29 ივლისი, სამშაბათი, 2025

5 წიგნი დაუვიწყარი ზაფხულისთვის

spot_imgspot_img
მელანო კობახიძე

ზაფხული მოძრაობის, ახალი თავგადასავლების, ძიებისა და აღმოჩენების დროა. წელიწადის ამ დროს ბავშვები და მოზარდები ახალ სუნთქვას ხსნიან, ცდილობენ, ბოლომდე შეიგრძნონ და შეითვისონ სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით; იგრძნონ წყლის მაცოცხლებელი ძალა; მთების თვალწარმტაცი სიდიადე; დაწმენდილი ჰაერის უნიკალურობა; მშვიდი თუ მღელვარე, მომნუსხველი დღეები და ღამეები კი ახალი სასწავლო წლის მთავარ მოტივაციად გამოიყენონ.

ასეთია ნამდვილი ზაფხული, რომელმაც ყველაფერი უნდა დაიტიოს.

თუმცა სრულიად შესაძლებელია, ამ ზაფხულს ზღვის ტალღების მიმოქცევას შენი მახვილი თვალი ვერ მიადევნო, ვერ მოახერხო მთების გამაბრუებელ სიგრილეში ჩათვლემა, ვერ შეძლო სამყაროს სუნთქვას გარინდებულმა დაუგდო ყური, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, როცა სამყაროში წიგნი არსებობს.

არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, რადგან ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, წიგნის სამყაროში აუცილებლად დაგხვდება. წიგნები გიბიძგებს ახალი თავგადასავლებისკენ, წიგნები გაგიტაცებს შორეულ მოგზაურობებში, წიგნები გაგიგრილებს დასიცხულ გონებას და ათასჯერ შემოგაკვრევინებს აღტაცების ტაშს.

ახლა სწორედ ასეთ წიგნებს გირჩევ, დაუვიწყარი ზაფხულის გასატარებლად.

1. მარკ ტვენი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“

ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

 

თუ ვინმემ ჩემს ბავშვობაზე წარუშლელი კვალი დატოვა, ერთ-ერთი ნამდვილად იყო ჰაკლბერი ფინი. ამ დაუდგრომელმა ბიჭმა ყველაზე მთავარი მასწავლა: თავისუფლების გარეშე არაფერს აქვს ფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ადამიანი უნდა ესწრაფოდეს, მისი მოპოვება და შენარჩუნებაა.

ჰაკლბერი თავბრუდამხვევი თავგადასავლების მოყვარული ბიჭია. ტომ სოიერის მეგობარია და სხვაგვარად, აბა, როგორ იქნება?! ამიტომ ვერ ჩერდება ქვრივი დაგლასის სახლში, ქალის მზრუნველობის ქვეშ, რადგან მისთვის მთავარია, ხელი არავინ შეუშალოს ფათერაკების ძიებაში, ხეტიალში, თავის გემოზე ცხოვრებაში.

ჰოდა, დაკრავს ფეხს, ჩაიცვამს თავის ძველმანებს, და ისევ შაქრის კასრში ბრუნდება. „და როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე“ – იტყვის ამ დროს ჰაკი.

აქედან იწყება ავანტიურისტი ბიჭის დიდი ოდისეა. გნებავთ, აქედან გრძელდება, რადგან მისი ამბავი ჯერ კიდევ იმ წიგნიდან იღებს სათავეს, რომელსაც „ტომ სოიერის თავგადასავალი“ ჰქვია და რომელიც ასევე ბატონმა მარკ ტვენმა დაწერა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ჰაკლბერის თავაგადასავალს დასასრული არასდროს ექნება, ვიდრე მის სახელს ერთი ადამიანი მაინც წარმოთქვამს აღტაცებით. ვინ იცის, იქნებ ის სწორედ შენ ხარ?

 

2. ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი –  „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“

შვედურიდან თარგმნა ლიკა ჩაფიძემ

 

რა შეიძლება სჭირდებოდეს სამყაროსგან 12 წლის მოზარდს, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე რთული და პრობლემებით სავსე ხანა უდგას? რა თქმა უნდა, მოსმენა, მხარდაჭერა და თბილად მოქცევა. მით უფრო, თუ მხარს მისი საყვარელი მწერალი დაუჭერს.

ასეთი ჯადოსნური ამბავი დატრიალდა 12 წლის შვედი გოგოს, სარა იუნგკრანცის თავს, როდესაც მან ასტრიდ ლინდგრენს წერილი გაუგზავნა. 1971 წელს დაწყებული მიმოწერა 2002 წლამდე, ასტრიდის გარდაცვალებამდე, გაგრძელდა. მათმა მეგობრობამ მრავალ წელს გაუძლო და თავი 80 წერილში მოიყარა, რომლებიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.

არაჩვეულებრივია იმის წარმოდგენა, სავარძელში მოკალათებული ასტრიდი მრავალი წლის განმავლობაში როგორი სიყვარულითა და გულისხმიერებით, დაუღალავად აძლევდა რჩევებს პატარა, საინტერესო გოგონას და ეს გოგონაც უბრუნებდა მადლიერებით სავსე წერილებს, ჩვეული ემოციურობითა და ალაგ-ალაგ გადაშლილი სიტყვებით.

ეს წიგნი ორი ადამიანის მეგობრობაზეა. მხარდაჭერის, თანადგომისა და სიყვარულის სამაგალითო ამბავია. სწორედ ამიტომ, თუ ახლა შენ გჭირდება გვერდით სანდო მეგობარი, ადამიანი, რომელიც სწორ გზას გიჩვენებს, ამ წერილებში შენთვის საჭირო რჩევებს აუცილებლად აღმოაჩენ.

და ყოველთვის გახსოვდეს ის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთ წერილში ასტრიდმა სარას მისწერა:

„კარგად იყავი სარა, ჩემო სარა, ზოგჯერ life is not so rotten as it seems (ინგ. ცხოვრება არც ისეთი დამპალია, როგორც გვგონია).

შენი ერთგული

ასტრიდ ლინდგრენი“.

 

3. „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“

ტექსტი მოამზადა ინგა ანთიძემ; ილუსტრატორი: ვარლამ ჯმუხაძე

 

2021 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ შესანიშნავი საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“.

ამ წიგნით შეაბიჯებთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში და გაიცნობთ ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლებს; წაიკითხავთ მათ შთამბეჭდავ თავგადასავლებს; შეხვდებით ძალიან საშიშ, ძალიან ლამაზ და ძალიან მამაც გმირებს, რომელთა არსებობის შესახებ ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ.

გამოცემაში შესულია ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი და ელია.

ისინი დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან. ასე მაგალითად, მითურ დევებს შეებრძოლება კოპალა, ასევე მითური გმირი, ერთი პატარა ბიჭი, რომელიც თავგანწირვითა და მთელი გულით ცდილობს, ადამიანებს დევებისგან თავისუფალი სამყარო აჩუქოს და საკუთარ თავთან ერთად, ყველა დაიხსნას.

დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანებს სწამდათ, რომ ამინდის პროგნოზს წყალქვეშ მცხოვრები არსებების –  მესეფენის დახმარებით გაიგებდნენ. ასე მაგალითად, თუ წყლის სიღრმიდან ქალები ამოვიდოდნენ, მაშინ კარგი დარი იქნებოდა, კაცების ხმელეთზე გამოჩენა კი ავდარს მოასწავებდა. ადამიანები სწორედ მესეფენის რწმენითა და იმედით გეგმავდნენ ცხოვრებას, თესავდნენ ან პირიქით – იღებდნენ მოსავალს.

ამ წიგნში ასევე გაიცნობთ ოჩოპინტრეს, რომელიც ბუნების ყველაზე დიდი მეგობარია. მას თავზე ბუდე აქვს, ამ ბუდეში კი ჩიტი ლაღად ცხოვრობს, რადგან იცის, რომ ბუნების მოყვარულ და დამცველ ოჩოპინტრესთან არაფერი ემუქრება.

რაც მთავარია, ამ წიგნით დარწმუნდებით, რამდენად მრავალფეროვანი, მდიდარი და საინტერესოა ქართული მითური სამყარო.

 

4. თამარ გეგეშიძე – „ჩუმად უნდა იჯდე“

„ჩუმად უნდა იჯდე“ თანამედროვე ქართველი მწერლის, თამარ გეგეშიძის მესამე წიგნია. ახალგაზრდა მწერალი და მასწავლებელი ყველაზე მეტს მოზარდებზე და მოზარდებისთვის წერს. „სული-ჩიტი“, „საშლელები“ და „ჩუმად უნდა იჯდე“ მოზარდებს აცნობს თანატოლ პერსონაჟებს, რომლებსაც მათი მსგავსი პრობლემები აქვთ, მათსავით დარდობენ, მათნაირად არიან გამოსავლის ძიებაში, უფროსებივით ბევრი სადარდებელი აქვთ და ცდილობენ, რომ ამ ყველაფერში გზა გაიკვალონ.

„ჩუმად უნდა იჯდე“ –  წიგნის სათაური ფიქრისა და მსჯელობისკენ გვიბიძგებს. რამდენად სწორი და სამართლიანია სკოლის კედლებში ასე ხშირად მოსმენილი ეს ფრაზა? იქნებ, ჩუმად ჯდომის ნაცვლად, საუბარია საჭირო შვილსა და მშობელს, მეგობრებსა თუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

14 წლის მოზარდი, მოსწავლე შიო და მისი 34 წლის მასწავლებელი, მაკო, შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან. როგორ უნდა დაიძლიოს სხვადასხვა თაობას შორის დაწყებული კონფლიქტი? რა შეიძლება გააკეთონ ამისთვის მასწავლებელმა და მოსწავლემ? ამ წიგნში ორივე მათგანის ხმა ისმის და ეს წიგნი ამითაც გამორჩეულია. ეს ხმები, ორივე მხრიდან, საკუთარ სიმართლეს გვიჩვენებს, სწორედ ამიტომაა საჭირო საუბარი, გულწრფელი დიალოგი, რადგან სწორედ მაშინ შეიძლება დარწმუნდნენ ადამიანები, რომ ყველაფერი შეიძლება არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია მოსმენა, ერთმანეთის გაგება და იმის გააზრება, რომ მოზარდობა ძალიან რთულად გადასალახი ეტაპია, ხოლო მასწავლებლობა და ზრდასრულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები და გრძნობები ყოველთვის შეიძლება გავაკონტროლოთ, ცუდ დღეს ჩვენი ატირების საშუალება არ მივცეთ ან ყოველთვის შევძლოთ, რომ კლასში სიტუაცია ვმართოთ.

თუ მოსწავლეები და მასწავლებლები ამ წიგნს სკოლაში დაბრუნებამდე მოიხელთებთ, მჯერა, სასწავლო წელი ნაკლებად სტრესული და გაცილებით ნაყოფიერი გექნებათ.

 

5. იბენ აკერლი – „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“

მთარგმნელი: ელენე კოშორიძე

 

თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი, იბენ აკერლი მოზარდების გულის ნამდვილი მესაიდუმლეა. მისი წიგნი „ჩემი მეგობარი ლარსი“ მოზარდი გოგონას, ამანდას შესახებ გვიამბობს, რომელიც დიდ შეცდომას უშვებს და სრულიად მარტო რჩება, მეგობრების გარეშე. მან ხანგრძლივი და რთული გზა უნდა გაიაროს ღიმილის, მეგობრებისა და სიხარულის დასაბრუნებლად.

„ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“ იბერ აკერლის ქართულად თარგმნილი მეორე წიგნია. წიგნის პროტაგონისტი ნორა, ამანდას მსგავსად, დიდ შეცდომას უშვებს, მაგრამ სწორედ ეს შეცდომა ასწავლის პატიების მნიშვნელობას და მეგობრობისა და სიყვარულის მაკურნებელ ძალას აგრძნობინებს.

სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყება. ნორა და აბასი შეძლებენ, რომ ეს იყოს ზაფხული, რომელიც ყველაფერს დაიტევს.

ყველაზე სევდიანი ზაფხულის მომლოდინე გოგონა, რომელიც უმეგობრობას ძალიან განიცდის, დედას ვერ უგებს, მისთვის უცნობ ბებიასთან დროის გატარება კი ძალიან არ სიამოვნებს, რწმუნდება, რომ სამყარო აღმოჩენებითაა სავსე და წელიწადის ამ დროს შეგიძლია საკუთარი თავი კარგად გაიცნო; გაიგო, რა შეგიძლია გააკეთო მეგობრის გულისთვის; როგორ გაუმკლავდე პრობლემებს; როგორ მოიხადო ბოდიში და შენი შეცდომა თავად გამოასწორო; დაეხმარო ადამიანებს და ეცადო, მათ გულისტკივილი აარიდო.

ესაა წელიწადის დრო, რომელიც ყველაფერს იტევს და ესაა წიგნები, რომლებმაც ზაფხულის თავგადასავლები დაიტია. გაჰყევით ამ წიგნებს, მათთან ერთად წინ დიდი და მომნუსხველი მოგზაურობა გელოდებათ.

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება