21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რა მაცდურია მზით სავსე დღე… მაგრამ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი სხვა რამ არსებობს სამყაროში?!

spot_img

ნინო აბულაძე, თბილისის №43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი,  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის“ ფინალისტი:

პირველ რიგში, ყველას ვეტყვი, #დარჩით სახლში და ერთად ვიფიქროთ, როგორ შევუმსუბუქოთ ერთმანეთს დღეს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ხვალ ჩვენ მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ ერთმანეთი. აქვე გეტყვით იმას, რასაც მუდამ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს – მოდით, ვისწავლოთ შეცდომებზე, გავიზიაროთ სხვისი გამოცდილება, კარგად გავაანალიზოთ შექმნილი საფრთხე და დავფიქრდეთ – ჩვენი დღევანდელი სახლში ყოფნით რამდენ ადამიანს დავიცავთ იმ საშიშროებისაგან, რაც უხილავ მტერს ჰგავს – ყველაზე ეფექტური ხსნა სოციალური დისტანცია და სახლში დარჩენაა.

მესმის, რა ძნელია მხოლოდ აივნიდან, ფანჯრიდან გაზაფხულის სურნელის შეგრძნება. გასაგებია, რა მაცდურია მზით სავსე დღე; ისიც წარმომიდგენია, როგორ ეკამათებით უხილავ მტერს (ქალბატონს ან ბატონს) კორონავირუსს, რომელმაც საზღვრები შემოგიხაზათ. ამიტომ, მოდით, ერთად ვიფიქროთ, როგორ შემოვიყვანოთ გაზაფხული ჩვენს სახლებში.

ადამიანებს დღეს უჭირთ რეალურად გაიაზრონ საშიშროება; ეს ხომ ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული?! მაგრამ განა სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი სხვა რამ არსებობს სამყაროში?! დღეს კი, ჩვენ ამ ქვეყნის ის ჯარისკაცები ვართ, ვირუსს წინ რომ გადაუდგება სახლში იზოლაციით და თავისუფლად სტუმრობის უფლებას რომ არ მისცემს კორონავირუსს!

აბა, წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, განვმარტოვდეთ ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენს მყუდრო ბინებში და ვიფიქროთ იმ იდეების განხორცილებაზე, გუშინ დროის არქონის გამო რომ ვერ ვახორციელებდით?!

მოდით, გავიხსენოთ, რამდენჯერ გვითამაშია ბინაში, თუნდაც მაგიდის ქვეშ მოწყობილ სამეფოში, მოგვირგია როლები სხვადასხვა გმირებისა. საიდან ჩნდებოდნენ გმირები? ჩვენი წიგნებიდან, ფილმებიდან, მოყოლილი ზღაპრებიდან, ანიმაციებიდან.

გადმოვალაგოთ ის წიგნები, რომლებსაც ერთად წაიკითხავთ, მოვიმარაგოთ ფერადი ფანქრები და სახატავი ფურცლები, რომლის დახმარებითაც ფერებში ერთად გააცოცხლებთ თქვენს წარმოდგენებს. არ გამოგივათ, მერე რა, ერთად იხალისებთ. დადგით საოჯახო სპექტაკლები; ჩართეთ ყველა ოჯახის წევრი – გააცოცხლეთ ისტორიული მოვლენები, იმოგზაურეთ უცხო ქვეყნებში.

რამდენი საინტერესო ფილმია?! უყურეთ, ისაუბრეთ, იმსჯელეთ – ეს ხომ უკვე ანალიტიკური აზროვნებაა!

მე სახლში ვარ, ვფიქრობ თქვენზე, ვაწყობ სასწავლო რესურსებს, ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს, ვკითხულობ ბევრს, ვმეცადინეობ უცხო ენაში, ვეცნობი ინფორმაციას, ბევრს ვსაუბრობ ოჯახის წევრებთან, ყველას მოვიკითხავ შორიდან, ვიცავ დისტანციას, აივნიდან ვესაუბრები გაზაფხულს და შემომყავს მზიანი დღეები და იმედი ჩემს ცხოვრებაშიც. ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და ევბრძვი მონატრებას. მე ვიცი, თუ დღეს ჩვენ შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ყოველ დღე ვისმენთ ტელეარხებიდან, აუცილებლად შევძლებთ უხილავი მტრის დამარცხებას.

#დარჩით სახლში თქვენც; #ესეცგაივლის!

თქვენი ნინო მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები