ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ოსტატის ფიგურა ხელოვნებაში, რომელიც რეალურისა და იდეალურის, ყოფითისა და შემოქმედებითის ზღვარზე მოძრაობს, ერთ-ერთი შთამბეჭდავი სახე-სიმბოლოა ლიტერატურაში. ის არა მხოლოდ ქმნის, არამედ თავის თავში ატარებს იმ ძალისხმევას, რომელიც ხელოვნებას კაცობრიობის ცენტრალურ საყრდენად აქცევს. ამ პუბლიკაციაში განვიხილავთ სამი სხვადასხვა კულტურის ავტორის: რანგეა რაგჰავის (ინდოეთი), კონსტანტინე გამსახურიდიას (საქართველო) და თომას ბერნჰარდის (ავსტრია) რომანებს. ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ, ლიტერატურის პროცესი როგორ ქმნის შემოქმედის: სოციალურ, ესთეტიკურ და ეგზისტენციალურ პორტრეტებს. ავტორები წარმოგვიდგენენ განსხვავებულ კულტურებს, განსხვავებულია მათი დაკვირვების სივრცეც (ეპოქა), თუმცა მათ აერთიანებს საერთო სურვილი – გვაჩვენონ ხელოვნების დანიშნულება კაცობრიობის განვითარების გზაზე, მისი ტრასფორმაციის მიზეზები. სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზით ვხედავთ, როგორ გადაიქცევა ხელოვანი დრამატულ ფიგურად. რანგეა რაგჰავის „დიდი ქალაქის დაღუპვა, კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ წარმოაჩენს ლიტერატურის მნიშვნელობას ხელოვნების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე დაკვირვების პროცესში.
ლიტერატურაში ხელოვნება არა ტექნიკური უნარ-შესაძლებლობაა, არამედ ეთიკური, კულტურული და ისტორიულ-ესთეტიკური ფასეულობა. მაგალითად, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ ინტელექტუალური ილუზიის ნგრევის პროცესს ასახავს, მაშინ, როცა კონსტანტინე გამსახურდია ოსტატობას არქეტიპული სიწმინდისა და ეროვნული იდენტობის საყრდენად წარმოგვიდგენს; რანგეა რაგჰავის რომანში კი ხელოვნება ცივილიზაციის ზნეობრივი კრიზისის ფონზე მოჩანს, როგორც ფასეულობა, რომელიც კაცობრიობის გადაშენების შემდეგ დარჩება, როგორც პირამიდა, რომელიც ფარაონების არყოფნასაც დიდებით შეხვდება. თ. ბერნჰარდის რომანში ხელოვნება უკვე დაცემულია, საუკუნის მორალური კრიზისის მსხვერპლია, ამიტომ დაცინვის საგნად ქცეულა, განსხვავებით გამსახურდიას რომანისგან, სადაც ის იდუმალებით მოცული ძალისხმევაა და ჭეშმარიტი ოსტატის დამმარცხებელი არავინაა, რადგან მას ცოდნა და შესაძლებლობები იცავს. რ. რაგჰავის რომანში ხელოვნება განწირულთა ხმად იქცევა, მაშინ, როცა დიდი ქალაქის (მატერიის) ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება.
ამ რომანებში ხელოვნების შესახებ თხრობა კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირების პროცესს ჰგავს: თ. ბერნჰარდის გმირი ცდილობს, წარსულის ხელოვნებისგან გათავისუფლდეს, კ. გამსახურდიას გმირები კი ხელოვნებას ბრძოლის იდეასთან აკავშირებენ, სინდისის კატეგორიაში გადაჰყავთ, ხოლო რ. რაგჰავი ხელოვნების კრახს ინდური კულტურის სიმბოლურ კრახთან აიგივებს.
სამივე რომანი წარმოაჩენს, რომ ხელოვნების ბედი კაცობრიობის კულტურულ-პოლიტიკური და ზნეობრივი მატიანეა. ხელოვნება ისე კი არ უნდა აღვიქვათ, როგორც ხელით ნამოქმედარი, არამედ, როგორც ძალა, რომელიც ყოფიერებასა და ისტორიას აზრს სძენს. დაცემული ხელოვნების ცქერა, თ. ბერნჰარდის რომანში, „ძველი ოსტატები“, მკითხველისთვის გამანადგურებელი მეტაფორაა.
ხელოვნებას გადამრავლებაც კლავს: ერთი დიდებული ტილო, ვენის ხელოვნების მუზეუმიდან, რომლის მეორე პირი მავანის პირად კოლექციაში ინახება და ხელოვნების მუზეუმიცა და მავანიც ერთნაირად ამტკიცებენ, რომ ის ორიგინალია, დამამცირებელი და უნუგეშო ემოციაა ადამიანისთვის, რომელიც ვენის მუზეუმში სწორედ ამ ტილოს სანახავად ჩავიდა.
რანგეა რაგჰავის ფილოსოფიური რომანის დედააზრი ისაა, რომ მკითხველმა დაინახოს, როგორ შეიძლება დაინგრეს უზარმაზარი ქალაქი (მატერია) მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანები კარგავენ: სინდისს, ღირებულებებს, რწმენას, მრწამსს. ქალაქი კარგავს წესრიგს, სახესა და ფორმას. აქაურობას მიწისძვრა ან წყალდიდობა კი არ ანადგურებს, არამედ, შინაგანი რყევა, ესაა სულიერი და მორალური კრიზისის აპოკალიფსი. ყველა დუმს, მხოლოდ ერთი კაცი დადის და ქადაგებს, მაგრამ ის „გიჟია“. ასე ქრება ქალაქი, რომელსაც ჰქონდა დიდებული არქიტექტურა, ჰყავდა უამრავი ბრძენი და ხელოვანი.
რჩება საინტერესო კითხვა: რა არის კულტურა და ხელოვნება, თუ არ არსებობს ფასეულობები?
საკითხი ფილოსოფიურია და ანალიზს მოითხოვს: რანგეა რაგჰავი თავის რომანში ცდილობდა ინდოეთის სინამდვილის მხატვრულ გააზრებას. ამ რომანში ხელოვნებისა და კულტურის საკითხები მჭიდროდაა დაკავშირებული. ფასეულობების გარეშე ხელოვნება კარგავს გარდაქმნისა და ზემოქმედების ძალას და ადამიანს ვეღარ ეხმარება, გახდეს უკეთესი. ის იმ გარემოსავით კვდება, რომელშიც დაიბადა.
კ. გამსახურდიას ხელოვნება ფასეულობების მატარებელია: ისტორია, სულიერება, ენა, სარწმუნოება, სამშობლო, ღირსება. ამ ყველაფერზე უარის თქმა გამოიწვევს იმ აპოკალიფსს, რომელსაც რანგეა რაგჰავის რომანში ვხედავთ. კ. გამსახურდიას რომანში ხელოვნება დეკორაცია არ არის, ის კულტურისა და ფასეულობათა ერთ-ერთი შემადგენელია, ხელოვანი უკვდავია, რადგან მას ვერც დრო ერევა და ვერც სახელმწოფო, რადგან ორივეზე მაღლა დგას.
თ. ბერნჰარდის თვალსაზრისით, ფასეულობათა კრახი და კულტურული სიცარიელე უკვე რეალობაა. მისი პერსონაჟები ცხოვრობენ დეგრადირებულ გარემოში, სადაც ხელოვნება ყალბი თავშესაფარი და იდეოლოგიური ინსტრუმენტია.
ხელოვნება, როცა ფასეულობები აღარ არსებობს, თ. ბერნჰარდისთვის არის სიცარიელე, მხილება, ცინიზმი, არაფრობის დასაწყისი.
ამდენად, თუ ფასეულობები აღარ არსებობს, კულტურა და ხელოვნება კარგავს თავის დანიშნულებას. ის, რაც ხელოვნებას ღირებულს ხდის, არის: სიმართლე, თავისუფლება, ჰუმანურობა და მეხსიერება. კონსტანტინე გამსახურდიას ხელოვნების მარადიულობის იდეიდან, რანგრა რაგჰავის აპოკალიფსამდე და თომას ბერნჰარდის საბოლოო დაცემამდე ხელოვნების გზა იყო დაღმავალი, უარყოფამდე მანძილი კი იმდენივე, რამდენიც დიადიდან სასაცილომდეა. ამიტომ ფასეულობების გარეშე: ხელოვნებას არ აქვს ფორმა, კულტურას – ტრადიცია, ადამიანს – სული და შექმნის ძალა.
კულტურა და ხელოვნება მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს სიცოცხლეს, როდესაც ჭეშმარიტ საზრისს ემსახურება. რანგრა რაგჰავის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თომას ბერნჰარდის რომანებში მთავარი პერსონაჟები ჩადიან ხელოვნების იმ სიღრმეებში, სადაც შემოქმედება შინაგან კრიზისს განიცდის. ამ სივრცეებში შემოქმედება უსამართლობის, უზნეობისა და სიცრუის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევაა, სადაც ის ან იმარჯვებს და აკეთილშობილებს, ან მარცხდება და გარემოსთან ერთად კვდება.
ამრიგად, ამ რომანებში ხელოვნების ოსტატები არიან თვითგამოხატვის, წინააღმდეგობისა და ეგზისტენციალური სიღრმეების მატარებლები, ისინი ცდილობენ: ფერში, სიტყვაში, ფორმაში გადმოსცენ ის, რაც თვალისთვის ხილული არ არის, მაგრამ ამ ძალისხმევის შედეგი უარყოფითია. სამივე რომანში ხელოვანის საბოლოო ხვედრი ფიზიკური განადგურებაა, რადგან კაცობრიობამ არ იცის, როგორ გაუფრთხილდეს იმას, რაც საკუთარი გაუცნობიერებელი ძალისხმევით შექმნა.
ამაოების ეს შეგრძნება, რა თქმა უნდა, არ გვავიწყებს ხელოვნების მნიშვნელობას, რადგან ხელოვნება, ნანგრევებად ქცეულიც კი, თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს, მაგრამ ადამიანს, შემოქმედს, აქცევს უკმარობის ვაკუუმში და მუხტავს მოუშორებელი განცდით, რომ არაფერია მნიშვნელოვანი და მარადიული: არც სიტყვა, არც სახე და არც დიდება.