6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის გზა – სალომე ჩარკვიანი სქემის დეტალებზე

spot_img

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. როგორი იქნება სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის გზა და როდის ჩატარდება მათთვის გამოცდები – ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

✅როგორი იქნება სპეციალური მასწავლებლის სქემა?

როგორც იყო დაპირება, სპეცმასწავლებლისთვის სამი სტატუსი გვექნება: პირველი, პრაქტიკოსის სტატუსის გახდა ყველა ის სპეციალური მასწავლებელი, რომელიც სისტემაში მუშაობს; უფროსის სტატუსის გახდება სპეციალური განათლების მაგისტრის მქონე მასწავლებელი ან ის პრაქტიკოსი, ვინც სექტემბერში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდას ჩააბარებს. სპეცმასწავლებლის ყველაზე მაღალ სტატუსს მოიპოვებს ის უფროსი მასწავლებელი, რომელიც წამყვანისთვის განკუთვნილ გამოცდას ჩააბარებს. ეს გამოცდა კი, მომავალი წლიდან იგეგმება. წამყვანის სტატუსს მიიღებს ასევე ის მასწავლებელი, რომელსაც დოქტორის ხარისხი ექნება სპეციალური განათლების მიმართულებით. მართალია, საქართველოში ეს პროგრამა არ გვაქვს, მაგრამ, შესაძლოა, ვინმეს ამ მიმართულებით ხარისხი საზღვარგარეთ ჰქონდეს მიღებული.

რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლის სტატუსს, ამ საფეხურზე სპეციალური მასწავლებელი გვეყოლება სამი მიმართებით: მსუბუქი ინტელექტუალური დარღვევისა და სწავლის უნარის დარღვევის, სენსორული დარღვევებისა და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მიმართულების სპეცმასწავლებელი.

✅ პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭა სისტემაში მყოფ ყველა სპეცმასწავლებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელფასი თანაბარია პრაქტიკოსის ხელფასთან, როდის შეძლებენ სტატუსის დანამატის მიღებას ის მასწავლებლები, რომლებსაც გამოცდის ჩაბარების გარეშე მიენიჭებათ   სტატუსი?

სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსის ხელფასის ტოლი ხელფასი ისედაც ჰქონდათ, ახლა მთავარია უფროსის სტატუსის მინიჭება მასწავლებლებზე, რომლებიც რეალურად, სქემის რეგულაციების მიხედვით, გვყავს სისტემაში. მათი წარდგენა სტატუსის მინიჭებაზე სკოლიდან ეტაპობრივად მოხდება, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში ხდებოდა.

ამის შემდეგ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამის სტატუსს მიანიჭებთ, მაგრამ ეს სექტემბრიდან მოხდება, შესაბამისად, მათი ხელფასი, სტატუსის მიხედვით, სწორედ სექტემბრიდან გაიზრდება.

✅ როდის ჩატარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისთვის და რა ღონისძიებებს გეგმავს ცენტრი მათ ხელშესაწყობად?

გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება, ზუსტად იმ პერიოდში, როცა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდის ჩატარება იგეგმება.

თუმცა, ცხადია, სპეცმასწავლებლებისთვის ცალკე იქნება გამოცდა – სპეციალური განათლების მიმართულებით. რაც შეეხება ხელშეწყობას, ბუნებრივია, ვგეგმავთ ონლაინ ტრენინგებს მაკლეინის ასოციაციასთან თანამშრომლობით და ვებინარებს.

ეთნიკური უმცირესობებისთვის, ჯერჯერობით, მშობლიურ ენაზე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების დამადასტურებელი გამოცდა არ ჩატარდება, თუმცა, თუ   ქართულ ენაზე ისურვებენ გამოცდის ჩაბარებას, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკოსის სტატუსი კი მათ ისევე მიენიჭათ, როგორც დანარჩენ სპეცმასწავლებლებს.

✅ თავის დროზე, ძალიან დიდი უკმაყოფილება და ვნებათაღელვა მოჰყვა ფსიქოლოგების სპეცმასწავლებლად არ აღიარებას. რამდენადაც ცნობილია, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, რომლის თანახმადაც, ფსიქოლოგებიც შეძლებენ სპეცმასწავლებლად დასაქმებას. როდის ელოდებით ცვლილებას?

ამჟამად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განსაზღვრულია, რომ სპეციალური მასწავლებელი შეიძლება გახდეს მხოლოდ მასწავლებელი. ცვლილება, რომელსაც ველოდებით, შეცვლის ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნას და გამოცდაზე გასვლის უფლებას ფსიქოლოგებსაც მისცემს და სოციალურ მუშაკებსაც. თუმცა, როდის დაამტკიცებს პარლამენტი ამ ცვლილებას, ჯერჯერობით, ჩემთვის უცნობია.

✅ დაბოლოს, სავალდებულოა თუ არა სპეცმასწავლებლებისთვის გამოცდის ჩაბარება და სქემაში ჩართვა?

პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები სქემაში ავტომატურად ჩაერთნენ. სავალდებულო ჯერჯერობით არ არის, თუმცა, კანონის მიხედვით, მათ ორწლიანი ვადა აქვთ მიცემული იმისთვის, რომ კვალიფიკაცია დაადასტურონ. სხვა შემთხვევაში, არსებული საკანონმდებლო ჩანაწერის თანახამად, მათ სკოლის დატოვება მოუწევთ.

აქვე მინდა მივმართო სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც ღელავენ გამოცდის გამო. იმის გამო, რომ ინკლუზიური განათლება ამოქმედებულიყო, თავის დროზე, სისტემამ თვალი დახუჭა სპეცმასწავლებლების კვალიფიკაციაზე და ბავშვებთან მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. წლების გასვლასთან ერთად იმ კვალიფიციურ კადრსაც ვკარგავდით, ვინც გვყავდა, თუმცა ისეთიც ბევრი აღმოჩნდა, პრაქტიკაში რომ დახვეწეს საქმიანობა და კარგ სპეცმასწავლებლებად ჩამოყალიბდნენ.

არ იღელვოთ, მთელი ამ დროის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თქვენ გვერდით იქნება ელექტრონული რესურსებით. თქვენი და ჩვენი მიზანი უნდა იყოს საერთო – ბავშვმა მიიღოს მასზე მორგებული ხარისხიანი განათლება და თქვენ ეს შრომა დაგიფასდეთ.

დიდი მადლობა, ამდენწლიანი ერთგულებისთვის და იმისთვის, რასაც ჩრდილიდან აკეთებდით.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები