სკოლაში წასვლა და სწავლის დაწყება ადამიანის ცხოვრების, მისი პიროვნული განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. პატარები სიხარულითა და ინტერესით შეაბიჯებენ სკოლის კარში, მაგრამ ამ ნაბიჯებს სირთულეებიც ახლავს: 6-7 წლის ყმაწვილი აღმოჩნდება უცხო გარემოში, სადაც უცნობი ადამიანები, ურთიერთობის ახალი ფორმები, წესები, მოვალეობები და ა.შ. ხვდება. ის, თუ რამდენად უმტკივნეულოდ შეძლებს იგი ამ სირთულეებთან გამკლავებას, ახალ გარემოსთან შეგუება-ადაპტირებას, დიდწილად განაპირობებს მის შემდგომ დამოკიდებულებას არა მარტო სწავლისა და ცოდნის, არამედ ზოგადად საკუთარი საქმისადმი. სწორედ ამ დროს, სწავლის პირველ წლებში ხდება იმ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევების განვითარებაც, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება (გამართული კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრება, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება, ფაქტებისა და მოვლენების შეფასება, საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენა-დასაბუთება და ა.შ.). ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოები, რომლებითაც მოსწავლე იწყებს წერა-კითხვის სწავლას, უყალიბდება დამოკიდებულება ზოგადად წიგნისადმი და მასთან მუშაობის ჩვევები.
ალბათ ამითაა განპირობებული ის ინტერესი, რომელსაც საზოგადოება იჩენს სახელმძღვანელოების მიმართ. ამაზე საუბრობს ყველა: მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, ექსპერტი და ა.შ. მღელვარება მით უფრო გასაგებია იმიტომ, რომ ჩემი აზრითაც, სახელმძღვანელოების უმეტესობა (განსაკუთრებით საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა) კვლავაც საჭიროებს დახვეწას. არც ესაა გასაკვირი. სახელმძღვანელოს სრულყოფა საკმაოდ რთული პროცესია. ამას დრო, გამოცდილება, განუწყვეტელი მუშაობა და ცვლილება სჭირდება. გავიხსენოთ, რომ იაკობ გოგებაშვილმა თავისი „დედა ენის“ შექმნა-სრულყოფას რამდენიმე ათეული წელი შეალია და სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა, მასში არაერთი რედაქციული თუ კონცეპტუალური ცვლილება შეიტანა.
სახელმძღვანელოების პრობლემით დაინტერესება გასაგებია, მაგრამ გაუგებარია დაუსაბუთებელი პრეტენზიები და ხშირად კატეგორიული მოთხოვნები, რომლებიც საზოგადოების ერთი ნაწილისაგან მოდის. უკვე წლებია გაისმის ფრაზები: „გვართმევენ „დედა ენას!“, „ქართველი ბავშვების გადაგვარება უნდათ!“, „ჩვენ რა, ცუდად ვსწავლობდით?!“, „დავაბრუნოთ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში!“ და ა.შ. დარწმუნებული ვარ ამ მოსაზრებების მქონე ადამიანების გულწრფელობაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ მათ უმეტესობას შეხება არ აქვთ სწავლა-სწავლების პროცესთან (ამ შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გამოცდილება ან აკადემიურ წრეებთან მიკუთვნებულობა სულ სხვა რამაა), კარგად არ იცნობენ ამ პროცესის თანამდევ სირთულეებს და არა აქვთ დაწყებით კლასებში სწავლების პრაქტიკა. არც იმას უფიქრდებიან, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენით“ წერა-კითხვა თვითონაც არ უსწავლიათ. სახელმძღვანელო „დედაენა“, რომლითაც საბჭოთა პერიოდში წერა-კითხვა ისწავლებოდა, მომზადდა ვ. რამიშვილის მიერ გოგებაშვილის მეთოდიკის მიხედვით. რაც შეეხება ი. გოგებაშვილის „დედა ენას“, იგი საბჭოთა პერიოდში უცვლელი სახით დაიბეჭდა დაახლოებით 35 წლის წინათ, თუმცა, სკოლებში სახელმძღვანელოდ არ დანერგილა. სკოლა, რომელიც ამ გამოცემას სხვა არსებულთან ერთად გამოიყენებდა, პროფესორ გურამ რამიშვილის საავტორო მეექვსე საშუალო სკოლა გახლდათ. როგორც იმ წლებში მეექვსე სკოლაში მომუშავე ერთ-ერთი მასწავლებელი, პედაგოგთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მივეკუთვნები, რომელსაც ამ სახელმძღვანელოსთან პრაქტიკული შეხება ჰქონდა. ამიტომაც კარგად ვიცნობ იმ სირთულეებს, რომლებიც ამ გამოცემით სწავლებას თან ახლდა. ასე რომ, თავს უფლებას მივცემ, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება. აქვე მოგახსენებთ, რომ ახლა არ ვისაუბრებ ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მნიშვნელობაზე. ის ქართული კულტურის ნაწილია, ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ტრადიციების გაგრძელება აუცილებელია. არ ვისაუბრებ არც გოგებაშვილის სწავლების მეთოდიკასა და სახელმძღვანელოს უნიკალურობაზე. ეს სხვა საგაზეთო წერილის თემაა. მინდა, მოგახსენოთ ჩემი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიმაჩნია სწორად სკოლებში ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ უცვლელი სახით სახელმძღვანელოდ შემოტანა.
ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში განათლებას სხვადასხვა მიზნებს უსახავდნენ. სახელმძღვანელო, ერთი მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და, მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს იმ ბავშვის ფსიქოემოციურ თუ ასაკობრივ თავისებურებებს, რომელიც მას მოიხმარს, სახელმძღვანელო მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული. თანამედროვე ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, ძალიან მკვეთრად იცვლება სკოლაში შემომსვლელი ბავშვების როგორც ფსიქოტიპი და ინტერესები, ისე მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ამის გათვალისწინებით ნებისმიერი სახელმძღვანელო მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს კარგად ესმოდა თავად იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც წლების მანძილზე თავის „დედა ენაში“ არაერთი ცვლილება შეიტანა. პრაქტიკულად შეუძლებელია ასი წლის წინ შექმნილი, თუნდაც უნიკალური სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ წერა-კითხვა და საჭირო უნარ-ჩვევები განუვითაროთ თანამედროვე ბავშვს.
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“ საკმაოდ ბევრია არქაიზმი, ისეთი ენობრივი ფორმები, რომლებიც თანამედროვე ქართულ ენაში აღარ გამოიყენება. ამ მხრივ სახელმძღვანელო სერიოზულ რედაქტირებას მოითხოვს.
რედაქტირებას მოითხოვს ლექსიკური მასალაც. ერთი მხრივ ბარბარიზმები, რომლებიც გვხვდება (მაგ; სტოლი, სტაქანი, შკაფი…) და მეორე მხრივ ის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე ბავშვისათვის არა მარტო უცხო, არამედ გაუგებარია (მაგ; ასასი, მამასახლისი…). წარმოიდგინეთ მოსწავლის მდგომარეობა წერა-კითხვის შესწავლის საწყის ეტაპზე, როდესაც ის ეცნობა ახალ ასო-ბგერას: მან უნდა შეძლოს ასოს ვიზუალური აღქმა, დამახსოვრება, მისი შესაბამის ბგერასთან დაკავშირება, ამოკითხვა, შემდგომ უკვე ნაცნობ ასო-ბგერებთან შერწყმა-გამთლიანება, მარცვლის, და ბოლოს სიტყვის ამოკითხვა. ამ დროს კი ამოკითხულ სიტყვათა დიდი ნაწილი მისთვის უცნობი და გაუგებარია. ეს ეწინააღმდეგება ი. გოგებაშვილის მეთოდიკას. მისი აზრით, ცუდია, როცა „ყმაწვილს სწავლა ეჩვენება, როგორც ერთი უაზრო საგანი“. კითხვის სწავლის პროცესში მას ასო-ბგერა უნდა მიეწოდოს სიტყვის საშუალებით და ეს სიტყვა ბავშვისთვის ნაცნობი და ახლობელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე „ყმაწვილი შეხედავს სწავლას, როგორც გონივრულ საგანს და წახალისდება…“. გოგებაშვილისავე აზრით, ახალი სიტყვა, ცნება ბავშვს უნდა მიეწოდოს კონტექსტის საშუალებით, რათა გაუმარტივდეს მისი მნიშვნელობის გაგება და დამახსოვრება. ტექსტში, რომლის მეშვეობითაც ასო-ბგერას შეისწავლის, ბევრი უცნობი სიტყვის არსებობა კიდევ უფრო ართულებს კითხვის სწავლის ისედაც რთულ პროცესს. ი. გოგებაშვილის მეთოდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი სწორედ ისაა, რომ ბავშვისათვის იგი მაქსიმალურად გამარტივებული და სახალისო იყოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ვიზუალური მასალა, ილუსტრაციები. მიუხედავად იმისა, რომ ი. გოგებაშვილის „დედა ენა“ თავისი დროის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულდა, შავ-თეთრი ილუსტრაციები არ/ვერ მიიზიდავს და დააკმაყოფილებს თანამედროვე პატარას.
იმ ადამიანების საყურადღებოდ კი, რომლებიც ღელავენ ი. გოგებაშვილის მეთოდის დაკარგვისა და მისი სახელმძღვანელოს იგნორირების გამო, მინდა ვთქვა, რომ ი. გოგებაშვილის „დედა ენის“, მისი მეთოდიკისა და მეცნიერული მიგნებების საფუძველზე შექმნილი თანამედროვე სახელმძღვანელო უკვე არაერთი წელია არსებობს. იგი გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტორს მიერ 2018 წელს (მანამდე 2009 და 2011 წწ.). წლებია ამ სახელმძღვანელოთი ისწავლება წერა-კითვა საქართველოს არაერთ სკოლაში, მათ შორის იმ სკოლაში, სადაც მე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. წელსაც ამ სახელმძღვანელოთი დავაწყებინეთ პატარებს წერა-კითხვის სწავლება. ეს სახელმძღვანელო გახლავთ „დედა ენის კვალზე“ (ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით) ნ. გორდელაძისა და გ. ჩხენკელის ავტორობით (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). აღსანიშნავია, რომ ასეთი სათაური ავტორებს წიგნის კონსულტანტმა, ქ-ნმა ნინო რამიშვილმა შესთავაზა. ვფიქრობთ, იგი კარგად გადმოსცემს სახელმძღვანელოს არსს და მის მიმართებას გოგებაშვილის „დედა ენასთან“. „დედა ენის“ ამ განახლებულ გამოცემაში შეტანილია მხოლოდ ის აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც თანამედროვე ბავშვის ინტერესებს და დროის მოთხოვნებს ექვემდებარება.
სახელმძღვანელო (ისევე როგორც ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საბოლოო გამოცემა) ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი, რომელსაც „ქართული ანბანი“ ჰქვია, მიჰყვება ი. გოგებაშვილის გამოცემას. უცვლელია ასოების გაცნობის რიგი, შენარჩუნებულია გოგებაშვილის პრინციპი მარტივიდან რთულისაკენ, როდესაც ყოველი წინა ასოს მოხაზულობა აადვილებს მომდევნოს შესწავლას და დამახსოვრებას. აღსანიშნავია, რომ მანამდე იაკობ გოგებაშვილის მეთოდის მიხედვით მომზადებულ არცერთ სხვა სახელმძღვანელოში არ იყო დაცული ასოების შემოტანის გოგებაშვილისეული რიგი. ძირითადად შენარჩუნებულია მთავარი სიტყვა, რითაც იხსნება ახალი ასო-ბგერა, ასევე სიტყვები და ფრაზები, რომლებიც კითხვაში სავარჯიშოდაა განკუთვნილი. შენარჩუნებულია გოგებაშვილისეული პრინციპი წერა-კითხვის ერთად სწავლებისა. შეცვლილია მხოლოდ სიტყვების მცირე ნაწილი სწორედ იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებსაც ბევრი უცხო სიტყვის ტექსტში არსებობა უქმნის მოსწავლეს. მაგალითად, ი. გოგებაშვილის „დედა ენაში“ არსებული ფრაზა „იალბუზი მაღალია“ შეცვლილია ფრაზით „მთა მაღალია“. ავტორებმა გაითვალისწინეს, რომ პირველკლასელ მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმეტესობამ არ იცის რას ნიშნავს სიტყვა „იალბუზი“ და მასწავლებელს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებოდა მისი მნიშვნელობის ასახსნელად (რომ ესაა კავკასიონის ქედის ერთ-ერთი მწვერვალის სახელწოდება, რას ნიშნავს მწვერვალი და ა.შ.). მოგვიანებით ამ სიტყვას გაეცნობიან მოსწავლეები, ოღონდ უკვე კონტექსტში მოწოდებულს, როდესაც ისინი შეისწავლიან ხალხურ ლექსს ვახტანგ გორგასალზე.
წიგნის მეორე ნაწილში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული გოგებაშვილისეული ტექსტუალური მასალა, რომელსაც ავტორებმა ჩაუტარეს აუცილებელი რედაქტირება და საკითხავი მასალა დაალაგეს თემატურად. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად სახელმძღვანელოს დაემატა რამდენიმე კომპონენტი: მასწავლებლისათვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელო (მასწავლებლის წიგნი) და რვეულები მოსწავლეთათვის. მათგან ერთი დედანია, მეორე კი რვეული დამატებითი სავარჯიშოებისათვის, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, კლასში ვარჯიშობენ. სახელმძვღანელოსა და რვეულებში გამოყენებული საწერი ბადე გოგებაშვილისეულია და მისი ზომები ემთხვევა 1912 წლის გამოცემას. „დედა ენის“ მეორე ნაწილს „დედა ენის კვალზე“ დამატებული აქვს სავარჯიშოთა სისტემა, რომლებითაც შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა. განახლებულ სახელმძღვანელოში შავ-თეთრი ილუსტრაციები შეცვლილია მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი, მკაფიო და ამავდროულად თბილი, ფერადი ნახატებით.
სახელმძღვანელოში მასალა ისეა გათვლილი, რომ მასწავლებელს რჩება „თავისუფალი საათები“, რომლებიც მას შეუძლია მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებითა და საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოიყენოს.
წერილის ბოლოს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „დედა ენის“ განახლებული გამოცემის ავტორებს, ქ-ნ ნინო გორდელაძესა და ქ-ნ გვანცა ჩხენკელს, ასევე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, რომელთა ძალისხმევითაც საშუალება მოგვეცა, გვემუშავა ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით შექმნილი სახელმძღვანელოთი.
ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შექმნილი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელო არსებობს (მაგ; ვ. რამიშვილის „დედაენის“ განახლებული გამოცემა, მ. გოგავას რედაქტორობით გამოცემული „დედა ენა“). თუმცა, შესაბამისი გრიფის არქონის გამო შესაძლებელია მათი მხოლოდ დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოყენება.
აქვე დავძენ, რომ არსებობს სხვა მეთოდიკაზე აგებული სახელმძღვანელოებიც, რომლებიც სწავლების დაწყებით საფეხურზე გამოიყენება. სახელმძღვანელოს შერჩევა/არჩევა კონკრეტული სკოლისა და მასწავლებლების უფლებაა. არჩევანის თავისუფლება კი მხოლოდ მისასალმებელია. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს მათ საქმიანობაში!
თამარ გუჯაბიძე
მეექვსე საავტორო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი