პროექტი არის უნიკალური წამოწყება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ბარიერებს, გაურკვევლობებს, რომელთა მართვაც ხდება მუშაობის პროცესში. გამოცდებზე ორიენტირებული, ტრადიციული სასკოლო სწავლებისგან განსხვავებით, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს და მოამზადოს მოსწავლეები სკოლის მიღმა (რეალურ სამყაროში) არსებული დაბრკოლებების გადასალახად.
რატომ არის ბევრად უკეთესი პროექტული სწავლება?
მომავალი თაობის განვითარებისა და სამომავლო მზაობისთვის განათლება უმთავრესია. ტრადიციული სწავლების მეთოდებით რთულდება თანამედროვე გამოწვევების პირისპირ დგომა. კვლევებმა აჩვენა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება განვითარებადი მეთოდია, რომელიც იპყრობს საგანმანათლებლო პოლიტიკის შემქმნელთა ყურადღებას.
სწავლების ეს მეთოდი ორიენტირებულია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს კეთებით სწავლას. მოსწავლე იყენებს ცოდნას, ავთენტური პრობლემების გადასაჭრელად და შედეგის მისაღწევად.
პროექტის ფარგლებში გაწერილი მიზნების მისაღწევად საჭიროა რესურსები, განსახორციელებელ აქტივობათა ნუსხა და გარკვეული დრო. აღნიშნულ სტატიაში განხილულია 12 მიზანი, რომელთა გამოც მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ პროექტული სწავლება.
სამუშაო გარემო
პროექტზე დაფუძნებული სწავლებაზე გადასვლის პირველი და უმთავრესი შედეგი არის ის, რომ იგი საშუალებას აძლევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ისწავლონ და მიიღონ გამოცდილება პროექტებთან დაკავშირებით. ტრადიციული, ლექციური ტიპის გაკვეთილებისა და წერითი დავალებების ნაცვლად, მოსწავლეები სწავლობენ პროექტის სტრუქტურასა და განხორციელების მეთოდებს.
სამყარში არსებული რეალური პრობლემების სიმულაცია
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსწავლემ შეძლოს რეალურ ცხოვრებაში მოსალოდნელი სიტუაციების შეფასება, რომლებიც იმიტირებულია პროექტების სახით. ბავშვებს უჩნდებათ ახალ-ახალი ჰობი, ინტერესის სფეროები.
მოსწავლის ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესება
პროექტული სწავლება დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ინტერპერსონალური უნარების განვითარებაზე. ხშირად პროექტები უფრო შრომატევადია, ვიდრე ტრადიციული საკლასო სწავლების დროს გამოყენებული დავალებები. მოსწავლეებმა თავიანთი ძალისხმევით უნდა შექმნან პროექტებისთვის საჭირო კითხვარები, გააანალიზონ მათი შედეგები და მოამზადონ მოხსენებები, პროექტების სპონსორებთან თანამშრომლობისთვის. პროექტის თითოეულ ეტაპზე ისინი აუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესში.
კონცეფციისა და კრეატიულობის განვითარება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს ცნებების სიღრმისეულ გაგებას და იწვევს მოსწავლეთა შემოქმედებითობის გაუმჯობესებას. პროექტებს შეუძლიათ მიიპყრონ მოსწავლეების ყურადღება, რათა პროვოცირება გაუწიონ აზროვნების საჭირო დონეს.
ფაქტობრივი ცოდნის განსაზღვრა
პროექტზე დაფუძნებული სწავლება განსაზღვრავს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცოდნასა და გამოცდილებას. პროექტული სწავლებისას მოსწავლე ავითარებს თავის უნარებსა და ცოდნას. ხოლო ტრადიციული სწავლების მეთოდები მიმართულია დაზეპირებასა და დროებით დამახსოვრებაზე.
პრობლემების გადაჭრის გზების არჩევანის თავისუფლება
პროექტული სწავლების დაწყების კიდევ ერთი დიდი მიზეზი არის ის, რომ პროექტებს ირჩევენ თავად მოსწავლეები ან პედაგოგები, მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად. მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის თავისუფლება. მათ ინტერესებზე დაფუძნებული პროექტების შერჩევა ბავშვებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას აძლევს.
მოსწავლეთა უნარების ახალი სტილით შეფასება
მასწავლებლებს შეუძლიათ შეაფასონ მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარები. შემდეგ კი მათი ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნან პროექტის იდეა. მოსწავლეებს შეუძლიათ დახვეწონ თავიანთი დაკვირვებისა და ანალიზის უნარები. მასწავლებლებს კი — უშუალოდ შეაფასონ ამ უნარების განვითარება თავიანთ მოსწავლეებში, როდესაც ისინი ასრულებენ საპროექტო აქტივობებს.
საველე ვიზიტები
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი მახასიათებელია მოსწავლეთა, მასწავლებელთა და პროექტში ჩართულ განათლების სხვა სპეციალისტთა საველე ვიზიტები. ეს ყველაფერი საჭიროა პროექტის განსახორციელებლად, რადგან ხსნის სწავლის ახალ გზებს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას.
შესაძლებლობების პირდაპირი დემონსტრირება
მასწავლებლებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, შეაფასონ თავიანთი მოსწავლეების შესაძლებლობები, რომლებიც გამოვლინდა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებში. ეს ბევრად უკეთესი მეთოდია, ვიდრე დაზეპირებული ან წინასწარ დაწერილი საშინაო დავალებები ან ლექციური გაკვეთილები.
ტექნოლოგიების გამოყენება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის ეფექტური გზა სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ჩართვისათვის. ბავშვების მიერ მათი ინტერესების მიხედვით შერჩეული პროექტები გულისხმობს კომპიუტერების, ინტერნეტის, ინტერაქტიულ დაფების, GPS მოწყობილობებისა და კამერების გამოყენებას.
თვალსაჩინო პროგრესი
პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას მასწავლებელსა და მოსწავლეს შეუძლია თვალ-ყური ადევნოს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. ტრადიციულ გაკვეთილებზე ეს ნაკლებად შესაძლებელია, რადგან არ არსებობს შედეგების განსაზღვრის კონკრეტული მექანიზმი.
პრობლემის გადაჭრის უნარები
პროექტული სწავლებისას მოსწავლეები გადიან პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ეტაპს პროექტის სტრუქტურის მეშვეობით. როგორიცაა, სამუშაოს დაგეგმვა, აქტივობის შესრულება, თვალ-ყურის დევნება, გაურკვევლობების მართვა, პროექტის პრეზენტაცია და შეჯამება. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ დაკვირვების, გამოკითხვის, კვლევის,მოხსენების, პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და ჩართულ ადამიანებთან თანამშრომლობის, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარები.
ტრადიციული მეთოდით ჩატარებული გაკვეთილების ნაცვლად, სჯობს მოსწავლეები ჩაერთონ პროექტულ სწავლებაში. რადგან იგი „აიძულებს“ ბავშვებს დამოუკიდებლად ისწავლონ. ამ გზით, მოსწავლეები ეჩვევიან ინიციატივებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. აუცილებელია, ცოდნის მიღება იყოს სახალისო და საინტერესო.
თარგმნა სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, მარიამ ჩაჩანიძემ
წყარო:
https://elearningindustry.com/project-based-learning-better-traditional-classroom