„სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი შედარებით ახალგაზრდა სასწავლო დაწესებულებაა და მოწადინებულები ვართ, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო სივრცეში. დაწესებულების ადმინისტრაციულ და აკადემიურ შემადგენლობას მკაფიოდ აქვს გააზრებული და განსაზღვრული უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების მისია, როლი და ადგილი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ საგანმანათლებლო სივრცეში და არ იშურებენ ძალისხმევას, რათა საგანმანათლებლო მომსახურების სერვისები წარმოდგენილი იყოს მაღალი კონკურენტუნარიანობის შესაბამისი ხარისხით.“ – გვესაუბრება სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის რექტორი გიორგი მაჩაბელი.
☑️🔘 ბატონო გიორგი, რას გვეტყვით სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმზე, როგორც უმაღლესი განათლების პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციაზე.
ჩვენი უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს. ზოგადად, დაწესებულების მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიანი და პროგრესულად მოაზროვნე კადრებით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების უზრუნველყოფა. მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით, კვალიფიციური აკადემიური კადრებითა და შესაბამის დონეზე ორგანიზებული სასწავლო თუ კურიკულუმს მიღმა პროცესებითა და აქტივობებით, ვცდილობთ, მოვიზიდოთ უცხოელი თუ ადგილობრივი აბიტურიენტები და სტუდენტები. მათ, ნაყოფიერი სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, შესაბამის გარემოსა და პირობებს ვთავაზობთ. მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბებით, ხელს ვუწყობთ მათ პიროვნულ, შემეცნებით და პროფესიულ განვითარებას.
უნივერსიტეტი, ძირითადად, კონცენტრირებულია მედიცინის, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებების კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. სწავლება სხვადასხვა ენაზე მიმდინარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს, აქტიურად მოვიზიდოთ და ჩავრთოთ სასწავლო პროცესში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტი თუ აკადემიური პერსონალი. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელი აცნობიერებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გადამწყვეტ მნიშვნელობას როგორც სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტის წარმატებისთვის და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის. პროგრამების დაგეგმვა შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით ხორციელდება, რათა შემუშავებული პროგრამები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლების, ასევე, სტუდენტებისა და აბიტურიენტების მოთხოვნებს, რაც, ვფიქრობთ, ერთ-ერთი კარგი პრაქტიკაა.
☑️🔘 რა კონკრეტული უპირატესობები აქვს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმს; რატომ უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა არჩევანი ამ უნივერსიტეტზე და არა სხვაზე?
დღევანდელი შრომის ბაზარი მოთხოვნების სწრაფი ცვლილებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისება ცვალებად გარემოში მყისიერი ადაპტირების უნარი უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა მოქნილი, ცვალებად საჭიროებებზე მორგებული უმაღლესი განათლების სისტემა. ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს და ვუპასუხოთ პროცესის თანმდევ გამოწვევებს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო წლებში, მილენიუმმა რეორგანიზაციის არაერთი პროცესი გაიარა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მათ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს ვთავაზობთ, ასევე, სათანადოდ ადაპტირებულ გარემოსა და რესურსებს; უნივერსიტეტში დაცულია თითოეული სტუდენტის უფლებები და კანონიერი ინტერესები, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო მასალებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით; ხორციელდება სტუდენტური პროექტები; სასწავლო დაწესებულება ზრუნავს მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე. უნივერსიტეტი სტუდენტებს, ხარისხიანი განათლების მისაღებად, სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისებს სთავაზობს.
სასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, შესთავაზოს მრავალფეროვანი სერვისები, იზრუნოს მათ პიროვნულ განვითარებაზე. დაწესებულებაში განხორციელებული ცვლილებებიც სტუდენტური სერვისების კიდევ უფრო გაძლიერება-განვითარებისკენაა მიმართული.
☑️🔘 რას სთავაზობს თქვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს ინტერნაციონალიზაციისა და კარიერული განვითარების კუთხით?
საგანმანათლებლო სფეროში არსებული ახალი გამოწვევების დასაძლევად განათლების ინტერნაციონალიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ ფონზე, ჩვენი უნივერსიტეტი უფრო მეტად აღრმავებს საერთაშორისო თანამშრომლობას და ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი 21-ე საუკუნის სტუდენტზე ორიენტირებული მიმზიდველი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.
მილენიუმის არსებობის ხანმოკლე პერიოდში მოხერხდა პარტნიორების — ამერიკის, ევროპისა და აზიის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრების მხარდაჭერის მოპოვება და, მათთან პარტნიორობით, სწავლისა და სწავლების სრულიად ახალი პლატფორმის ჩამოყალიბება. უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროგრამებში, რაც ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესს და უნივერსიტეტის შესახებ ცნობადობის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე; წახალისებულია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მონაწილეობა. უცხოელი სტუდენტების მოზიდვით და მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბებით, უნივერსიტეტს მოკრძალებული წვლილი შეაქვს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო მობილობის პროცესების განვითარებაში.
როგორც უკვე აღვნიშნე, სტუდენტებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა ენაზე, რაც შესანიშნავი საშუალებაა არა მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ ადგილობრივი სტუდენტების საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის მოსამზადებლად. სასწავლებელში უკვე არსებობს წარმატებული საერთაშორისო ურთიერთობების სოლიდური გამოცდილება, რაც საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის სწორი მექანიზმების დანერგვა-გაუმჯობესების უდავო შედეგია.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარებისა და უწყვეტი განათლების ქვედანაყოფი, სადაც სტუდენტები შესაბამის მომსახურებას, კონსულტაციას და მხარდაჭერას იღებენ პროფესიული უნარების ჩამოყალიბება-განმტკიცების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ქვედანაყოფი ხელს უწყობს სტუდენტებს დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში, აცნობს მათ შრომის ბაზრის დინამიკას დასაქმების პერსპექტივისთვის, უწევს კონსულტაციებს შრომის ბაზრის მიმდინარე თუ სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით, ეხმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში, საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, თემატური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
☑️🔘 დაფინანსების რა სისტემა მოქმედებს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმში?
უნივერსიტეტი კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ფუნქციონირებს და მისი ძირითადი შემოსავალი სტუდენტების სწავლის გადასახადია. თუმცა, სტუდენტთა გარკვეული ჯგუფებისთვის (სოციალურად დაუცველი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და სხვა) საშეღავათო პოლიტიკა გვაქვს. განსაზღვრულია სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების კატეგორია, მათთვის მხარდამჭერი სოციალური პროგრამები და დახმარების მექანიზმები: სწავლის საფასურის შემცირება; სწავლის საფასურისგან გათავისუფლება; სწავლის საფასურის გადახდის გადავადება; დასაქმების ხელშეწყობა და სხვა ღონისძიებები, რაც სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
უნივერსიტეტს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების წესი, რომლის მიზანია მათთვის ამ პროცესის ეფექტიანად, უწყვეტად და ხარისხიანად წარმართვის უზრუნველყოფა.
სტუდენტთა მხარდასაჭერად, განსაზღვრული გვაქვს სტიპენდიის სახეები, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების პროცედურები და პირობები.
ესაუბრა ლალი ჯელაძე