ილონა სურმანიძე
სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი
✅ პირველი ნაბიჯი ინკლუზიური განათლებისკენ
ხელოვნებათმცოდნე ვარ. ამ პროფესიის საბაკალავრო პროგრამის ნაწილი იყო საგანი „ინკლუზიური განათლება“. ლექციებზე განხილული ქეისები და მაგალითები ჩემს ინტერესს იმდენად აღვივებდა, რომ გადავწყვიტე, უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ინკლუზიური განათლების შესახებ.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ხელოვნების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. მალევე, იმავე სკოლაში, სპეციალური მასწავლებლის ვაკანსია გამოცხადდა. მივიღე მონაწილეობა. თავდაპირველად, ხელოვნების გაკვეთილების საათებსა და სპეციალური მასწავლებლის საქმიანობას ვუთავსებდი ერთმანეთს. როცა არჩევანის წინაშე დამაყენეს, დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება ინკლუზიური განათლების სასარგებლოდ.
ორი წლის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა შევისწავლე, რამაც ჩემი პროფესიული საქმიანობა მეტად საინტერესო და პროგრესული გახადა.
✅ სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე
სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე საინტერესოდ დატვირთული, მრავალფეროვანი, სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსეა. ამ ეტაპისთვის, მეორე ცვლაში ვმუშაობ. სკოლაში 2 საათით ადრე მივდივარ, ცვლის დაწყებამდე. სანამ ჩემი მოსწავლეები მოვლენ სკოლაში, ვამზადებ რესურსს, ვგეგმავ დღეს კონკრეტულ მოსწავლეებთან, ასევე ვაწესრიგებ დოკუმენტაციას, ვმუშაობ ინტერვენციის გეგმასა და შეფასებებზე, მასწავლებლებს ვეხმარები ინდივიდუალური გეგმის შედგენაში.
ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ მეცადინეობებს, ასევე საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას. მოსწავლეების სკოლაში მოსვლისთანავე, ვამოწმებ ვინ ესწრება გაკვეთილს, რადგან ამის მიხედვით გადავანაწილო ჩემი რესურსი მოსწავლეებთან.
ინკლუზიური განათლების პრინციპი – ჩართვა საგაკვეთილო პროცესში – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ კლასში, თანატოლებთან ერთად, ხდება სპეციალური საჭიროების მოსწავლეების ინტეგრაცია საზოგადოებაში, ნელ-ნელა, ძალიან პატარა ნაბიჯებით, თუმცა შესამჩნევად, პროგრესირდება და მალე ისეთ შედეგებს ვაღწევთ, რაც მშობლებისთვის წარმოუდგენელია.
ყოველდღიურ რეჟიმში მასწავლებლებს ვეხმარები სტრატეგიების დანერგვაში. მათთან მუდმივად მიწევს საუბარი იმის შესახებ, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვის შესაფერისი მეთოდია საჭირო. მასწავლებლებს ვეხმარები რესურსის შექმნაში. ამისთვის ვიყენებ როგორც ელექტრონულ, ასევე მატერიალურ, ვიზუალურ მასალებს, რაც მრავალფეროვანს ხდის გაკვეთილს. გარდა სსსმ, ასევე ტიპური განვითარების მოსწავლეებისთვისაც ძალიან საინტერესოა მსგავსი გაკვეთილები.
გასულ სასწავლო წელს რესურსს ვამზადებდი მოსწავლეებისთვის, რადგან გაკვეთილზე მათთვის რთული იყო პროგრამის აღქმა. წელს კი, თითქმის, არც ერთ მოსწავლესთან არ გამომიყენებია რესურსი. მასწავლებლებთნ მუდმივმა კომუნიკაციამ, საჭიროებების სწორად განსაზღვრამ დაანახა მათ, რომ შეუძლებელი არაფერია და სსსმ-იც მათი მოსწავლეები არიან.
✅ ყოველთვის ემოციური და საინტერესოა მოსწავლეებთან შეხვედრა
სასიამოვნოა, როდესაც სსსმ მოსწავლეებთან ვცდილობ კომუნიკაციაში შესვლას. პირველივე წუთიდან მეგობრად აღმიქვამენ და არა მასწავლებლად. ვგეგმავ აქტივობებს, რათა გავიგო მათი კოგნიტური თუ აკადემიური უნარები, საჭიროებები, რაც მათთან დამეგობრებაში მეხმარება, მათი ინტერესების გარკვევა კი სამომავლო აქტივობების განხორციელებაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს.
სკოლას აქვს ფერადი რესურსოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, სადაც შესაძლებელია განმავითარებელი აქტივობების განხორციელება. რესურსოთახში შესვლა დასვენებასთან, სიხარულთან, თამაშთან და განტვირთვასთან ასოცირდება. როცა საკლასო ოთახში შევდივარ, თვალები უბრწყინდებათ, მაშინვე მოირბენენ და მეკითხებიან – მივდივართ? (რესურსოთახში).
ამგვარად, გარემოში, სადაც მოსწავლეები კომფორტულად გრძნობენ თავს, იოლია მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალსიწინებით დაგეგმილი აქტივობების განხორციელება. აქედან გამომდინარე, პროცესიც სახალისოა.
✅ ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომები და აქტივობები პედაგოგიური პრაქტიკიდან
მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება, მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათავისება არის გზა იმისა, თუ როგორ ჩავრთოთ სსსმ მოსწავლეები განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელ პროცესში. ვცდილობ, აქტივობები და დავალებები მარტივიდან რთულისკენ დავალაგო. მათში გათვალისწინებულია მოსწავლის შესაძლებლობები. თითო ნაბიჯით ვართულებ დავალებებს, რომლებიც ისეთი მოკლე და სახალისოა, რომ მოსწავლე დაღლას ვერ ასწრებს. შესრულებული სამუშაოს შემდეგ კი იღებს განმამტკიცებელს, რომლის მეშვეობითაც, გაკვეთილის ბოლო რამდენიმე წუთს, სასიამოვნოდ ისვენებს.
ყოველდღიური მუშაობის შემდეგ, რაც მოსწავლეებისთვის თამაშად აღიქმება, პროგრესი იცვლება, შრომის შედეგი კი წლების შემდეგ ჩანს. იცვლება მოსწავლე, ასევე მისი ქცევა, ქმედება, ის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყალიბდება. ასეთ შედეგს შეუძლებელია მიაღწიო სკოლის, მშობლისა და მოსწავლის შეთანხმებული, ჯაჭვური თანამშრომლობის გარეშე.
✅ რჩევა კოლეგებს – როგორ მოიქცნენ, თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლე ჰყავთ
სამწუხაროდ, ორ უკიდურესობას ვაწყდები: ერთი მხრივ, არიან მასწავლებლები, რომლებიც, წლების განმავლობაში, აიგნორებენ სსსმ ან შშმ მოსწავლეებს და ცდილობენ, თავიდან აირიდონ ყოველგვარი პასუხისმგებლობა; მეორე მხრივ – მასწავლებლები, რომლებიც გადამეტებულ მზრუნველობას იჩენენ მათ მიმართ. ორივე მაგალითი არაჯანსაღია. ჩემი აზრით, დისკრიმინაციულიც. ყოველდღიურად, ამ და სხვა პრობლემის აღმოფხვრაზე ვმუშაობ.
მინდა ვურჩიო კოლეგებს – მიიღეთ მოსწავლეები ისეთები, როგორებიც არიან, მათ თავი კლასის ნაწილად აგრძნობინეთ; ხელი შეუწყვეთ მათი შესაძლებლობების გამოვლენას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, არ შეხედოთ მათ შიშით! ნუ აღმართავთ კედელს მოსწავლეებს, თქვენსა და საზოგადოებას შორის, რომლის დანგრევასაც შემდეგ დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
✅ ქვეყანაში სპეციალური მასწავლებლების დეფიციტია?
ბევრად მეტი მასწავლებელი გვყავს დღეს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მოთხოვნადი გახდა სპეციალური მასწავლებლის პროფესია. სხვადასხვა საგნის მასწავლებლები აბარებენ სასერტიფიკატო გამოცდას და სპეციალური მასწავლებლის მოვალეობას ასრულებენ.
ვისურვებდი, უნივერსიტეტებში ამ მიმართულების მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ხორციელდებოდეს.
ცნობიერება ინკლუზიური განათლების საჭიროებების შესახებ
ბოლო წლებში ცნობიერება ამაღლდა, სწორი ტერმინებით მოიხსენიებენ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს (სსსმ, შშმ). რა თქმა უნდა, პრობლემები ისევ არის. ყველა პედაგოგმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ ინდივიდუალურად მიუდგნენ მოსწავლეებს. ზოგიერთი საგნის მასწავლებელი, საერთო შედეგის მიღწევაში, საკუთარ როლს გამორიცხავს, სრულ პასუხისმგებლობას შშმ/სსსმ ბავშვის განათლებაში სპეციალურ მასწავლებელს აკისრებს.
პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ. გასულ წელს, ერთ მოსწავლესთან დავიწყე მუშაობა. მისი კლასის მასწავლებელს შიში და უიმედობა შევნიშნე, ამბობდა, რომ გეგმის დაწერა არ შეეძლო, დახმარება სჭირდებოდა, ასევე, არ შეეძლო რესურსის შერჩევა. ერთად მუშაობის ერთი წლის შემდეგ, მდგომარეობა სავსებით შეიცვალა. მასწავლებლის განწყობა საიმედოა. დღეს ის რესურსსაც უმზადებს მოსწავლეს, გეგმებსაც დამოუკიდებლად წერს და საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად სჭირდება ასისტენტი.
მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების პროცესში. ზოგიერთს დიდი მოლოდინები აქვს, სწრაფად სურს შედეგის მიღწევა. მსგავსი მიდგომა პროცესს ართულებს და ანელებს კიდეც. არიან ასევე მშობლები, რომლებიც მხოლოდ სპეციალისტებს აკისრებენ პასუხისმგებლობას, სახლში ვერ ან არ ეხმარებიან შვილებს. რა თქმა უნდა, გვყავს მშობლები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რეკომენდაციებს, შედეგიც არ აყოვნებს.
✅ ასისტენტის როლი და საჭიროება
ასისტენტების როლი დიდია სწავლა-სწავლების პროცესში, განსაკუთრებით ფუნქციურ თუ კომუნიკაციის საკითხებში. მიზერული ხელფასის მიუხედავად, ისინი იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს მათ ვალდებულებაშია.
ასისტენტების რაოდენობა სკოლაში არასაკმარისია, ერთს ოთხ ან ხუთ მოსწავლესთან უწევს მუშაობა. ხშირად, მასწავლებლები სრულ პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ, რაც არასწორია. ამ მხრივ, ბევრია სამუშაო. თუმცა, შედეგი ბევრად უკეთესია, ვიდრე წლების წინ.
✅ სპეცმასწავლებლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა
პროფესია, რომელიც ავირჩიეთ, უკვე გამოწვევაა. სირთულეს ვაწყდებით ყოველდღიურად. მოსწავლის ქმედებას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ერთ კონკრეტულ დღეს, შესაძლოა, უმართავი და გაღიზიანებული იყოს ან პირიქით. ამის გამო, ზოგჯერ, დაგეგმილ აქტივობებს ვერ წარვმართავთ და ფორსმაჟორულ ვითარებაში, სწრაფად გვიწევს ახლის მოფიქრება, რომ ქცევა მოვაწესრიგოთ, სხვაგვარად ვერ განვახორციელებთ სასურველ აქტივობას.
ინკლუზიურ განათლებაში ბევრი პრობლემური საკითხია. მაგალითად, არც ერთ დოკუმენტში არ არის განსაზღვრული რამდენი მოსწავლე უნდა ჰყავდეს ერთ კონკრეტულ სპეციალურ მასწავლებელს. ამ დროისთვის, 9 სსსმ მოსწავლესთან ვმუშაობ. მათი სასკოლო ცხოვრებაში უკეთ ჩართვისთვის ჩემი რესურსი საკმარისი არ არის. აღსანიშნავია, რომ სახელფასო დანამატი განსაზღვრულია მოსწავლეთა რაოდენობით.
ვისურვებდი კარგად გამართულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიწოდებას. ხშირად თავად გვიწევს მოძიება.
✅ რას ნიშნავს ამ პროფესიისთვის მსახურება
სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა დატვირთულია სიძნელეებით. სირთულეებთან ერთად, საინტერესო, მრავალფეროვანი საქმიანობაა. გამოწვევების მიუხედავად, მყარად ვართ, ვიცავთ ჩვენსა და მოსწავლეთა პოზიციას, თუ საჭიროა, ადვოკატირებასაც ვუწევთ მათ.
იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც ინკლუზიურ განათლებაში მოღვაწეობას აპირებთ, გეტყვით: თქვენ შეიძლება გარდამტეხი როლი შეასრულოთ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში; იყოთ ძალა, რომელიც გაამაგრებს მათ ზურგს; ადვოკატი, რომელიც დაიცავს მათ ინტერესს და დაინახავს საჭიროებებს; ბევრი სირთულე შეგხვდებათ, რომელთა გადალახვისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა შედეგით იამაყებთ! ასე რომ, იშრომეთ და არ შეგეშინდეთ გამოწვევების!