21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„Ad meliora !“ ⇒ არის ეს საქმე ის, რასაც ანაზღაურების გარეშეც გააკეთებდი ?

spot_img

ნატალი აბესაძე , თავისუფალი სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

სკოლა არასოდეს ყოფილა ალტერნატივა – ეს რამდენიმე წელია.

იყო ერთადერთი რამ, რაც ვიცოდი, რომ ჩემი გზა იქნებოდა.

ამ ბოლო ოთხ წლამდე კი უნივერსიტეტში დარჩენაზე, საზღვარგარეთ წასვლაზე და კიდევ ბევრ შესაძლო პროფესიის არჩევაზე ვფიქრობდი. მიზნის განსასაზღვრად წლები დამჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ საგვარეულო მასწავლებლების ხაზით მყავს დაკომპლექტებული, მაინც არასოდეს მქონდა გარკვეული მიზანი: რა უნდა მეკეთებინა.

რაც შეეხება ამ მიზანს, ყველაზე მარტივად მაშინ ახდება, როდესაც ბავშვობიდან მოდის. მაგალითად, დედაჩემი, რომელიც ახლა მუხურის საჯარო სკოლაში ასწავლის, ხშირად ამბობს, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი, საკუთარ თავს ამ ამპლუაში წარმოვიდგენდიო.

ვიზუალიზაცია ხომ ნიჭია – თანაც გვეხმარება, ჰოდა, ერთ-ერთი წარმატებული მასწავლებელია დედა, ისიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ლიტერატურა დედამ შემაყვარა. ვერ წარმომიდგენია ქართულის მასწავლებელი, ლექტორი ან მკვლევარი, რომელსაც ლიტერატურა არ უყვარს. ჩემი პრინციპიც ასეთია, თანაც ბავშვებთან ყველაზე მეტად ამართლებს: პირველ ეტაპზე, ვიყვარებთ ავტორს, ნაწარმოებს, თუნდაც – მხატვრულ ხერხებს (თანაც, როგორი გამომსახველობითი არიან, ბერძნული, პოეტური სახელებიც რომ ჰქვიათ) და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ სწავლას.

ეს მეთოდი უფრო კარგად ბელგიის ქალაქში, ლუვენში შევითვისე, რომელიც სტუდენტებით და ახალი იდეებითაა დახუნძლული და ხშირად წააწყდებით წარწერას – „Do what you love and inspire others“, რომელიც ქართულად ასე ჟღერს – „აკეთე, რაც გიყვარს და შთააგონე სხვები“.

ამ აზრის გონივრულობა მისსავე სიმარტივეშია და ჩვენს, მასწავლებლის პროფესიას ყველაზე მეტად შეესაბამება.

ამ რამდენიმე თვეში აღმოვაჩინე, რომ ბავშვები ყველაფერს ისე აღიქვამენ, როგორც ეს სინამდვილეშია. ვერ დაუმალავ, თუ გაკვეთილის პროცესი მობეზრებული გაქვს, ვერც იმას, თუ თვალებში ვარსკვლავები არ გინთია. თქვენ წარმოიდგინეთ, სარკეებს გვანან, ჩვენს დამოკიდებულებებს ირეკლავენ. სწორედ ამიტომ მივიჩნევ აუცილებელ კრიტერიუმად საკუთარი საქმის უანგარო სიყვარულს.

„არის ეს საქმე ის, რასაც ანაზღაურების გარეშეც გააკეთებდი?“ – ეს არის კითხვა, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე მომავალ თაობას და მათ აღზრდას ეხება.

მახსოვს ყველა ლექტორი, რომელმაც თავისი ლირიკული გადახვევებით, თავისი შედარებებით ცხოვრების სიბრძნე გაგვიზიარა, ასევე ყველა ის ლექტორი -რომელიც ნამდვილი იყო, რადგან უყვარდა თავისი სფერო და ვუყვარდით ჩვენ. მეც ვცდილობ, რომ ასეთი მასწავლებელი ვიყო.

რაც შეეხება ახალ თაობას, განსაკუთრებით რთულია მათი დაინტერესება გაჯეტების სამყაროში, ამიტომ ჩვენი, როგორც მასწავლებლების პასუხისმგებლობა ორმაგად გაზრდილია: ვერ და არ ისწავლის, თუ როდის დაიბადა და გარდაიცვალა დავით გურამიშვილი, თუ დავით გურამიშვილზე სხვა ამბებიც არ მოუყევი, იმ ორმოცი წუთის განმავლობაში თუ მისი ცხოვრებით არ იცხოვრა და მისი თვალებით არ გამოიხედა.

სკოლამდე მახსოვს უამრავი სტუდენტური სამსახური და ყოველი საათი, დანაეს კასრის ავსებას რომ ჰგავდა, სადაც ვითვლიდი წუთებს, რომ რვა საათი გასულიყო, ბოლო ორი საათის განმავლობაში – წამებსაც კი, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი შეიძლება იყოს ერთი საათი და ხშირად რა პატარა – ერთი თვე.

მიუხედავად იმისა, რომ შრომა ფასდებოდა, სწორედ ამ სამსახურებში მუშაობისას დავიწყე ვიზუალიზაცია და ნამდვილი ნატვრა, რომ სკოლის კარი შემეღო იმისთვის, რომ ის ცოდნა და სიყვარული, რაც მოვაგროვე,   ბავშვებისთვის გამეზიარებინა.

სამაგიეროდ, სკოლაში გავიდა საათი, როგორც ათი წუთი, გავიდა პირველი სემესტრის პირველ და მეორე სემესტრის ბოლო დღესაც.

განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვებთან მუშაობის პროცესი როგორც დიდებთან, ისე პატარებთან.

და განსაკუთრებით საფრთხილოცაა, რადგან ჩვენმა ერთმა სიტყვამ შეიძლება მათ დიდი ინსპირაცია აჩუქოს ან დაუკარგოს კიდეც.

ამიტომ, ბავშვებთან (და არა მარტო) ურთიერთობას ემოციური ინტელექტის განვითარებაც ესაჭიროება.

მე ვისურვებდი, რომ ისეთ მასწავლებლებს, რომლებსაც ამგვარად უყვართ თავიანთი საქმე, უფრო დაუფასდეთ შრომა და ამასთანავე ვისურვებდი უფრო მეტი პროფესიონალის არსებობას სკოლაში.

სკოლა უნდა იყოს ადგილი, საიდანაც მოზარდს სინათლე უნდა მოჰქონდეს, ტყუილად კი არ შეუდარებიათ ცოდნა შუქთან.

მე ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცოდნა ძალაა, რომ არჩევანი მათზეა – იქნებიან ძლიერები თუ არა.

მჯერა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, არა მარტო ტვინის ხვეულების ფორმა იცვლება, არამედ ცხოვრების გზაზე დამცავი ჟილეტი გაქვს და ამ ჟილეტს ცოდნა ჰქვია.

დაბოლოს, სკოლაში ჩემს ფეხის შებიჯებაზე მოვყვები. ოღონდაც, პირდაპირი მნიშვნელობით.

10 მარტს გასაუბრებაზე მივედი და გამჭვირვალე, მძიმე კარი შევაღე თუ არა, პატარა, კიკინებიანი გოგონა გამოიქცა და ჩამეხუტა.

იმ წამს მივხვდი, ამაზე კარგი ამბები ცხოვრებაში რომ იშვიათად ხდება. იმ გოგონამ უკვე იცოდა, რომ იმ ციცქნა, მშვენიერ სკოლაში მასწავლებლად ამიყვანდნენ.

ამ ბლოგს კი ლათინური გამოთქმით დავასრულებ – „Ad meliora!“

„წინ, უკეთესობისკენ!“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები