თამარ მოსიაშვილი
განათლების სპეციალისტი
საქართველოში, სამწუხაროდ, არ ტარდება კვლევები დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ, რაც საშუალებას მოგვცემდა, შეგვეფასებინა განათლების სექტორში მიმდინარე ინტერვენციები დასახულ მიზნებთან მიმართებაში. კვლევითი ორგანიზაციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალიზებული ინტერვენციების შეფასება სხვაგვარად სანდო ვერ იქნება. პროცესი კი იმდენად ქაოსურია, რომ ჭირს თვალის მიდევნება. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაწყებული პროცესების უმეტესობა ვადაზე ადრე სრულდება, იწყება ახალი ისე, რომ წინა ცვლილების შედეგების სანდო შეფასება ვერ ხდება. ვერ ვაფასებთ ვერც დახარჯული ფინანსების და ვერც განხორციელებული ინტერვენციის ეფექტიანობას. საზოგადოებამ არ იცის რატომ დასრულდა დროზე ადრე რომელიმე პროგრამა, რატომ იწყება ახალი პროგრამა. ჩვენ ხშირად არ ვიცით ახალი გადაწყვეტილების მიზეზები, მათი მიზნები. ძნელია, ადამიანმა დაინახოს განათლების სისტემის მდგომარეობა, მაგალითად, 5 ან 10 წლის შემდეგ, ახალი ინიციატივისა თუ სახელმწიფო პროგრამის ვადების, ხანგრძლივობის, საჭირო რესურსებისა და დანახარჯების ეფექტურობის ბუნდოვანების გამო.
ყველაზე უფრო უწყვეტი დადებითი ცვლილება ჩვენს ქვეყანაში არის მასწავლებლების ხელფასის ზრდა და სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამები. თუ დადებითი დინამიკა შენარჩუნდება (იმედია), უახლოეს წლებში, ჩვენს ქვეყანაში ყველა სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული. დღეს რეაბილიტირებულ სკოლებში გაცილებით მეტი კომპიუტერია, ვიდრე ადრე, დღეს გაცილებით ბევრ სკოლაშია მაღალი ხარისხის უწყვეტი ინტერნეტი, ვიდრე ადრე. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ბევრს ლაპარაკობენ მედიით ამ ცვლილებებზე. კრიტიკული მედია ხშირად ავრცელებს ამბებს ისეთი სკოლების შესახებ, სადაც საკლასო ოთახები მძიმე მდგომარეობაშია, არ არის ინტერნეტი, სპორტული დარბაზი, ციფრული ტექნოლოგიები, სკოლაში არ მუშაობენ კვალიფიციური მასწავლებლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბავშვებს საქართველოში განსხვავებულ პირობებში უწევთ სწავლა და ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის განათლება. იგივე ტენდენციაა მასწავლებლის ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. თუ ხელფასების ზრდა ცალსახად კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელფასო პოლიტიკა (საბაზისო ხელფასი და სტატუსზე დანამატები) შესაცვლელი, რთული და, რიგ შემთხვევაში, უსამართლოა.
უარყოფითად მიმაჩნია სისტემის ცენტრალიზებული მართვის შენარჩუნება. არ გაზრდილა სკოლების ავტონომიურობა, არ შემცირდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უხეში ჩარევა სასკოლო ცხოვრებაში, არ მოხდა ფინანსური და საოპერაციო მმართველობის სკოლებისთვის დელეგირება. ცენტრალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ყველა კომპონენტს ეხება. ათასობით ადამიანი ჰყავს დაქირავებული სახელმწიფო უწყებას, რომ სკოლებამდე მიიტანოს დირექტივები, ბუნდოვანი და არასანდო საგანმანათლებლო ინიციატივები, შეამოწმოს და გააკონტროლოს სკოლაში მიმდინარე პროცესები. მაგალითად, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტრო იღებს კურიკულუმის დერეგულირების გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ ამ დერეგულირებას არ მოჰყვება მთელი ჩინოვნიკური ვერტიკალის დემონტაჟი, არ ვფიქრობ, რომ თუნდაც ეს კარგი ინიციატივები დადებით შედეგს მოიტანს.
სკოლების თვითმმართველობები სუსტია, სკოლებს პრაქტიკულად არ ჰყავს არჩეული დირექტორი (რაც ჩატარდა, შეუძლებელია ერქვას არჩევნები), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ხშირად იცვლება ბიუროკრატიის გაძლიერების სასარგებლოდ და საბჭოთა მოდელის ანალოგია. მისაღები გამოცდების მოდელი, რომელმაც უნივერსიტეტებში არსებული სამარცხვინო კორუფცია დაამარცხა მოძველებულია და, ჯერჯერობით, თვალსაწიერში არ ჩანს, რომ რაიმე შეიცვლება. განათლების სისტემის ძირეული ცვლილება, შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას: მას განთავისუფლება სჭირდება. მაგრამ არ არის არც პოლიტიკური ნება და არც ადამიანების კრიტიკული რაოდენობა, რომლებიც ცვლილებების მნიშვნელობას იაზრებენ და ითხოვენ. პოლიტიკური ნება კი მანამ არ იქნება, სანამ არ იქნება განათლების განთავისუფლების მოთხოვნა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება განათლება ზეპარტიული საკითხი. ზეპარტიულობა კი ნიშნავს, რომ პარტიების უმრავლესობა შეთანხმდება ძირითად პრინციპებზე და მიხვდება, რომ ცენტრალიზებული მართვა მას ძალაუფლების შენარჩუნებასა თუ მოპოვებაში ვერ ეხმარება. შეთანხმება საქართველოში ჭირს, ამიტომ, როგორც ყოველთვის, მღვრიე წყალში ხეირობს მედროვე და არა საქართველოს მომავალი თაობა.