დღეს ჩვენს სტუმართან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტთა და მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური სასწავლო კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელთან, პროფ. მამუკა ბერიაშვილთან უმაღლეს განათლებაზე ვისაუბრებთ. განათლება, ზოგადად, სახელმწიფო პრიორიტეტებს შორის, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სახელდება. საინტერესოა, რეალურად რა ვითარებაა პრიორიტეტულ განათლების სისტემაში, უმაღლესი განათლების მიმართულებით – რამდენად აკმაყოფილებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა-სწავლებისა და კვლევის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს, არის თუ არა უზრუნველყოფილი აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია. კანონმდებლობით ეს ყველაფერი გარანტირებულია, მაგრამ ერთია, რა წერია კანონში და მეორეა, რა ვითარებაა რეალურად. საუბრისას ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი თემა გამოიკვეთა. გთავაზობთ ამ თემების მოკლე მიმოხილვას.
რატომ ვერ მუშაობს ჩვენთან უმაღლესი დაწესებულებების ავტონომია
ჩრდილოევროპულ სოციალურ სახელმწიფოებში, სადაც სახელმწიფო, ფაქტობრივად, 100%-ით აფინანსებს უნივერსიტეტებს, მის აკადემიურ საქმიანობაში არ ერევა. ამ თვალსაზრისით, მათ რეალური ავტონომიურობა აქვთ, მაგრამ ჩვენთან, როდესაც სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს, მაგრამ ცდილობს, მაქსიმალური კონტროლი დაუწესოს, გარკვეული შეზღუდვებით, ავტონომიაზე საუბარიც კი ზედმეტია. ფორმალურად ითვლება, რომ რექტორის არჩევნები ან სხვა გადაწყვეტილებები ავტონომიურად მიიღება, მაგრამ რეალურად ასე არ არის.
ლაპარაკია როგორც შიდა, ასევე გარე ავტონომიურობაზე. როდესაც სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტებს ფაქტობრივად არაფერს აძლევს (პირველ რიგში, ფინანსურ სახსრებს), მაქსიმალური კონტროლი აქვს დაწესებული, თუნდაც კანონმდებლობის თვალსაზრისით, ამ ვითარებაში რომელ გარე ავტონომიურობაზე შეიძლება საუბარი. კანონმდებლობა კი იმდენად აბსურდულია, რომ ერთმანეთის გამომრიცხავი მუხლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ან არასპეციალისტების მიერ არის შექმნილი, ან, უბრალოდ, სისტემა არავის აინტერესებს.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – როგორც წესი, ევროპულ ქვეყნებში განათლების მინისტრი ყოველთვის აკადემიური წრის წარმომადგენელია, კარგი გამოცდილება აქვს მიღებული აკადემიურ სივრცეში. ჩვენი მინისტრები ძირითადად ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეტ-ნაკლები წარმატებით, განათლების მინისტრებმა გარკვეული ღონისძიებები გაატარეს, მაგრამ ვერც ერთი მთავრობის დროს, ვერც ერთმა მინისტრმა ვერ შექმნა (და არც შეეძლო, იმიტომ, რომ ამის კომპეტენცია არ ჰქონდა) უმაღლესი განათლების სტრუქტურა და სისტემა. რეფორმას ეძახიან ხელფასის მომატებას, რეალურად ეს არის ღონისძიება და არა რეფორმა. რეფორმა იქნება მაშინ, როდესაც ჩვენი სტრუქტურა, ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ევროპულ სისტემას და ევროპულ სტრუქტურას დაემსგავსება. ჯერჯერობით, ეს არ გვაქვს და არც არანაირი მცდელობაა ამის, რომც იყოს მცდელობა, ამის გასატარებლად კომპეტენცია არ ყოფნით არც ერთ დონეზე, არც სამინისტროს და არც შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს – ეს მუდმივად ასე იყო.
უმაღლესი დაწესებულება ევროპული გაგებით
ჩვენთან დაშვებულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი დაწესებულებები. სხვა საკითხია, რამდენად აკმაყოფილებენ კერძო უნივერსიტეტები საერთაშორისო სტანდარტებს. მათი უმრავლესობა არის შპს, რაც იმთავითვე არასწორია, უმაღლესის იურიდიული სტრუქტურა არ შეიძლება იყოს შპს. ამიტომ ძალიან ბევრი თავნებობა ხდება. თავისუფლების მხრივ, რა თქმა უნდა, მათ უპირატესობები აქვთ, მაგრამ ეს არ ხდება ხარისხის ხარჯზე. კერძო უნივერსიტეტების, მინიმუმ, 95% რეალურად საშუალო დონის კოლეჯის დონეზეა, არავითარი აკადემიური საფუძველი არ აქვთ, ანუ კვლევითი კონტექსტი, რაც კვლევის, სწავლებისა და სწავლის ერთიანობას მოითხოვს. უმაღლესი განათლება, ევროპული გაგებით, სამივეს ერთიანობას მოიცავს. ჩვენი უნივერსიტეტები თითქოს ცდილობენ ამ პრინციპის აღდგენას, მაგრამ მეტ-ნაკლები წარმატებით. რეალურად, არც ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც კერძო არ არის ევროპული ან ამერიკული (უფრო მეტად სახელმწიფო უნივერსიტეტი) გაგებით სრულყოფილი. ამას შემდეგი მიზეზი აქვს:
√ სახელმწიფო უნივერსიტეტი ნიშნავს, რომ სახელმწიფო ან მთლიანად, 100%-ით, აფინანსებს უმაღლეს განათლებას და შესაბამისად, უნივერსიტეტებს (თავის კვლევიანად, სწავლებიან-სწავლიანად) ან საბაზისო ფულს აძლევს და შემდეგ უკვე სხვადასხვა ფონდებიდან, ორგანიზაციებიდან ან ფირმებიდან ხდება თანხის მოზიდვა იმ საჭიროების მიხედვით, რომელიც აქვს უნივერსიტეტებს და რომელშიც წარმატებულია. საბაზისო დაფინანსება, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ყველას აქვს. რას ნიშნავს საბაზისო დაფინანსება – უნივერსიტეტის პროფესურა და ძირითადი თანამშრომლები საბაზისო ხელფასს იღებენ სახელმწიფოსგან. ვთქვათ, სახელმწიფოსგან, გარანტირებულად, მაქვს 2 000 ლარი, დანარჩენი უნივერსიტეტს შეუძლია პროექტებით, ან ორგანიზაციებიდან და ფირმებიდან მოზიდული ფულით, ჩემი აქტივობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებით მომცეს მე, ან სხვა რომელიმე პროფესორს, ან ყველას ერთად. გააჩნია, თანასწორობის პრინციპზეა თუ არა აგებული. ძირითადად, ეს ჩრდილოევროპული ქვეყნების მოდელია და საფუძველი გერმანიიდან მოდის.
√ რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სახსრები მოდიოდეს კერძო სეგმენტიდან (ბიზნესი, ფონდები, ორგანიზაციები და ა.შ.), სახელმწიფო კი არ უნდა აძლევდეს მათ ფულს, სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად; თუმცა, შესაძლოა მათ სახელმწიფოსგანაც მიიღონ გარკვეული სახსრები, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენადაა დაწინაურებული ესა თუ ის კერძო უნივერსიტეტები გარკვეული აკადემიური მიმართულებით და რა პრიორიტეტი აქვს სახელმწიფოს. დასავლური კერძო უნივერსიტეტები ვინმე კერძო პირის ან შპს-ს კუთვნილება კი არ არის, არამედ ეს არის აკადემიური გაერთიანება, რომლის დაფინანსების წყარო კერძო სექტორიდან შემოდის, სხვა არაფერი. ის მახინჯი სახე, რაც ჩვენთან არის – შპს (ორი უნივერსიტეტია გამონაკლისი — აგრარული და ჯიპა), იმთავითვე, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს ორგანიზაციაა, შესაბამისად მათ არ აინტერესებთ აკადემიური ხარისხი, არამედ მხოლოდ ფინანსური მოგება.
კერძო უნივერსიტეტებში, სამწუხაროდ, რეალური აკადემიური კვლევა არ არსებობს (შეიძლება გამონაკლისი იყოს აგრარული უნივერსიტეტი). თუ სადმე არის კვლევა, ეგეც არასამთავრობოების დონეზეა გაკეთებული, დაბალი ხარისხის რაოდენობრივი, სოციოლოგიური ან მსგავსი ტიპის კვლევები. არც ერთ უნივერსიტეტს, ე.წ. კერძოს, არ აქვს კვლევითი ბაზა, გარდა აგრარულისა და არც აინტერესებთ. პირდაპირ უნდა ითქვას, როდესაც სასწავლო დაწესებულება ირქმევს უნივერსიტეტს და აქვს ერთი ან ორი ფაკულტეტი, ეს უკვე სრული აბსურდია. ეს არის ე.წ. კოლეჯი იმ კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად, გვაქვს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს ადმინისტრირების უნივერსიტეტი. შესაბამისად ამ შემთხვევაში ორი დარგი გაქვს და თან ბიზნეს ადმინისტრირება – უბრალოდ ფულის გასაკეთებელი სახელია, იმიტომ, რომ აკადემიური საფუძველი ბიზნეს ადმინისტრირებაში არაფერი დევს. ევროპულ ქვეყნებში ეს კოლეჯების სასწავლო პროგრამაა, რომელიც, მაქსიმუმ, 1 ან 2 წელი გრძელდება, რომ შეასწავლონ ტექნიკური მხარეები და გამოვიდნენ ბანკის მენეჯერები ან ოფიცრები, ანუ ტექნიკური პერსონალი. დიდწილად, ეს ეხება ტურიზმის ფაკულტეტსაც. ტურიზმისთვის დოქტორანტურის საფეხური ისეთი აბსურდია, რომ ამის იქით არაფერია. ეს არის, უბრალოდ, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რადგან სხვა შანსი არ აქვთ. კერძოს შემთხვევაში იმიტომ, რომ შპს არის და აინტერესებს მხოლოდ მოგება, სახელმწიფოს კი ეს ფაკულტეტები იმისთვის სჭირდება, რომ აკადემიური ფაკულტეტები შეინახოს, რომელზეც მოთხოვნა არ არის. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა.
სწავლა-სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია
კომუნისტების დროს, გაყოფილი იყო – მეცნიერებათა აკადემია, რომელიც კვლევაზე იყო ორიენტირებული და საუნივერსიტეტო სივრცე, სადაც თითქოს მხოლოდ სწავლება იყო, თუმცა ბევრი ცნობილი მეცნიერი, პროფესორი, კათედრის გამგე უნივერსიტეტებში კვლევებს ატარებდა. საბჭოთა პერიოდში სახეცვლილი პრუსიული სისტემა მუშაობდა. როცა დაფუძნდა ვილჰელმ მეორის საზოგადოება (ომის შემდეგ მაქს პლანკის საზოგადოება დაერქვა), იქ თავმოყრილი იყო ელიტური და ექსელენტ კვლევები. ახლა მაქს პლანკის საზოგადოებას, რომელსაც 80-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი აქვს და ყველა ექსელენტ ინსტიტუტია, ყველა მიმართულებით ყველა დარგში (ძირითადად, ტექნოლოგიები, იურიდიული, ეკონომიური, ჰუმანიტარული ნაკლებად), უფრო მეტი მჭიდრო კავშირია უნივერსიტეტთან. თუ ადრე მაქს პლანკში შეიძლებოდა, რომ მისი ხელმძღვანელი არა უნივერსიტეტის პროფესორი, არამედ, უბრალოდ, მკვლევარი ყოფილიყო, ახლა აუცილებელია, რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორი იყოს და არა მარტო გერმანიის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტიტუტები გერმანიაშია, პროცესი ინტერნაციონალიზებულია და პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან არიან, შესაბამისად, ამ კვლევის პროდუქტი ხელმისაწვდომია ყველა იმ უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის, რომელიც ამ კვლევების მონაწილეა. პლუს, მათ აქვთ უკვე უფლება, რომ კვლევით პროცესში თვითონ მოიზიდონ ყველაზე კარგი დოქტორანტები და მაგისტრანტებიც კი, და, ვთქვათ, სადოქტორო და სამაგისტრო დისერტაცია მაქს პლანკის ინსტიტუტში მომზადდეს, თუმცა, დაცვები იმ უნივერსიტეტში ხორციელდება, საიდანაც სტუდენტები არიან. სწავლების, კვლევის და სწავლის ამგვარი ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის.
ახალი სტრუქტურული ერთეულები
ევროპაში, უნივერსიტეტებში ახალი სტრუქტურული ერთეულები იქმნება, ე.წ. წარმატებული კლასტერები, კონკრეტულ დარგში კონკრეტული მიმართულებით. ძირითადად, აქცენტი ინტერდისციპლინურ კვლევაზეა გაკეთებული და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, რომლებსაც საერთო შეხების წერტილი აქვთ რომელიმე კონკრეტულ თემასთან, მაგალითად, ასეთი თემა შეიძლება იყოს სოციალური სახელმწიფო როგორც ინტერდისციპლინური თემა, რომელიც ბევრ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს. ამისთანა კვლევაში შეიძლება ჩართულები იყვნენ იურისტები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, რა თქმა უნდა, ეკონომისტები და ა.შ. შესაბამისად, კვლევებიც უფრო ფუნდამენტური და სრულყოფილია. როდესაც კვლევა კლასტერის დონეზე ხდება, უნივერსიტეტში, თავმოყრილი არიან ყველაზე წარმატებული პროფესორები. როგორც წესი, თითოეულ უნივერსიტეტს ევროპაში, ძირითადად, 3-4 კლასტერი აქვს. თუმცა, არიან გამონაკლისი უნივერსიტეტები, რომლებიც მთლიანად ე.წ. ექსელენთ ინიციატივას ფლობენ; ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის უნივერსიტეტებში ყველა დარგობრივი მიმართულება უმაღლეს დონეზეა განვითარებული. აქ მთავარი აქცენტი იმაზეა, რომ სწავლება და კვლევა ხდება არა საგანზე ორიენტირებულად, მაგალითად, ისტორია ისწავლო დაწყებული ქვის ხანიდან დღემდე, არამედ კონკრეტულ თემაზე ორიენტირებულად, რომელსაც დიდი რელევანტობა, საზოგადოებრივი და აკადემიური მნიშვნელობა აქვს. ამ კვლევის საფუძველზე ხდება შემდეგ სწავლებაც, ეს ახალი კვლევის შედეგი ინერგება სასწავლო პროცესში, როგორც ახალი კურიკულუმი. საქართველოში, ჯერჯერობით, ამის ნასახიც კი არ არის იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი რეალურად არ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, ფაქტობრივად, სახელმწიფო არაფერს აძლევს, მარტო აკონტროლებს და მათი შემოსავალი, ძირითადად, სტუდენტების გადასახადია. ამიტომ ხარისხი, ვიდრე უნივერსიტეტის შემოსავალი სტუდენტზეა მიბმული, მაღალი ვერ იქნება. ყველა უნივერსიტეტი, გამონაკლისის გარდა, იმაზეა აქცენტირებული, რომ ხელიდან არ გაუშვას სტუდენტი, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამით ფულს კარგავენ. შესაბამისად, ეს უკვე იმის გარანტიაა, რომ ხარისხი ვარდება.
კვლევითი კომპონენტის წახალისება
საქართველოში, არ არსებობს არც ერთი ადგილობრივი ფონდი ან დაწესებულება, გარდა რუსთაველის ეროვნული ფონდისა, რომელიც კვლევით კომპონენტს წაახალისებს. რუსთაველის ფონდი ისეთი სტრუქტურით არის წარმოდგენილი, რომ რეალურად, კვლევაში რომელიმე სეგმენტის ან მთლიანად აკადემიური სივრცის წახალისება არანაირად არ შეუძლია. ერთი მხრივ, პენსიების გამცემ ორგანიზაციადაა ქცეული და, მეორე მხრივ, გასცემს გრანტებს (როგორც ჩვენთან წარმოუდგენიათ გრანტები). ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში გრანტები, ძირითადად, არარელევანტურ თემებზე გაიცემა და თანაც თანხის რაოდენობა, წელიწადში, ძალიან მცირეა. ძირითადად, სამწლიანი პროექტებია და სამწლიანი კვლევა კი, ევროპული გაგებით, სასაცილოა, როგორც წესი, 5 წლიდან და ზემოთ იწყება. ნამდვილი აკადემიური კვლევისთვის 3 წელი შეიძლება მხოლოდ საწყისი ფაზა იყოს, თანაც – 60 000 ლარი წელიწადში, სერიოზული კვლევითი თემა რომ ჩამოყალიბდეს, ეს პრაქტიკულად ჰუმანიტარული დახმარების მსგავსი უფროა. სამეცნიერო ფონდი, თავისი პრინციპით, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს იმ ევროპული ფონდების მოთხოვნებს, რომლებიც სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი არიან. ალბათ გამოჩნდებიან ადვოკატები და ჩამოასახელებენ, რამდენი წარმატებული პროექტი იყო, რამდენი ადამიანი დასაქმდა, მაგრამ აქედან რეალურად პროექტების 90% არარელევანტურია და დაბალი დონის კვლევებს წარმოადგენს. რეალობა ის არის, რომ ამ ფონდის სტრუქტურა ძალიან მოძველებულია.
ბაზრის მოთხოვნა
ხშირად გაიგონებ, რომ გარკვეულ დარგებზე ბაზარზეა მოთხოვნა. შეუძლებელია, აკადემიური სისტემა მთლიანად ბაზრის მოთხოვნებს ექვემდებარებოდეს, გარკვეული დარგები, რა თქმა უნდა, მოთხოვნადია და ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ, მაგალითად, ბაზრის მოთხოვნა არასოდეს ყოფილა გერმანიაში ფილოსოფია, მაგრამ ყოველთვის პრიორიტეტია. ბაზრის მოთხოვნა, მთელ მსოფლიოში, არსად არ არის ეგვიპტოლოგია, მაგრამ არსებობს ასეთი ფაკულტეტი და ეს ნიშნავს, რომ შენ აკადემიურად ძალიან განვითარებული ხარ. ისევე, როგორც რეალურად ბაზრის მოთხოვნა ვერასოდეს ვერ იქნება კვანტური მექანიკა, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საფუძველია. ბაზრის მოთხოვნა ერთია, მაგრამ ამის გამო ამ ფაკულტეტების და მიმართულებების არ მხარდაჭერა კიდევ მეორე პრობლემაა. ერთი, რომ შენ კულტურულ დონეს აჩვენებ, როდესაც მხარს უჭერ ისეთ დარგებს, როგორიც არის, ვთქვათ, ეგვიპტოლოგია, ასიროლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურული ანთროპოლოგია და სხვა, მეორე მხრივ, როდესაც ინარჩუნებ ისეთ დარგებს, როგორიც არის ბირთვული ფიზიკა, კვანტური მექანიკა, ბიოლოგიის ახალი თანამედროვე დარგები ან კვლევები ხელოვნურ ინტელექტში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის განვითარების მომავალი გაინტერესებს. ამ ყველაფერს უნდა გადალაგება და სათანადო სისტემის შექმნა.
სისტემა და სტრუქტურა
ევროპული სისტემის შესაბამის კანონმდებლობაზე დაფუძნებული თანამედროვე სტრუქტურისა და სისტემის გარეშე, როგორც იტყვიან, „ვიბუქსავებთ“ ერთ ადგილზე, შეიძლება იყოს პატარ-პატარა მიღწევები, მაგრამ რეალური, საგრძნობი წინსვლა არ გვექნება. დღემდე, ყველაზე წარმატებული განათლების მინისტრი, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ ალექსანდრე ლომაია იყო – აღმოფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე. კი, ბატონო, მაგრამ ეს არ ყოფილა სტრუქტურული ცვლილება, ეს იყო ღონისძიების გატარება. საქართველოში, სამწუხაროდ, ამას ვერ ვარჩევთ.
ხშირად ვიმეორებთ – ევროპული განათლების სისტემა. რა არის ეს ევროპული განათლების სისტემა? სხვა არაფერია, თუ არა, ავტონომიურობაზე დაფუძნებული უმაღლესი დაწესებულება. რატომ არის საჭირო მაინცდამაინც ავტონომიურობა? ჯერ კიდევ კანტის ცნობილ ტექსტში — ფაკულტეტებს შორის კამათი — არის ლაპარაკი იმაზე, რომ უნივერსიტეტები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი და სახელმწიფო არ უნდა განსაზღვრავდეს მათ ფუნქციონირებას. აკადემიური სივრცე თვითონ უნდა ადგენდეს იმ საჭიროებებს, აკადემიურ მიმართულებებს, რაც სჭირდება. არასწორია გარკვეული სოციალური სისტემის, ამ შემთხვევაში, განათლების სისტემის მორგება ბიზნესის ან პოლიტიკის ინტერესებზე. თუ უნივერსიტეტებს დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცი, ეს დაანგრევს განათლების სისტემას. ამის შესაბამისად უნდა იყოს აგებული უნივერსიტეტების მართვის სტრუქტურაც და არა მარტო უნივერსიტეტების, მთელი უმაღლესი განათლების სისტემის მართვის სტრუქტურა. როგორ უნდა იმართოს სისტემა? უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მმართველობითი სტრუქტურა, როცა თავისუფალ აკადემიურ სისტემას დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას მისცემ. აი, ეს არის სტრუქტურა და სისტემა. იმისათვის, რომ სტრუქტურამ ამ სოციალურ სისტემას გამართულად ფუნქციონირების საშუალება მისცეს, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რეალურად არ არსებობს.
მისაღები გამოცდები
სამწუხაროდ, ჩვენი სასკოლო სისტემა გამართული არ არის. მეთორმეტე კლასი შემოვიღეთ და რისთვის, კაცმა არ იცის. რეალურად, ეს უნდა ყოფილიყო აბიტურკლასები, რაც არ გაკეთდა. სკოლაში განათლების დონე რომ დაბალია, ზოგადად, ვიცით, მაგრამ მეცხრედან მეთორმეტე (ზოგან ცამეტწლიანია) კლასის ჩათვლით გამართული აბიტურკლასის სისტემა რომ იყოს, როგორც ევროპაშია (ამერიკამაც გადაიღო ეს სისტემა), მაშინ აღარ დაგვჭირდებოდა გამოცდა, აბიტურკლასის შედეგებით ჩააბარებდნენ უმაღლესში, მაგრამ, ჩვენთან აბსურდული სისტემაა. თუ სისტემა მთლიანად გამართული არ არის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, იქნება თუ არა, მაგალითად, უნარების გამოცდა.
უნარ-ჩვევები რეალურად მოწმდება ამერიკულ შუალედურ კოლეჯებში, სადაც, მინიმალურ კომპეტენციაზეა აქცენტი, უმაღლესში რომ უნარების ტესტით მოხვდე, ასეთი რამ არსად არ არის. შუალედური კოლეჯი სწორედ იმ ქვეყნებისთვის არის კარგი, სადაც აბიტურკლასი არ არის. ყველაფერს თავისი პრინციპი აქვს.
მისაღები გამოცდები, ზოგადად, პრობლემური საკითხია, იმიტომ, რომ ეგ უკვე სასკოლო განათლებაზეა დამოკიდებული. სანამ სასკოლო განათლება იქნება ისეთი, როგორიც გვაქვს, უნივერსიტეტში წამსვლელს რაღაც ტიპის შემოწმება ნამდვილად დასჭირდება, რომ მინიმალური კომპეტენცია მაინც ჰქონდეს.
როდესაც გამართული სასკოლო სისტემა გაქვს, თავისი აბიტურკლასებით, მოსწავლე ისეთი მომზადებულია, რომ თავისუფლად ირჩევს ნებისმიერ დარგს, თუ კარგი შედეგები აქვს სკოლაში და სწავლას უმაღლესში აგრძელებს. ასე ხდება ჩრდილოევროპულ ქვეყნებში — ვისაც აბიტურკლასში ჰუმანიტარულზე უნდა აქცენტის გაკეთება, ის ძველბერძნულსაც სწავლობს. მაგალითად, გერმანიაში, ლათინური არის მე-5 კლასიდან, მე-9-დან აბიტურკლასი იწყება და მოსწავლეს შეუძლია ძველი ბერძნულიც აირჩიოს ან ფრანგული, მანამდე ინგლისურსაც სწავლობს და, ფაქტობრივად, მოთავებული აქვს საქმე, როცა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მიდის. საბუნებისმეტყველოში ვინც არის, გაძლიერებულად (ჩვენი კომაროვის სკოლის მსგავსად და უფრო მეტადაც) სწავლობს ამ საგნებს და იძენს მინიმალურ კომპეტენციას, რომ უნივერსიტეტში დრო არ დაკარგოს (ჩვენთან, ბაკალავრიატის დონეზე, აი ია-ს რომ ვასწავლით). ამ დონეზეა სწავლება და აბიტურიენტსაც გააზრებული აქვს, სად და რატომ მიდის.
იქ ყველა არ თვლის სავალდებულოდ, რომ უმაღლესში ჩააბაროს, პროფესიულ კოლეჯებში მიდიან. მერე თუ მოუნდება, უნივერსიტეტშიც ჩააბარებს. ჩვენ 12-წლიანი სწავლება ისე გადმოვიღეთ, რომ რეალურად არ გვესმოდა რას ნიშნავდა. ევროკავშირის ქვეყნებში არის როგორც 12-წლიანი, ასევე 13-წლიანი სწავლება. ჩვენ გადმოვიღეთ 12-წლიანი. 12-იანსა და 13-იანს შორის განსხვავება ის კი არ არის, რომ, მეორე შემთხვევაში, ერთი წლით მეტს სწავლობენ, არამედ ის, რომ ასათვისებელ სავალდებულო პროგრამას 12-წლიანები, დღის განმავლობაში, უფრო ხანგრძლივად სწავლის შედეგად ითვისებენ, ხოლო 13-წლიანებთან ნაკლები გაკვეთილებია და პროგრამა გადანაწილებულია ერთი წლით მეტზე. სხვა განსხვავება არ არის, სისტემა და პროგრამა ერთი და იგივეა.
თანასწორი სამართლიანობის პრინციპი
საქართველოში პრობლემაა ისიც, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებს (სხვათა შორის, ეს ძალიან ცუდი ტერმინია – რეგიონული უნივერსიტეტი) არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და როგორც თბილისში ვაკეში ცხოვრება ითვლება პრესტიჟულად, ისე საქართველოში თბილისში სწავლაა პრესტიჟული. წარმოიდგინეთ, ასე რომ იყოს ევროპაში. გერმანიაში, ბერლინში უნდა ხდებოდეს ყველაფერი, ამ დროს ბერლინში 3 უნივერსიტეტია, მაგრამ არაფრით უკეთესი არ არის, ვიდრე მიუნხენში, ან პატარა ქალაქ კასელში, ან ბონში და ა.შ. ეს არის ქვეყნის სოციალური განვითარება, თანასწორი სამართლიანობის პრინციპზე. კონსტიტუციაში ეს ჩვენც გვიწერია, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ხორციელდება. ყველაზე სოციალურ სახელმწიფოებს, როგორც გერმანია და შვეიცარიაა, არ უწერიათ კონსტიტუციაში, რომ სოციალური სახელმწიფოა, ჩვენ გვიწერია. სამაგიეროდ, ეკონომიკური ბლოკია მთლიანად ლიბერტანიალური, რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. განათლების სისტემაშიც ასეა, ყველაფერი წინააღმდეგობრივია.
სურვილის არსებობის შემთხვევაში, სისტემის გამართვა ძალიან ადვილია, ახალი ამაში არაფერია – არსებობს სტრუქტურები, სისტემები, უნდა აიღო, შენს საკანონმდებლო ბაზას შეუთავსო და შენს მოთხოვნებს მოარგო. დაახლოებით ასეთი რაღაცაა, მაგალითად, ველოსიპედის სისტემა ხომ ერთია ყველასთვის, მაგრამ ზოგი არის ტრასისთვის – სწრაფი, ზოგი მთიანი ან ტყიანი ადგილებისთვის და ა.შ. სისტემა უნდა აიღო და იმის შესაბამისად გამოიყენო, მთის გინდა, ტყის თუ ჭაობის, სწორი გზის თუ ხრეშიანი, ამაშია განსხვავება. განათლების პრინციპი უნდა აიღო — ავტონომიურობის (შიდა და გარე ავტონომია, აუცილებელია ორივე) და სწავლის, სწავლებისა და კვლევის ერთიანობის საფუძველზე უნდა ააგო როგორ იფუნქციონირებს და რა მიზანს დაისახავს შენი უმაღლესი – აღზარდოს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ვიწრომხედველი ფიზიკოსი ან მედიკოსი იქნება თუ უნივერსიტეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტიურობას განახორციელებს. საზოგადოებისთვის აქტიური და მნიშვნელოვანი ქმედება განათლებული საზოგადოებაა, ეს როლი აკისრია უნივერსიტეტს და არა ის, რომ მხოლოდ 90 ნობელის პრემიის ლაურეატი გაზარდოს.
ლალი თვალაბეიშვილი