ნაწილი პირველი
გამოწვევებით სავსე საგამოცდო წელი – 2021 წლის შეფასება
– ქალბატონო სოფო, ინტერვიუ დავიწყოთ 2021 წლის შეფასებით – პანდემიის პირობებში საკმაოდ რთული პერიოდი გაიარეთ, თუმცა რეგულაციების ფონზე გამოცდების ჩატარების უკვე ორწლიანი გამოცდილება გაქვთ. შევაჯამოთ წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები – როგორ წარიმართა და რა იყო ყველაზე დიდი სირთულე ამ პროცესში.
– როგორც წელს, ისე შარშან გამოცდები პანდემიის პირობებში ჩავატარეთ, მაგრამ წელს კიდევ განსხვავებული სიტუაცია გვქონდა, რადგან პანდემია უფრო რთულ ფაზაში იყო 2020 წლის ზაფხულთან შედარებით. პანდემიის დასაწყისში ინფიცირებული აპლიკანტების საკითხთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, უპრეცედენტო გამოსავალი მოიძებნა – გადაწყდა, ერთეული ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის გამოცდა კლინიკაში ჩაგვეტარებინა. სიმართლე გითხრათ, მართლა არ მსმენია სადმე მსგავსი შემთხვევის შესახებ. ამიტომაც ვამბობ, რომ მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენც გვქონდა ამის შესაძლებლობა და მზაობა. წელს ასეთი მიდგომა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არა ერთეული შემთხვევები, არამედ ასობით ინფიცირებული გამოსაცდელი გვყავდა. თავისთავად, ეს ძალიან პრობლემატური იყო, ამიტომ გადაჭრის განსხვავებული გზა უნდა მოგვეძებნა და ეს გახლდათ დამატებითი სესიების დანიშვნა, რამაც კიდევ უფრო გაახანგრძლივა საგამოცდო პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, რადგან დამატებითი სესიის დანიშვნა თითქმის ყველა საგანში დაგვჭირდა.
წლევანდელი გამოცდების ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ეს იყო – საგამოცდო პროცესი ორჯერ უნდა გაგვევლო და თან შედეგები არ დაგვეგვიანებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეულწილად, უნივერსიტეტებს შევუქმნიდით პრობლემებს – ჩარიცხვები დაგვიანდებოდა. მართლა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, შესაბამისად, პროცესი ძალიან შრომატევადი და ამავდროულად სტრესული იყო. აქედან გამომდინარე, წლევანდელი საგამოცდო პერიოდი გამოწვევებით იყო სავსე. ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ამ პროცესებში ჩართული ყველა პირისთვის. რა თქმა უნდა, მუდმივი კოორდინაცია გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან. თავიდანვე ვიცოდით, რომ დამატებითი სესიებისთვის უნდა მოვმზადებულიყავით, თუმცა არ ვიცოდით, თითოეულ ჯერზე, რამდენი აპლიკანტი გვეყოლებოდა ინფიცირებული და რამდენი აბიტურიენტისთვის უნდა დაგვენიშნა დამატებითი სესია. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა სცენარისთვის მოვემზადეთ. გარკვეული საკითხების გადაწყვეტა, ცხადია, თავად პროცესის მიმდინარეობისას ხდებოდა. შესაბამის უწყებებთან, მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ყოველდღიურად, ზოგჯერ ღამის საათებშიც კი გვქონდა კონტაქტი. ვიღებდით თითოეული აპლიკანტის შესახებ ინფორმაციას, ვისი დაშვება არ შეიძლებოდა, ან ვისთვის უნდა მიგვეცა საშუალება, 14 დღის შემდეგ გამოსულიყო გამოცდაზე. ამის შემდეგ ვიწყებდით აბიტურიენტების ინფორმირებას, რომ მათ მიეცემოდათ საშუალება, ჩაებარებინათ შესაბამისი გამოცდა დამატებით სესიებზე. როგორც გითხარით, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დაძაბულობის ფონზე ჩაიარა, მაგრამ შედეგი გამოიღო, როგორიც გვინდოდა – მშვიდობით დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რაც მთავარია, ყველა იმ აპლიკანტს, რომელსაც გამოცდის დღეს დადასტურებული ჰქონდა კოვიდ-19, საშუალება მიეცა, არ დარჩენილიყო პროცესს მიღმა – ამ მთავარ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ.
– საერთო ჯამში, რამდენი აპლიკანტისთვის ჩატარდა დამატებითი სესიები?
– 600-ზე მეტი აპლიკანტი გამოვიდა დამატებით სესიაზე და ამ რიცხვში შედიან როგორც აბიტურიენტები, ისე მასწავლებლები, მასწავლებლობისა და მაგისტრობის მსურველები, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები. მოგეხსენებათ, რომ გამოცდების დასაწყისში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა პანდემიის პროცესი, ზაფხულის ბოლოსკენ კი ვითარება უფრო გართულდა და შესაბამისად, ამ კუთხით, ბოლო დღეები ძალიან რთულად წარიმართა, ბევრად მეტი ინფიცირებული აპლიკანტი იყო. მაგისტრებისთვის გამოცდა ბოლოს ჩატარდა და გაცილებით მეტი ინფიცირებული მაგისტრობის მსურველი დაფიქსირდა, ვიდრე აბიტურიენტი.
– ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა თუ შეძლეს წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართვა?
– როგორც იცით, მათთვის ჩარიცხვის განსხვავებული წესი მოქმედებს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს (ეს გულისხმობს მათ ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე). ამას წელს ისიც დაემატა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედარებით გვიან ჰქონდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
– ქალბატონო სოფო, წელს აბიტურიენტებთან შეხვედრის ფორმატიც შეიცვალა და ღია კარის დღეები ონლაინ ფორმატში წარიმართა.
– აბიტურიენტებთან პირისპირ შეხვედრები ჩვენთვის ყოველთვის წინასაგამოცდო პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებოდით. დამეთანხმებით, რომ ცოცხალ კომუნიკაციას არაფერი სჯობს, თუმცა ამჯერად, პანდემიიდან გამომდინარე, გამოსაცდელებთან ურთიერთობის ეს ფორმა გამოვნახეთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან გაამართლა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ რეგიონები. იმისათვის, რომ შეხვედრები არ ყოფილიყო ძალიან გადატვირთული და ყველა აბიტურიენტისგან მიგვეღო კითხვები, სკოლებს ჯგუფებად ვიწვევდით. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდების პროცესში ჩართული იყო რესურსცენტრებიც და ყველა საკომუნიკაციო არხს ვიყენებდით აბიტურიენტებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი მაინც არ იყო ინფორმირებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ უკვე წლევანდელ აბიტურიენტებს, თვალყური ადევნონ ცენტრის აქტივობებს და გამოიყენონ ონლაინ ღია კარის დღეებზე დასწრების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული შეხვედრის დასრულების შემდეგ მზადდებოდა და ქვეყნდებოდა ჩვენს ვებ და ფეისბუკ გვერდებზე ხშირად დასმული კითხვები. ბოლოს 100 ყველაზე აქტუალურ კითხვაზეც გამოვაქვეყნეთ პასუხი.
– საინტერესოა, შედეგების თვალსაზრისით თუ დატოვა კვალი „პანდემიის განათლების პერიოდმა“? მცირე სტატისტიკური ანალიზი რომ გავაკეთოთ – წელს რომელი ფაკულტეტი იყო ყველაზე მოთხოვნადი ან რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი?
– როგორც წესი, დიდი განსხვავება ჩარიცხულთა პროცენტულობის მიხედვით არც წელს გვაქვს – რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% ჩაირიცხა, გასულ წელს კი – 75%. ასე რომ, სურათი დიდად არ შეცვლილა. არც საგნების მიხედვით არის არსებითი სხვაობა. რაც შეეხება პოპულარულ მიმართულებებს, წელსაც ისევე, როგორც წლების განმავლობაში, ჯანდაცვა და სამართალი ლიდერობს – საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. ასევე მოთხოვნადია ფსიქოლოგიისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებები. წელს თვალშისაცემი იყო მოთხოვნა ვეტერინარიაზეც, ასევე კომპიუტერულ მეცნიერებებზე, გრაფიკულ დიზაინზე, საშემსრულებლო შემოქმედებით პროგრამაზე. შარშან, მაგალითად, გამორჩეულად დიდი კონკურსი იყო მეღვინეობაზე. ასე რომ, თანდათან ახალ მიმართულებებზეც იზრდება მოთხოვნა.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომელ მიმართულებაზე უჭირთ აბიტურიენტებს ყველაზე მეტად გამოცდის წარმატებით ჩაბარება, თუ აბიტურიენტთა იმ რაოდენობით ვიმსჯელებთ, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (ეს არც სკოლებისთვის იქნება გასაკვირი). თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. წელს ზღვრის გადალახვა აბიტურიენტებს გეოგრაფიაში გაუჭირდათ.
ნაწილი მეორე
ცვლილებები
– ცნობილია 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეების შესახებ – საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის მეტი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. ცვლილება შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის საგამოცდო ტესტების ფორმატს. პირველ რიგში, რამ განაპირობა მესამე სავალდებულო საგნის ჩამონათვალის გაფართოება?
– რამდენიმე წლის წინ, როცა სამინისტრომ გარკვეული ცვლილებები შეიტანა საგამოცდო ფორმატში, მათგან ერთ-ერთი სავალდებულო საგნების რაოდენობის შეცვლა იყო. როგორც მოგეხსენებათ, ოთხიდან სამ საგანზე უნდა დასულიყო, ჯანდაცვის მიმართულების გარდა. ცვლილების თანახმად, სამ სავალდებულო საგნად დადგინდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მიმართულების მიხედვით, ისტორია ან მათემატიკა. მესამე საგანი მიმართულებების მიხედვით იქიდან გამომდინარე განისაზღვრა, რომ მათემატიკა უფრო რელევანტურად ჩაითვალა ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებებისათვის, ხოლო ისტორია – ყველა დანარჩენი მიმართულებისთვის. ალბათ გახსოვთ, მაშინვე ითქვა, რომ ეს მოდელი შემდეგ დაზუსტდებოდა. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი: პირველი – მესამე საგანი მხოლოდ მათემატიკა დარჩენილიყო (სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაშია ასეთი მოდელი, ჩასაბარებლად განსაზღვრულია სამი ძირითადი საგანი – მშობლიური ენა, უცხოური ენა და მათემატიკა); მეორე – მესამე საგანი უფრო რელევანტური გამხდარიყო იმ სპეციალობისა, რომელზეც აბარებს აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში კი, სამინისტროს ხელმძღვანელობით (მინისტრის მოადგილე გახლდათ კომისიის ხელმძღვანელი), შეიქმნა ჯგუფი, რომელიც გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემდა, თუ როგორ დაზუსტებულიყო არსებული მოდელი. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი იქნებოდა გაფართოებულიყო მესამე რელევანტური საგნების ნუსხა და აბიტურიენტებს მათემატიკისა და ისტორიის გარდა, მესამე სავალდებულო საგნის მეტი არჩევანი ჰქონოდათ. მაგალითად, თუ აბიტურიენტი ფიზიკის პროგრამაზე აბარებს, მას შეუძლია, მათემატიკის გარდა, ფიზიკაც აირჩიოს. კომისიამ საგნების ნუსხის გაფართოებაზე იმუშავა და უნივერსიტეტებს წარუდგინა. მათ სავარაუდო არჩევანი გააკეთეს, რაც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შესაბამისად, აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ კონკრეტული მიმართულების მესამე საგნად, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, რომელი საგნებია შეთავაზებული.
– ქართულისა და გეოგრაფიის ტესტის ცვლილებაზეც რომ გვითხრათ – ქართულის ტესტის ცვლილებამ გაურკვევლობაც კი გამოიწვია როგორც მასწავლებლებში, ისე აბიტურიენტებში. მუდმივად ისმის კითხვა: ცვლილების თანახმად, გამარტივდა თუ გართულდა ქართულის ტესტი?
– როცა ტესტის ფორმატი წლების განმავლობაში არ იცვლება, ის უკვე იშტამპება, მარტივად დასწავლადი და პროგნოზირებადი ხდება, შესაბამისად, პერიოდულად ცვლილებები აუცილებელია. სწორედ ამიტომ ვცვლით ხოლმე სხვადასხვა ტესტის ფორმატს. ამ შემთხვევაში შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის ფორმატი. რაც შეეხება იმას, გამარტივდა თუ გართულდა ტესტი, ამის შესახებ სპეციალისტებმა უკვე ისაუბრეს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ორი წერითი დავალების ნაცვლად, ახლა აბიტურიენტს ერთის შესრულება მოუწევს და საგამოცდო დრო, 3.45 წთ-ის ნაცვლად, 3 საათი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ აბიტურიენტისთვის გამოცდა ნაკლებად სტრესული იქნება და იგი ნაკლებ დროში შეასრულებს დავალებას. თუ ამ კუთხით მივუდგებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გამარტივდა კიდეც. მაგრამ, მეორე მხრივ, იმ უნარებს, რომელთა გამოცდა და შემოწმებაა აუცილებელი, ტესტის ეს ფორმატი ისევ შეამოწმებს ამ დავალებების ფარგლებშიც. კვლავ სამი დავალებაა: ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და ერთი წერითი დავალება, ორის ნაცვლად. ცხადია, ჩვენ არც ერთი ცვლილება არ შეგვაქვს ისე, რომ საცდელი ტესტირება არ ჩავატაროთ და ანალიზი არ გავაკეთოთ იმისა, რაც მომდევნო გამოცდებზე უნდა დავგეგმოთ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ჩატარდა საცდელი ტესტირება, შედეგები გავაანალიზეთ და სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ცვლილება მისაღები იყო. სხვათა შორის, მცირე ცვლილებები შარშანაც გვქონდა – რამდენიმე საგანში შევამცირეთ ტესტის ხანგრძლივობა. ქართულის ტესტის ცვლილებაც მზად გვქონდა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, საჭირო რაოდენობის საცდელი ტესტირების ჩატარება ვერ მოხერხდა. ამის გამო აბიტურიენტებს, აპრობაციის გარეშე, გამოუცდელი ტესტი არ შევთავაზეთ. ახლა მოდელი უკვე გამოცდილია და ვფიქრობთ, ერთი მხრივ, აბიტურიენტებისთვის ტესტზე მუშაობა გაცილებით კომფორტული იქნება და მეორე მხრივ, სახეცვლილი ტესტით კვლავ შევძლებთ იმ უნარების შემოწმებას, რომლებიც გვინდა, რომ შემოწმდეს.
რაც შეეხება გეოგრაფიის ტესტს, მართლაც მინიმალური ცვლილებაა, მაგრამ რადგან აბიტურიენტებს ყველა დეტალი აინტერესებთ, გეტყვით, რომ 2022 წელს მხოლოდ ერთ ქულაში იქნება განსხვავება, ანუ მაქსიმალური ქულის რაოდენობა ერთით ნაკლებია. ასევე გამოცდაზე რუკებს აღარ დავარიგებთ, რადგან ელექტრონულ ბუკლეტში იქნება მოცემული. რეალურად დიდი განსხვავება არ არის, ტესტური დავალებები სხვადასხვა ქულიანი გახდა.
– ქალბატონო სოფო, რადგან ცვლილებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, განიხილება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების მასშტაბური ცვლილება უახლოეს პერიოდში?
– ზოგადად რამდენიმე წელია მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა უნდა შეიცვალოს. ცვლილებები, რომლებზეც ვისაუბრეთ, არ არის მასშტაბური, რადგან რეალურად ერთი საგნის დამატება ან გამოკლება სურათს მნიშვნელოვნად არ ცვლის. ფორმატი კი – მკაცრად ცენტრალიზებული გამოცდა – იგივე რჩება. ცვლილების საჭიროებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიდის. უკეთესი იქნებოდა, რომ სისტემა მკაცრად ცენტრალიზებული არ იყოს და ჩარიცხვებისას უნივერსიტეტებს მეტი ავტონომია ჰქონდეთ; მიღებისათვის ერთადერთი შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ ეს კომპონენტი – გამოცდის ქულა – არ იყოს, სხვა ტიპის შეფასებებიც იქნას გამოყენებული უნივერსიტეტების მხრიდან. თავისთავად, პოზიტიური ნაბიჯი იქნება, თუ სამომავლოდ კრიტერიუმები უფრო მრავალფეროვანი იქნება და უნივერსიტეტებს მეტი ავტონომია მიეცემათ აბიტურიენტების მიღების პროცესში. თუმცა ეს მარტივი არ არის და ძალიან ბევრ ცვლილებას მოითხოვს სხვადასხვა მიმართულებით. თუნდაც, ერთ-ერთი ცვლილება, რაც საჭიროა ასეთი სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაში, არის დაფინანსების მოდელის შეცვლა. იცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. ვიტყოდი, რომ ასეთი მასშტაბური ცვლილება ერთიან ეროვნულ გამოცდებში გარდაუვალი იქნება, მაგრამ ეს უახლოესი მომავლის საკითხი არ არის.
ნაწილი მესამე
სხვა პროექტები
– სხვა პროექტებზეც ვისაუბროთ, რომლებსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. 5 ნოემბერს მოსწავლეთა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა. თუ შეიძლება, მოკლედ გვითხარით ოლიმპიადის მიზნების შესახებ და სად გავყავართ საბოლოო შედეგებს. როგორც ვიცი, ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებშიც ერთვებიან.
– ოლიმპიადა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების წასახალისებლად ტარდება – მთავარი მიზანია, თითოეულ საგანში გავუღრმაოთ ინტერესი. რასაკვირველია, საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობაც საყურადღებოა, თუმცა, შეიძლება საერთაშორისო ოლიმპიადა ყველა საგანში არ ტარდებოდეს (მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში). მიუხედავად ამისა, მოსწავლეების წახალისება და დაჯილდოება, ზოგადად, სასწავლო პროცესსაც აჯანსაღებს და მათ ინტერესსა და მოტივაციასაც ზრდის. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მონაწილეობა, რეგისტრაცია 26 ნოემბრის ჩათვლით გასტანს. უბრალოდ გაითვალისწინონ, რომ ბავშვები თვითონ ვერ დარეგისტრირდებიან. მსურველებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ, ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი განაცხადონ და სკოლის ადმინისტრაცია მათ დაარეგისტრირებს.
რაც შეეხება საერთაშორისო ოლიმპიადებს, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, ნაწილი საერთოდ გადაიდო, გარკვეული მიმართულებებით კი, მაინც ჩატარდა ელექტრონულად. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა არაერთ ოლიმპიადაზე გვასახელეს. იმედია, წელსაც მიიღებენ მონაწილეობას და კარგ შედეგებსაც აჩვენებენ.
– გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ დაიწყო 2021 წლის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) ძირითადი საველე სამუშაოები. როგორ მიმდინარეობს პროცესი?
– მოგეხსენებათ, PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა და მეოთხეკლასელების ცოდნასა და უნარებს იკვლევს, ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს. ამჯერად მეხუთეკლასელებში დავიწყეთ კვლევა, რადგან გაზაფხულზე, პანდემიის გამო, შეფერხდა პროცესი და მაშინდელ მეოთხეკლასელებთან ეს ვერ შევძელით. ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, სკოლების დიდ ნაწილში დაგვეწყო საველე სამუშაოები, მაგრამ გარკვეულ ნაწილში, სადაც პანდემიის გამო დახურულია კონკრეტული კლასები ან მთლიანად სკოლა, ჯერჯერობით ვერ შევძელით. ამიტომ საველე სამუშაოები არ დაგვისრულებია. მართალია, მოსწავლე კომპიუტერზე ასრულებს დავალებას, მაგრამ ის აუცილებლად სკოლაში უნდა იყოს და იქ შეასრულოს ტესტი. ბუნებრივია, ველოდებით დროებით დახურული სკოლების თუ კლასების გახსნას, რომ პროცესი დავასრულოთ.
– აუცილებლად მინდა გკითხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე – „შეფასება განვითარებისთვის“, რომლის დაწყება გაზაფხულზე პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა, როგორც ცნობილია, საცდელი ტესტირების ჩატარება შეძელით. რა აჩვენა პილოტმა და როგორია პროექტის სამომავლო გეგმები?
– ამ პროექტის განხორციელებას პანდემიის გამო ნამდვილად ჰქონდა გარკვეული შეფერხება, რადგან ტესტირების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სკოლაში იყვნენ. რაც შეეხება პილოტს, ორი მიმართულება გვაინტერესებდა: პირველ რიგში, ტექნიკური მიმართულება, რადგან სრულად ელექტრონულია ეს პროცესი, ანუ მოსწავლეები დავალებებს კომპიუტერზე ასრულებენ და მეორე – შინაარსობრივი მხარე, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ამ ტიპის შეფასებას ახლავს. ეს არის გარკვეული ფორმის ანგარიში, რომელსაც მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და დირექტორი იღებს ჩვენგან. მასში წარმოდგენილია ბავშვის მიღწევების დეტალური აღწერა, მაგალითად, რა მიმართულებით გაუჭირდა, რა ტიპის დავალებები ამოხსნა კარგად, რა ადგილი უჭირავს კლასთან მიმართებაში ან, ზოგადად, ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით. ეს ანგარიშები უკვე წარვუდგინეთ სკოლებსა და მშობლებს და მათგან უკუკავშირს ვიღებთ – მისაღებია თუ არა ანგარიშის ასეთი ფორმა, ბევრი ინფორმაციაა მოცემული თუ პირიქით, მეტი ინფორმაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ დაეხმარონ შვილს ან მოსწავლეს სწავლა-სწავლების გაუმჯობესებაში. რეალურად ამ პროექტის მიზანიც ხომ ეს არის, შეფასება იმისთვის ტარდება, რომ სკოლას, მასწავლებელს, მშობელსა და ბავშვს დაეხმაროს იმის დანახვაში, რა ეტაპზეა მოსწავლე და რისი გაუმჯობესება სჭირდება. სკოლასაც სწორედ ამას ვეკითხებით, რამდენად მისაღებია დაგეგმილი ანგარიშების მოდულები, რის შეცვლას ისურვებდნენ ან რა დამატებითი ინფორმაციის მიღება სურთ. ვეცდებით, საბოლოო უკუკავშირის შედეგად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ფორმატი, რომლითაც მასშტაბურ შეფასებას ჩავატარებთ. ამ ეტაპზე შეფასება ორ საგანში ჩატარდა – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში, დაწყებით კლასებში.
– დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ბევრი მასწავლებლისთვის საინტერესო კითხვა დაგისვათ – პედაგოგთა დიდი ნაწილი ელოდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდას. როგორც ცნობილია, გამოცდები თქვენმა ცენტრმა უნდა მოამზადოს, შემდეგ გაიაროს პილოტი და ბოლოს მასშტაბურად ჩატარდეს. როდის შეძლებენ მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას?
– კანონმდებლობით გვევალება, რომ ეს გამოცდა 2022 წელს ჩავატაროთ. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი სწორედ იმისთვის მუშაობს, რომ მომავალი წლის ზაფხულში, როცა სხვა გამოცდებთან ერთად, ეს გამოცდაც ჩატარდეს. შესაბამისად, წლის ბოლომდე, გარკვეული მონახაზიც გვექნება მასწავლებლებისთვის, როგორი იქნება გამოცდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ვეყრდნობით, სადაც წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის დამატებითი კომპეტენციებია განსაზღვრული, ამიტომ გამოცდის მომზადება ამ სტანდარტზე დაყრდნობითა და იმ ლიტერატურის საფუძველზე დავიწყეთ, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მოგვაწოდა. წლის ბოლოსათვის უკვე შევძლებთ, რომ უფრო მეტი დეტალი იყოს ცნობილი იმ მასწავლებლებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ გამოცდის შესახებ ინფორმაცია. 2022 წლისთვის ამ გამოცდაზე დარეგისტრირებას ნებისმიერი ის მსურველი შეძლებს, რომელსაც კანონმდებლობით ექნება გამოცდაზე გასვლის უფლება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე