განათლების ხარისხის უზრუნველყოფა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. ამიტომაც, ჩვენი გაზეთი სისტემატურად ადევნებს თვალს და გარკვეული პერიოდულობით სთავაზობს მკითხველს იმ ინსტიტუციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომლის დახმარებითაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შეძლონ ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება და შესაბამისი ხარისხის განათლების მიწოდება მოქალაქეებისთვის. მიმდინარე წლის მიწურულს თვალი გადავავლეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მის ახალ დირექტორთან, გიორგი ვაშაკიძესთან ერთად, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც უკვე მისი ხელმძღვანელობით განხორციელდება 2019 წლიდან.
დასაწყისშივე მინდა შევახსენო ჩვენს მკითხველს, რომ ცენტრმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა, ცენტრის თვითშეფასების ფორმა და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ასოციაციის სამდივნოს გაეგზავნა ზაფხულის პერიოდში. აღნიშნულ პროცესებს, ნოემბერში, მოჰყვა ასოციაციის შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, ცენტრის ადგილზე შეფასების მიზნით განხორციელდა ინტერვიუები — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ცენტრის თანამშრომლებთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებთან, ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების წევრებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან. თვითშეფასების ანგარიშისა და ადგილზე მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე შემფასებელთა მისია შეადგენს დასკვნას და წარუდგენს ასოციაციას, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ასოციაციაში ცენტრის სრულ წევრად გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. დასკვნის პირველად ვარიანტს გაეცნობა ქართული მხარე, საკუთარ კომენტარს გააკეთებს ამა თუ იმ ფაქტობრივ უზუსტობასა (არსებობის შემთხვევაში) და საკითხთან მიმართებაში. რაკი შემფასებელთა მხრიდან პირველადი შეფასება ძალიან დადებითი იყო, ცენტრის დირექტორი იმედოვნებს, რომ პირველადი დასკვნაც, რომელიც იანვარში უნდა მიიღონ, ასევე დადებითი იქნება.
იმ საკითხთა შორის, რასაც ბატონი გიორგი განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ნაწილში, ახალი სტანდარტებით ეფექტური ოპერირებაა. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები დაეფუძნა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG-2015), რითაც გავითვალისწინეთ ასოცირების ხელშეკრულებით მოცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი საკმაოდ წარმატებულად წარიმართა, 30-მა უნივერსიტეტმა განახლებული სტანდარტებით გაიარა ავტორიზაცია და 200-ზე მეტმა პროგრამამ — აკრედიტაცია, თუმცა არიან უმაღლესები, რომელთაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია და პროგრამები, რომელთაც ვერ მიიღეს აკრედიტაცია. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მიზნით, მომავალშიც ახალი, ევროპული სტანდარტებით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის შემთხვევაში პროცესის წარმატებით განხორციელება დიდად განაპირობა შეფასების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობამ, მათ შორის შემფასებელთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და თანათავმჯდომარის სტატუსით. აკრედიტაციის პროცესში უცხოელი ექსპერტები მხოლოდ ნაწილობრივ იყვნენ წარმოდგენილნი, კერძოდ სადოქტორო, რეგულირებადი და უცხოენოვანი პროგრამების შეფასება განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ასეთმა მიდგომამ ხელი შეუწყო პროცესის ინტერნაციონალიზაციას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალიზაციის ეპოქაში. მოწვეულ ექსპერტთა ამ დოზით ჩართულობა განპირობებულია იმით, რომ 2018 წელი ახალი სტანდარტების დანერგვის პირველი წელია და მხოლოდ ადგილობრივ რესურსებს ვერ დავეყრდნობოდით, გარდა ამისა, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა პოზიტიური გამოცდილება იყო ქართველი ექსპერტებისთვის. ასე რომ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება მომავალშიც ამ ფორმატით გაგრძელდება. მომავალ წელს ჩვენ მნიშვნელოვან რესურსს ჩავდებთ ქართველ ექსპერტთა მომზადება/გადამზადებაში, რაშიც წამყვან როლს ცენტრის ახალი სტრუქტურული ერთეული — „ხარისხის სკოლა“ — შეასრულებს“.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აქ სისტემის ძირეული რეფორმირება ახლად მიღებულმა კანონმა უნდა განაპირობოს. კანონის პირველი ვარიანტის ავტორი თავად იყო და კარგად იცის, რა გამოწვევების წინაშე დგას განათლების ეს სფერო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი კანონის მიღებამდეც ბევრი რამ შეიცვალა. დაფუძნდა რამდენიმე ახალი პროფესიული სასწავლებელი, მთელ რიგ დაწესებულებებში დაინერგა დუალური სწავლების მეთოდი, და ა.შ. ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში კანონმა ძირეული ცვლილება შეიტანა, კერძოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე შეფასება ავტორიზაციის მიზნებისთვის, 3-ის ნაცვლად, 5 სტანდარტით განხორციელდება.
მომავლის გეგმებზე საუბრისას, პირველ რიგში, ასევე შევეხეთ საჯარო სკოლების საკითხს. განათლების ამ რგოლის შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში ადრე არასოდეს გვისაუბრია. ბატონი გიორგის მოსაზრება ასეთია: „მსოფლიო გამოცდილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ექვემდებარება განათლების ხარისხის განვითარების კონტროლს. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაფასებლად, შევიმუშაოთ განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული სტანდარტები. მოგეხსენებათ, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სკოლებს გაგრძელებული აქვთ ავტორიზაციის ვადა. ეს დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის განვითარების ეფექტური და პროგრესული მექანიზმები ჩამოვაყალიბოთ. პირველ რიგში, შევიმუშავებთ ახალ სტანდარტებს, რომელშიც გააზრებული იქნება ხარისხის განვითარების ევროპული გამოცდილების საუკეთესო მაგალითები. ამის შემდგომ ამ სტანდარტებს გავაცნობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს და დავეხმარებით, ახალი სტანდარტების საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში. ეს მოხდება თვითშეფასების ანგარიშების მეშვეობით, რომელთა შემუშავებაშიც სკოლებთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართულები ჩვენი ექსპერტები, ე.წ. ფასილიტატორები. ამ კუთხით აუცილებელი იქნება რესურსცენტრების გაძლიერება, რადგან ხარისხის განვითარების მთავარ აქტორებად სწორედ რესურსცენტრები უნდა იქცნენ. თვითშეფასების შემდგომ, სკოლებს შევთავაზებთ განმავითარებელ გარე შეფასებას, რომლის საფუძველზე შემუშავდება თითოეულ სკოლაზე მორგებული მრავალწლიანი განვითარების გეგმა. ამ პროცესშიც წამყვანი როლი რესურსცენტრებს უნდა ჰქონდეთ. ხარისხის განვითარების პროცესში სკოლების და რესურსცენტრების აქტიური ჩართულობით ჩვენ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს საჯარო სკოლებში ხარისხის განვითარების შიდა კულტურის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოვახერხებთ ხარისხის განვითარების გარე მექანიზმების დეკონცენტრაციას ცენტრიდან. ამასთანავე ინდივიდუალიზებული და კონკრეტული სკოლის საჭიროებებზე მორგებული განვითარების გეგმა სამინისტროს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ სკოლებს მიზნობრივი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დახმარება გაუწიოს, რისი საბოლოო მიზანიც სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება იქნება. ერთი სიტყვით, ეს იქნება სკოლების მხარდაჭერაზე და განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი და არავითარ შემთხვევაში — ინკვიზიციური.“
თუ აკრედიტაციის თემას გავაგრძელებთ, გიორგი ვაშაკიძის აზრით, ცენტრში ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის საკითხიც მოსაგვარებელია; წლის განმავლობაში, აკრედიტაციის სამმართველოს 200-ზე მეტი პროგრამის აკრედიტაციის ადმინისტრირება უწევს, ამისთვის კი, დაახლოებით, 2-ჯერ მეტი თანამშრომელია საჭირო. „ამ ყველაფერს რეორგანიზაციას ვერ დავარქმევდი, ვეცდებით ადამიანური რესურსები სწორად გავანაწილოთ, რაც შეეხება რეორგანიზაციას, ამაზე მომავალში ვიფიქრებთ“.
კიდევ ერთ საკითხზე ფიქრობს ბატონი გიორგი, ეს ცენტრში „ხარისხის სკოლის“ შექმნაა, რომელიც სამი მიმართულებით იმუშავებს: ახალი სტანდარტების საფუძველზე გადაამზადებას ცენტრის თანამშრომლებს, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს; გარდა ამისა მომზადება/გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის სამსახურის თანამშრომლებს, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ჩართულია შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში.
აკრედიტაციის საბჭოს გაძლიერებაც მის სამომავლო გეგმებში შედის. ამბობს, რომ 16-კაციანი საბჭო განათლების ყველა სფეროს ვერ ფარავს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს, საკითხი შეფასებისთვის გადაეგზავნოს საგანგებოდ შექმნილ დარგობრივ ჯგუფს, რომელიც თავის მოტივირებულ ანალიზს, მოსაზრებას მიაწვდის აკრედიტაციის საბჭოს, რომელიც შემდეგ თავად გადაწყვეტს, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნოს თუ არა საგანგებო ჯგუფის მიერ მომზადებულ სარეკომენდაციო ანალიზს.
პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე ფიქრობს გარკვეულ პროცედურულ ცვლილებებზე. „ისეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ, რაც ავტორიზაციის წარმოების დროში მართვას გაგვიადვილებს. მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, თუ ეს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმებას ან სტუდენტთა ჩარიცხვის შეზღუდვას უკავშირდება, არ იქნეს მიღებული იმ პერიოდში, როცა აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩასარიცხად ემზადებიან და ალტერნატიულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობა აღარ აქვთ. მაგალითისთვის აქ გამოგვადგება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის შემთხვევა. ასეთი ვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, თუ ავტორიზაციის პროცესს პერიოდებად დავყოფთ, ანუ ავტორიზაციაზე განაცხადების შემოტანა შესაძლებელი იქნება წლის გარკვეულ პერიოდში (ახლა სურვილის მიხედვით შემოაქვთ), ასევე გარკვეულ პერიოდში წარიმართება ავტორიზაციის წარმოება, ხოლო საბჭო გარკვეულ პერიოდში იქნება უფლებამოსილი, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამ ინიციატივის მიზანია, რომ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება არ დაემთხვეს საგამოცდო ან ჩარიცხვის პერიოდს, რათა საბჭოს გადაწყვეტილებამ არ დააზარალოს აბიტურიენტი ან მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც სწორედ ამ კონკრეტულ უმაღლეს დაწესებულებაში სურს სწავლის გაგრძელება.“
***
გიორგი ვაშაკიძე განათლებით იურისტია, სამართალმცოდნე, მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესსამართალში; ჰამბურგის ევროპული კოლეჯის ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი; მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია ჰამბურგის უნივერისტეტის მიერ; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბატონი გიორგი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად 2 თვის წინ დაინიშნა, თუმცა განათლება, ზოგადად, მისი საქმიანობის სფეროა. რაც შეეხება ცენტრს, პირველი შეხება დოქტორის დიპლომის აღიარების გამო ჰქონდა. შემდეგ იყო სამართლის პროგრამებისთვის დარგობრივი მახასიათებლების შემმუშავებელი დარგობრივი საბჭოს წევრი; 2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, განახლებული სტანდარტებით, საპილოტე რეჟიმში გაიარა შეფასება, 2018 წელს კი — ავტორიზაცია. ორივე შემთხვევაში ბატონი გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი.
ასე რომ, იგი ცენტრის სპეციფიკასაც კარგად იცნობს და საქმიანი ურთიერთობებიც არაერთხელ ჰქონია თანამშრომლებთან, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ სიახლეები, რომლის შესახებაც საუბრობს, განხორციელდება და როგორც თავად ამბობს, „ეს იქნება მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები“.
ანა ფირცხალაიშვილი