სამოქმედო კვლევის ანგარიში
21-ე საუკუნეში, ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში, როცა ძალიან სწრაფად იცვლება გარემო, ადამიანისთვის კრიტიკული აზროვნების უნარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი განვითარება პიროვნებას თანამედროვე სამყაროს ინტერპრეტაციასა და მისი გამოწვევების დაძლევაშიც ეხმარება. ის გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გადავამუშავოთ ინფორმაცია, რომელიც უწყვეტ ნაკადად მოედინება. მოგეხსენებათ, კრიტიკული აზროვნება თანდაყოლილი უნარი არაა და ვინაიდან სკოლის უპირველესი მისია თანამედროვე, საღად მოაზროვნე ადამიანის აღზრდაა, მასწავლებლის ხელშეწყობით მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა განუვითარდეთ იგი.
დაწყებითსა და საბაზო კლასებში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ანალიზისა და მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების შეფასების შედეგად, აშკარა გახდა, რომ მოსწავლეებს უჭირთ კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა, ანალიზი და ა.შ. კოლეგებთან დიალოგისას დადასტურდა, რომ ეს პრობლემა მწვავეა სხვა საგნებშიც.
აღნიშნული პრობლემის შენიშვნის საფუძველზე გადავწყვიტეთ, ერთობლივად ჩაგვეტარებინა კვლევა და დაგვედგინა, რა შეიძლება ყოფილიყო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების დაბალი დონის მიზეზი, რა ინტერვენციების განხორციელება შეუწყობდა ხელს არსებული პრობლემის შემცირებას/აღმოფხვრას. კვლევის თემად განვსაზღვრეთ: ფუნქციური უნარის – „კრიტიკული აზროვნება“ – განვითარების ხელშეწყობა დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ცნებათა პედაგოგიკის მიხედვით.
21-ე საუკუნეში სკოლას ახალი მოთხოვნები წაუყენა რეალობამ, მასწავლებლის როლი მოსწავლის ფუნქციური უნარების განვითარებისთვის გადამწყვეტია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სასკოლო თემისა და მშობლის როლი მომავალი თაობის პროგრესირებაში.
კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების პრობლემას ორი ფაქტორი განაპირობებს: 1. ამ უნარებზე ნაკლები ინფორმაცია აქვს საგანმანათლებლო სპექტრს; 2. ჭირს საგნობრივი სპეციფიკის გადაწყობა კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე, არასაკმარისი გამოცდილების გამო.
ფაქტია, ეპოქისეულ მოთხოვნებს ხშირად არ ემთხვევა სწავლა-სწავლების პროცესი. ჯერ კიდევ მოქმედი ზგემ-ის მიხედვით, სკოლას ევალება კარგი მოქალაქის აღზრდა. ფუნქციური (დანიშნულებითი) უნარების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია აღვზარდოთ ისეთი მოქალაქეები, რომლებიც მოქალაქეობრივ, პიროვნულ, პროფესიულ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებენ.
კვლევის დაწყებისას და მიმდინარეობისას საკვლევი კითხვები ერთ-ერთი კარგი მაორგანიზებელია შედეგის მისაღწევად. გამოცდილ კოლეგებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოვკვეთეთ საკვლევი კითხვები: რამდენად აქვთ მოსწავლეებს განვითარებული კრიტიკული სააზროვნო უნარები? რა შესაძლო ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელებაა საჭირო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების ხელშესაწყობად?
კვლევის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული მეთოდოლოგია. ჩვენი და კოლეგების მიერ ჩატარებული გაკვეთილების ვიდეოჩანაწერის ანალიზისას გამოვიყენეთ თვისებრივი კვლევის მეთოდი – დაკვირვება. კოლეგებთან ერთად, გამოვკვეთეთ ის სუსტი მხარეები, რომლებიც საჭიროებს გაძლიერებას, და რომლებიც, შესაძლოა, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების დაბალი დონის მიზეზი იყოს.
მოსწავლეთა აკადემიური მზაობის დინამიკის ანალიზისას, რაოდენობრივი კვლევის მეთოდით, დავადგინეთ, რომ კლასიდან კლასში ან დაწყებითი საფეხურიდან საბაზოზე გადასვლის შემდეგ, არც ერთის აკადემიური მზაობა არ გაუმჯობესებულა, მაგრამ არც გაუარესებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბაზო საფეხურზე შენაჩუნდა დადებითი შედეგი იმ კლასში, რომელშიც წინა სასწავლო წელს, ანალოგიური კვლევის ფარგლებში(რომელიც ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ზაზა შულაიამ), განხორციელდა გარკვეული ინტერვენციები (მე-7 კლასი), რაც ჩვენთვის, მკვლევარი მასწავლებლებისთვის, წელს უკვე დამატებითი მოტივატორი იყო.
შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის სიხშირისა და აქტიურობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდი, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვერკვია, რამდენი მშობელია აქტიურად და ეფექტიანად ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებასა და სწავლა-სწავლების პროცესში.
საგნობრივ კათედრებს შორის თანამშრომლობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ყველა საგნობრივი კათედრა თანამშრომლობს, თუმცა არასაკმარისად.
ეფექტიანი ინტერვენციების განსასაზღვრად, წერილობით გამოვკითხეთ სკოლის ყველა მასწავლებელი, წინასწარ შედგენილი კითხვარის გამოყენებით. ჩვენთვის საინტერესო იყო კოლეგების აზრი, რა განაპირობებს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების დაბალ დონეს? რომელ მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ ისინი კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობისთვის?
მოსწავლეთა პოზიციების გათვალისწინებით, ვეცადეთ გაგვერკვია, რომელი ფუნქციური უნარი იყო მეტად განვითარებული, რომელი – ნაკლებად. მათ შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, დასწავლის ტიპაჟზე, მოტივაციის ხარისხსა და სხვა საკითხებზე დაკვირვების საფუძველზე, დავგეგმეთ ინტერვენციები კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების ხელშესაწყობად.
კვლევის გეგმა გავთვალეთ მთელი სემესტრის მიხედვით. უნდა გაგვერკვია, კრიტიკული აზროვნების როგორი უნარი ჰქონდათ მოსწავლეებს კვლევის დასაწყისსა და ბოლოს, როგორი იყო დინამიკა:
♦ რამდენად ამართლებდა კვლევის პროცესი მოლოდინს;
♦ იღებდა თუ არა შედეგს ინტერვენციები, როგორი მაჩვენებელი იყო პროგრესირების თვალსაზრისით;
♦ იყო თუ არა უკეთესი შედეგები მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობის მერე;
♦ კომპლექსური დავალებებისა და განმავითარებელი შეფასების დინამიკისა და ხასიათის მაჩვენებლები;
♦ რამდენად გაზრდიდა მოტივაციასა თუ კრიტიკული აზროვნების უნარს არაფორმალურ განათლებაში (კერძოდ, ლიტერატურული კლუბი) მოსწავლეთა ჩართვა.
კვლევის პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა მშობლებთან. აღმოჩნდა, რომ მშობელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ფუნქციური უნარების (მათ შორის, კრიტიკული აზროვნების) შესახებ არაფერი იცის, ეს მათთვის უცხოა, მაგრამ მისაღები. ისინი თვლიან, რომ მთავარია საგნობრივი ცოდნის დაუფლება (საგნობრივი ინფორმაციის ფლობა-დეკლარატიული ცოდნა); სჯერათ, რომ კომპლექსური დავალებების შესრულებით მათი შვილები შეძლებენ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.
საინტერესო და საჭირო იყო კოლეგებთან შეხვედრაც. გასაგები მიზეზების გამო, კრიტიკული აზროვნების უნარის (ზოგადად, ფუნქციური უნარების) შესახებ მეტი ინფორმირება იყო საჭირო. შევთანხმდით, რომ:
- უკეთესი შედეგების მისაღებად მასწავლებლებმა უნდა გამოვიყენოთ სწავლების ინოვაციური მეთოდები, განმავითარებელი შეფასება;
- კვლევის შესახებ ინფორმაციას წარვადგენდით მედიისა და შიდასასკოლო შეხვედრების დროს. კვლევის ანგარიში ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნებოდა ცნობილი.
- დაცული იქნებოდა აუცილებლად კვლევის ეთიკური ნორმები.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსწავლეებთან შეხვედრაა. მიუხედავად იმისა, რომ საკვლევ კლასებში მცირერიცხოვანი კონტინგენტია, კვლევის დასაწყისში, მაინც გამოიკვეთა ფაქტობრივი მოცემულობა: კრიტიკული აზროვნების უნარი სტიქიურად, არაფორმალიზებულად არსებობდა მოსწავლეებში (თითქმის განუსხვავებელი მაჩვენებლებით). მათი ინტერესის სფერო ნამდვილად იყო დანიშნულებითი უნარების განვითარება, რადგან თვლიდნენ, რომ კრიტიკული აზროვნება/შეფასება მოუწევდათ მომავალში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გვაქვს „კრიტიკული მეგობრის“ პრაქტიკა. ამიტომ შევთანხმდით, რომ საკვლევ კლასებში დავსწრებოდით ერთმანეთის გაკვეთილებს და გვეწარმოებინა ფოკუსირებული დაკვირვება.
ურთიერთდასწრების პერიოდში შევიმუშავეთ ეფექტიანი გაკვეთილებისა და ფოკუსჯგუფების ჩასატარებელი სტრატეგიები; ერთად გადავწყვიტეთ, რა ფორმით შეიძლებოდა, უფრო საინტერესო გაგვეხადა გაკვეთილი/ფოკუსჯგუფი; მნიშვნელოვანი იყო დაკვირვება იმაზეც, თუ რამდენად კარგად ვახერხებდით გაკვეთილზე კონსტრუქტივისტული მიდგომებით სწავლებას და, ჩვენი საკვლევი თემის გათვალისწინებით, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისათვის ხელშეწყობას.
ვფიქრობთ, ყველაზე ეფექტური იყო ერთობლივად ჩამოყალიბებული ლიტერატურული კლუბი „ბავლია“, რომლის მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში შემოქმედებითი, მოტივაციური, კულტურული, სოციალური, კომუნიკაციის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებისა და, რაც მთავარია, კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის დაარსებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, აუმაღლდათ მოტივაცია, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, ემოციებს, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე, დამეგობრდნენ.
კვლევის დროს გამოვიყენეთ დიაგნოსტიკური პრეტესტი. პრეტესტში ვგულისხმობთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც ჩვენი საგაკვეთილო პროცესის პროდუქტია და ვმუშაობთ კომპლექსური დავალებიდან კომპლექსურ დავალებამდე. ეს არ არის სემესტრულად დათვლილი, პროდუქტების შექმნისთვის განხორციელებული, აქტივობები. ვთვლით, რომ სწავლა-სწავლებაში მეტად საჭიროა პროცესზე ორიენტირება და არა პროდუქტზე. პრეტესტირებისას ყურადღება გავამახვილეთ კრიტიკული აზროვნების უნარზე. ფოკუსჯგუფების წარმართვა იყო წინაპირობა იმისა, რომ მოსწავლეებს ერთგვარი სწორი შეხედულება შექმნოდათ ფუნქციურ-კოგნიტურ ოპერაციებზე/კომპონენტებზე. კრიტიკული აზროვნების უნარის ფლობის შესახებ ჩატარებულმა პრეტესტმა, იმის გამო, რომ წინმსწრებმა ფოკუსჯგუფებმა ეფექტიანად იმუშავა, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. აქვე დავძენთ, რომ შედეგები არ ყოფილა კითხვა-პასუხი, არც ე.წ. „დახურული ტესტები“, არამედ ყურადღება გამახვილდა კომპლექსურ დავალებაზე, როგორც პროდუქტზე.
პრეტესტის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მოსწავლეებს უკეთესი მიღწევები აქვთ მიმდინარე განმავითარებელი შეფასებებისა და თანამშრომლობითი მუშაობის დროს (აქტივობათა შესრულებისას). პრეტესტმა აჩვენა, რომ გუნდურ მუშაობას მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ინდივიდუალურს. აქტივობებზე ჯგუფური მუშაობისას, ყურადღება აუცილებლად უნდა მიგვექცია შემდეგზე:
♦ ერთ რომელიმე მოსწავლეს არ აეღო გუნდში მთლიანი პასუხისმგებლობა ან არ ყოფილიყო რომელიმე მოსწავლე ინერტული;
♦ ესაუბრათ ერთმანეთთან და გადაწყვეტილება კონსტრუქციულად მიეღოთ;
♦ არ დაწყებულიყო არაჯანსაღი კონკურენცია;
♦ ერთმანეთის მიმართ გამოეხატათ პატივისცემა და ურთიერთსწავლებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებული.
მოლოდინმა გაამართლა, ჯგუფურმა მუშაობამ უკეთესი შედეგი გამოიღო, რადგან მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ პოზიტიურ და განმავითარებელ შეფასებას იყენებდნენ. ვიგოტსკის თანახმად, მოსწავლეები კოლაბორაციულ გარემოში უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს ავლენენ, ვიდრე დამოუკიდებლად სწავლისას. ჯონსონის აზრით, თანამშრომლობითი სწავლა, კონკურენტულ და ინდივიდუალურ მეთოდებთან შედარებით:
ა) უფრო მაღალ პროდუქტიულობას და მიღწევებს უზრუნველყოფს;
ბ) უფრო მზრუნველობითია და ხელშემწყობი;
გ) აძლიერებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპეტენციებს და თვითშეფასების უნარს (თ. ნეფარიძე, ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“; 31.05.2013).
მოსწავლეთა აქტივობებზე მუშაობა თანამშრომლობის პრინციპით ეფექტიანი აღმოჩნდა და გაადვილდა კომპლექსური დავალებების შესრულება. ასეთი მიდგომით:
♦ მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მიზნების მიღწევა გაიოლდა;
♦ მოსწავლეები მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენას ახერხებდნენ;
♦ ხდებოდა საკითხის კრიტიკულად განხილვა;
♦ ყალიბდებოდა მკაფიო და ღია კომუნიკაცია;
♦ პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს;
♦ უვითარდებოდათ მოსმენის უნარი;
♦ მოსწავლეებმა დაიწყეს მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა;
♦ დაიწყო სოციალური ბარიერების გადალახვა, გუნდის მონაწილეები უფრო მეგობრულები გახდნენ.
კლასების საჭიროებებიდან გამომდინარე, შევადგინეთ სემესტრის განმავლობაში გამოსაყენებელი ინტერვენციების ფორმები, რომლებიც საბოლოოდ კომპლექსური დავალების შექმნაში გვეხმარებოდა:
♦ სწავლა-სწავლებისა და შეფასების ინტერაქტიური, მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება. განსაკუთრებით ეფექტიანად ჩავთვალეთ მოსწავლეებისთვის განმავითარებელი შეფასების რეგულარულად მიწოდება;
♦ მოსწავლეებში კომუნიკაციის გაუმჯობესება თანამშრომლობითი სწავლებით;
♦ მინი-პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
♦ ლიტერატურული კლუბის დაარსება.
განხორციელებული ინტერვენციები:
დაგეგმილი ინტერვენციის ფორმები ეტაპობრივად გამოვიყენეთ კვლევის პერიოდში. წარმოვადგენთ ინტერვენციების შესახებ ინფორმაციებს:
♦ კოგნიტური სქემებით მუშაობა;
♦ ფილმის ჩვენება-დისკუსია(„მარიტა“);
♦ დებატები ნაწარმოებების მიხედვით;
♦ პროექტი გაკვეთილი;
♦ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი;
♦ ვარაუდების სქემა;
♦ სტრატეგია 3-2-1;
♦ გონებრივი იერიში;
♦ მომავლის სახელოსნო;
♦ ქეისებით სწავლება;
♦ ღია წრე;
♦ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი („ვემზადებით ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეობისათვის“);
♦ არაფორმალური აქტივობები (ლიტერატურული კლუბის „ბავლი“ დაარსება).
ინტერვენციების ნაწილის განხორციელების შემდეგ ჩავატარეთ შუალედური ტესტირება, რომლითაც უნდა დაგვედგინა დინამიკა, იყო თუ არა პროგრესი. კონტექსტის, ანუ თემის მიხედვით, მომზადდა მორიგი კომპლექსური დავალებები, რომლებმაც აჩვენა, რომ შენარჩუნებული იყო მზარდი ტენდენცია კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების მიმართულებით. სასწავლო პროცესი გახდა უფრო ხალისიანი და მოსწავლეებისთვის საინტერესო.
ინტერვენციების შემდეგ გავესაუბრეთ მოსწავლეებს, მშობლებსა და კლასში შემსვლელ სხვა მასწავლებლებს, რათა კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა კვლევის ეფექტიანობის დასადასტურებლად.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ:
♦ უფრო ხალისიანი გახდა გაკვეთილები;
♦ უფრო რეალიზებულად გრძნობენ თავს გაკვეთილზე;
♦ უფრო მეგობრული და კოლეგიალური განწყობა ჩამოყალიბდა თანაკლასელებს შორის;
♦ დააგროვეს მეტი ცოდნა;
♦ სტანდარტული, სამფაზიანი გაკვეთილების ნაცვლად, ინოვაციურმა მიდგომებმა საინტერესო გახადა სწავლა;
♦ საგაკვეთილო პროცესში დრო „იხარჯებოდა“ სასიამოვნოდ.
მშობლებმა აღნიშნეს, რომ:
♦ უფრო ხშირად ხედავენ შვილებს ხელში სახელმძღვანელოებით, კომპიუტერით, მატერიალური რესურსებით;
♦ ხშირად ყვებიან ბავშვები გაკვეთილის, აქტივობების მსვლელობის შესახებ დადებითი კუთხით;
♦ თავს იწონებენ ცოდნისა და უნარების დონის ამაღლებით;
♦ ხალისიანად ასრულებენ დავალებებს;
♦ ბავშვები მუდამ ემზადებიან სასწავლო პროექტების განსახორციელებლად და დაგეგმილი კლუბური შეხვედრებისთვის;
♦ ბავშვების თქმით, შეფასება არ ხდება მაინცდამაინც ნიშნებით და ხშირია პოზიტიური უკუკავშირი.
კოლეგებმა აღნიშნეს, რომ:
♦ მოსწავლეებში შეინიშნება გააქტიურება;
♦ იკლო დისციპლინის დარღვევის შემთხვევებმა.
კვლევის საფუძველზე გავეცით რეკომენდაციები კოლეგებისთვის:
♦ ჩავატაროთ მრავალფეროვანი გაკვეთილები და არ გავიმეოროთ სცენარებში ერთი და იგივე მეთოდები, გზები და ხერხები; მიეცეს მოსწავლეს თანამშრომლობით სწავლის შესაძლებლობა; ჩატარდეს ხშირად პრაქტიკული და პროექტული სამუშაოები; მასწავლებლის მხრიდან იყოს მოზომილი, დროული განმავითარებელი შეფასება, მეტი ყურადღება დაეთმოს პოზიტიური მხარის წარმოჩენას;
♦ ჩამოყალიბდეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ნდობა და კეთილგანწყობა; ვიზრუნოთ კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე ყველა გაკვეთილზე, მათ შორის, არაფორმალურ გარემოში (კლუბურ მუშაობაში გამოვიყენოთ სწავლების „სოკრატული/სოკრატესეული“ მეთოდი, რაც ძალიან საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად); დაარსდეს კლუბები, წრეები სხვადახვა საგნებშიც (კვლევით ვასკვნით, რომ არაფორმალური სწავლება მეტად უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას); წინასწარ იყვნენ მშობლები ინფორმირებული იმის შესახებ, რომ განსხვავებული მიდგომებითა და მიზნებით წარიმართება სწავლება; გაზიარდეს ყველა წარმატებული ნაბიჯი კოლეგებს შორის; აღინიშნოს მოსწავლეთა მიღწევები.
ჩატარებული ინტერვენციების შედეგად ვასკვნით, რომ:
♦ შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულებები სწავლა-სწავლების პროცესის მიმართ, ამაღლდა ნდობა მასწავლებლის, სკოლის მიმართ; მოსწავლეებს მეტად მოსწონთ გაკვეთილები; უკეთესად სწავლობენ;
♦ მეტად განვითარდა კრიტიკული აზროვნების უნარი.
რეფლექსია
საგნობრივი ჯგუფების კათედრების წევრებთან შეხვედრაზე, კვლევის წარდგენის დროს, კოლეგების უკუკავშირი პოზიტიური იყო. მივიღეთ საინტერესო რჩევები, კერძოდ:
- კვლევის შედეგები გავუზიაროთ სხვა პედაგოგებს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც ხელმისაწვდომია;
- გავაგრძელოთ ინტერვენციების განხორციელება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, დავნერგოთ მსგავსი ან უფრო ეფექტიანი აქტივობები ყველა იმ კლასში, სადაც კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების საჭიროებას შევამჩნევთ;
- გავაგრძელოთ სამუშაო შეხვედრა კათედრების წევრებთან, დეტალურად გავუზიაროთ კოლეგებს მიღებული გამოცდილება და მათგანაც მივიღოთ რჩევები;
- გავაგრძელოთ პროექტებით და სხვა ინოვაციური მეთოდებით სწავლება, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
ასევე აღინიშნა, რომ სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი (რომლის შემადგენელი ნაწილი აუცილებად უნდა იყოს არაფორმალური განათლება), მიგვიყვანს შედეგებამდე. ეფექტიანობის ხარისხი გაიზრდება უფრო მეტად, თუ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა გაიზრდება და „კრიტიკული მეგობრის“ პოზიციით დაეხმარებიან კოლეგები ერთმანეთს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო კოლეგების უკუკავშირი, რომელიც უფრო მეტად დაგვეხმარა კვლევის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაში. კვლევის დროს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, კოლეგებს, მოსწავლეებს, მშობლებს და ესგ-ის ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილს, რომლის მენტორინგითაც წარიმართა კვლევის სრული პროცესი, გაზეთ „ახალ განათლებას“, „მოტივირებულ პედაგოგთა კლუბს“ და სხვა იმ სოციალურ-პროფესიულ ჯგუფებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეკომენდაციებითა და იდეებით.
სამოქმედო კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხ. ბმულზე:
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები