„ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საქართველოში არა აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე,“ — ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში, რომელიც იუნისეფმა 24 ივლისს გამოაქვეყნა.
კვლევაში სახელდება ძირითადი ფაქტორები, რომელიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს — სიღარიბე, ოჯახში სხვადასხვა სახის პრობლემა, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია.
„ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ“ კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, „ვორლდვიჟენთან“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“, „კარიტას საქართველოსა“ და გაეროს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისთან ერთად, განახორციელა. კვლევა ჩაატარა ნორვეგიულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Fafo.
კვლევის მიზანია საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფენომენისა და მათთან დაკავშირებული ინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება და პრევენციული ზომების დანერგვა.
„ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, უფროსებისა და ქუჩაში მცხოვრები სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, — ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა გადი, — გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობდა მთავრობასთან, ევროკავშირთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდასაჭერად, შექმნილიყო სახელმწიფო მექანიზმები და მომსახურებები, როგორიცაა: მობილური ჯგუფები და სარეაბილიტაციო ცენტრები. აუცილებელია მსგავსი რეაგირების მექანიზმების კიდევ უფრო გაფართოება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების ქუჩაში მოხვედრის პრევენცია. ეს კი ბავშვთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შემუშავებითა და სისტემური ცვლილებების განხორციელებით უნდა მოხდეს.“
ბავშვების დაცვა ძალადობისგან და ყველაზე დაუცველი ბავშვების საჭიროებებზე ზრუნვა ევროკავშირის პრიორიტეტია და ეს პრიორიტეტი გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაშიც. „ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობას აქვს გარკვეული პროგრესი ამ სფეროში, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ვიმედოვნებთ, კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვართ, რომ მიმდინარეობს მუშაობა აჭარაში თავშესაფრებისა და შესაბამისი მომსახურებების შექმნის, სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენის მიმართულებით,“ — ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი.
საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს:
ტ უსახლკარო ბავშვებს და მოზარდებს (ქუჩის): მოზარდები/ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, ქუჩაში ყოფნისას არ ახლავთ მშობელი და არ არიან მშობლის დაცვისა და მზრუნველობის ქვეშ. ამ ბავშვების უმეტესობას დროდადრო აქვს კონტაქტი მშობლებთან;
- ქუჩაში უფროსის თანხლების გარეშე მყოფ ბავშვებს, რომლებიც დასაძინებლად სახლში მიდიან: ბავშვები, რომლებიც დღის უდიდეს ნაწილს მუშაობენ ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობით არიან დაკავებულნი ქუჩაში, უფროსის თანხლების გარეშე, მაგრამ მშობლები რეგულარულად უზრუნველყოფენ მათ საკვებით და/ან რესურსებით, ბავშვებს კი თავიანთი წვლილი შეაქვთ ოჯახის შემოსავალში;
- ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვებს: ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მომუშავე უფროსის თანხლებით არიან, ქუჩაში მუშაობენ, მაგრამ იქ არ სძინავთ;
- უსახლკარო ოჯახების ბავშვებს: უსახლკარო ოჯახების ბავშვების სიტუაცია ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვების მსგავსია, მაგრამ ისინი ღამით სახლში არ ბრუნდებიან. ქუჩის ბავშვთა ყველა ჯგუფში გვხვდებიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონები.
საქართველოს და აზერბაიჯანის განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებისა თუ სამართლებრივი ჩარჩოების (მათხოვრობის აკრძალვა და წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება) და აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება ბევრი აზერბაიჯანელი ოჯახის მიგრაცია საქართველოში, სადაც ისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს, ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩის მობილური ოჯახების მიგრაცია საქართველოს ზღვისპირა კურორტებისკენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ჯგუფებად იკრიბებიან და ერთად მოძრაობენ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამის გასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და ითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმან დანაშაულში. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ჯგუფის წევრებს ხელმძღვანელი/უპირატესი სტატუსის მქონე ბავშვებად და დაქვემდებარებულ ბავშვებად ჰყოფს. უფროსი ბავშვები, ზოგჯერ, უმცროს ბავშვებს (რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 14 წელი) ან დაქვემდებარებულ ბავშვებს ფარად იყენებენ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.
რა ძირითადი უფლებები ირღვევა — კვლევის შედეგად ვიგებთ, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ძალადობისგან როგორც მათზე მზრუნველების, ასევე ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდების მხრიდან. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება არც განათლებაზე და არც სამედიცინო მომსახურებაზე, თუ არ ჩავთვლით სასწრაფო დახმარებას. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ჯგუფების შიდა დინამიკისათვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს სექსუალური „დაჯილდოების“ სისტემა, რაც გოგონებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს. მაგალითად, თბილისის ერთ-ერთი ჯგუფის ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებული იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ ბანდის (ან სექტის) უფროსი წევრებისთვის. სხვა ჯგუფების ყოფილი წევრები ყვებიან, რომ ისინი თავიანთი შემოსავლის ნაწილს იყენებენ სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებული უნდა იყვნენ. ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობით და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა სერვისების მხრივ არსებული საჭიროებები. იმ ბავშვების, რომლებიც ქუჩაში მშობლების გარეშე არიან, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდიან, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უფლებების დაცვის მიზნით, მომსახურებები (რამდენადაც ეს შესაძლებელია) უნდა ვრცელდებოდეს მშობლებზე ან ამჟამინდელ მეურვეებზე. ბევრი ბავშვი, რომელიც ქუჩაში მშობლების გარეშეა, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდის, თავს მორალურად ან სხვაგვარად ვალდებულად მიიჩნევს, შეინახოს თავისი მშობლები თუ მეურვეები; ან მშობლების თუ ოჯახის სხვა წევრების მხრიდან იძულების სხვადასხვა ფორმა განაპირობებს ბავშვების შრომაში ჩაბმას. შესაბამისად, მშობლების დამატებითი ეკონომიკური მხარდაჭერა და დახმარება სამუშაოს პოვნაში განხილული უნდა იქნეს, როგორც შემოსავლის მომტან საქმიანობებში ბავშვების ჩართვის თავიდან აცილებისა და მშობლების მზრუნველობის უნარის განმტკიცების სტრატეგია. მშობლები და მეურვეები, ასევე, ჩართულები უნდა იყვნენ თანამშრომლობაში მათი შვილების მიერ განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან ერთად, უნდა შეფასდეს მეურვეების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისგან ბავშვების დაცვის საჭიროება და, ზოგიერთ შემთხვევაში, განხილული უნდა იქნეს ბავშვების მშობლებისგან ჩამოცილების აუცილებლობა სამართლებრივი ნორმების დაცვით.
ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვებისთვის არსებული მომსახურებები აუცილებლად უნდა მოიცავდეს ოჯახებს. ყველა მომსახურება მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახებთან თანამშრომლობას, თუ ძალადობის და/ან სხვა შეურაცხყოფის ისტორიები არ მიგვითითებს იმაზე, რომ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვების დაცვა საკუთარი მშობლებისგან. ქუჩის მობილური ოჯახების დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები. აქედან გამომდინარე, მომსახურებები უნდა ითვალისწინებდეს ამ ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით არსებულ სოციალურ და კულტურულ სტიგმას. ამასთანავე, ბოშების და აზერბაიჯანელი ქურთების ოჯახების წევრთათვის სამსახურის პოვნის მცდელობების დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მათ მიმართ არსებული არაოფიციალური დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე. ამ შემთხვევაშიც, საერთო მიზანს წარმოადგენს ოჯახებისთვის დახმარების გაწევა ისეთი რეგულარული და გრძელვადიანი სამუშაოს შოვნაში, როცა საჭირო აღარ იქნება ბავშვების შრომა. ქუჩის ოჯახების სეზონური მიგრაცია ბავშვების განათლების საქმეში კონკრეტულ სირთულეებს წარმოშობს. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ დახმარებას, როდესაც შესაძლებელი გახდება ბავშვების სკოლაში დატოვება იმ პერიოდში, როდესაც მათზე მზრუნველებს გადაადგილება უწევთ. ალტერნატიულად, უნდა წახალისდეს ბავშვების მიერ, საცხოვრებლის შეცვლისას, საგანმანათლებლო დაწესებულებების შეცვლის შესაძლებლობაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას კონკრეტული სეზონური სასწავლო დაწესებულებები, მაგალითად, შავი ზღვის სანაპიროზე და უნდა წახალისდეს მშობლებთან პარტნიორობა, ამ დაწესებულებებში ბავშვების დასწრების უზრუნველსაყოფად.
ძალიან მნიშვნელოვანია მობილურ ოჯახებთან სოციალური მუშაკების კონტაქტის გააქტიურება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ოჯახებისთვის მომსახურების მშობლიურ ენაზე გაწევას. რაც შეეხება უსახლკარო ოჯახების ბავშვების მომსახურებას, ის ძალიან ჰგავს ქუჩის მობილური ოჯახის ბავშვებისთვის გასაწევ მომსახურებებს, თუმცა, მათ შემთხვევაში, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ამ ოჯახებისთვის თავშესაფრის გამონახვას, რაც ბავშვების სკოლაში ჩარიცხვის წინაპირობა გახდება.
უსახლკარო ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მომსახურებებს საფუძვლად უნდა დაედოს მათი ურთიერთდახმარების არსებული სოციალური კავშირები. ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს საგანმანათლებლო პროგრამებშიც და ხელი უნდა შეეწყოს, მაგალითად, ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც მომავალში ბავშვებს შეაძლებინებს მათთვის საინტერესო კომერციულ საქმიანობაში და შემოსავლის მომტან მდგრად საქმიანობაში, სხვა ახალგაზრდებთან თანამშრომლობით, მონაწილეობას. ამგვარ იდეებს განეკუთვნება, მექანიკის, მანქანების და მოტოციკლეტების ტექნიკური მომსახურება, საკვების მომზადება და მიწოდება, ბავშვებზე ზრუნვა და მუშაობა ახალგაზრდებთან, სხეულის მოხატვა და სილამაზის ინდუსტრიაში მომსახურებები და ა.შ. ბავშვების მომზადების გეგმები ამგვარი მიმართულებების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს. საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ხელობის შესასწავლი პროფესიული მომზადების პროგრამები, და ამგვარი ქსელების ჩამოყალიბება უნდა მოიცავდეს თანატოლებს შორის გამოცდილების გაზიარების მექანიზმებსაც, მაგალითად, რეგულარული შეხვედრების, სოციალურ მედიაში პორტალების შექმნის და ა.შ. მეშვეობით.
საქართველოში ამჟამად არსებული სერვისები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოიცავს დღის ცენტრებს, 24-საათიან თავშესაფრებსა და მობილური გუნდების საქმიანობას. აზერბაიჯანში არ არსებობს მობილური ჯგუფები, მცირე რაოდენობითაა დაწესებულებები ბავშვებისთვის მომსახურების გასაწევად. ორივე ქვეყანაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მშობლებისა და ოჯახებისთვის სერვისები შეზღუდული რაოდენობისაა. საქართველოში არსებობს სოციალური დახმარება ოჯახებისთვის, მაგრამ ეს დახმარება ნაკლებადაა განვითარებული აზერბაიჯანში. საჭიროა ამ სახის დახმარების შეფასება ორივე ქვეყანაში, ბავშვების ცხოვრების პირობებზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ასევე, უნდა გაძლიერდეს დახმარება მშობლების დასაქმებაში, რადგან რეგულარული სამუშაოს უქონლობა და სამუშაოს მოულოდნელად დაკარგვაა, სწორედ ის ფაქტორები, რაც იწვევს ბავშვების ჩაბმას შინამეურნეობის შემოსავლის მოპოვებასა და ქუჩაში ცხოვრებაში. უფრო მეტიც, „მთავარი მიზანი უნდა იყოს იმგვარი საერთო მიდგომის დამკვიდრება, რომელიც აქცენტს გააკეთებს ოჯახებთან თანამშრომლობაზე და არა მშობლებისთვის სანქციების დაკისრებაზე. განსაკუთრებით მობილური ოჯახების შემთხვევაში, მობილური გუნდების პოტენციური ჩარევა, ხშირად, დაკავშირებულია ბავშვებზე მეურვეობის დაკარგვასთან. ოჯახებისგან ბავშვების დაშორება უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვისები შეიძლება გაგებული იქნეს, როგორც მობილურ ოჯახებთან დაკავშირებული სტიგმის გამაღრმავებელი საშუალება. გარდა ამისა, უნდა გაფართოვდეს ინსტრუმენტები ოჯახების დასახმარებლად. სერვისები როგორც ბავშვების, ასევე ოჯახებისთვის მოითხოვს დაფინანსების გაზრდას. ბავშვების მომსახურება დღის ცენტრებსა და 24-საათიან თავშესაფრებში, მთავრობის მიერ გამოყოფილ სახსრებთან ერთად, ამჟამად, საჭიროებს დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. როგორც აღინიშნა, სოციალურ სამსახურებში უნდა აისახოს ქუჩის ბავშვების პოპულაციის ეთნიკური მრავალფეროვნება. ამასთანავე, უნდა აისახოს ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ბავშვს სხვადასხვა მომსახურება სჭირდება, ქუჩაში ცხოვრებისა თუ მუშაობის სხვადასხვა ტენდენციიდან გამომდინარე“ — ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ზედამხედველობისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით, შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც, ძირითად პარტნიორებთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, სახალხო დამცველის აპარატი და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ არიან.
კვლევის მონაცემებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, სამეთვალყურეო საბჭომ მოამზადა კონკრეტული რეკომენდაციები ერთიანი სახელმწიფო ხედვის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომ ამოქმედდეს აუცილებელი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები ქუჩის ცხოვრებისგან ბავშვების დასაცავად. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნაა. ასევე, აუცილებელია არსებული მომსახურებების გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ახალი სერვისების შექმნა აჭარაში. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.
მოამზადა ლალი ჯელაძემ