⇑⇓ ანა აბულაძე
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ზედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
ახალგაზრდები უმნიშვნელოვანესი „ჭანჭიკები“ არიან ჩვენი მომავლისთვის. ძნელია, იყო ახალგაზრდა დღევანდელ რეალობაში. მართალია, დღეს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ადრე, მაგრამ ამ დიდ მიღწევასაც აქვს ბევრი უარყოფითი.
ხშირად პრობლემა ის არის, რომ პრობლემას ვერ ვხედავთ. ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი სირთულე და დაბრკოლება საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში ჩაურთველობაა. მაგრამ ამ რეფლექსს თავისი მიზეზებიც აქვს. ახალგაზრდების ჩაურთველობა, ძირითად შემთხვევაში, კომპლექსების გამო ხდება. საზოგადოება ვერ აანალიზებს, რომ საქმიანობები, რომლებსაც ახალგაზრდები ვეწევით, ჩვენი ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარეობს და ჩვენ მოგვწონს, საკუთარ თავს აქ ვპოულობთ და გვსიამოვნებს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ეს დამოკიდებულება კრიტიკის საგანი ხდება და საზოგადოება არ აღიარებს ჩვენს შესაძლებლობებსა და სურვილებს. უმეტესად, გვეშინია ვიყოთ ინდივიდუალები, განსხვავებულები და გვქონდეს დამოუკიდებელი აზრი. ბევრი მინახავს ისეთი ახალგაზრდა, რომელიც რაღაცას ამბობს ან აკეთებს, არა იმის გამო, რომ მართლა ასე უნდა, არამედ, უბრალოდ ეშინია, რომ სოციალურად სასურველი აღარ იქნება, საზოგადოება გარიყავს ან უბრალოდ დაცინვის ობიექტი გახდება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მოხალისეობა. მართალია, დღესდღეობით ამ სფეროს ღრმად აქვს ფეხი მოკიდებული ახალგაზრდებში და უფრო მეტი ახალგაზრდა არის ჩართული ამ საქმიანობაში, მაგრამ საზოგადოებისგან მაინც უარყოფითი რეპლიკები მოდის, რომ ეს უფასოდ მუშაობაა, რომ ეს ჩვენთვის თამაშია, რომ წიგნი უნდა ვიკითხოთ ამის ნაცვლად, რომ ტყუილად დროის კარგვაა მოხალისეობა… სწორედ ეს იწვევს ახალგაზრდებისგან სოციუმში ჩართვის უარყოფას. რეალურად, მოხალისეები და ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებაში.
დაბნეულობა, გაურკვევლობა და ბუნდოვანი მომავალი, ეს ისაა რაც, მგონი, მთელ ქვეყანას აწუხებს. XXI-ე საუკუნეა, ეს აღარ არის დრო, როცა ყველა ადამიანის მომავალი და მდგომარეობა დაგეგმილი და გათვალისწინებული უნდა იყოს, როცა პროფესიები მემკვიდრეობით გრძელდებოდა. დღეს ადამიანებმა თავად უნდა შექმნან საკუთარი მომავალი. უნდა ვაღიაროთ, რომ XXI-ე საუკუნის ახალგაზრდებს უფრო ფართო შესაძლებლობები და მიზნები გვაქვს, ამ მიზნებისთვის კი გვსურს დამოუკიდებლად ბრძოლა. გვირჩევნია, ვუშვებდეთ შეცდომას და ამ შეცდომის ხარჯზე ვსწავლობდეთ, ვიდრე სხვისი ნაკარნახევით ვმოქმედებდეთ, ვერ ვიღებდეთ სასურველ შედეგს და გვჭამდეს შინაგანად ფრაზა: „რომ არ დამეჯერებინა, იქნებ სხვაგვარად ყოფილიყო“. არ ვიცი, რატომ, მაგრამ განსხვავებული აზრის მიმართ ყოველთვის უარყოფით დამოკიდებულებას ვხედავ, ყველგან, ყოველთვის, ყველასთან.
საბოლოოდ, ახალგაზრდების აღიარების პრობლემა დღეს ერთმნიშვნელოვანია და ყველასათვის ნათელი. რა თქმა უნდა, საქართველოში ახალგაზრდას უჭირს, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მაგრამ ბოლომდე ვცდილობთ ამას. საზოგადოების ეს ნაწილი საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე და შეუპოვარი გრძნობის მატარებელია და მე მჯერა, რომ ოდესმე ქართველი ახალგაზრდა ამ ძირითადი პრობლემებისაგან გათავისუფლდება და შედარებით მარტივი ცხოვრებით შეძლებს ცხოვრებას. არ ვიცი, სხვას რამდენად, მაგრამ მე ხშირად მიგრძვნია, რომ ახალგაზრდებს ვერ გვიგებენ, არ გვაქვს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც ღრმა, სულიერ სამყაროში ჩვენზე უფროსი თაობა გაგვიგებს, ამიტომ ვერიდებით ჩვენი ნამდვილი სახის ჩვენებას და უკვე აღიარებული ნიღბების უკან ვიმალებით.
დღეს ეს ყველაფერი მამათა და შვილთა ბრძოლას ჰგავს. როცა მამათა თაობას ჰგონია, თვითონ არის საუკეთესო, შვილები კი საკუთარ თაობას ანიჭებენ უპირატესობას. ეს ყველა დროის პრობლემაა, მაგრამ საბოლოოდ, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ახალი ხედვითა და ახალი იდეებით ახალი თაობა საკმაოდ წინაა.