არჩევითი საგნების ჩამონათვალს კიდევ ერთი ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეემატება, საგნის მისია პატრიოტული სულისკვეთების გაზრდაა. საგნის სწავლების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა და როგორც ლევან იზორია განმარტავს „მიდგომა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს არა მხოლოდ სამხედრო რესურსების, არამედ მთელი ეროვნული რესურსების მობილიზება და კოორდინირება“. მინისტრი ამბობს, რომ ეს აპრობირებულია მთელ მსოფლიოში იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგანან: „ჩვენ გავეცანით სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნების, ისრაელის გამოცდილებას, ლაპარაკია მცირე ერებზე, სადაც საზოგადოების ფართო ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ცნობიერების, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, შეგვემუშავებინა სახელმძღვანელო პილოტ-პროექტის სახით, კერძოდ, „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სახელმძღვანელო, რომელიც მოზარდ თაობას გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეებია როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა კატასტროფებთან და შესაბამისად, ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, აქედან გამომდინარე, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, თუ როგორ იქნა რეალიზებული ეს საფრთხე ოკუპაციის სახით.“
„თავდაცვას და უსაფრთხოებას“, საპილოტე რეჟიმში, 14 სკოლის მეათეკლასელები იანვრიდან შეისწავლიან. საგნის პედაგოგები სამხედრო პირები იქნებიან, რომლებიც სპეციალურად გადაამზადეს, სახელმძღვანელოს დაწერა კი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის №393 ბრძანებით დაევალა. ოფიციალურად ასე გამოიყურება საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რომელმაც საზოგადოებაში ბევრი მოწინააღმდეგე გაიჩინა სხვადასხვა თვალსაზრისით. მთავარი კითხვები კი სახელმძღვანელოს თემატიკამ (განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის სწავლებამ) და სკოლებში სამხედრო პირების მასწავლებლებად შესვლამ გააჩინა.
შალვა ტაბატაძის (CCIIR-ის დირექტორი) აზრით თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას ბევრი გაურკვევლობა ახლავს, მათგან სამ ძირითად პრობლემას გამოყოფს და ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც განათლების სამინისტრომ გახადა ცნობილი საზოგადოებისთვის, თუ როგორ შევა ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლებში, მისთვის სრულყოფილი არ არის.
„საგანი „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია არჩევითი საგნის სახით, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც, გაურკვეველია და ამაში ახალი არაფერია. თუმცა, ერთი პრობლემა სწორედ ამას უკავშირდება — ჩვენ არ გვინახავს X-XII კლასების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, კონცეპტის დონეზეც კი არ ვიცით რა იგეგმება X- XII კლასებში და ამის ქვეშ როგორ მოიაზრება ახალი საგნის სწავლება, საერთოდ გაუგებარია. გვეუბნებიან, რომ უნდა ვასწავლოთ ახალი საგანი ისე, რომ ახალი სასწავლო გეგმის ზოგადი კონცეფციაც არ ვიცით. სრული აბსურდია, რადგან საგანი, რომლის შეტანასაც გვთავაზობენ სკოლებში, არ გამომდინარეობს X- XII კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური ხედვიდან. აბსოლუტურად მიუღებელია აპრიორი როგორ გადაწყდა ამ საგნის შემოტანა. ჯერ კონცეფცია უნდა იყოს, შემდეგ ეს ყველაფერი ჯერ მთლიანობაში უნდა განვიხილოთ და ბოლოს ინდივიდუალურად, სასწავლო გეგმების დონეზე, რომ შევაფასოთ კონკრეტული საგნის არსი და დანიშნულება. ასევე, უნდა ვიცოდეთ იმ არჩევითი საგნების ჩამონათვალი, რომელიც ამ კლასებში იგეგმება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მარტივად რომ ვთქვათ, სამინისტროს მხრიდან არასწორი მიდგომაა, საქმის პირუკუ კეთება.“
მეორე მთავარ და კონცეპტუალურ პრობლემას შალვა ტაბატაძე, სასწავლო გეგმების მიმართულებით, განათლების პოლიტიკის „გარეშე პირების“ ინიციატივებზე დაგეგმვას უკავშირებს და ამბობს: „ეს განათლების სამინისტროს და სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივა კი არ არის, არამედ სხვისი ინიციატივაა, რომელსაც განათლების სამინისტრო ღიად ასრულებს. სამწუხაროდ, განათლების სპეციალისტები კი არ განსაზღვრავენ, რა უნდა ისწავლოს ჩვენმა მომავალმა თაობამ, არამედ ვიღაცები (ამ შემთხვევაში — თავდაცვის სამინისტროდან) კარნახობენ, განათლების სპეციალისტები კი ამას ფორმას აძლევენ. ამ შემთხვევაში, განმანათლებლის და განათლების სპეციალისტის ხმა დაკარგულია, უფრო სწორად, მხოლოდ ვიღაცის დავალების შესრულებით შემოიფარგლება. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა ამ გადაწყვეტილებასა და საკითხზე მსჯელობისას.
თუ გავყვებით სასწავლო გეგმების პრობლემებს, აუცილებლად მივალთ სახელმძღვანელოსთან. ითქვა, რომ ამ საგნის სახელმძღვანელოს თავდაცვის სამინისტრო ამზადებს. თუკი ეს არჩევითი საგანია, მაშინ გეტყვით, რომ არჩევითი საგნების უმრავლესობას სახელმძღვანელო არ აქვს — 30-მდე არჩევითი საგნიდან მხოლოდ 3-ს. ამის ვალდებულება არ არსებობს, ისე როგორც შესაძლებელია საერთოდ არ აირჩიოს არცერთმა სკოლამ. გაურკვეველია, რატომ აკეთებს თავდაცვის სამინისტრო ამას? თუკი სახელმძღვანელოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები წერენ, ეს კიდევ უფრო არასწორია, რადგან, მოგეხსენებათ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ამზადებენ სპეციალისტები, რომლებიც წლებია უკვე ამ დარგში მოღვაწეობენ, დიდი გამოცდილებაც დააგროვეს, მაგრამ ხშირად, მათთვისაც რთულია მეთოდოლოგიურად გამართული სახელმძღვანელოს დაწერა. მაშინ, როგორ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტმა, რომელმაც მართალია, კარგად იცის ფაქტობრივი და შინაარსობრივი მხარე, მაგრამ არ იცის როგორ მიაწოდოს ეს შინაარსი სწორი მეთოდით მოსწავლეს, დაწეროს მეთოდურად გამართული, თანამედროვე სახელმძღვანელო? კიდევ ვიმეორებ, ეს უჭირთ დღეს განმანათლებლებსაც და მასწავლებლებსაც, რადგან სრულიად სხვა მიდგომები და მოთხოვნებია — ანალიტიკური და სააზროვნო უნარების განვითარება და არა დასწავლა. ამის განხორციელება მასწავლებლებს უჭირთ, არათუ თავდაცვის სპეციალისტებს. მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო იყო დამფინანსებელი და დარგის სპეციალისტები მუშაობდნენ სახელმძღვანელოს შექმნაზე, თუ უშუალოდ თვითონ წერდნენ მას.“
მესამე პრობლემად სამხედრო მოსამსახურეების სკოლაში მასწავლებლად შესვლას ასახელებს, რადგან ისინი არ არიან განმანათლებლები და განათლების სპეციალისტები და, აქედან გამომდინარე, არ იციან ის მეთოდოლოგიური თუ ფსიქოლოგიური მიდგომები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სწავლებისას, მეტიც, საერთოდ სხვა ტიპის ურთიერთობებს არიან მიჩვეულები.
რა არის მნიშვნელოვანი როცა მსგავსი ტიპის საგნებს ვასწავლით და რა უნარები უნდა განუვითრდეს მოსწავლეს? — ამ კითხვას შალვა ტაბატაძე პასუხობს: „საგანმანათლებლო მიდგომების თვალსაზრისით მიუღებელია, როცა ადამიანებისთვის რაღაც ფაქტების ტვინში ჩაჭედვა გვინდა და ვახდენთ მათ ინდოქტრინაციას და არა მოაზროვნე და ანალიტიკოს მოქალაქედ აღზრდას.
მოსწავლეს უნდა განვუვითაროთ კვლევის უნარი, მან უნდა შეძლოს ამა თუ იმ საკითხზე სხვადასხვა წყაროების მოძიება, მისი დამუშავება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით დასკვნების კეთება წერილობით თუ ზეპირად. მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეძლოს საკითხის გარშემო, ცოდნასა და წყაროების ანალიზზე დაფუძნებით, საკუთარი ხედვის გამომუშავება და დისკუსიაში ჩართვა — კლასში მრავალმხრივი ხედვებისა და აზრების ჭიდილი უნდა შეიქმნას. ეს არის საგანმანათლებლო სივრცის მიზანი — ასეთი გარემო უნდა შეიქმნას და ეს უნარები უნდა განუვითარდეს მოსწავლეს, მათ შორის, ამ საგნებისა თუ საკითხების შესახებ. როგორ შეიძლება სამხედრო მოსამსახურემ, რომელმაც იცის მხოლოდ და მხოლოდ ესა თუ ის საკითხი და პირადი გამოცდილება აქვს, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ის მხოლოდ ფაქტების მიწოდებას შეძლებს და მის დამახსოვრებას შეუწყობს ხელს. აი, ამ მთავარ პრობლემას ვხედავ, როცა სამხედრო მოსამსახურეების სკოლაში მასწავლებლად შესვლაზე ვასუბრობ.“
თუმცა, სამხედრო პირების საგანმანათლებლო სივრცეში სასარგებლოდ ჩართვას სხვა მიმართულებით მაინც ხედავს — თუკი მათ გაკვეთილებზე მოიწვევენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, საკუთარ გამოცდილებაზე სასაუბროდ, მისი აზრით, ეს ძალიან კარგი იქნება. ან თუნდაც სამხედროების კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა, ამბობს, რომ კლასგარეშე აქტივობები, გართობისა და დროსტარების ნაცვლად, საუკეთესოდ შეიძლება გამოვიყენოთ და შემეცნებითი დანიშნულება შევძინოთ: „მოიწვიონ სამხედრო პირები სტუმრის სტატუსით ან თავად ეწვიონ სამხედრო ნაწილებს, სადაც მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან, როგორ ცხოვრობენ ჩვენი სამხედრო ძალები, რა ტიპის სისტემა არსებობს, რა გამოცდილება აქვთ მათ და ა.შ. ასეთი აქტივობები ძალიან მისასალმებელია და მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობების საგანმანთლებლო მიზნით გამოყენება. მაგრამ ის, რომ სამხედრო მოსამსახურეს ვასწავლებინოთ ასეთი საკითხები საგანმანათლებლო მიდგომებში არ ჯდება“.
***
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს სამოქალაქო განათლების ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი საუბრობს იმ ძირითად მიზნებზე, რომლებზეც საგნის სწავლება დგას და გვაცნობს იმ შინაარსობრივ კონტექსტებს, რომლითაც ყველაზე კარგად შეიძლება იმ ცხრა შედეგის რეალიზება, რომელიც არჩევითი საგნის სწავლებისას მიიღწევა.
-საინტერესოა საგნის შინაარსობრივი მხარე, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გარკვეული ნაწილი მისი სწავლების საფრთხეებზეც კი ალაპარაკდა.
– ჯერჯერობით საპილოტე პროექტია, შესაბამისად, არც პროგრამაა დამტკიცებული და არც გრიფირებული სახელმძღვანელო არსებობს. ბუნებრივია, ვერც იქნება, რადგან პილოტირების არსიც სწორედ ეს არის — ჯერ უნდა გამოიცადოს. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ საგნის სწავლების ინიცირების შემდეგ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა ახალი საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა, მასწავლებლის სტანდარტი. სახელმძღვანელო კი თავად თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პირველი ვერსია საკმაოდ მძიმე სამხედრო ტერმინოლოგიით იყო დატვირთული, ამიტომ სპეციალურად დაქირავებულმა ავტორმა გააკეთა წიგნის რედაქტირება და ადაპტირება სკოლის მოსწავლეების დონეზე.
საგნის პროგრამა მოიცავს სავალდებულო ნაწილს სტანდარტის სახით და სარეკომენდაციო ნაწილს წლიური პროგრამისა და გზამკვლევის სახით. სტანდარტი საგნის მიზნებს განსაზღვრავს და, ალბათ, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ საუბარი — რა მიზნებს ისახავს და რატომ უნდა შევიდეს სკოლაში. საგნის სწავლების მიზნებია: ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას; დაანახოს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები (ბუნებრივია, იგულისხმება სამხედრო საფრთხეები — დივერსიები, ტერორიზმი და ა.შ.); გააცნოს სამხედრო საქმის საფუძვლები და გამოუმუშაოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის წესები, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები. ამ ძირითად მიზნებზე დგას საგანი, რომლის პილოტირებასაც ვიწყებთ.
თუმცა, ერთია მიზნები და მეორეა შინაარსი. საგნის სწავლება სამ ძირითად თემას მოიცავს — 2008 წლის ომი; საქართველო საერთაშორისო მისიებში; შეიარაღება. საერთოდ, ეროვნულ სასწავლო გეგმებში, ნებისმიერი საგნის სწავლების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თემები კონტექსტების სახითაა, რომელთა დამუშავების პროცესში, მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები და ცოდნა უნდა განვუვითაროთ, რაც მიზნებსა და შედეგებში გვაქვს დასახული. მიზნები უკვე გაგაცანით, მაგრამ, როგორც გითხარით, არსებობს მისაღწევი შედეგები, რომლებიც უფრო ოპერატიული დებულებებია და მათ უნდა მიჰყვეს მასწავლებელი. ამ კონკრეტული საგნის სწავლებაში ცხრა შედეგია გამოყოფილი, რომლებიც, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი ორიენტირებია. მაგალითად, მოსწავლემ, საგნის ფარგლებში, უნდა შეძლოს საქართველოს წინაშე არსებული სამხედრო საფრთხეებისა და გამოწვევების დახასიათება, ასევე — საერთაშორისო საფრთხეებისა და გამოწვევების (ტერორიზმი, კიბერსაფრთხეები და ა.შ.); ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დახასიათება; გარდა ამისა, მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს თავდაცვის სისტემის სტრუქტურის, ფუნქციებისა და შესაძლებლობების კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირება, ასევე, უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტების, როგორიცაა, მაგალითად, გაერო და ნატო, ფუნქციებისა და შესაძლებლობების კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირება. თვითგადარჩენის მიმართულებით ასეთი მისაღწევი შედეგები გვაქვს: მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციისთვის საჭირო ქმედებების დაგეგმვა, საჭიროების შემთხვევაში კი, სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (თუნდაც ისეთი პრიმიტიულის, როგორიცაა კრიზისულ პირობებში ცეცხლის დანთება, საკვების მოპოვება და სხვ.), ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა და ადგილზე ორიენტირება. მისაღწევ შედეგებზე ჩამოთვლილი სამი თემის ფარგლებში ვმუშაობთ — ვსწავლობთ 2008 წლის ომს, საერთაშორისო მისიებსა თუ შეიარაღებას, მასწავლებელი მაინც ამ ცხრა შედეგის მიღწევაზე ზრუნავს.
– რატომ 2008 წლის ომი? რატომ გაკეთდა აქცენტი ამ კონტექსტზე?
– როდესაც სამუშაო ჯგუფი შედგა, რომელშიც შედიოდნენ როგორც თავდაცვის, ისე განათლების სამინისტროების წარმომადგენლები, ბევრი ვიფიქრეთ, რა კონტექსტები შეგვერჩია საგნისთვის. თავისთავად, როცა მიზნები და სასწავლო შედეგები განვსაზღვრეთ, გვჭირდებოდა ისეთი სფეროები, რომლითაც კარგად შევძლებდით ამ ცხრა შედეგის რეალიზებას. ძალიან ლოგიკურად იკვეთებოდა აზრი, რომ აუცილებლად უნდა აგვეღო რომელიმე ომი, როგორც სამხედრო საფრთხის გამოვლინება. სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის, პირველი ან მეორე მსოფლიო ომები, მაგრამ ამ საკითხს დროის დისტანციით მივუდექით. აღნიშნულ ომებს დროით ძალიან დაშორებული ვართ და რადგან პედაგოგიკაში არის პრინციპი, რაც შეიძლება რეალურ ცხოვრებასთან ახლოს იყოს საგანი, ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეღო ყველაზე ახლო პერიოდში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ბოლო ომი, რომელიც მოსწავლეებისთვისაც უფრო ნაცნობია. არ ვიცი სახელმძღვანელოში ზუსტად როგორ ჩაიწერება, მაგრამ სასწავლო გეგმაში წერია, რომ: თემა 2008 წლის ომის შესახებ იდეაში უნდა მოიცავდეს მასალას, რომელიც მოსწავლეებს ისეთ წარმოდგენებს ჩამოუყალიბებს, როგორიცაა, მაგალითად: საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ერთ-ერთ მიზნად სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავენ. აი, ეს წარმოდგენები უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს, მათ უნდა გააცნობიერონ ომის თანამდევი ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები; რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალები ზრუნავენ და ა.შ. ეს არის ის მთავარი ორიენტირები, რომელიც მოსწავლემ საგნის სწავლებისას უნდა გააცნობიეროს.
რადგან საზოგადოებისთვის გაურკვეველია რატომ მაინცდამაინც 2008 წლის ომი, საკითხში გასარკვევად, გაგაცნობთ ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგიერთ სიახლეს, რაც უფრო ღრმად გათვითცნობიერებაში დაეხმარება ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს. მაგალითად, მესამე თაობის სასწავლო გეგმას ახალი ერთეული დაემატა საკვანძო კითხვების სახით. გაგაცნობთ რამდენიმეს, რომელზეც უნდა აიგოს სასწავლო პროცესი. მაგალითად, 2008 წლის ომის თემის ფარგლებში, გვაქვს ასეთი საკვანძო კითხვები — რატომ ესწრაფვის საქართველო ნატოში ინტეგრაციას? როგორ აისახება ეს სწრაფვა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე? რატომ არის ოკუპირებული ტერიტორიები გამოწვევა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც და საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც? რატომ აწყობენ დივერსიებს? როგორ ფუნქციონირებს საქართველოს თავდაცვის სისტემა? რატომ დაიწყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი? რატომ ჩაება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთაშორისო ორგანიზაციები და როგორ ფუქნციონირებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა? რა საშუალებებით შეუძლია ევროსაბჭოს და გაეროს საერთაშორისო კონფლიქტებზე ზეგავლენის მოხდენა? ამის გარდა, გვაქვს მოსწავლეთათვის მისაცემი დავალებების იდეები, დაახლოებით, ასეთი ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ მეათეკლასელებს — მაგალითად, სპეციალური რეპორტაჟის მომზადება 2008 წლის 5 დღის შესახებ. ბუნებრივია, ეს როლური თამაშია და მოსწავლეებმა ჟურნალისტის/რეპორტიორის როლი უნდა მოირგონ დავალების განხორციელებისას. ასევე, ერთ-ერთი დავალების იდეაა „2008 წლის ომში მონაწილე ჯარისკაცის დღიური“, ასევე, მათ უნდა მოამზადონ პრეზენტაციები: „2008 წლის ომის გმირების შესახებ“, „საქართველო კიბერგამოწვევების წინაშე“ — ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან, მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის დროს რა დიდი დარტყმა მიაყენეს ჰაკერებმა ჩვენს ინტერნეტსივრცეს. ერთ-ერთი დავალება შეიძლება იყოს, ასევე: ესეს დაწერა 2008 წლის ომის შედეგების შესახებ; მხატვრული ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ განხილვა; როლური თამაში სამიტის შესახებ, სადაც 2008 წლის ომი განიხილება; დებატები თემაზე: „ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც საფრთხე საქართველოსთვის“ და „იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვა — ომის გასამართლება“. აი, ასეთი ინტერაქტიული აქტივობების შეთავაზებას ვაპირებთ. როგორც ხედავთ, ეს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, შეიძლება ძალიან ბევრისთვის აღმოჩნდეს საინტერესო. მეტიც, ძალიან სასარგებლო მგონია ამ საგნის შემოტანა, თუნდაც, მსგავსი დავალებების თვალსაზრისით.
– „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ არსებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ისედაც ისწავლება, რატომ გახდა აუცილებელი ახალი საგნის შემოღება?
– დიახ, ასეთი სასწავლო კურსი არსებობს, მაგრამ ეს იგივე საგანი არ არის. თუ შეადარებთ ძველ და ახალ საგანს რადიკალურ განსხვავებას დაინახავთ. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ ეს არჩევითი საგანია მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ჯერ კიდევ ძველი გეგმის მიხედვით ისწავლება, როგორც საგანი „სამოქალაქო განათლება“ (მომავალი სასწავლო წლიდან ის ახალი საგნით — „მოქალაქეობა“ — შეიცვლება), ანალოგიურად „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვის“ საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ჩაანაცვლებს. მოგეხსენებათ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიმდინარეობს რევიზია და უკვე გვაქვს დაწყებითი და საბაზო საფეხურების რევიზირებული ახალი სასწავლო გეგმები, რომელიც მესამე თაობის სახელით მოიხსენიება. ახლა მიმდინარეობს საშუალო საფეხურის სასწავლო გეგმის მომზადება.
– როგორც ცნობილია, საგანს სამხედრო პირები ასწავლიან. ეს სიახლეც, გარკვეულწილად, მსჯელობის საგნად იქცა — რატომ სამხედრო პირები? ოპონენტთა აზრით, მიუღებელია სკოლაში მათი შესვლა, რადგან მოზარდებში ანალიტიკური და სააზროვნო უნარების სრულყოფილად განვითარება ხშირად პროფესიონალ მასწავლებლებსაც კი უჭირთ.
– პროექტის ერთ-ერთი იდეა ვეტერანი სამხედრო პირების გადამზადებაც არის, რადგან, გადაწყდა, რომ სწორედ მათ უნდა განახორციელონ საგნის სწავლება, რაც, პრინციპში, მე პირადად, სწორად მიმაჩნია. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია — მასწავლებლის შემთხვევაში, ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი იკვეთება: პროფესიული ცოდნა და პროფესიული უნარები — ანუ მოსწავლეებთან ურთიერთობა, კლასის მართვა, საგაკვეთილო პროცესში პოზიტიური გარემოს შექმნა და ა.შ. შერჩეულ სამხედრო პირებს ნამდვილად აქვთ საკმაოდ ღრმა პროფესიული ცოდნა, ხოლო რაც შეეხება მათ პედაგოგიურ უნარებს, მათი გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა, რომელმაც სპეციალურად შემუშავებული საკმაოდ ვრცელი, თვენახევრიანი, ტრენინგი ჩაუტარა.
პროგნოზირებული საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ძალიან მეიმედებიან ის ადამიანები, ვისაც ამ საგნის სწავლება მოუწევთ, რადგან მათ სერიოზული, მრავალეტაპიანი გადარჩევა გაიარეს. მათთან ურთიერთობისას ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდით, საკმაოდ სანდომიან და პოზიტიურ ადამიანებად გამოიყურებიან. ამიტომ, ვფიქრობ, არ გაუჭირდებათ გაკვეთილების გაძღოლა და მოსწავლეებთან ურთიერთობა. რასაკვირველია, სწავლების პროცესში მთავარი მაინც მასწავლებელი/სასწავლო პროცესის წარმმართველი ადამიანია, მაგრამ ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას გადამზადებულ სამხედროებზე დაკვირვება მაძლევს — განათლებული და თავის სფეროში კომპეტენტური ადამიანები, ვფიქრობ, არც განათლებაში შეირცხვენენ თავს.
– საპილოტე სკოლებში იქნებიან თუ არა ჩართული რეგიონის სკოლები და როგორ განისაზღვრა პედაგოგთა შრომითი ანაზღაურება?
– პილოტირებას თავისი წესები აქვს. ჩვენმა ფსიქოლოგმა პილოტირებაში ჩართო როგორც თბილისის, ისე რეგიონების სკოლები. რაც შეეხება ანაზღაურებას, რაკი ჯერ მხოლოდ პილოტირებაა, სავარაუდოდ, ამ საგნის მაწავლებლებისთვის ბიუჯეტში სპეციალური სახელფასო პროგრამა შემუშავდება, რომლის მიხედვითაც მიიღებენ ანაზღაურებას. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე ბოლოს ასეთი ინფორმაცია მივიღე. საგნისთვის კვირაში მხოლოდ ორი საათია გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ მოჭრილი ხელფასი, რადგან საათობრივი ანაზღაურებით ძალიან მიზერული თანხის აღება მოუწევთ. პილოტირების ფარგლებში, ანაზღაურების ასეთი პროგრამის დამტკიცება შესაძლებელია.
ლალი ჯელაძე