28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გაითვალისწინეთ ორი მთავარი რამ: პირველი – სიმშვიდე, მეორე – ასევე სიმშვიდე

spot_img

გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის №2 საჯარო სკოლის „ქართული, როგორც მეორე ენის“ და ისტორიის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული 

 

#დარჩისახლში – მე, როგორც მასწავლებელმა, რამდენიმე მიმართულებით მინდა გავშალო ჩემი აზრები: სამინისტროს მიმართ, მშობლების მიმართ და მოსწავლეების მიმართ.

სამინისტრო

საბედნიეროდ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სადაც ერთი ჯოხის დაქნევაზე სწავლების ერთი ფორმატი შეიცვლება მეორე ფორმატით. ამიტომაც სამინისტრო გონივრულად უდგება საკითხს, როდესაც მხოლოდ რეკომენდაციებითა და რჩევებით შემოიფარგლება ონლაინსწავლების დანერგვასთან დაკავშირებით.

ამასთან, მასწავლებლებსა და სკოლებს ეძლევათ მრავალფეროვანი თავისუფალი არჩევანის საშუალება, რათა მოსწავლეებამდე სხვადასხვა გზითა და საშუალებით მიიტანოს შემეცნებითი სიტყვა.

ვფქრობ, სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს და დროულად წარმოადგინოს ე. წ. ონლაინსწავლების კონცეფცია, სადაც, სხვათა შორის, გაწერილი იქნება, თუ რა თავისუფლებებს, უფლებებსა და ვალდებულებებს აკისრებს სკოლასა და მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს. ჩემი აზრით, ყველაზე ადეკვატურ გამოსავლად მესახება, თუკი სახელმწიფო ყველა მოსწავლეს აკადემიურად წარმატებულად ჩაუთვლის მიმდინარე სასწავლო წელს და მიანიჭებს სრულ თავისუფლებას სკოლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ენთუზიაზმზე დაფუძნებით მოჰფინონ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საგანმანათლებლო ციფრული რესურსები. რამდენადაც მე თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელებში მასწავლებელთა აქტიურობას, ასეთი მოლოდინის არსებობა სრულიად რეალურად მესახება (პირადად მე უკვე გავაზიარე ამ კარანტინობისას შექმნილი ორი ციფრული რესურსი, – „წელიწადის დროები“ და „წითელქუდა“, ამჟამად ვმუშაობ „ორ ღორზე“. ).

მშობლები

ვფიქრობ, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ორი მთავარი რამ: პირველი – სიმშვიდე, მეორე – ასევე სიმშვიდე. არ უნდა ინერვიულონ თავიანთი შვილების სასწავლო ჩამორჩენასა და სხვაგვარ საჭიროებებზე. თუკი საშუალება გამოჩნდა შვილებთან დროის გატარებისა, ეს განუზომლად დიდ სარგებელს მისცემს ბავშვებს, ვიდრე… თუნდაც ფორმალიზებული ონლაინგაკვეთილები. თუმცა, რაც კი საშუალება იქნება, ბავშვებს უნდა დავეხმაროთ ციფრულ შემეცნებაშიც. მოკლედ, ამ სიტუაციას შეუძლია ბედნიერებაც მოგვიტანოს: დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის დიდი ბედნიერება იქნება მშობლებთან ერთად რაღაცების კეთება, ხოლო საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მშობლებისთვის იქნება დიდი ბედნიერება შვილებთან ერთად რაღაცების კეთება…

ასევე, გაიხსენეთ, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც სულ არ ჰყავთ მშობლები და ბებია-ბაბუებიც… ისევე, როგორც ბევრს შვილებიც არ ჰყავს…

მოკლედ, მშობლებს შვილებთან ურთიერთობის დრო გამოუჩნდათ და ეს კარგია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შინ უქმად ჯდომით საჭმელ-სასმელს დიდხანს არავინ მოგვიტანს. ამიტომაც შინაც შეიძლება საქმეების კეთება, მით უმეტეს სოფლად, და, რაც მთავარია, თუკი არავინ გვიკრძალავს, ვიმუშაოთ სათანადო ჰიგიენის წესების დაცვითა და სოციალური დისტანცირებით გარეთაც.

მოსწავლეები

მე მინდა მივმართო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წიგნების კითხვა არ უყვართ, და ასეთია, სამწუხაროდ, მოსწავლეთა ორი მესამედი.

იცით, რამდენი საინტრესო რამის აღმოჩენა შეგიძლიათ სახლის წიგნების კარადებში ან ონლაინბიბლიოთეკებში? შერჩევაც მარტივად შეგიძლიათ. დაწერთ უცებ სტატუსს, მაგალითად, ასეთს: „ვარ მეშვიდე კლასში… რის წაკითხვას მირჩევთ? გთხოვთ, მოკლედ დამიწეროთ არგუმენტებიც, თუ რატომ უნდა წავიკითხო თქვენ მიერ შერჩეული წიგნი…“ საკმაო რჩევას მოაგროვებთ, ხომ იცით, მხოლოდ მასწავლებლებს არ გვიყვარს სწავლება და რჩევების მიცემა… ჰოდა, დაიწყეთ!..

მინდა გთხოვოთ, რომ არც თქვენ ინერვიულოთ იმის გამო, რომ შეიძლება ვერ ჩაერთოთ ან დროულად ვერ ჩაერთოთ სკოლის მიერ შემოთავაზებულ გაკვეთილებში. შეიძლება, ჩაგეძინოთ ან სათანადო მოწყობილობა (ტელეფონი, სმარტფონი, ლეპტოპი…) არ გქონდეთ ანდაც ინტერნეტი არ იჭერდეს და ჭედავდეს ან სხვა ქალაქსა თუ სოფელში იყოთ წასული ბებია-ბაბუასთან და იქ ვერ მოახერხოთ ტექნოლოგიურად გამართვა… არა უშავს… სახელმძღვანელოები ხომ გაქვთ? სხვა მხატვრული და არამხატვრულ წიგნებზეც ხომ მიგიწვდებათ ხელი?! ჰოდა ზოგიერთი წიგნის წაკითხვა ზოგჯერ და არცთუ იშვიათად ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებსაც კი ჯობია… ასე რომ, იკითხეთ და იკითხეთ!

რაც მთავარია, მშობლები და ბებია-ბაბუებიც ჩართეთ თქვენს თამაშებში. არ მოეშვათ, თუკი უარს გეტყვიან – ახლა ხომ მაინც ვერ იმართლებენ თავს, არ გვცალიაო?! თავიდან გაუჭირდებათ და თანდათან მათაც მოეწონებათ…

კიდევ ერთი რამე მინდა ვუსურვო მოსწავლეებს, რაშიც მე ვერ დავიკვეხნიდი მოსწავლეობისას და ამაზე დღემდე მწყდება გული… ვარჯიში… ფიზიკური ვარჯიში. დილა-საღამოს 15-20 წუთით წავარჯიშება საოცარი ენერგიითა და განწყობით ავსებს ადამიანს… მიუჩვეველ ბავშვებს პირველ დღეებში დაეზარებათ, მაგრამ მერე და მერე მათაც გაუტკბებათ და როდესაც თავისუფლად გავალთ ქუჩებში, სულ სხვანაირი მიმოხრით დავიწყებთ სიარულს…

ჰო… რატომ არ მივმართავ კითხვის მოყვარულ იმ მესამედს? მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა უნდა აკეთონ მაშინ, როდესაც სასკოლო გაკვეთილები არ არის. მათ ხომ სკოლის შემდეგ შინ მისვლა იმიტომაც უხარიათ ხოლმე, დაწყებული წიგნის კითხვა გავაგრძელოო.. ერთადერთი, წინა რჩევას თუ გაითვალისწინებენ და ფიზიკური ვარჯიშისთვისაც მოიცლიან, ძალიან კარგი იქნება.

წავედი… „ჰარი პოტერი“ უნდა გავაგრძელო, მეც ახლა დავიწყე… აი, ფიზიკური ვარჯიშების დაწყება კი ჯერ ვერა და ვერ მოვახერხე…

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები