სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, 2022 წლის განმავლობაში, განხორციელდა შემდეგი ძირითადი აქტივობები:
📌 დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით, რაც გულისხმობს ამ სფეროში ავტორიზაციის პროცესის დანერგვას და ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედებას. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ავტორიზაციის პროცესის განხორციელება დელეგირებულ იქნა ცენტრზე;
📌 დაიწყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კერძო და საჯარო დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რისთვისაც, განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, მომზადდა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა და დაიწყო რეგისტრაციის პროცესი;
📌ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სისტემის შექმნისა და გამართვის მიზნით, მიმდინარე წელს, UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მომზადდა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესისა და ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი;
📌ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, თვითშეფასება პირველად განხორციელდა 2,070 საჯარო სკოლაში;
📌ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების არსებითად განახლების მიზნით, მომზადდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 ოქტომბრის 99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პროექტი, რომელიც ძალაში შევა 2023 წლის დასაწყისში;
📌აღსანიშნავია, რომ 146 პირს, სერტიფიცირების საფუძველზე, მიენიჭა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი და ასევე, საგნობრივი ექსპერტების კონკურსის საფუძველზე, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების შესაბამისად, შეირჩა 331 ზოგადი განათლების საგნობრივი ექსპერტი;
📌 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა 120-მდე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განმეორებითი ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება;
📌 პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, გაგრძელდა ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოებები განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით. განმეორებითი ავტორიზაცია გაიარა 11-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ორი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შემოემატა სისტემას;
📌 გაიზარდა პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა როგორც გრძელვადიან საკვალიფიკაციო პროგრამებზე, ისე მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე. გაიზარდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, დაემატა ახალი განხორციელების ადგილები შემდეგ მუნიციპალიტეტებში — ჩოხატაური, შუახევი, ხულოი;
📌 გაიზარდა არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მქონე დაწესებულებების რაოდენობა და, 2022 წლის ბოლოსთვის, 9 საგანმანათლებლო დაწესებულება შეადგინა, შესაბამისად, არაფორმალური განათლების აღიარება ხელმისაწვდომია უკვე 11 სფეროში;
📌 საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ცენტრი აქტიურად იყენებს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. 2022 წელს განხორციელდა პროფესიული განათლების ხარისხის შეფასება, ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორების გამოყენებით, 5 ინდიკატორის მიხედვით მომზადებულია შესაბამისი რეკომენდაციები;
📌 უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით, დაინერგა საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სისტემა და შეფასების პროცესები. კლასტერული აკრედიტაციის სისტემის მოდელი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებასა და უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სისტემასთან მეტად ჰარმონიზებას;
📌 შეიცვალა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები და, განახლებული სტანდარტებითა და პროცედურებით, 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა საპილოტე შეფასებები, რომელშიც, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩართულები იყვნენ დარგის საერთაშორისო ექსპერტებიც;
📌 კლასტერული აკრედიტაციის პროცესის ეფექტურად დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის პერიოდში, განხორციელდა ჰუმანიტარული სფეროს აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია, ასევე, ექსპერტთა კორპუსის განახლების მიზნით, გამოცხადდა ახალი კონკურსები და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსს შემოემატნენ დარგის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ახალი ექსპერტები, ასევე სტუდენტები და დამსაქმებლები;
📌 ამჟამად მიმდინარეობს ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია. 2022 წლის ბოლომდე შეფასდება 200-მდე ჰუმანიტარული სფეროს საგანმანათლებლო პროგრამა კლასტერული აკრედიტაციის პროცედურებითა და სტანდარტებით. უმაღლესი განათლების ყველა სფეროს საგანმანათლებლო პროგრამა, 2028 წლამდე, ეტაპობრივად, გაივლის კლასტერულ აკრედიტაციას, შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიცირებით, დამტკიცდა აღნიშნული სფეროების ჩამონათვალი და განისაზღვრა შესაბამისი ვადები;
📌 განათლებისა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო შეფასება. აკრედიტაციის დებულებაში შესული ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა საერთაშორისო შეფასებების განხორციელების პროცედურები და დადგინდა საფასური;
📌 საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაიგეგმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. შესაბამისად, შემუშავდა სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტი;
📌 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია გახდა სავალდებულო. შესაბამისად, აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გადახედვის საჭიროება. მიმდინარე ეტაპზე, ინიცირებულია შესაბამისი აქტივობების განხორციელება ავტორიზაციის სტანდარტების გადახალისების მიზნით;
📌 ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხარისხის უზრუნველყოფის სამ სააგენტოსთან. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და თურქეთის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და შეფასების სააგენტოს (EPDAD) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება; ასევე, ცენტრმა გააფორმა მემორანდუმი აზერბაიჯანის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (TKTA), რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების საკითხებში ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება; ცენტრსა და ხორვატიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სააგენტოს (ASHE) შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
📌 ირლანდიის რესპუბლიკაში გამართულ ინსპექტორიატების მუდმივმოქმედი საერთაშორისო კონფერენციის (The Standing International Conference of Inspectorates-SICI) 27-ე გენერალურ ასამბლეაზე, წევრთა სრული თანხმობით, ცენტრი ორგანიზაციის 43-ე წევრად იქნა არჩეული. SICI-ის წევრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით;
📌 საქართველოს, ETF-ში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, მიეცა შესაძლებლობა, ემასპინძლა ევროპის განათლების ფონდის ფორუმისათვის. მსგავსი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების განვითარების კუთხით და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე განხორციელდა პროფესიულ განათლებაში მომზადება/გადამზადების სისტემის ეფექტიანობის შეფასება, ევროპის განათლების ფონდის (ETF) წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ. შეფასებაში მონაწილეობდნენ ETF-ის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლები;
📌 უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2023 წელს, უმასპინძლებს ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 32 ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის 55 სააგენტოს ხელმძღვანელები, სააგენტოების თანამშრომლები, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის — EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ENQA-ს ფორუმის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ჭრილში;
📌 ცენტრმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV). პარტნიორობის ფარგლებში, ესტონური მხარე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით;
📌 2022 წელს, ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ბოლონიის პროცესის თემატური ჯგუფების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრებში;
📌 დამტკიცდა უმაღლესი განათლების 12 დარგობრივი მახასიათებელი, მათ შორის ხელოვნების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, დარგობრივი სამინისტროების, ასოციაციებისა და დარგობრივი გაერთიანებების, ასევე, დასაქმების ბაზრის წარმომადგენელთა ჩართულობით, სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლების 9 დარგობრივი მახასიათებელი შემუშავდა. დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებლები მენეჯმენტის, კონფლიქტოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის მიმართულებით. განახლდა უმაღლესი განათლების ორი დარგობრივი მახასიათებელი: მედიცინისა და ენის დაუფლების;
📌 მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებას საფუძვლად დაედო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განახლებული მედიცინის საერთაშორისო სტანდარტები და ასევე ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ანალიზი, რომელიც ეხებოდა საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებს;
📌 შემუშავდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების/თვითსერტიფიცირების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადებულია „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს (EQF-LLL)“ შესახებ ევროსაბჭოს 2017 წლის 22 მაისის რეკომენდაციის მე-3 დანართით განსაზღვრული რეფერენსირების 10 კრიტერიუმის შესაბამისად;
📌 შემუშავდა და გამოქვეყნდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულების მიზნების სტრუქტურისა და შინაარსის გაცნობას, გაგებასა და მის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოყენებას;
📌 განხორციელდა ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ემსახურება მომსახურების გაუმჯობესებას და განმავითარებელი ღონისძიებების დაგეგმვას. ასევე, ჩატარდა კვლევა ცენტრის თანამშრომელთა კმაყოფილების განსასაზღვრად და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისობის თაობაზე. მომზადდა ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის ანალიზის დოკუმენტი, რომელიც ფარავს ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს;
📌 თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების მიზნით, შემუშავდა და, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, დამტკიცდა „სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესი“. სამუშაო პროცესის შეფასებასთან დაკავშირებით, პროექტის — საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში — მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგები ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის;
📌 ცენტრში შეიქმნა ელექტრონული სისტემა, რომლის მიზანია ცენტრის ექსპერტთა კორპუსების მართვა. ცენტრის მომხმარებელთა ეფექტიანი მომსახურების მიზნით, შეიქმნა ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის ახალი სისტემა (booking.eqe.ge), ჯავშნის ფანჯარა განთავსდა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და განკუთვნილია ცენტრის სერვისებით მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.