ერთ ისეთ მასწავლებელზე უნდა გიამბოთ, რომლისგანაც, შესაძლოა, ყველა დროში ისწავლო. ჩვენი პირველი შეხვედრა დისტანციური იყო. მე მისი საგნობრივი მხარდამჭერი ვარ, ის კი მსმენელია. ნაირა ჭიტაძე საჩხერის ერთ-ერთი სოფლის ქართულის მასწავლებელია და, როგორც თავად ამბობს, სოლიდურ ასაკშია.
ზოგადად, ნელ-ნელა იხსნება ის ბარიერი, რაც სამინისტროს თანამშრომელსა და სკოლის პერსონალს შორის იყო. „ახალი სკოლის მოდელმა“, ბევრ სიკეთესთან ერთად, სკოლებთან მიმართებაში ეს „დიდი მზღვარი“ წაშალა. ვფიქრობ, პედაგოგები უკვე აღარ განიცდიან სკოლაში მისული „უცხოს“ სტატუსს, როგორც მაკონტროლებლისას. დისტანციურმა რეჟიმმა მასწავლებლებს მკაფიოდ აჩვენა, რომ „საიდანღაც მოსაუბრე“ სამინისტროსგან დასაქმებული პირები მაქსიმალურად ცდილობენ ადამიანური დამოკიდებულებების შენარჩუნებას.
მკითხველს წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ამ წერილში მეთოდიკური ელემენტები გადაფარული იქნება ემოციური თხრობით.
ნაირა მასწავლებელი, პირველივე დღეებიდან, ფრთხილად სვამდა კითხვებს, რადგან მისი აზრით, დასაფიქრებელია, როცა სოლიდური ასაკის ხარ და უცებ უხერხული არაფერი თქვა. ბევრი ახალი ტერმინი შემოდის მასწავლებლის პრაქტიკაში, სწრაფად მათი გააზრება და შესისხლხორცება ძნელია. ონლაინ შეხვედრის დროს საგნობრივი შინაარსის კითხვებიც იყო, მერე — მეთოდიკურიც, ვებინარების დასრულების მერე — საათობით სატელეფონო საუბარიც. განვიხილეთ ისეთი საკითხები, რომლებიც თავიდან ნაირას პროფესიიდან გასვლაზე აფიქრებდა, მერე კი რადიკალურად შეიცვალა პოზიცია: „ეს კონსტრუქტივიზმი ძალიან კარგია, მე ასე უნდა ვიმუშაო. ასეთები მიკეთებია ეპიზოდურად, სტიქიურად, მაგრამ მაინც შედეგიანად. ახლა მწყობრად დგება ყველაფერი, მოსწავლეებთან ერთად უნდა წავიდე წინ. ასაკზე აღარ უნდა ვილაპარაკო, მოსწავლეების თანამედროვე უნდა გავხდე. შემეშლება? გამოვასწორებ. თუ რაიმე სტრატეგია მექნება ასარჩევი, აუცილებლად დაგეკითხები. იოლი, სახალისო და ეფექტიანი გზები უნდა მოვძებნო. კომპლექსური დავალების პირობა, საკვანძო შეკითხვები, ცნებებისა და თემების მკვიდრი წარმოდგენები, ცნებათა პედაგოგიკა, განმავითარებელი შეფასება, კრიტერიუმები ჩემს პრაქტიკაში სულ არსებობდა, უბრალოდ, სახელები არ მქონდა დარქმეული. სოლოს დონეებიც ყველა დროს მხვდებოდა კლასში, ახლა ამ დონეებს განმავითარებელ შეფასებას ვუხამებ და ბავშვებს მეტად მოსწონთ სასწავლო პროცესი…“
ორსაათიანი ვებინარები აუცილებლად სრულდებოდა მოკრძალებული თხოვნით: ბატონო როლანდ, ვებინარის მერე დაგირეკავთ, თუ შესაძლებელია? დარეკვა, ცხადია, შესაძლო იყო და ვესაუბრებოდი კიდეც. ასე დავგეგმეთ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ სწავლება, მერე კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძეს“ შევეჭიდეთ. სოფლის სკოლის მერვე კლასში, სადაც 20-ზე მეტი მოსწავლეა, ნაირა მასწავლებელმა შეიტანა რთული დავალების პირობა. მოთხრობა უნდა გადაკეთებულიყო პიესად. დავალების პირობა ასეთი იყო: „წარმოიდგინეთ, რომ ხართ დრამატურგი და კლდიაშვილის მოთხრობა გადააკეთეთ პიესად. პიესის წერისას გაითვალისწინეთ დრამატული ნაწარმოების მახასიათებლები, შეინარჩუნეთ იდეურ-თემატური ხაზი და პერსონაჟთა მახასიათებლები. დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაცია.“
დავალება, ზედმეტ-ნაკლები ხარისხით, შესრულდა კლასში. მთავარი ის იყო, რომ კლასს მოტივაცია ჰქონდა. უმეტესობამ მულტისტრუქტურულ დონეზე წარმოადგინა დავალება, თუმცა, ეს არც ისე ცუდის ნიშანი იყო. იმ დროს მეც მივედი ჩიხის საჯარო სკოლაში და შევხვდი მერვეკლასელებს. მახსოვს ის, რომ კლასში გოგონებისა და ვაჟების გაფართოებული თვალები მიმზერდნენ, იყო დაძაბულობაც, მაგრამ მალე ეს გაუცხოებაც დავამარცხეთ. ნაირა მასწავლებელს ვთხოვე, საგაკვეთილო პროცესი ჩემთვის დაეთმო. იდეების გენერირების უფლებამიცემულმა პატარებმა ბევრი საინტერესო აზრი გამოთქვეს. საბოლოოდ შევჯერდით პროექტის განხორციელებაზე.
საგანმანათლებლო პროექტის ჩონჩხი სასწრაფოდ, გონებრივი იერიშით შეიქმნა და, პირობითად, ვუწოდეთ „დრამატურგია და თეატრი განათლებისათვის“. სამოქმედო პერიოდი მარტსა და აპრილს მოიცავდა, ყველა ნიუანსი იქნა გათვალისწინებული, მათ შორის ისიც, რომ მშობლებს ნება დაერთოთ მოსწავლეთა იდენტიფიცირებაზე… ბუნებრივია, პროექტის კოორდინატორად შეირჩა ჩიხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაირა ჭიტაძე. პროექტის ფარგლებში, უნდა მომზადებულიყო კლასის მიერ შეჯერებული სცენარის ერთი ვერსია, მერე — ინსცენირება და პროექტის შეფასება.
პროექტი ფინანსურად უზრუნველყოფილ იქნა პროექტის მხარდამჭერებისგან (მხარდამჭერების კატეგორიული მოთხოვნიდან გამომდინარე, დამფინანსებელთა ვინაობა ფართო წრისთვის ინკოგნიტოდ დარჩა). პროექტის ამოცანებიც განსაზღვრული იყო:
♦ სკოლაში სასწავლო პროცესზე ორიენტირების ხელშეწყობა;
♦ მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა;
♦ კრეატიული უნარების ხელშეწყობა;
♦ საკომუნიკაციო უნარების პროგრესირება;
♦ წერისა და ზეპირმეტყველების კულტურის განვითარება.
♦ ნაფიქრი იყო მოსალოდნელ შედეგებზეც. პროექტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო:
♦ მოსწავლეთა აკადემიური პროგრესირება;
♦ სკოლის ცნობადობის ამაღლება;
♦ სასკოლო ცხოვრების სტიმულაცია;
♦ მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა.
დაგეგმილი ყველა აქტივობა განხორციელდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჭიათურის დრამატულ თეატრში გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ნახვა და შეფასება.
ვისაც ქართული თეატრის ისტორიის შესახებ აქვს ინფორმაცია, იცის, რომ ჭიათურის თეატრს განსაკუთრებული ისტორია აქვს. გარდა იმისა, რომ თეატრის შენობა ისტორიულია და მოხატულია რობერტ სტურუას (მამა) მიერ, ასევე, ცნობილია მუდმივი პროფესიული დასის სიძველითაც (რიგით მესამე საქართველოში). მოსწავლეებს სპექტაკლამდე გაესაუბრა თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი, გააცნო თეატრის ისტორია, კულტურული საზოგადოების ცხოვრებაში თეატრის მნიშვნელობა და მოსწავლეებმა, რეგულაციების სრული დაცვით, უყურეს მათთვის გამართულ სპექტაკლს (პრემიერა შეძენილ იქნა ჩიხის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებისთვის).
წარმოდგენის დასრულების მერე, იკითხებოდა მოსწავლეთა თვალებში დანანება, რომ დასრულდა მათთვის ერთი ლამაზი სანახაობა… ბავშვებმა დაბატკნებული (ეს სიტყვა საოცრად მოუხდა სპექტაკლის ზეგავლენის გამოხატვას) განწყობით ტელევიზიასაც მისცეს კომენტარები, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და თავადაც სასკოლო ღონისძიებისათვის მოემზადნენ. მაყურებლის როლიდან ბევრი რამ ისწავლეს ისეთი, რაც ინსცენირებისთვის გამოადგებოდათ…
პროექტის აღწერაში ვკითხულობთ: „პროექტი დასრულდა 2021 წლის 28 აპრილს. დასკვნითი აქტივობა იყო ინსცენირება, რომელიც სასკოლო თემის მიერ დადებითად შეფასდა. ინსცენირებაში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ აბრამიშვილი — სოლომანი, მარი სალიმიანი — ეფროსინე, მარი ქველაძე — პლატონი. მოსწავლეთა და მათი მშობლების კმაყოფილების ხარისხი მაღალია. ინსცენირების მონაკვეთების ვიდეოვერსია ატვირთულია იუთუბზე და ფოტოები გამოიფინა სასკოლო სტენდზე“.
შესაძლოა, მოკლე ჩანაწერებმა გადმოსცეს სოლიდური ასაკის მასწავლებლის როლი და თავდადება დღევანდელ სკოლაში? ბუნებრივია, ეს ვერ მოხერხდება… ნაირა ჭიტაძე კი ბედნიერია იმით, რომ მოსწავლეებს ბევრი ლამაზი დღე აჩუქა. თან სულ იმას ვამბობთ, რომ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ საინტერესო, დინამიკური სასწავლო პროცესი, რომელშიც ოსტატურად ჩავაშენებთ საგნობრივ შინაარსსა და გრძელვადიან მიზნებსო.
ნაირა მასწავლებელმა ეს შეძლო. მერე რა, რომ სოლიდური ასაკისაა. სოლიდური ასაკი გამოცდილებაა. ნაირა კი ის მასწავლებელია, რომელსაც შეუძლია წარსულიდან წარმატების ფორმულები მომავლის ინოვაციურ პერსპექტივებს დაუკავშიროს!