4 მაისი, შაბათი, 2024

ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები

spot_img

როგორი იქნება წელს საგამოცდო ტესტების ფორმატი? – აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ ამ შეკითხვას ამომწურავად ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენისა და ისტორიის ჯგუფების წარმომადგენლები პასუხობენ.

⇓⇑ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი ნაირა ცხვედიანი: „ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის პროგრამასა და ტესტის ფორმატში არაფერი შეცვლილა. გამოცდა წელსაც 3 დავალებისგან შედგება. რედაქტირების დავალებით მოწმდება აბიტურიენტის გრამატიკული საკითხების ცოდნა და ენობრივი კომპეტენცია. ჩემი რჩევა იქნება, კარგად გაიხსენოთ მორფოლოგია-ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციისა და სტილისტიკის საკითხები, რომლებიც საშუალო საფეხურზე გაქვთ შესწავლილი, გაამთლიანოთ ეს ცოდნა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მართლწერის საკითხებს. რედაქტირების დავალება 16-ქულიანია. დავალებაში არ იქნება 16 შეცდომაზე მეტი, თუმცა, რამდენი შეცდომა იქნება ზუსტად, ტრადიციულად, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ მოგაწვდით, ისევ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე (შესაძლებელია, აბიტურიენტმა რომელიმე სიტყვის პარალელური ფორმა შეცდომად მიიჩნიოს, გაასწოროს და შეცდომების დათვლის დროს ნამდვილი შეცდომა გამორჩეს).

რაც შეეხება მეორე დავალებას – წაკითხულის გააზრებას – ის ამოწმებს, რამდენად შეგიძლიათ ტექსტში ინფორმაციის მოძიება, სწორი დასკვნების გამოტანა, საკითხის განზოგადება და ა. შ. დავალება 10-ქულიანია და მისი სწორად შესრულება, შემდგომ, ტექსტის ადეკვატურად გაგებასა და თხზულების დაწერაშიც დაგეხმარებათ (არ დაგავიწყდეთ, რომ იმ ტექსტის წაკითხულის გააზრება გააკეთოთ, რომლის მიხედვითაც შემდეგ წერით დავალებას შეასრულებთ).

როგორც იცით, ტესტში მოცემულია ორი ტექსტი. არჩევანი პროზაულ და პოეტურ ტექსტებს შორისაა გასაკეთებელი. ჩემი რჩევაა, წინასწარ არ განეწყოთ, რომ რომელიმე ტექსტის (მაგალითად, პოეტური ტექსტის) მიხედვით თხზულებას არ დაწერთ. შესაძლებელია, გამოცდაზე თქვენთვის საინტერესო სწორედ ის საკითხი აღმოჩნდეს, რომელიც პოეტური ტექსტის მიხედვით უნდა გაანალიზდეს – შესაბამისად, ბევრად გაგიმარტივდეთ კიდეც მასზე მსჯელობა. ამიტომ მეცადინეობის დროს უმჯობესია ორივე სახის ტექსტზე იმუშაოთ. მოგეხსენებათ, ამ ორი დავალებიდან ერთ-ერთი თქვენ მიერ სასკოლო პროგრამით იქნება შესწავლილი, მეორე კი უცნობი ტექსტია. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომზადების დროს თავი აარიდოთ საპროგრამო ტექსტების საფუძვლიანად შესწავლას იმ იმედით, რომ გამოცდაზე უცნობი ტექსტის მიხედვითაც კარგად დაწერთ. თუკი ზოგადად არ გეცოდინებათ ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დაჯგუფება, ანალიზი და არგუმენტირება, თხზულების დაწერა გაგიჭირდებათ. ამიტომ აუცილებელია, პირველ რიგში, საპროგრამო ტექსტების მიხედვით ისწავლოთ თქვენი მოსაზრებების ჩამოყალიბება, მსჯელობა და დასაბუთება. როცა ამ მხრივ გაიწაფებით, უცნობ ტექსტზე მუშაობაც ბევრად გაგიადვილდებათ. ასევე გირჩევთ, მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება“.

⇓⇑ უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე: „ჩვენი ტესტი 6 დახურული დავალებისგან შედგება. ვამოწმებთ მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარს, ასევე გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნის დონეს. შარშან შემოვიტანეთ კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის აგება, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა. ტესტის სირთულის დონე არის B1 – ისეთი, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს.

წელსაც, ტრადიციულად, გვაქვს 1 ღია დავალება. ეს გახლავთ თემა. დავალების პირობაში, ამ დრომდე, იყო მოთხოვნა – დაეთანხმეთ ან არ დაეთანხმოთ გარკვეულ დებულებას. ამ ტიპის დავალება ჩვენს ტესტში 2005 წლიდან იყო. იგი მოძველდა და, სხვადასხვა მიზეზის გამო, კარგად უკვე ვეღარ ამოწმებს აბიტურიენტის წერის უნარს. მოსწავლეები წერდნენ დაზეპირებული, ერთნაირი შაბლონებით და ტრაფარეტებით. არ ჩანდა პირადი მოსაზრება, ეს კი არასასურველი ფაქტი იყო. წელს დავალების პირობაში აღარ იქნება მსგავსი ფორმულირება. მოცემული იქნება გარკვეული ინფორმაცია და აბიტურიენტმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი პირადი აზრი უნდა გამოხატოს. შეგიძლიათ გამოხატოთ ნებისმიერი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით – დადებითიც და უარყოფითიც. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს თქვენი პირადი მოსაზრება. მნიშვნელოვანია, რომ ლაღად დაწეროთ თემა, განთავისუფლდეთ შაბლონებისგან და გაამყაროთ თქვენი მოსაზრება არგუმენტებით. უკვე ჩატარებულმა აპრობაციამაც აჩვენა, რომ მოსწავლეები შეცვლილი ფორმატით ძალიან საინტერესოდ გადმოსცემენ აზრს. თხზულების დასაწერად შერჩეული საკითხი, ცხადია, ყოველდღიურობასთან დაკავშირებული და თქვენთვის ნაცნობ თემაზე იქნება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი, ინდივიდუალური მოსაზრება, გადმოცემული კარგი ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების საშუალებით, ჩვენთვის ყველაზე ღირებულია.

პრობლემა, რომელსაც წლიდან წლამდე ვაწყდებით, ინსტრუქციის გაგებას უკავშირდება. ინსტრუქციაში ნათლად წერია, რომ დასაშვებია 120-170 სიტყვა. გადაჭარბება ნიშნავს მეტ შეცდომას. ჩემი რჩევაა, თემის წერისას, გაითვალისწინოთ ინსტრუქცია – ნუ გადააჭარბებთ მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობას. ივარჯიშეთ, რომ დაიცვათ ეს მოთხოვნები“.

⇓⇑ ისტორიის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ ბახტაძე: „ისტორიის საგამოცდო პროგრამა, შარშანდელთან შედარებით, შეიცვალა. ზოგიერთი საკითხი ამოვიღეთ, ზოგი კი დავამატეთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, იხელმძღვანელოთ 2024 წლის საგამოცდო პროგრამით. ცხადია, კითხვები და დავალებები იქნება მხოლოდ იმ თემების ირგვლივ, რომლებიც შეტანილია პროგრამაში. ამასთან, გამოცდის ჩასაბარებლად, სრულიად საკმარისია ის სახელმძღვანელო, რომლითაც სწავლობთ სკოლაში – გამოცდაზე არაფერი შეგხვდებათ ისეთი, რაც თქვენს სახელმძღვანელოებში არ არის მოცემული.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ისტორიის ტესტში ახალი დავალება არ შესულა. ამოვიღეთ 1 დავალება – ქრონოლოგია, რადგან, ძირითადად, ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებდა (მისი შემოწმება სხვა დავალებითაც შეგვიძლია). გარდა ამისა, არ იქნება კიდევ 2 დავალება, რომელიც მცირედით დაიშტამპა და მოსწავლეები გვცემდნენ დაზეპირებულ პასუხებს – ამ დავალებების ამოღების ხარჯზე, გაიზარდა დახურული დავალებების რიცხვი. თუმცა არ იფიქროთ, რომ ისინი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს. საგამოცდო ტესტი წელსაც ყველა იმ უნარს შეამოწმებს, რომლებსაც აქამდე ამოწმებდა. შარშან შემოვიტანეთ ახალი დავალება, რომელიც, როგორც საცდელმა ტესტირებამ და შემდეგ უკვე გამოცდამაც აჩვენა, ძალიან კარგად ამოწმებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტაციას… ასე რომ, ამ მხრივ, არაფერი იცვლება და ვფიქრობთ, სირთულითაც ისეთივე იქნება, როგორიც იყო შარშანდელი ტესტი.

უფრო დეტალურად ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:

  • 35 დახურული ტიპის დავალება – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ – 35 ქულა;
  • ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) – თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ – 6 ქულა;
  • ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა 5;
  • ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება) – მაქსიმალური ქულაა

აბიტურიენტებს მინდა გირჩიოთ, გამოცდაზე მუშაობისას, არ იჩქაროთ – მერწმუნეთ, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო – 2 საათი და 40 წუთი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად და წყნარად იმუშაოთ. ასევე, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის კითხვა – მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს ვთხოვთ, დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვისაა დაკონკრეტებული, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს – პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის.

გარდა ამისა: როცა დავალების პირობაში გთხოვენ დაასახელოთ მსგავსი ანალოგიური მოვლენა, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნეები, ან ვთქვათ, გეოგრაფიული რეგიონი). შესაბამისად, აუცილებელია დავალების პირობის ყურადღებით წაკითხვა და პასუხის კონკრეტულად იმ კითხვაზე გაცემა, რასაც ტესტში გეკითხებიან“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები