28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სახლი საიმედო თავშესაფარია მაშინ, როცა გარეთ საფრთხე გველოდება

spot_img

მაია მენაბდე, ბათუმის №3 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „შპს განათლება“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის ფინალისტი

#დარჩისახლში
ამ კორონობის ჟამს გამუდმებით მაქვს განცდა, რომ საოცარი ისტორიული მოვლენის მომსწრენი აღმოვჩნდით. მოვლენის, რომლის მსგავსი არ ახსოვს არც ჩემს მშობლებს, არც ბებია-ბაბუებს, მაგრამ კაცობრიობას ახსოვს. არაერთი.
ამას ვეუბნები ჩემს მოსწავლეებსაც. ძალიან მინდა, გააცნობიერონ, რამდენად უჩვეულო ამბის თანამონაწილენი არიან. ვფიქრობ, ამის გაცნობიერება ბევრ რამეში დაეხმარებათ.
ამ ჟამის უჩვეულობა იმით გამოიხატება, რომ არის ურთულესი, მაგრამ აქვს თავისი დადებითი მხარეებიც. ამიტომ ჩვენი გონება, ძალისხმევა, ინტერესები ამ კარგისკენ უნდა მივმართოთ.
ყველაზე უცნაურ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ბავშვები, რომ დადგებოდა დრო, როცა სკოლაში არ ივლიდნენ, სახლში ჩაუტარდებოდათ გაკვეთილები და თანაც საკუთარი თავისთვის, ინტერესებისთვისაც ბევრი დრო დარჩებოდათ… როცა მშობლები არ იქნებოდნენ სამსახურში გასაქცევი და ოჯახის ყველა წევრს ექნებოდა საშუალება, ერთმანეთისთვის მაქსიმალური დრო დაეთმო.
ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ, შექმნან დღიურები, რომლებშიც ჩაიწერენ ამ უჩვეულო არდადეგების ყველა განცდას, ფიქრს, კარჩაკეტილობის რთულსა და ემოციურ თავგადასავალს. ეს დღიურები ისტორიას დარჩება.
ძალიან მინდა, ნათლად დაინახონ, რომ ეს ის უჩვეულო დროა, როცა გარემო, სხვა ადამიანები კი არ ქმნიან ჩვენს დღეს, არამედ ჩვენ თვითონ ვქმით მას და ჩვენს მონდომებაზე, ნებისყოფაზე, ფანტაზიაზეა დამოკიდებული, როგორი დღე გვექნება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი და ამიტომაც სჭირდებათ ბავშვებს ჩვენი, მასწავლებლებისა და მშობლების, დახმარება.
ყოველთვის ვთვლიდი, რომ მასწავლებლობა რთული პროფესიაა და ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი, რადგან ასჯერ უფრო გართულდა. სიახლეებისთვის ფეხის აწყობა ჩვენი პროფესიის განმსაზღვრელია და ახლაც უნდა ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ შორიდან, დისტანციურად.
დისტანციური სწავლება კი რამდენიმე ასპექტს მოიცავს: მოსწავლეების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული რესურსების შექმნა; ტექნოლოგიების საინტერესო მხარეების ათვისება და მიზანმიმართულად გამოყენება; მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება.
გაასმაგებულია მშობლების პასუხისმგებლობაც – ამ სტრესულ, საზრუნავმომატებულ, მომავლის შიშით გაჯერებულ გარემოში მათ უწევთ, სწავლა-სწავლების უშუალო თანამონაწილენი გახდნენ. ამჯერად ისინი არიან ამ პროცესის არა უბრალოდ დამკვირვებელნი, არამედ ხელშემწყობნი. თან უდიდესი სიფრთხილეც მართებთ, რათა მეტისმეტი ჩარევით დათვური სამსახური არ გაუწიონ შვილებს.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გამოწვევა ახლა სახლში იყრის თავს.
სახლი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ადამიანისთვის. ადგილი, რომელმაც თავისი ფუნქცია დაკარგა თანამედროვე სამყაროს, ადამიანების ცხოვრების გიჟური ტემპის გამო.
სახლი სიმყუდროვისა და ოჯახის ერთად ყოფნის ადგილია;
სახლი საკუთარ თავზე დაფიქრების, საკუთარ თავში საინტერესო რამეების აღმოჩენის ადგილია;
სახლი საიმედო თავშესაფარია მაშინ, როცა გარეთ საფრთხე გველოდება;
#დავრჩეთსახლში!

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები