ლი­ნე­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რა: ალ­გებ­რა, გე­ო­მეტ­რია და ტრი­გო­ნო­მეტ­რია. ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი სკო­ლის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლი ცდა, რო­მელ­მაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა. პირ­ველ სას­წავ­ლო წელს 182 აბი­ტუ­რი­ენტს ხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა, გამ­ხ­და­რი­ყო სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

მრა­ვა­ლი სიძ­ნე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მო­უწყობ­ლო­ბით, ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის უქონ­ლო­ბი­თა და ა.შ., ფა­კულ­ტე­ტი მა­ინც შე­უდ­გა სას­წავ­ლო პრო­ცესს და წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვა თა­ვი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე და­ის­ვა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხი. ამ მე­ტად კე­თილ­შო­ბი­ლი და, ამა­ვე დროს, ძნე­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის საქ­მე­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა გა­დად­გა. 1925 წელს მან გა­მოს­ცა ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი „ლი­თო­ნე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გია“, რომ­ლი­თაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მას. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის ღვაწ­ლი – 1926-1932 წლებ­ში და­ის­ტამ­ბა მი­სი ცნო­ბი­ლი შრო­მე­ბი: მე­ქა­ნი­კის პირ­ვე­ლი („სტა­ტი­კა“) და მე­ო­რე („კი­ნე­მა­ტი­კა“) ნა­წი­ლე­ბი, „ანა­ლი­ზუ­რი გე­ო­მეტ­რი­ის კურ­სი“ და სხვ.

უპირ­ვე­ლე­სად, აუცი­ლე­ბე­ლი იყო ქარ­თუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, თუნ­დაც მცი­რე მო­ცუ­ლო­ბით, რაც მოკ­ლე დრო­ში შეს­რულ­და კი­დეც, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის მუდ­მი­ვი ზრუნ­ვის შე­დე­გად.

ქარ­თულ ენა­ზე სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა­ში თა­ვი­დან­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სტუ­დენ­ტ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც სტეკ­ლოგ­რა­ფით ამ­რავ­ლებ­და ლექ­ცი­ე­ბის კონ­ს­პექ­ტებს. დღე­ი­სათ­ვის ქარ­თულ ენა­ზე 800-ზე მე­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა და­ბეჭ­დი­ლი. 1959 წელს შე­იქ­მ­ნა პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, მაგ­რამ, სა­კავ­ში­რო მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბით, 1962 წელს, და­ი­ხუ­რა და მხო­ლოდ სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი დარ­ჩა.

ქარ­თ­ველ ინ­ჟი­ნერ­თა პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის დღეს – 1928 წლის 28 ივ­ნისს, ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და სა­დიპ­ლო­მო პრო­ექ­ტი და­იც­ვა ექ­ვ­ს­მა სტუ­დენ­ტ­მა, ხო­ლო 7 ოქ­ტომ­ბერს – ოთხ­მა. ეს ფაქ­ტი ქარ­თ­ველ ტექ­ნი­კოს­თათ­ვის (და შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის­თ­ვი­საც) ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნავ თა­რი­ღად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამ­რი­გად, თუ წი­ნათ სა­ინ­ჟინ­რო საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყო სას­წავ­ლებ­ლად, რაც მრა­ვალ სიძ­ნე­ლეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ე­რი­დან შე­იქ­მ­ნა მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­უფ­ლე­ბოდ­ნენ არა მარ­ტო ქარ­თ­ვე­ლი, არა­მედ უცხო­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბიც. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და. მარ­თა­ლია, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბის თა­რი­ღი 1922 წე­ლია, მაგ­რამ 1928 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი შე­იქ­მ­ნა, შემ­დე­გი ფა­კულ­ტე­ტე­ბით: სამ­შე­ნებ­ლო, მე­ქა­ნი­კუ­რი, სამ­თო-ქი­მი­უ­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რად (რექ­ტო­რი), შე­თავ­სე­ბით, და­ი­ნიშ­ნა სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­სა­რი და­ვით კან­დე­ლა­კი, პრო­რექ­ტო­რად სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ნა­წილ­ში – ნი­კო­ლოზ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი. გახ­ს­ნი­სას, პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში 20 პრო­ფე­სო­რი, 19 დო­ცენ­ტი, 104 ლექ­ტო­რი და 38 ასის­ტენ­ტი მუ­შა­ობ­და.

1930 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე, ექ­ვ­სი ინ­ს­ტი­ტუ­ტი და­არ­ს­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ინ­ჟინ­რო-სამ­შე­ნებ­ლო; ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი; ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­თო-მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი; ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქი­მი­ურ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი; ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მი­მოს­ვ­ლის გზა­თა ინ­ჟი­ნერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი; ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­ინ­ჟინ­რო-მე­ლი­ო­რა­ცი­უ­ლი (ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი გა­და­ტა­ნილ იქ­ნა გან­ჯა­ში).

1972 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის 50 წლის იუბი­ლე სა­ზე­ი­მოდ აღი­ნიშ­ნა. 1972-1973 სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ინ­ს­ტი­ტუტ­ში 28 ფა­კულ­ტე­ტი და 102 კა­თედ­რა იყო, დღის სტა­ცი­ო­ნარ­ზე 15 ფა­კულ­ტე­ტი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, რო­გორც წე­სი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ინიშ­ნე­ბოდ­ნენ. 1988 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ზე. რექ­ტო­რად არ­ჩე­ულ იქ­ნა პრო­ფე­სო­რი გო­ჩა ჩო­გო­ვა­ძე. 1990 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კურ­მა ინ­ს­ტი­ტუტ­მა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო; 1992 წელს და­არ­ს­და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი; 2005 წელს, ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად და სტუ­დენ­ტე­ბის და­სა­საქ­მებ­ლად, შე­იქ­მ­ნა „სა­ი­ნო­ვა­ციო ფონ­დი – ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პარ­კი“. 2006 წლის 17 მა­ისს სტუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და.

⇒ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; 172 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მი­დან 32-ს სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მ­წი­ფო. 2015 წლი­დან სტუ-ისა და სა­მი გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­სორ­ცი­უ­მი ლო­გის­ტი­კა­ში ორ­დიპ­ლო­მი­ან გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს; 2020 წლი­დან, სტუ-ისა და ფრან­გულ უნი­ვერ­სი­ტეტ რე­ნეს 1-ის მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ორ­დიპ­ლო­მი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა „წარ­მო­ე­ბის მარ­თ­ვა რძის ინ­დუს­ტ­რი­ა­ში“; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ISO-ს სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­შ­რომ­ლობს ხა­რის­ხის მარ­თ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან; 2015 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებს ერაზ­მუს+ (Erasmus+).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2013 წლი­და­ნაა ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის ჩარ­თ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში: პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მარ­თ­ვა; საპ­რო­ექ­ტო, სა­ძი­ე­ბო და საც­დელ-სა­კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რო საქ­მი­ა­ნო­ბა; საპ­რო­ექ­ტო, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა; სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა.

⇒ დღე­ი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 14 ფა­კულ­ტე­ტი (6 ფა­კულ­ტე­ტი ბო­ლო ათ წე­ლი­წად­ში შე­იქ­მ­ნა), 15 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 151 დე­პარ­ტა­მენ­ტი და გან­ყო­ფი­ლე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი (მათ შო­რის უნი­კა­ლუ­რი შახ­ტი-ლა­ბო­რა­ტო­რია), 3 მუ­ზე­უ­მი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 20 194 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან, მათ აღ­ზ­რ­დას 1 334 პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა. სტუ-ს გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს 177 მე­მო­რან­დუ­მი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან, არის ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

⇒ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა (დი­რექ­ტო­რი — პრო­ფე­სო­რი ვა­ჟა პა­პას­კი­რი) ქვეყ­ნის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი წიგ­ნ­სა­ცა­ვი, 1922 წე­ლის მა­ის­ში და­არ­ს­და, ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ, რომ­ლე­ბიც თვლიდ­ნენ, რომ იმ დრო­ი­სათ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი და ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რე­შე. პირ­ვე­ლი ფონ­დი ორა­სი წიგ­ნი­სა­გან შედ­გე­ბო­და, მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხელ­ნა­წე­რი იყო, რად­გან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სტუ­დენ­ტ­თა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა მოთხოვ­ნას, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის მხრივ, არ არ­სე­ბობ­და. ბიბ­ლი­ო­თე­კის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფონ­დი სას­წავ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო და მხატ­ვ­რუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­გან შედ­გე­ბა. დღე­ი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კას უნი­ვერ­სა­ლუ­რი ფონ­დი აქვს – XVIII-XIX სა­უ­კუ­ნის უნი­კა­ლუ­რი ევ­რო­პუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, რაც მი­სი, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნ­სა­ცა­ვის, მთა­ვარ ღირ­სე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ფონ­დ­ში, ასე­ვე, და­ცუ­ლია ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი სა­ინ­ჟინ­რო და სა­ის­ტო­რიო ხა­სი­ა­თის პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ფას­და­უ­დე­ბე­ლია ტექ­ნი­კის (და არა მარ­ტო) გან­ვი­თა­რე­ბის უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სის წარ­მო­სად­გე­ნად. ფონ­დ­ში ბროკ­ჰა­უ­ზის, ლა­რუ­სის, გრან­ტის უნი­კა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბია. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა, ამ­ჟა­მად, ორ მი­ლი­ონ­ზე მეტ ნა­ბეჭდ სა­მეც­ნი­ე­რო და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ერ­თე­ულს ფლობს; მი­ლი­ონ­ზე მეტ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­სა და შრო­მებს. ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნ­სა­ცავ­ში ქარ­თულ, ინ­გ­ლი­სურ, რუ­სულ, გერ­მა­ნულ, ფრან­გულ და სხვა ენებ­ზე შექ­მ­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა და­ცუ­ლი. რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ერ­თე­ულს შო­რი­საა რო­გორც წიგ­ნე­ბი, ისე პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. ბიბ­ლი­ო­თე­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს შე­ად­გენს წიგ­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზა. და­ნერ­გი­ლია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სის­ტე­მა KOHA, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ­სე­ბუ­ლი რო­გორც ბეჭ­დუ­რი, ისე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ისეთ დიდ ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზებ­თან, რო­გო­რი­ცაა: Science Direct, Scopus, Heinonline, Cambridge University Press, The Royal Society, Sage Journals, Edvard Elgar, Bione, European respiratory journal, Duke University Press.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კას თა­ვი­სი ფონ­დის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი და წიგ­ნე­ბის სა­ერ­თო კა­ტა­ლო­გი ღია წვდო­მა­ში აქვს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კის სი­კე­თით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია არა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს. ბიბ­ლი­ო­თე­კის ცენ­ტ­რა­ლურ ოფისს ოთხი უნი­კა­ლუ­რი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი აქვს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის ცენ­ტ­რი, რომ­ლის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი სტუ­დენ­ტუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რას, გან­ვი­თა­რე­ბას, კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის სხვა ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­სი­კე­თო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

⇒ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 800 უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს.  ერაზ­მუ­სის სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ცე­ზარ ალონ­სო კალ­დე­რო­ნი ვე­ნე­ცი­ის IUAV (Universitთ Iuav di Venezia, იტა­ლია) უნი­ვერ­სი­ტე­ტი­და­ნაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი მო­ბი­ლო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს ემ­თხ­ვე­ვა, მას უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­გო­ნე­ბე­ბი აკავ­ში­რებს: „დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო სტუ-ს დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა გულ­მოდ­გი­ნე მცდე­ლო­ბე­ბი და დი­დი მხარ­და­ჭე­რა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თ­ვის პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ა­ხერ­ხა და, მოკ­ლე დრო­ში, ღირ­სე­უ­ლად უპა­სუ­ხა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, შეძ­ლო შე­სა­ბა­მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის წარ­სა­მარ­თად და ამ­გ­ვა­რად, ხე­ლი შე­უწყო ჩვე­ნი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­უბ­რ­კო­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სტუ-ს დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლას, რომ მომ­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უსაფ­რ­თხოდ დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა ჩე­მი მო­ბი­ლო­ბა და მი­მე­ღო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა“.

ვლა­დის­ლავ კო­სი­ნო­ვი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი, აკა­დე­მი­უ­რ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვი­ზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბებს და შე­ხე­დუ­ლე­ბებს: „პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ჩე­მი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის აქა­უ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი – მა­რი­კა ზვი­ა­და­ძე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნად მცემ­და პა­სუხს ყვე­ლა შე­კითხ­ვა­ზე, მო­მიმ­ზა­და ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტი. ის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ხაზ­ზე.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იყო: ცხოვ­რე­ბის წე­სი, ხალ­ხის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და სხვ. ეს ახ­ლოს იყო ჩემ­თან, რად­გან მე უკ­რა­ი­ნა­ში და­ვი­ბა­დე და ჩე­მი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იქ გა­ვა­ტა­რე.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს შე­მექ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა ჩემს სას­წავ­ლო ცხრილ­თან და ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან 5 გან­სხ­ვა­ვე­ბულ ჯგუფ­ში ვარ და, 5 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იც­ვ­ლე­ბო­და ცხრი­ლი, თუმ­ცა ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხ­ვ­დ­ნენ, ყვე­ლა სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რა გა­მი­წი­ეს ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის და ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ფე­რი გარ­კ­ვე­უ­ლი მაქვს.

ჩე­მი ჯგუ­ფე­ლე­ბი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან, მპა­სუ­ხო­ბენ შე­კითხ­ვებ­ზე და მიხ­ს­ნი­ან სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დე­ტა­ლებს. ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რე­ბიც ძა­ლი­ან კე­თი­ლე­ბი არი­ან, გვეხ­მა­რე­ბი­ან ლექ­ცი­ე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში. ვმსჯე­ლობთ პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხებ­ზე, ვუს­ვამთ შე­კითხ­ვებს და ა.შ. ვთვლი, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცე­სი ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკეთ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ვიდ­რე ჩემს მშობ­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

უკ­ვე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი­სა და ასე­ვე, ეს­პა­ნეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის, ამ მხრივ, არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ვი­მე­დოვ­ნებ, აქ დარ­ჩე­ნი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა, რო­გორც ეს აქამ­დე, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო“.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, და­არ­სე­ბი­დან 100 წლის იუბი­ლე­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ UNESCO-მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის­თა­ვი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები