მორიგი სასწავლო წლის დასასრულია, მორიგია კალენდრის მიხედვით, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ასეთი არც სასწავლო წელია მორიგი და არც წელიწადი. მღელვარებით, ქაოსითა და არასასურველი მოულოდნელობებით სავსე წელია, რაც, ბუნებრივია, ყველა სფეროზე აისახა. განათლების სფერომაც მოჩვენებითი სტაბილურობა მიიტანა კიდევ ერთი სასწავლო წლის დასასრულამდე. ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ქაოსმა განათლების სისტემაში წამოჭრილი ბევრი საკითხი და თემა შთანთქა. რომელი ერთი დავასახელო? მასწავლებლების ხელფასის ახალი ფორმულა, ენქას დაპაუზებული წევრობა, კიდევ ერთხელ გადადებული მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა და ა.შ. ამასობაში საზაფხულო არდადეგებიც წამოგვეწია. მალე მასწავლებლების გამოცდებიც დაიწყება და ჩაბარება-ვერჩაბარების მღელვარება გადაფარავს კიდევ ბევრ რამეს. თუმცა, სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, ისევ გააქტიურდება სქემის ახალი დეტალები, რომელიც, მრავალგზის დაპირების თანახმად, წესით და რიგით, ზაფხულში უნდა ვიხილოთ. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ, მაგრამ, თუკი ამჯერად მაინც შესრულდა დაპირება, მაშინ წინ „ცხელი“ ახალი სასწავლო წელი გველოდება, რადგან ახალი აქტივობებით და ახალი „წესებით“ მოუწევთ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ახალ რელსებზე გადაწყობა. სიახლეებს კი მუდმივად თან ახლავს ბევრი მღელვარებაც და ბევრი შრომაც, ხშირად გაურკვევლობაც. ჩვენი გაზეთი, მოგეხსენებათ, ყოველთვის პირველია, ვინც მხარდაჭერას უცხადებს მასწავლებლებს იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც კარიერული წინსვლის გზაზე ხვდებათ. ეს ბევრჯერ გაგვიკეთებია და ამჯერადაც, ცხადია, მომზადებული და გაათმაგებული მონდომებით შევუდგებით, მასწავლებლებთან და სკოლებთან ერთად, ახალი წესებისა და რეგულაციების გარკვევა-დანერგვას.
აქვე ვახსენებ გაზეთის საიუბილეო თარიღს, რომელიც უკვე 28 წელია, 17 ივნისს თავს გვახსენებს და ყოველი მომდევნო თარიღისთვის მეტ მოტივაციას გვძენს, ვაკეთოთ საქმე ხმაურის გარეშე და ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ჩვენს პედაგოგებს.
ბუნებრივია, ვეცდებით, კიდევ მეტ მასწავლებელსა და მოსწავლეს, სტუდენტსა თუ სასწავლო დაწესებულებას მივწვდეთ, აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც განათლების სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მკითხველი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს ჩვენს გამოცემას თუ ვებგვერდს, აუცილებლად შენიშნავს, რომ ყოველწლიურად ახალი რუბრიკებითა და აქტივობებით მდიდრდება ჩვენი მრავალწლიანი არქივი და, ბუნებრივია, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. ჩვენი „ქომაგობა“ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისადმი სწორედ შემეცნებითი და მეთოდური სტატიების მოძიება-გამოქვეყნებით და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებით გამოიხატება. სხვაგვარად, დამეთანხმებით, რთული იქნებოდა 28-წლიანი ისტორიის დაწერა, ისტორიის, რომელიც უკვე იქცა სასკოლო განათლების მკვლევართათვის მთავარ საყრდენად და სამიზნედ. წლების განმავლობაში გიყვებით მტკიცებულებებზე დაყრდნობით შექმნილ ამბებს, გაწვდით სიახლეებს, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას (და ამ ხნის განმავლობაში არაერთი რეფორმა გავაშუქეთ, მათგან ნაწილი დასრულდა, მათ შორის, ზოგი შედეგიანად და ზოგიც უშედეგოდ; ნაწილი შეწყდა, ანუ უბრალოდ ვერ განხორციელდა სხვადასხვა გარემოებისა და მიზეზის გამო). ჩვენთვის ყველაფერს, რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი აქვს — მკითხველამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია ან პროცესებისა და რეფორმების კვალიფიციური შეფასება.
მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენი კონტენტი იქმნება მასწავლებლებზე და მასწავლებლებთან ერთად, ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე მათივე მონაწილეობით, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე მათივე აქტიური ჩართულობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ უფრო აქტიური და უშუალო/გულწრფელი კომუნიკაციისკენ, რაც გაცილებით სასარგებლოს გახდის გამოცემას, რომელიც ბევრ სიახლეს, წარმატებასა თუ პრობლემას გამოიტანს სამზეოზე; კიდევ უფრო მეტად გახსნის სადისკუსიო ხაზს და მსჯელობის შესაძლებლობას — როგორ გავხადოთ ქართული საგანმანათლებლო სისტემა უკეთესი. ამაზე საფიქრალი რომ ბევრი გვაქვს, ალბათ დამეთანხმებით.
არდადეგების პერიოდში კი თვალი ადევნეთ akhaliganatleba.ge-ზე ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციებსა და სტატიებს.
ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!
ლალი ჯელაძე