მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით eTwinning-ის, 2024 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც წლის აქტივობების შეფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას დაეთმო, ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გახსნა.
შემაჯამებელ კონფერენციაზე, პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი რესურსების პრეზენტაცია მოეწყო, მათ შორის:
• „საერთო სასკოლო კეთილდღეობის დიდი წიგნი“, რომელიც აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებსა და რესურსებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა კეთილდღეობის გასაძლიერებლად;
• ევროპის საბჭოს რეკომენდაცია ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რომელიც განათლების განვითარებისა და ხელშეწყობისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს ციფრული მოქალაქეობის საკითხების გააქტიურებას.
კონფერენციაზე ვიდეომიმართვით წარდგა აჰმეტ მურატ ქილიჩი, ევროპის საბჭოს ციფრული ტრანსფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო 2025 წლის ევროპის წლის თემა, რომელიც ციფრულ მოქალაქეობას მიეძღვნება. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ციფრული მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ და რეკომენდაციების გავრცელებას განათლებაში.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2024 წლის განმავლობაში eTwinning-ის პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლები.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპებში, რომლებიც მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა:
⇒ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;
⇒ ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში;
⇒ კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა საზოგადოების განვითარების პროცესებზე.