COVID-19-ის შედეგად სკოლები მთელ მსოფლიოში დახურულია. 1.2 მილიარდი ბავშვი საკლასო ოთახის გარეთაა დარჩენილი.
ამის შედეგად განათლების სისტემა ძირეულად შეიცვალა, თვალსაჩინოდ გაიზარდა ელექტრონული სწავლება – ბავშვები სწავლობენ სკოლის გარეთ, ციფრულ პლატფორმებზე.
კვლევების მიხედვით, ონლაინ სწავლებისას, ინფორმაციის დამახსოვრებას ნაკლები დრო სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებები სწავლების პროცესში, ამ მხრივ, შეიძლება, შენარჩუნებულ იქნეს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ინფექციის გავრცელების სხვადასხვა მაჩვენებელია, დღესდღეობით, მსოფლიოს 186 ქვეყანაში ,1.2 მილიარდზე მეტი ბავშვი სკოლის გარეთ რჩება. დანიაში 11 წლამდე ასაკის ბავშვები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბრუნდებიან, სამხრეთ კორეაში კი მოსწავლეები ვიდეოზარებით უკავშირდებიან მასწავლებლებს.
საკლასო ოთახების ამ უეცარი ჩანაცვლების გამო ბევრს აინტერესებს, გაგრძელდება თუ არა ონლაინ სწავლება პანდემიის შემდეგ და როგორ იმოქმედებს იგი მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე.
COVID-19-ის გამოჩენამდეც შეინიშნებოდა განათლებაში ტექნოლოგიების მაღალი ჩართულობა და მათი ფუნქციის ზრდა, იქნებოდა ეს ენების აპლიკაციები, ვირტუალური სწავლებები, ვიდეოკონფერენციები თუ ონლაინ სასწავლო პროგრამები, რომელთა გამოყენება კიდევ უფრო გაიზარდა COVID-19-ის პირობებში.
როგორ პასუხობს საგანმანათლებლო სექტორი COVID-19-ის გამოწვევას
მნიშვნელოვანი მოთხოვნის საპასუხოდ ონლაინ სწავლების ბევრი პროგრამა სთავაზობს მომხმარებელს უფასო წვდომას მათ მომსახურებაზე და რეკომენდაციას უწევს ისეთ პლატფორმას, როგორიცაა BYJU’s — ბენგალურუში (ინდოეთი) დაფუძნებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიისა და ონლაინ სწავლების ფირმა, რომელიც 2011 წელს დაარსდა და, დღესდღეობით, ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა. მას მერე, რაც კომპანიამ უფასო გაკვეთილები შემოიღო, Think and Learn აპლიკაციით, ახალი სტუდენტების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა.
ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის – ტენსენტის საკლასო ოთახი აქტიურად გამოიყენება მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ სტუდენტებს მოსთხოვა, ონლაინ პლატფორმებზე განაგრძონ სწავლა. ეს უდიდესი „ონლაინ მოძრაობაა“ განათლების ისტორიაში – იუჰანში 730.000 სტუდენტი ტენსენტის K-12 ონლაინ სკოლაში ესწრება გაკვეთილებს.
სხვა კომპანიები ერთი ფანჯრით უზრუნველყოფენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მაგალითად, სინგაპურში დაფუძნებული პაკეტი Lark მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ულიმიტო დროს სთავაზობს ვიდეოკონფერენციებისთვის, ასევე, ავტომატურ თარგმანს, ერთობლივი რედაქტირების შესაძლებლობას, საზრიანი კალენდრის დახმარებით განრიგის შედგენას და სხვა ფუნქციებს.
Alibaba-მ, დისტანციური სწავლების გასაუმჯობესებლად, გააფართოვა თავისი შესაძლებლობები. ზოგიერთმა სკოლამ ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაიწყო თანამშრომლობა. მაგალითად, ლოს ანჯელესის სკოლების გაერთიანებასა და P-ს შეთანხმებით, ადგილობრივ ტელეარხებზე დაიწყო საგანმანათლებლო გადაცემები, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ასაკზე. BBC დიდ ყურადღებას უთმობს ვირტუალურ სწავლებას; ეს პროგრამები მთელ გაერთიანებულ სამეფოშია ხელმისაწვდომი და პოპულარული ადამიანებიც ჩაბმული არიან ბავშვებისთვის განკუთვნილ სასწავლო გადაცემებში — ცნობილი ბუნებისმეტყველი, სერ დევიდ ატენბორო გეოგრაფიას ასწავლის და ოკეანეებზე უამბობს მათ, მანჩესტერ-სითის არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო ელემენტარული ფრაზების წარმოთქმას და თვლას ასწავლის პატარებს ესპანურად, პოპულარული მომღერლები ლიამ პეინი და მეიბლი მუსიკასა და წერა-კითხვას ასწავლიან, ფიზიკოსი ბრაიან კოქსი, პროფესორი და პოპულარული სამეცნიერო გადაცემის წამყვანი, ბავშვებს მზის სისტემასა და გრავიტაციაზე ესაუბრება ბავშვებს.
რას ნიშნავს ეს ცვლილებები სამომავლოდ
ზოგი ფიქრობს, რომ დაუგეგმავი და სწრაფი გადასვლა ონლაინ სწავლებაზე, ყოველგვარი წვრთნის, ტექნოლოგიური სიმწირის და მომზადების გარეშე, კარგი გამოცდილება ვერ იქნება მომხმარებლისთვის, ზოგს კი სჯერა, რომ ახალი, ჰიბრიდული მოდელი მნიშვნელოვან სარგებლობას მოიტანს; განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიის ინტეგრაცია უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება და ონლაინ სწავლება სასკოლო განათლების ერთ-ერთ კომპონენტად იქცევა.
ამგვარი სწავლება უკვე წარმატებითაა დანერგილი სხვადასხვა უნივერსიტეტში. მაგალითად, ჟეჯიანგის უნივერსიტეტში 5.000-ზე მეტი ონლაინ კურსია შემოღებული, ლონდონის სამეფო კოლეჯი, კორონავირუსთან დაკავშირებით, სტუდენტებს ონლაინ კურსების მთელ პაკეტს სთავაზობს.
ბევრ ლექტორს ეჭვი აღარ ეპარება ონლაინ სწავლების სიკეთეში. იორდანიის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ამჯედი აბობს: „ამან სრულიად შეცვალა სწავლების მეთოდი. ტექნოლოგიების დახმარებით უფრო ეფექტურად და შედეგიანად ვუკავშირდები სტუდენტებს ჩატჯგუფებში, ვიდეო შეხვედრებზე, ერთმანეთს ვუზიარებთ დოკუმენტებს. ჩემს სტუდენტებს ასე უფრო ეადვილებათ. ისინი Lark-ის აქტიური მომხმარებლები არიან. ამ სისტემას კორონავირუსის შემდეგაც აქტიურად გამოვიყენებთ. მჯერა, რომ ტრადიციული სწავლებისა და ელექტრონული სწავლების შერწყმა ძალზე ეფექტური იქნება“.
ონლაინ სწავლების გამოწვევები
აუცილებელია ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა. სტუდენტებს ყველგან ერთნაირად არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტსა თუ ტექნოლოგიებზე; ეს ხარვეზი შეინიშნება როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც. მაგალითად, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ავსტრიაში მოსწავლეების 95%-ს საკუთარი კომპიუტერი აქვს სასკოლო დავალებების შესასრულებლად, ინდონეზიაში კი ამგვარი მოსწავლეების რიცხვი მხოლოდ 34%-ია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში თვალსაჩინო სხვაობაა პრივილეგირებულ და დაუცველ ფენებს შორის – შეძლებულ ოჯახებში ყველა 15 წლის ბავშვს აქვს საკუთარი კომპიუტერი, ღარიბ ოჯახებში კი 25%-ს არა აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლები ან ხელისუფლება უზრუნველყოფს ხელმოკლე ოჯახების შვილებს ციფრული ხელსაწყოებით, ასე მოხდა ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში.
ეფექტურია თუ არა ონლაინ სწავლება
მათთვის, ვისაც ტექნოლოგიაზე ხელი მიუწვდება, აშკარაა, რომ ონლაინ სწავლება მრავალმხრივ უფრო ეფექტურია. კვლევების მიხედვით, სტუდენტები ონლაინ სწავლებით, დაახლოებით, 25-60%-ით მეტ მასალას ითვისებენ, ვიდრე საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. აქ ათვისების მაჩვენებელი 8-10%-ია. ელექტრონულად სწავლას 40-60%-ით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ სწავლას საკლასო ოთახში. სტუდენტები თავად აწესებენ სწავლის ტემპს: შეუძლიათ უკან დაბრუნება და გადაკითხვა, თვითონ წყვეტენ, რამდენი დრო სჭირდებათ ამა თუ იმ საკითხის ასათვისებლად.
თუმცა, ონლაინ სწავლების ეფექტურობა განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ბავშვების უმეტესობას, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დადგენილი გრაფიკი და გარკვეული გარემო სჭირდებათ, რადგან მათ ადვილად ეფანტებათ ყურადღება. ონლაინ სწავლების უპირატესობების სრულად გამოსაყენებლად, საჭიროა, ბავშვების უზრუნველყოფა ამ კომპონენტებით. კვლევებით დადგენილია, რომ პატარები გაცილებით უკეთ ითვისებენ მასალას, როცა სწავლა სახალისოა, რასაც ხელს უწყობს თამაშების ჩართვა სასწავლო პროცესში. ამ მხრივ, ტექნოლოგიები ფართო შესაძლებლობას იძლევა.
განათლების სისტემის შეცვლის აუცილებლობა
აშკარაა, რომ პანდემიამ მთლიანად მოშალა განათლების სისტემა, თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ იგი ისედაც შესაცვლელი იყო. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი იუვალ ნოე ჰარარი, თავის წიგნში „21 გაკვეთილი XXI საუკუნისთვის“, აღწერს, თუ როგორ ეფუძნებიან სასწავლებლები ტრადიციული, აკადემიური უნარების განვითარებას და ყურადღების მიღმა რჩებათ ისეთი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და ადაპტირება, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება მომავალში წარმატების მისაღწევად. შეიძლება თუ არა, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა კატალიზატორი გახდეს განათლების უფრო ახალი, ეფექტური მეთოდის შესაქმნელად? საგანმანათლებლო წრეებში ბევრი გეგმავს, რომ ელექტრონული სწავლება მეთოდიკის განუყოფელ ნაწილად აქციოს.
ასეა თუ ისე, პანდემიის პირობებში ცხადი გახდა, რომ ელექტრონული სწავლების უსაზღვრო შესაძლებლობები დღემდე ნაკლებად იყო გამოყენებული და რომ ამგვარი სწავლების ფართოდ დანერგვას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
მოამზადა ნინო ქაჯაიამ
მასალა მომზადებულია „World Economic Forum“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით