როგორია მოსწავლეების თვალით დანახული ოკუპაცია – ამ თემაზე სასაუბროდ წეროვანის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები შევარჩიე. ცხადია, ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის, რადგან წეროვანის დევნილთა დასახლება ყველაზე თვალსაჩინოდ გვაჩვენებს რა ნაკვალევს ტოვებს ოკუპაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე.
უფროსკლასელებთან ინტერვიუების ჩაწერისას მივხვდი, რომ ჩემთვის ემოციურად ვერასოდეს ჩაანაცვლებს ოკუპაციის თემას ვერც ერთი სხვა თემა; მათი სახით თითქოს მე ვსაუბრობდი, როგორ დაგვბომბეს, როგორ დავტოვეთ სახლი, მერე შევუდექით უღელტეხილს -გოლგოთის გზას, რომელსაც არ ვიცოდით, სად მივყავდით და არც ის ვიცოდით, სად იქნებოდა ჩვენი ბოლო გაჩერება. მერე როგორ გაგრძელდა ცხოვრება სიზმრებად ქცეულ აფხაზეთში, ხშირად სიზმარში კადრიც კი აღარ იცვლებოდა, ერთი და იგივე სიზმარი მეორდებოდა… წლების განმავლობაში, როგორ ვცხოვრობდით მოლოდინით, რომ დავბრუნდებით, თანაქალაქელებთან და თანასოფლელებთან შეხვედრა როგორ იწყებოდა ფრაზებით, რას ფიქრობ, დავბრუნდებით?.. მერე, ნელ-ნელა, ფრაზები გაიცრიცა… მხოლოდ საკუთარ თავთან შემორჩა დაბრუნების სურვილიც…
16 წლის შემდეგ, ისევ დაბრუნდა რუსული აგრესია (თუმცა, არც არსად წასულა), რომელმაც ამ ბავშვების ოჯახები აქცია ისეთივე ხიზნებად საკუთარ სამშობლოში, როგორც, თავის დროზე, ასიათასობით ოჯახი აფხაზეთიდან… მერე თითქოს „ნორმად“ დამკვიდრდა მცოცავი ოკუპაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება და იმისთვის გასამართლება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპანტების ნებართვის გარეშე გადაადგილდებიან. საუკუნის შემდეგ რუსული ოკუპაცია შეუქცევად პროცესად გადაიქცა… 1921 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 25 თებერვლამდე თაობების ცნობიერებაში რუსული ოკუპაციის ნაკვალევი კიდევ უფრო გაღრმავდა.
??მარიამ მაჭარაშვილი, მე-12 კლასელი: როცა ახალგორში რუსები შემოვიდნენ, მე მაშინ 4 წლის ვიყავი, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა შეშინებული ადამიანების სახეები, რომლებიც ცდილობდნენ რამე გაეკეთებინათ, რომ თავი დაეღწიათ დიდი უბედურებისთვის. ჩემი ოჯახის წევრებსაც ძალიან ეშინოდათ, მე კიდევ ვერ ვხვდებოდი ასე რისი ეშინოდათ, ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ომი…
წლების შემდეგ, გავიზარდე და გავაცნობიერე, რომ ის შეშინებული ხალხის სახეები იყო ომი, რომ ოკუპაციის შედეგი იყო ჩვენი სახლ-კარის, მიწის, ახლობელი ადამიანების, მათთან ყოველდღიური ურთიერთობების დაკარგვა.
დავსახლდით სახელდახელოდ გაშენებულ დასახლებაში, სადაც ყველას ერთნაირი სახლი და სადარდელი გვქონდა. მართლა ძალიან რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ის, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მივდივართ ჩვენს საცხოვრებელში, მუდმივად მენატრება სახლი, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება. ასეთი განცდებით ვცხოვრობთ ოჯახში დედა, მამა და ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც აქ, დევნილობის დროს დაიბადა.
ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძეა, მისი შემოქმედება ჩემში სამშობლოს შეგრძნებებს ამძაფრებს, მუდმივად უბიძგებს და აფხიზლებს ქართველებს, რომ გამოიღვიძონ, რამე გააკეთონ სამშობლოსთვის. ასეთი გამოფხიზლება, პერიოდულად, ნამდვილად გვჭირდება.
??ნესტან შიუკაშვილი, მე-12 კლასის მოსწავლე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ომი საკმაოდ დეტალურად მახსოვს, ძალიან მკვეთრი შეგრძნებებით, საკმაოდ რთული იყო ომის შემდგომი პერიოდიც. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ჩემთვის, ბავშვისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩამოგვასახლეს წეროვანში, სადაც არავის ვიცნობდით. უცხო გარემოსთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამ პერიოდში ახალგორში მაინც ვახერხებდით ჩვენს სახლში გადასვლას, ე.წ. „პროპუსკით“.
ახლა განსაკუთრებით გამძაფრდა მონატრების შეგრძნება, რადგან ვერც საბუთით და ვერც უსაბუთოდ იქ ვეღარ შევდივართ და ბებო და პაპა, უკვე ორი წელია, აღარ გვინახავს. ასე გახლიჩა ოკუპაციამ ჩვენი ოჯახი. ბებოს და პაპას განსაკუთრებით უჭირთ სახლის დატოვება და ვცხოვრობთ ასე, ერთმანეთის მონატრებაში. ძალიან რთულია ასეთი ყოფნა, იმის გარდა, რომ გვენატრება ერთმანეთი, მუდმივად გვაქვს დაუცველობის შეგრძნება. მაგალითად, სამედიცინო დახმარება რომ დასჭირდეთ, ვერ მიიღებენ; საკვების ყიდვა რომ დასჭირდეთ, ვერ წავლენ მაღაზიაში, რომელიც ძალიან შორსაა სახლიდან. მოკლედ, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მათ ურჩევნიათ იქ, თავის სახლში, წინაპრების მიწაზე იცხოვრონ.
??ნინო ტოლიაშვილი, მე- 12 კლასის მოსწავლე: ომი ძალიან სწრაფად დაიწყო, გააზრებაც ვერავინ მოასწრო რა ხდებოდა. მშობლები სოფელში დარჩნენ, ჩვენ სასწრაფოდ წამოგვიყვანეს. 5 წლის ვიყავი, ამიტომ კარგად არ მესმოდა სად მოვდიოდით ან რატომ მოვდიოდით. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ძლიერდება ემოცია, საკუთარ საცხოვრებელს დავუბრუნდეთ და რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ, რას ნიშნავს ოკუპაცია, რას ნიშნავს ომი… რას ნიშნავს დაკარგო შენი სახლი, რას ნიშნავს შენივე სამშობლოში ატარო დევნილის სტატუსი, ძალიან მძიმეა ეს სტატუსი… ოკუპაცია მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლაა როგორც დიდებზე, ისე პატარებზე, ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა.
თუმცა, მეორე მხრივ, როცა მეგობრები თავისუფალ დროს ერთად ვსეირნობთ ხოლმე ჩვენს დასახლებაში, სულ იმაზე ვლაპარაკობთ — ერთმანეთი რომ არ გვყოლოდა, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება. ხშირად ჩვენი საუბრის თემა ჩვენს მოგონებებსაც უკავშირდება, ვიხსენებთ ჩვენს სახლებს, ეზოებს, იქაურ ამბებს, ძირითადად, ჩვენი მშობლების მოყოლილ ამბებს. ჩვენს თაობაშიც დიდი დოზით არის წარსული, რომელიც ოკუპაციას უკავშირდება.
?? სანდრა მერაბიშვილი, მე-10 კლასის მოსწავლე: ჩემი ოჯახი, ოკუპაციამდე, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნში ცხოვრობდა. მშობლები გამუდმებით გვიყვებიან იქაურობის შესახებ, ფოტოებიც გვაქვს შემორჩენილი და თვალშისაცემია მოსაბრუნის ლამაზი ბუნება და გარემო, რომელიც წეროვანის დასახლებაში ნაკლებად გვაქვს. ჩემი მშობლებისთვის და ბაბო-პაპასთვის იქ დაბრუნება დღემდე ყველაზე დიდ სურვილად რჩება.
ჩემთვის რა არის ოკუპაცია? პირველ რიგში, ჩემი უფლებების შეზღუდვაა გადავაადგილდე ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე, როცა მინდა და სადაც მინდა. ეს ყველაზე მეტად არ მომწონს და საოცარი პროტესტის გრძნობა მიპყრობს, როცა მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ, ასამართლებენ, სჯიან, კლავენ… ეს იწვევს ჩემში დაუძლეველ სიბრაზეს ოკუპანტისადმი. აი, ასეთი მძაფრი ემოციაა ჩემთვის ოკუპაცია.
ბუნებრივიცაა, რომ ჩვენ განსაკუთრებულად გვეხება ეს თემა. ამ დასახლებაში კი, სულ რომ გინდოდეს, თუნდაც, ერთი დღით გადავიწყება ამ ყველაფრის, ვერ შეძლებ, რადგან აქ თავმოყრილ ადამიანებს აერთიანებს ტკივილი, რომელიც დილით, თვალს რომ გაახელ, უკვე თვალსაჩინოა. აქ მშობლების და ბებია-ბაბუების თაობა სულ დაბრუნებაზე საუბრობს, ყველა მოგონებებით და მოლოდინით ცხოვრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახლში დაბრუნდებიან. ამის შემყურე ჩვენი თაობისთვის კი, ალბათ, ყველაზე მთავარი ამ მიზნამდე მისვლის გზების ძიება იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საფიქრალიც შინ დაბრუნებაა.
?? მარიამ ღამბაშიძე, მე-9 კლასის მოსწავლე: ხშირად, ჩემი მშობლები, დილით რომ იღვიძებენ, იწყებენ სიზმრის მოყოლას: სიზმარში ახალგორში ვიყავი… ეს შეგრძნება არასდროს გტოვებს, გულში სიცარიელეა, ვერაფრით ივსებ დანაკლისს, რასაც ახალგორობა ჰქვია. მოდუნების საშუალებას არც ეს დასახლება გაძლევს – ყოველ დილით, თვალს გაახელ თუ არა, ხედავ ჩამწკრივებულ სახლებს, რომელსაც ერთმანეთისგან არაფერი განასხვავებს. შენი სახლის იდენტურია ყველა დანარჩენი, შენსავით ოკუპაციის მსხვერპლია ყველა, ვინც ამ სახლებში ცხოვრობს, შენი ოჯახივით ყველა ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას… არასოდეს გტოვებს შეგრძნება, რომ დევნილი ხარ საკუთარ სამშობლოში. და გადის წლები, ასე, იმის მოლოდინში, რომ ოდესმე დაბრუნდები.
თავიდან ჩვენს დასახლებაში ყველაფერი ისეთი ერთფეროვანი იყო, რომ მშობლები ბავშვებს მაღაზიაშიც კი არ გვიშვებდნენ იმის შიშით, რომ სახლს ვეღარ ვიპოვიდით. წლების მერე ცოტა შეიცვალა აქაურობის იერ-სახე, თვითონ მაცხოვრებლებმა შემატეს რაღაც სახლებს და ეზოებს, ზოგმა მიაშენა, ზოგმაც გადააკეთა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ბავშვებზე ნეგატიურ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს – დამერწმუნეთ, რთულია, როცა ყოველდღიური გარემო არ გაძლევს შესაძლებლობას, ცოტა ხნით მაინც, დაივიწყო ტკივილი, რომელშიც წლებია ცხოვრობს ყველა შენ გარშემო. მერე, ბუნებრივია, მშობლებივით შენთვისაც შეუცვლელ სურვილად იქცევა იქ დაბრუნების სურვილი, რომელიც მართალია ბუნდოვნად გახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად გიზიდავს და გიყვარს.
ზუსტად არ ვიცი მომავალში რა პროფესიას ავირჩევ, თუმცა, ერთი რამ ვიცი უდავოდ — ვიბრძოლებ ჩემი ახალგორის დასაბრუნებლად. ოკუპაცია არა მხოლოდ დაკარგული უფლებაა იცხოვრო შენს მიწაზე, არამედ ამ უფლების დაბრუნების დაუძლეველი ემოციური მდგომარეობაა.
?? ქეთი თათარაშვილი, მე-10 კლასის მოსწავლე: ოკუპაცია ჩემთვის ყველაზე მძიმე თემაა, რომელიც ასოცირდება თავისუფლების შეზღუდვასთან, უსამართლო აკრძალვებთან, სახლ-კარის იძულებით დატოვებასთან, უფლებების შელახვასთან. რა თქმა უნდა, შესაძლებელი რომ იყოს, თავიდან ავირიდებდი ასეთ მძიმე ტრაგედიას და არასოდეს განვაცდევინებდი ათეულობით ათას ადამიანს ამ გაუსაძლის ტკივილს.
ჩემს სოფელს მოსაბრუნი ჰქვია და ყველაზე დიდი სურვილია, ოდესმე შევძლო ჩემი წინაპრების დატოვებულ სახლში ჩასვლა, მინდა ოკუპანტი არ ადგენდეს წესებს როდის, როგორ და სად გადაადგილდეს საქართველოს მოქალაქე თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. უმძიმესი თემაა ჩვენთვის ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში გვიწოდებენ დევნილებს, წეროვანის დასახლებით კი, სტატუსს მუდმივად აფორმებ შენს გონებაში — მუდმივად გახსოვს, რუსული აგრესიის, ოკუპაციის მსხვერპლი, დევნილი ხარ საკუთარ სამშობლოში.
??დემეტრე ჩოჩელი, მე-10 კლასის მოსწავლე: რა არის ოკუპაცია და როგორია მისი შედეგები, ეს კიდევ უფრო თვალხილული და ხელშესახები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახდა. ოკუპაცია თითოეულის ოჯახში შემოვიდა, დავტოვეთ სახლ-კარი. ამ მოვლენებმა, შემდეგ, ადამიანებში გააჩინა ძალიან დიდი მუხტი – დავიბრუნოთ ის, რაც ძალით წაგვართვეს და ის, რაც ისტორიულად ჩვენ გვეკუთვნის, დავიბრუნოთ ჩვენი სახლ-კარი, ეზო, მიწა. თუმცა, ეს უნდა დავიბრუნოთ არა ძალით, როგორც ოკუპანტმა წაგვართვა, არამედ უნდა დავიბრუნოთ განათლებით. ძალიან მიხარია, რომ განათლების მიღებაში სკოლაში ხელს გვიწყობენ. ჩემი მომავალი პროფესია პროგრამირებას უკავშირდება, მომწონს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობა. სურვილი მაქვს, ისეთი რამ შევქმნა, რაც საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და დაინახოს ჩვენი პრობლემები.
საუკუნის გადმოსახედიდანაც კი, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის — ქვეყანა ისე განვავითაროთ, რომ ოკუპანტმაც იგრძნოს ამ კუთხით ჩვენი უპირატესობა. დავუპირისპირდეთ ჩვენი ქვეყნის მტერს არა ძალით, არამედ ცოდნით, განათლებით და განვითარებით.
ჩემი სურვილია, შევქმნა თამაში, სადაც მთავარი როლი ექნება საქართველოს, უფრო ისტორიულ თემატიკაზე ვფიქრობ. რატომ თამაში? დღეს ბევრი ადამიანი ინტერესდება გეიმერული ინდუსტრიით, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არასდროს წაიკითხავს წიგნს ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ, ამ თამაშით გაიგებს საქართველოს ისტორიას და დაინტერესდება ჩვენით.
?? ლუკა პავლიაშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე: პირველ რიგში, ყველა ქართველისთვის დიდი გულისტკივილია ოკუპირებული ტერიტორიები და, რასაკვირველია, ჩემს რეალობაშიც მძიმედ აისახა ეს მოვლენები. იძულებით დავტოვეთ სახლი, ჩვენი მიწა და გადმოვსახლდით ახალგორიდან წეროვანის დასახლებაში, რომელიც ჩვენთვის, დევნილებისთვის აშენდა. წეროვანში გადმოსახლება იმან გადამატანინა, რომ შევიძინე ახალი მეგობრები, ჩემი სოფლის თანატოლებიც აქ დასახლდნენ, რამაც კიდევ უფრო მშობლიური და ახლობელი გახადა ეს ერთფეროვანი და უღიმღამო გარემო.
რაც შეეხება ოკუპაციას, სამწუხაროდ, ეს ერთჯერადი ფაქტი არ ყოფილა. ქვეყანაში ლამის ყოველდღიურად გვახსენებს თავს მცოცავი ოკუპაცია, ამიტომ ეს არ გვაძლევს არც მოდუნების და არც მშვიდად ყოფნის უფლებას.
რა უნდა გავაკეთოთ ან როგორ მოვიქცეთ? ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ვაგრძნობინოთ ოკუპანტს, რომ ჩვენ არ ვართ ხელწამოსაკრავი, ჩვენი ღირსების გათელვა ასე იოლად არ გამოუვათ, რომ არ შევეგუებით ტერიტორიების დაკარგვას, რომ არ დავთმობთ მიწას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. რა თქმა უნდა, ასე ადვილი არ არის ამ თემასთან გამკლავება, მაგრამ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის გამთლიანებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში. თუ ყველამ თავისი საქმე კეთილსინდისიერად აკეთა, ბუნებრივია, სახელმწიფო გაძლიერდება და ოკუპაციის თემაც უფრო დაძლევადი გახდება, საერთაშორისო ასპარეზზეც უფრო ღირსეულად წარმოვჩინდებით.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? ოცნება არ მაქვს, მე ამას უფრო მიზანს ვეძახი — მინდა, კარგი განათლება მივიღო, ჩემი პროფესიით დავსაქმდე და, რაც მთავარია, მინდა, ჩემი წინაპრის საფლავზე მისვლა შევძლო!
?? კესო ჯოხაძე, მე-11 კლასის მოსწავლე: ოკუპაცია თავისუფლების აღკვეთაა, ჩვენი უფლებების შეზღუდვაა, ჩვენი მიწის მითვისებაა, ამიტომ ოკუპაცია კიდევ უფრო გიმძაფრებს იმისადმი ლტოლვას და სიყვარულს, რასაც გართმევენ, რასაც გიზღუდავენ. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, სამშობლოს სიყვარულთან ერთად, ზრუნავდე მის განვითარებაზე და იღვწოდე მისი თავისუფლებისთვის.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, მშვიდობა იყოს მთელ სამყაროში და მინდა, დავიბრუნოთ ოკუპირებული მიწები.
ლალი ჯელაძე