მარინა თათოშვილი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
დავიბადე და გავიზარდე მესხეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. უდის №1 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის მესხეთის ფილიალში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სპეციალობით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2002 წელს, სახელმწიფო პროგრამით დავიწყე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში მუშაობა, სადაც 2007 წლამდე ვიმუშავე. 2007-2009 წლებში ადიგენის მულიციპალიტეტის სოფელ უდის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2009 წელს, კონკურსის შედეგად, მოვხვდი საგანმანათლებლო პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის სკოლაში დავიწყე მუშაობა. ამ პროგრამას ამჟამად „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ ჰქვია და როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ სკოლებში დღემდე წარმატებით მუშაობს.
2018 წლიდან სამუშაოდ გადავედი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში, სომხურენოვან სექტორზე, სადაც დღემდე ვმუშაობ, როგორც კონსულტანტი მასწავლებელი. მაქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ასევე, ჩაბარებული მაქვს საჯარო სკოლის დირექტორთა გამოცდა და მაქვს შესაბამისი სერტიფიკატი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
თავდაპირველად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში მუშაობა ჩემთვის მრავალმხრივი გამოწვევა იყო, რადგან მომიწია სახლიდან, ოჯახიდან წასვლა.
ჯავახეთში, ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში, საცხოვრებლად გადავედი. ვასწავლიდი სკოლაში, მაგრამ სათანადოდ არ ვიცოდი უმცირესობების ენა, იყო უნდობლობაც, უცხოობაც… შემდეგში კი, ვისწავლე სომხური ენა, ჩემი შრომისმოყვარეობით და მოვალეობისადმი გამოჩენილი ერთგულებით, ნდობაც მოვიპოვე და სიყვარულიც. დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ამ სკოლებში ჩემი და ჩემი ათობით კოლეგის მუშაობის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების დახმარებაა, სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლის და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობისთვის.
რა თქმა უნდა, ენერგიას არ ვზოგავ და შედეგიც სახეზეა: იმ სკოლიდან, რომელშიც მე ვმუშაობ, აბიტურიენტების უმრავლესობა სწავლას ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში აგრძელებს 1+4 პროგრამაზე და თითქმის ყველა მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.
ნინოწმინდაში სამუშაოდ სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის დირექტორის მოთხოვნით ჩამოვედი. სკოლამ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ვაკანსია გამოაცხადა და „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის“ მენეჯერმა იქ კონსულტანტ-მასწავლებლად გამაგზავნა. პროფესიული საქმიამინობის განხორციელებისას, სკოლის დირექტორის, ბატონი არაქელ სეირანიანის მხრიდან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა მაქვს. იგი დაინტერესებულია, რომ მოსწავლეებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ, ასევე, თვითონაც სწავლობს ქართულ ენას და ამ კურსს მე ვუძღვები. სწორედ ახლა, ამ ეტაპზე, სკოლის დირექტორი ქართული ენის B1 დონის მსმენელია, სკოლის სხვა პედაგოგებთან ერთად, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს A2 დონე და მონდომებით აგრძელებენ სწავლას. გვყავს ისეთი კატეგორიაც, რომლებმაც B1 დონე წარმატებით დაასრულეს, „მასწავლებლის სახლის“ დახმარებით საშუალება მიეცათ, გაევლოთ პროფესიული უნარების გრძელვადიანი კურსი და ამ გზით აიმაღლეს კვალიფიკაცია, გახდნენ უფროსი მასწავლებლები. ალბათ, არაფერია იმაზე საამაყო, როცა შენი კოლეგა მიღწეულ წარმატებებში შენს წვლილს ხედავს და ამის გამო გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს.
როდესაც საცხოვრებლად ნინოწმინდაში გადავედი, სკოლის ბუღალტრის ოჯახში დავბინავდი, რომელიც შემდეგ ჩემი მეორე ოჯახი გახდა. ნინოწმინდაში ახლა უკვე ბევრი სომეხი მეგობარი მყავს, ასევე კავშირი მაქვს და ვმეგობრობ ჩემს ახალქალაქელ კოლეგებთან, საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარები კიდეც. ჩემი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია ჩემი სომეხი მეგობრების გარეშე.
ძალიან რთულია ნინოწმინდაში ცხოვრება, აქაური მკაცრი კლიმატის გამო, აქ თითქმის სულ ზამთარია. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. უკვე 18 წელია, რაც ჯავახეთში ვარ. ამ ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობ ჩემს აქაურ საქმიანობაზე, იმაზე, რასაც ვაკეთებ მოსწავლეებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; ვფიქრობ, რომ საჭირო ვიყავი აქ, ვფიქრობ, დიდ და საქვეყნო საქმეს ვაკეთებ. ძალიან ამაყი ვარ, როდესაც სკოლის ეზოში შესულს მოსწავლეების გუნდი შემომეხვევა და მესალმებიან: „დილა მშვიდობის მარინა მასწავლებელო-ჯან“ და ასევე, სამასწავლებლოში შესულს, კოლეგები პატივისცემით და სიყვარულით რომ მიცქერენ, ჩემი იმედი რომ აქვთ და რომ შემიძლია მათთვის დახმარების გაწევა.
ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, დიდი სტიმულის მომცემი იყო, „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამაში“ მოხვედრა და მეამაყება, რომ დღემდე მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. ამ პროგრამამ ჩემს ცხოვრებას ისეთი დიდი მიზანი შესძინა, რაც მაგრძნობინებს, რომ მეც ჩემი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი ვარ და უნდა ვიდგე იქ, სადაც ვდგავარ. ეს ნამდვილი პროფესიონალების გუნდია, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, მიღწევებითა და თავდაუზოგავი საქმიანობით გარდამტეხ როლს ასრულებს ეთნიკური უმცირესობების სკოლების წინსვლის საქმეში. სახელმძღვანელოები, რომლითაც ეთნიკურ უმცირესობებს ვასწავლით, სწორედ პროგრამაში დასაქმებული კონსულტანტ-მასწავლებლების ერთი ჯგუფის მიერაა შექმნილი. ჩვენი პროგრამის ძალისხმევით შეიქმნა „ქართულის, როგორც მეორე ენის გრამატიკის პრაქტიკული სავარჯიშოების კრებულიც“, რომელიც ძალიან კარგი დამხმარე რესურსია და წარმატებით ვიყენებ სასწავლო პროცესში.