„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ის ადგილია, სადაც მსოფლიო ხვდება ერთმანეთს“ – აღნიშნავს ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი. ბევრი წელია, საქართველო ამ შეხვედრის გადაკვეთის ნაწილია. მეტიც – 2018 წელს ჩვენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავით წარმოდგენილი.
„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ – ეს იყო ქართული სტენდის მთავარი კონცეფცია 2018 წელს. იმჟამინდელი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე საპატიო ქვეყნის სტატუსით წარდგენით საქართველოს თავისი არსებობის განმავლობაში პირველად ჰქონდა სრულიად უნიკალური შანსი, საკუთარი თავი მოენიშნა მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე.
ასეც მოხდა. 2018 წელს ქართულმა ანბანმა, ლიტერატურამ და კულტურამ ნამდვილად მოიცვა ფრანკფურტი. ქართული ლიტერატურის ისტორიის, ქართული ანბანის, 33 ასოს შესახებ ბაზრობაზე შეკრებილ აუდიტორიას მწერალმა აკა მორჩილაძემ 10 წუთში უამბო:
[…]როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი.
[…]ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას. ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ…
წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული სტენდი თითქოს თავიდან ბოლომდე ამ სიტყვების გამოძახილი იყო. ეს იყო კიდევ ერთი ამბავი ჩვენი არდანებების, ბრძოლის, გადარჩენისა და გზის გაგრძელების.
2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალშექმნილმა საქართველოს წიგნის ასოციაციამ წარადგინა.


ბაზრობის შესახებ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა. ჩვენ დავინტერესდით, რა განცდებს აჩენს ეს დღეები, როგორი ფიქრების საბაბს ტოვებს და რას გვანატრებინებს ჩვენი ქვეყნისა და წიგნის ინდუსტრიისთვის.
მთარგმნელი და გამომცემლობა „ინტელექტის“ რედაქტორი გვანცა შუბითიძე წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას თავის კოლეგებთან ერთად ესწრებოდა. გვანცას ჩანაწერები ამ შეკითხვებზე გვცემს პასუხს, უფრო ახლოდან შეგვაგრძნობინებს ამ დღეების განსაკუთრებულობას და იმ კულუარებში შეგვიძღვება, სადაც ყველაზე კარგად ჩანს, როგორ შეუძლია წიგნს დააახლოოს და შეაკავშიროს ქვეყნები და ადამიანები, ძალა და იმედი მისცეს გადარჩენისთვის მებრძოლ ერებსა და სახელმწიფოებს და მათი ამბავი ყველასთან განსაკუთრებული ემოციით მიიტანოს.
გვანცა შუბითიძე: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე პირველად 2009 წელს ვიყავი და, ცხადია, განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს გამყვა. გარდა იმისა, რომ ბაზრობის მასშტაბმა გამაოცა, მახსოვს, მაშინ პირველად აღმოვაჩინე, რომ ასეთ ღონისძიებებზე ადამიანებმა, ასაკის მიუხედავად, არა მხოლოდ წიგნების საყიდლად შეიძლება იარონ, არამედ, ამასთან ერთად, დროც სასიამოვნოდ გაატარონ — მაშინ განსაკუთრებით მოვიხიბლე სტენდების მრავალფეროვნებითა და ბავშვებისთვის შექმნილი უამრავი ინტერაქციული გასართობით.
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ახლა ჩვენი, ადგილობრივი წიგნის ბაზრობებიც, ბევრად პატარა მასშტაბის მიუხედავად, ასეთივე ადგილებია – არა მხოლოდ წიგნების საყიდლად განკუთვნილი, არამედ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი ყველა ასაკის წიგნის მოყვარულისთვის, თუმცა, წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დასწრება ჩემთვის მაინც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება, ყველაზე მეტად საქართველოსადმი იმ სიყვარულისა და თანადგომის გამო, რომელიც ქართულ სტენდთან მოსული უამრავი ადამიანისგან იგრძნობოდა ბაზრობის დღეებში.
ვეცდები, მოკლედ შევაჯამო 2025 წლის ფრანკფურტის ბაზრობის დღეები და ფაქტებთან ერთად, საკუთარი ემოციებიც გაგიზიაროთ.
2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა რიცხვებში:
ფრანკფურტის 77-ე წიგნის ბაზრობაზე 4300-ზე მეტმა გამომცემლობამ და ორგანიზაციამ წარმოადგინა სტენდი 131 ქვეყნიდან, 3500 ღონისძიება გაიმართა და ამ ყველაფერს 238 000 ვიზიტორი დაესწრო, საპატიო სტუმარი კი ფილიპინები იყო.


მნიშვნელოვანი მოვლენები და ძირითადი გზავნილები:
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, გარდა მკითხველთა საყვარელი ადგილისა, ერთ-ერთი დიდი ფორუმია მსოფლიოს მასშტაბით, სადაც წიგნის გამომცემლები ყოველწლიურად საუბრობენ იმ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლებიც აქტუალურია და, ცხადია, ყველა სფეროს ეხება – მათ შორის კულტურასაც და საგამომცემლო სექტორსაც. წელს ასეთი ცენტრალური თემა იყო ხელოვნური ინტელექტი – მისი პოზიტიური გავლენები, მაგრამ ასევე, პრობლემური მიმართება საავტორო უფლებებთან და დეზინფორმაციის გავრცელებასთან.
ციფრული დეზინფორმაციის შესახებ დისკუსია ბაზრობის მთავარ სცენაზე გაიმართა, მონაწილეებს შორის კი იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ჩვენთვის დაუვიწყარი მომენტი იყო, როდესაც მარია რესამ (ავტორმა წიგნისა „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“) თავის ქართველ გამომცემლებს პირდაპირ სცენიდან მიმართა და თანადგომა გამოუცხადა ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) ქართველმა პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ, დააფუძნა გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდო (FEDA), რომლის პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პირველ საფესტივალო დღეს გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და პირველი დაჯილდოება 2026 წლის ოქტომბერში სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება.


2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველო
საქართველოსთვის წლევანდელი ბაზრობა განსაკუთრებული იყო იმით, რომ ჩვენი ქვეყანა პირველად წარადგინა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“, რომელიც 2025 წლის თებერვალში საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოიკოტში მყოფი გამომცემლობების მიერ.
საქართველოს სტენდის მთავარი სათქმელი ბოლო დროს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები იყო – პროტესტი საქართველოს „მთავრობის“ მიერ ევროპულ გზასთან მიზანმიმართულ დაშორებასა და დრაკონულ კანონებზე და სინდისის პატიმრები. მათი პორტრეტები და გზავნილები ნახა ყველამ, ვინც ქართულ სტენდს ეწვია წიგნის ბაზრობის ფარგლებში.
დამთვალიერებლებისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 17 სექტემბერს გაიხსნა. ამავე დღეს გაიმართა მიღება ქართულ სტენდთან, სადაც უამრავი ადამიანი მოვიდა მოსასალმებლად, სიყვარულისა და თანადგომის გამოსახატად, ქართული წიგნების გასაცნობად და ღვინისა და ჩურჩხელის დასაგემოვნებლად. მათგან ბევრი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის ბაზრობამ, სადაც საქართველო იყო საპატიო სტუმარი, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომდევნო წელსვე ესტუმრნენ საქართველოს და მას შემდეგ გვგულშემატკივრობენ.
შემდეგ დღეებში რამდენიმე ღონისძიება იყო დაგეგმილი ქართველი მწერლების მონაწილეობით, მათ შორის 18 სექტემბერს გამართული დისკუსია – „ავტორიტარული კონტექსტები ქართულ ლიტერატურაში: ისტორიული ტრავმები და ინდივიდუალური წინააღმდეგობა“ – ზაალ ანდრონიკაშვილის მოდერატორობით, რომელშიც სალომე ბენიძეს, ეკატერინე ტოგონიძესა და ირაკლი კაკაბაძეს მოვუსმინეთ.
განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის ის მომენტი, როცა ამ ღონისძიების მსვლელობისას ჩემს გერმანელ მეგობარს მოვკარი თვალი, რომელიც აშკარად სხვა დარბაზისკენ მიდიოდა, მაგრამ ნაბიჯი შეანელა და მოსასმენად ჩამოჯდა. 2017 წელს საქართველოში მესტუმრა, მას შემდეგ არ მენახა და ესეც მოულოდნელი შეხვედრა იყო – ფრანკფურტიდან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს და არ მიფიქრია, თუ იქნებოდა ბაზრობაზე, თვითონაც არანაკლებ გაოცდა, როცა დისკუსიის დამთავრების შემდეგ სანახავად მივედი. მითხრა, როგორც კი ყური მოვკარი საქართველო ახსენეს, მაშინვე გადავწყვიტე დასწრებაო.
ამავე დღეს წაიკითხეს გერმანიის პენცენტრის სტენდთან ზვიად რატიანის ლექსები ქართულ და გერმანულ ენებზე. შესავალში გერმანიის პენცენტრის დირექტორმა მოგვიყვა, თუ რას აკეთებენ საერთაშორისო პენი და მისი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობები მწერლებისთვის, რომლებიც თავიანთ სამშობლოში არიან დევნისა და შევიწროების მსხვერპლნი, ან სულაც უკვე მსჯავრდადებულნი, როგორც ეს ზვიად რატიანის შემთხვევაშია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ დავეხმაროთ, მაგრამ თუ ჩვენი მცდელობის საზომად იმას მივიჩნევთ, რამდენი მწერლის დახსნა მოვახერხეთ უსამართლო ტყვეობიდან, მაშინ ეს ჩვენი საქმიანობა დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ჩვენ ამას ასე არ ვაფასებთ და მცდელობას ვაგრძელებთ, რადგან ვიცით, რომ პატარა გამარჯვებებიც არსებობს და მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა არ უნდა შევწყვიტოთო, გვითხრა მან.
18 სექტემბერს გაიმართა ირაკლი კაკაბაძის „გამოსვლის წიგნის“ გერმანულენოვანი გამოცემის წარდგენაც, რომლის თარგმანიც ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს ეკუთვნის და რომელიც ავსტრიულმა გამომცემლობა „ვისერმა“ გამოსცა.
19 სექტემბერს „სოვლაბისა“ და მწერალ ლაშა ბუღაძის ერთობლივი წიგნის „საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ“ წარდგენა გაიმართა. ლაშა ბუღაძემ და პროექტის ავტორმა, გიორგი კანდელაკმა, წიგნი დამსწრე საზოგადოებასა და გამომცემლებს გააცნეს.
ამავე დღეს, გერმანულმა გამომცემლობა „დაგიელიმ“, გვანცა ჯობავასთან ერთად, წარადგინა ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც შესანიშნავადაა არეკლილი ჩვენი უახლესი ისტორია; ასევე გაიმართა სალომე ბენიძის „მაროს“ გერმანული გამოცემის წარდგენაც, რომელიც იუნონა გურულმა თარგმნა და გამომცემლობა „ავივამ“ გამოსცა.
ორივე წარდგენა კიდევ ერთი სცენა და ასპარეზი იყო საქართველოსთვის ასე მტკივნეულ უახლოეს მოვლენებზე საუბრისთვისაც.
ასეთი იყო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის მსვლელობისასაც ქართული მხარისგან ყველანაირი საშუალებით ისმოდა ჩვენი საზოგადოების პროტესტის ხმა, გარემოსგან კი იგრძნობოდა უზარმაზარი თანადგომა და სიყვარული.
თუმცა, ჩემთვის ყველაზე ემოციური მაინც ქართველი ემიგრანტების შვილების გაცნობა აღმოჩნდა, რომლებიც გერმანიაში დაიბადნენ, იქ იზრდებიან, მაგრამ ცდილობენ, ქართულად ილაპარაკონ და იკითხონ. ბევრი ასეთი სტუმარი ჰყავდა ქართულ სტენდს, მათგან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, – 16-17 წლის შავგვრემანი გოგონა, გამართული, აშკარად წიგნებიდან ნასწავლი ქართულით და ულამაზესი ღიმილით – იმედი მაქვს, როდისმე კიდევ შევხვდები, მანამდე კი მისი ყოველი გახსენება იმ იმედს ჩამინერგავს გულში, რომ ქართული ენა და ქართული წიგნი ყველა სირთულესა და გამოწვევას გაუმკლავდება და კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლებს და შეინარჩუნებს თავის მნიშვნელობას მსოფლიო კულტურის მასშტაბით.





