25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

12 წლის გამომგონებელი

spot_img
ახალგაზრდა გამომგონებელსა და ვუნდერკინდს – შოთა ბერიძეს საზოგადოების ნაწილი უკვე კარგად იცნობს. შოთას და მისი მეგობრების – „ევროპული სკოლის“ „რობოტიქსის კლუბის“ წევრების მიერ შექმნილმა რობოტმა, გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, GENIUS ოლიმპიადაზე, 75 ქვეყანასა და 256 მონაწილეს შორის, მეოთხე ადგილი დაიკავა. განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული 12 წლის შოთას მკითხველისთვის ახლოს გაცნობას მისი მშობლიური სკოლიდან დავიწყებთ.

დღეს შოთა კომაროვის სკოლა-პანსიონში სწავლობს და ცხოვრობს. იგი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ჰყავს სამი ძმა, ერთი და, დედ-მამა და ბებია-ბაბუა. მეშვიდე კლასამდე გამარჯვების საჯარო სკოლაში  სწავლობდა. ფიზიკა-მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭის გამო, სკოლის შეცვლა და თბილისში, კომაროვის სკოლა-პანსიონში, საცხოვრებლად გადმოსვლა მოუწია. ამბობს, რომ მშობლიური სკოლა ძალიან ენატრება. იქ გატარებული წლები ტკბილად აგონდება, მეგობრებს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს ახსენებს.

შოთას ყოველი წარმატება მშობლიურ სკოლაში ყველაზე მეტად უხარიათ. მასწავლებლები მის ნიჭსა და განსაკუთრებულ უნარებზე დღესაც სიამაყით საუბრობენ.

გურამ ნათენაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი: „შოთა პირველი კლასიდან ჩვენს სკოლაში სწავლობდა. მის ნიჭიერებაზე მიღწეული წარმატებები და შედეგები მეტყველებს. მინდა, ყურადღება მის პიროვნულ თვისებებზე გავამახვილო და სწავლისადმი დამოკიდებულებაზე. სწორედ ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა მისი წარმატება. უაღრესად თბილი, ყურადღებიანი და კომუნიკაბელური ბიჭია. უფროსებთან მისი ურთიერთობა საინტერესო და საქმიანია. ყოველთვის იღებს რჩევა-დარიგებას და ცდილობს, იყოს გამორჩეული. შოთა დაწყებითი კლასიდანვე ჩართული იყო სასკოლო, სარაიონო და ქვეყნის მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებში. შედეგები ყოველთვის კარგი ჰქონდა. მის უნარებზე არაერთხელ  გვისაუბრია მასწავლებლებს. შოთას გაუმართლდა, რადგან ჰყავდა და ახლაც ჰყავს კარგი მასწავლებლები. გაუმართლა, რომ იზრდება კულტურულ გარემოცვაში. მისი მშობლებისთვის, მრავალშვილიან ოჯახში, სწავლა-განათლება პრიორიტეტულია.

მიხარია, რომ დღეს შოთა კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის წარმატებული მოსწავლეა. მან პატარა ასაკშივე შეძლო, საზოგადოების ყურადღება მიექცია, როგორც პერსპექტიულ ყმაწვილს. მჯერა, მრავალჯერ გაგვახარებს მიღწეული წარმატებებით. გამარჯვების საჯარო სკოლა ამაყობს შოთათი“.

ამჟამად შოთა ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. ოჯახიდან მოშორებით ცხოვრობს, თუმცა, დამოუკიდებელ ცხოვრებას წარმატებით ართმევს თავს.

„მე-4 კლასიდან კომაროვის შაბათის სკოლაში დავდიოდი. შემდეგ კომაროვის სკოლის მისაღები გამოცდები ჩავაბარე და სასწავლებლად თბილისში გადმოვედი. შემეძლო, სკოლა არ შემეცვალა და მშობლიურ სკოლაში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება და შესაძლებლობები რომ გამომევლინა, ეს აუცილებელი იყო. ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, არც ისე მარტივია. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად ცხოვრებას, ასე თუ ისე, მივეჩვიე. ვფიქრობ, ჩემი მომავლისთვის ასე უკეთესია.

გამოგონებების მიმართ ჩემი ინტერესი ძალიან ადრეულ ასაკს უკავშირდება. პატარაობიდან „ვჩხირკედელაობ“, რამაც ჩემში რობოტექნიკისადმი ინტერესი გააღვივა. „ევროპული სკოლის“ რობოტიკის წრეზე სიარული გასული წლის სექტემბერში დავიწყე. ჩემს მიღწევებში უდიდესი როლი მიუძღვის რობოტიქსის კლუბის ხელმძღვანელს, დავით ნოზაძეს და ჩემს გუნდს“ – გვიამბობს შოთა.

მისი პირველი გამოგონება სუმოს რობოტი იყო, რომელმაც თურქეთში, ქალაქ სამსუნში, რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზა და საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში, 33 ქვეყნიდან, 5000 მოსწავლე მონაწილეობდა და 3800-მ დე პროექტი იყო წარდგენილი. შოთა, მონაწილეებთან ერთად, გაეცნო მაღალი ტექნოლოგიური პროდუქტის ნიმუშებს და გამოცდილებაც შეიძინა. ოლიმპიადის ფარგლებში, მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ქალაქ სამსუნის ღირშესანიშნაობები და მუზეუმები.

ამერიკაში გამართულ GENIUS  ოლიმპიადა-2019-ში, სადაც 75 ქვეყანა და 256 მოსწავლე მონაწილეობდა. შოთას და მისი გუნდის მიერ შექმნილმა რობოტმა, რომლის მოვალეობა ცეცხლის ჩაქრობა და ცეცხლმოკიდებული სახლიდან ხალხის დროული ევაკუაცია იყო, მეოთხე ადგილი დაიკავა. „ამერიკაში 10 დღით ვიმყოფებოდი და ძალიან ბევრ საინტერესო  ინოვაციას გავეცანი. ჩემი ოცნებაა, შევქმნა რობოტის დიდი მოდელი, რომელსაც შეეძლება ჩაანაცვლოს მეხანძრეების დაუღალავი შრომა და მათ მაგივრად ჩააქროს ხანძარი. ძალიან მიყვარს მანქანები და მინდა, ჩემი პროფესია ავტოინჟინერიას დავუკავშირო“ – ამბობს შოთა.

მოზარდის გამორჩეული ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ მისი მასწავლებელი, „ევროპული სკოლის“ რობოტიკის და ტექნოლოგიების პედაგოგი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საბავშვო-რობოტექნიკის მწვრთნელი დავით ნოზაძე გვესაუბრა: „შოთა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა, იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ დიდ ასპარეზზე, ისეთ შეჯიბრებებში, როგორებიცაა: GENIUS ოლიმპიადა, რომელიც  აშშ-ში ტარდება და მსოფლიო დონის თურქეთის საერთაშორისო ოლიმპიადა, ასევე, რობოტიკის საერთაშორისო შეჯიბრებები თურქეთში, ამერიკასა და გერმანიაში, სადაც შოთა თანატოლებთან, ქართველ მეგობრებთან ერთად, დიდ წარმატებებს აღწევს.

ორი წლის წინ გავიცანი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა შოთა გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა. ვაფასებ რაიონში მცხოვრები ბავშვების შრომას და მონდომებას, განსაკუთრებით ვცდილობ მათ ხელშეწყობას. სამწუხაროდ, მათ ქალაქელი თანატოლებივით ხელშეწყობა არ აქვთ, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახის შვილისთვის ძალიან რთულია, ამ სფეროში, რაიონში იმ დონის განათლება მიიღოს, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე გაგიყვანს და, ქვეყნის სახელით, საქართველოს დროშას ააფრიალებ. თანამედროვე ტექნოლოგიების და რობოტიკის შესწავლა ძვირი სიამოვნებაა და გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ყველაფრისა, შოთა ამ ყველაფერს არ შეუშინდა და გარდაბნიდან, ყოველ შაბათ-კვირას, ახერხებდა ჩამოსვლას შეხვედრებსა და მეცადინეობებზე დასასწრებად. „ევროპული სკოლის“ ბაზაზე ის საუკეთესო მოსწავლეებით გარემოცულ სკოლაში გადიოდა წვრთნებს და სწავლებას, სადაც ეზიარა იმ დიდ ინოვაციას, რასაც რობოტიკის დარგი ჰქვია, რის მიმართაც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. 2016 წლის სექტემბრიდან, მისმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და პირველად მიიღო მონაწილეობა თურქეთის რობოტიკის მე-13 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც ქალაქ სამსუნში გაიმართა, სუმო რობოტის კატეგორიაში. შოთა ყველაზე პატარა მონაწილე იყო და ეს მისთვის დიდი გამოწვევა, სტიმული და ღირსეული წარმატების დასაწყისი იყო. მართლაც, მან მალევე მოიპოვა კიდევ ერთი აღიარება – აშშ-ში ორგანიზებულ ჯენიუს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, სადაც მეგობრებთან ერთად იასპარეზა და შედეგიც კარგი აჩვენა. დიდ არენაზე, თავისი მეხანძრე რობოტით, 75 ქვეყანას და 256 მონაწილეს შორის, მეოთხე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ამ წარმატებამ სიხარული და კიდევ უფრო დიდი სტიმული მოუტანა შოთას“.

თანამედროვე დროში რობოტიკა გამოიყენება როგორც მეცნიერება და ტექნოლოგია რობოტების დიზაინის, წარმოებისა და გამოყენებისთვის. რობოტიკა, ინტერდისციპლინარული სფერო, მოიცავს მექანიკის, ელექტროტექნიკის და კომპიუტერული პროგრამების სფეროებს.

აღსანიშნავია, რომ რობოტიკის სასწავლო პროგრამები არ არის დამყარებული სასკოლო-სასწავლო პროგრამებზე, ამიტომ ისინი განკუთვნილია სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის. პროგრამების მიზანია, მოსწავლეს შეაყვაროს ელექტრონიკა, რობოტექნიკა, პროგრამირება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და გაუღვივოს მათ მიმართ ინტერესი. მოსწავლეები იწყებენ ინოვაციურ, ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. გაკვეთილები განსაკუთრებული ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქციული მიდგომა იმ ატმოსფეროს ქმნის, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს პროცესში. პრაქტიკული მხარე მრავლისმომცველი და შემოქმედებითია. მოსწავლეები აწყობენ რობოტებს, სხვადასხვა ელექტრულ სქემებს, კონსტრუქტორებსა და სხვ.

„ევროპული სკოლის“ ბაზაზე არსებული რობოტიკის სასწავლო ცენტრის წრეობრივ მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა, „ევროპული სკოლის“ მოსწავლეების გარდა, სხვა სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ევროპულ სკოლაში“, 2017 წლიდან, ყველა ასაკობრივ კლასში, ისწავლება საგანი რობოტიკა, რომლის სულისჩამდგმელი რობოტიკის დამსახურებული სპეციალისტი გიორგი უსანეთაშვილია.

„სწორედ გიორგისთან ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები – გვიამბობს დავით ნოზაძე, – წლებთან ერთად დავხვეწეთ სილაბუსები და განვაახლეთ პროგრამები, სწავლების ხარისხზე კონტროლი Futur Laboratory-ს დაეკისრა. საგაკვეთილო პროცესის გარდა, სკოლაში წრეობრივი მუშაობა მიმდინარეობს, სადაც საკითხით დაინტერესებული მოსწავლეები არიან გაერთიანებული და აქტიურად ჩართული ინოვაციურ საქმიანობაში. წრის წევრები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის გამოფენებსა და შეჯიბრებებში. სკოლის გარდა, აქტიურად ვმუშაობ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, საბავშვო რობოტექნიკის მიმართულებით. ძალიან მიყვარს პედაგოგიური საქმიანობა და არასდროს მქონია სურვილი, ჩემი შესაძლებლობა სხვა მიმართულებით მომესინჯა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მინდა, ჩვენი მომავალი თაობა კარგად მომზადებული შეხვდეს თანამედროვე გამოწვევებს. მჯერა, რომ შოთა, თავისი შემოქმედებით, შეძლებს, საქართველოს თავი დაამახსოვროს. მას საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. მოვა დრო და შოთა საკუთარი ცოდნისა და უნარების  რეალიზებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ შოთას მონაწილეობა უნდა მიეღო რობოტიკის რამდენიმე ღონისძიებაში, რომლებიც, მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო, გადაიდო – თურქეთის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრი (9-12 აპრილი) და ამერიკის  მსოფლიო დონის შეჯიბრი, რომელიც ზაფხულში, ივნისში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

ამჟამად, ისევე როგორც მისი თანატოლები, შოთაც სკოლიდან მოშორებით, დისტანციურად განაგრძობს სწავლა-განათლების მიღებას. გული სწყდება, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის გეგმა ჩაუშალა. „კორონავირუსმა, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც შეცვალა სწავლების სტილი და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მომწონს, რადგან არ მაქვს ახლო ურთიერთობა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. შეზღუდულია გაკვეთილების დროც. პანდემიის გამო, გაუქმდა საერთაშორისო რობოტიკის შეჯიბრებებიც. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და მომავალში ჩემი მიზნების და ოცნებების განხორციელებას შევძლებ“.

მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები