„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ თბილისში 2015 წელს დაარსდა. დამფუძნებლები არიან ირა კოხრეიძე – რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე, ქორეოგრაფი და გიორგი მიქაბერიძე – მხატვარი, ფსიქოლოგი, მუსიკოსი. დასში გაერთიანებულია 25 ადამიანი, რომელთა შორის 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო, თალასემია და ა.შ.), მათი ასაკი 14 დან 30 წლამდეა, ასევე, დასში არიან ტიპური განვითარების მსახიობები და ხელოვანები.
თეატრის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს ინკლუზიასთან შეხება დასის შექმნამდეც ჰქონდათ: ირა კოხრეიძემ, პირველად, ინკლუზიური გამოცდილება 2013 წელს მიიღო, როდესაც, ერთ-ერთი ორგანიზაციის მოწვევით, რეჟისორის რანგში, ინკლუზიურ სპექტაკლზე მუშაობდა; გიორგი მიქაბერიძის ინკლუზიური გამოცდილება 2004 წელს იწყება, ამერიკის შეერთებულ შტატებში (ნიუ-იორკის შტატში), სადაც ის ინკლუზიურ/ინტეგრირებულ საზაფხულო ბანაკში მუშაობდა კოორდინატორის პოზიციაზე.
დასის რეპერტუარში უკვე 4 საავტორო სპექტაკლია: „მოგზაურობა“, „ლეგენდა მედეაზე“, „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე“ და „კონტაქტი“, რომელთა პრემიერა რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
სპექტაკლი „კონტაქტი“ დასის ბოლო ნამუშევარია, მისი პრემიერა, 2019 წლის მარტში, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შედგა. ამ სპექტაკლმა ქართულ ინკლუზიურ ხელოვნებას პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოუტანა – „კონტაქტი“ ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში მოხვდა. დასის საფესტივალო გასტროლი ჩინეთში ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ივლისში, ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლი ქალაქ პეკინში ორჯერ გათამაშდა, რაც ქართული ინკლუზიური ხელოვნების პირველი დიდი აღიარება და გამარჯვებაა.
„აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „კონტაქტი“ მოიწვიეს საქართველოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „საჩუქარი“, სადაც ჩვენი დასი ევროპის თეატრალური და თანამედროვე ხელოვნების წამყვანი ვარსკვლავების გვერდით წარდგება, რაც ინკლუზიური ხელოვნების სრულფასოვან ხელოვნებაში ინტეგრაციისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამბობს ირა კოხრეიძე, – სპექტაკლი მოგვითხრობს გზაზე, რომელსაც სული დაბადებამდე გადის. დადგმაში ნაჩვენებია მთავარი გმირების სხვადასხვა განზომილებაში გადაადგილება, მათი შეხვედრა უცნაურ არსებებთან, რაც დაბადებისთვის მზადების პროცესს ასახავს. მთავარი გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი სულის განსხეულებით მთავრდება და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს.“
„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ მიზანია ინკლუზიური ხელოვნების სტანდარტების ამაღლება და განვითარება საქართველოში. გიორგი მიქაბერიძის აზრით: „ბოლო წლებში, ერთი მხრივ, ინკლუზიური ღონისძიებების და ჩართულობის ფაქტები მომრავლდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს, გარკვეული მიზეზების გამო, ინკლუზიური პროდუქტის ხარისხს ნაკლები ყურადღება ექცევა როგორც მაყურებლის, ასევე ორგანიზატორების მხრიდან. აქედან გამომდინარე, დაარსების დღიდან, ჩვენი თეატრის მიზანია, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ შშმ პირთა მონაწილეობით შესაძლებელია მაღალი სტანდარტების თანამედროვე ხელოვნების პროდუქტის შექმნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ბევრ იმ სტერეოტიპსა და მოდელს ამსხვრევს, რაც, სამწუხაროდ, ინკლუზიაშიც დამკვიდრდა. ასეთი მიდგომა, ფასადური ინტეგრაციის ნაცვლად, რეალური ინტეგრაციის საშუალებას გვაძლევს, რაც შშმ პირებს და მთლიანად ამ სფეროს სხვა საფეხურზე ასვლას და განვითარებას უწყობს ხელს.“
თეატრის რეპერტუარი საბავშვო არ არის, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თემებითაა გაჯერებული, რაც ინკლუზიური ხელოვნების მიმართ ჩვეულ მიდგომას ამსხვრევს. „უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი მართლდება. ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მოპოვებული წარმატება და აღიარება უფრო მეტის გაკეთებისა და მიღწევის სტიმულს გვიჩენს როგორც ხელმძღვანელებს, ასევე დასის თითოეულ წევრს, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად გავდივართ ამ საინტერესო გზას. – ამბობს ირა და სამუშაო პროცესზეც საუბრობს, – დასში მუშაობის პროცესი მრავალფეროვანია – სამსახიობო ოსტატობის, ქორეოგრაფიის, მეტყველების, დრამისა და არტთერაპიის გარდა, რაც ინკლუზიაში ჩვეულ სტანდარტადაა ქცეული, ასევე გამოიყენება სხვადასხვა არასტანდარტული ინდივიდუალური მიდგომები. შედეგად ვიღებთ იმას, რომ დასის წევრ შშმ პირებს, დადებით ფსიქოემოციურ ფონთან ერთად, უმუშავდებათ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის პრინციპები, უვითარდებათ პროფესიონალური მიდგომა საქმის მიმართ და ამ ყველაფრის მეშვეობით ხდება შესაძლებელი მივიღოთ საბოლოო შედეგი, რასაც მაღალი ხარისხის თეატრალური პროდუქტი ჰქვია და რაც, საბოლოო ჯამში, თეატრალური ხელოვნების ახალ მიმართულებას აყალიბებს ჩვენს ქვეყანაში.“
გიორგის მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადად ყველასთვის ნაცნობი ბევრი პრობლემა ინკლუზიაში, კერძოდ, ინკლუზიური ხელოვნების სფეროში, რომელიც მათ თეატრსაც ეხება. პრობლემები კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ინკლუზიურ ხელოვნებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. „ჯერჯერობით, ინკლუზიური ხელოვნება განვითარების საწყის ეტაპზეა და ბევრი ამ დარგს შესაბამისი სერიოზულობით არ აღიქვამს, ეს ბუნებრივიცაა იმის ფონზე, როცა სამწუხარო სტერეოტიპი დამკვიდრდა – ძირითადად, ინკლუზიური ხელოვნება საქართველოში ზედაპირული ღონისძიებებით, შშმ პირთა პროცესში ჩართულობის გაპიარებითა და ამაზე ბევრი საუბრით შემოიფარგლება. შესაბამისად, სირთულეები ბევრია მათთვის, ვინც ცდილობს, ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახუროს და ამ უნიკალური ადამიანებისგან შემდგარი ინკლუზიური თეატრის ხარისხის და სტანდარტების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. ჩვენ არ გვიყვარს პრობლემებზე ბევრი საუბარი და მიგვაჩნია, რომ ბევრი ლაპარაკის და სიტყვების ნაცვლად, სჯობს მეტ ადამიანს ვაჩვენოთ ის შედეგი, ხარისხიანი პროდუქტი (სპექტაკლი), რომელიც სიყვარულით, კეთილსინდისიერი ინტეგრირებული მუშაობით მიიღწევა. მხოლოდ მაშინ იცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ და ყველა პრობლემა ნელნელა გვარდება.“
სირთულეების მიუხედავად, ირა და გიორგი ბედნიერები არიან, რომ მათი თეატრი წარმატებით ვითარდება და ამ საინტერესო, ჯადოსნური პროცესის უშუალო მონაწილეები არიან, თავიანთ გუნდთან ერთად.
საინტერესოა, რას ფიქრობენ „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ დასის წევრები, რას ნიშნავს მათთვის ეს თეატრი, რას გრძნობენ მუშაობის პროცესში და, ზოგადად, რაში ეხმარება მათ თეატრალური ხელოვნება.
მარიამ კაპანაძე, შშმ მსახიობი, მომღერალი, 28 წლის: „ორი წელია, რაც ამ დასს შემოვუერთდი. ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ჩემთვის ის იყო, რომ აქ ყველაფერი ძალიან განსხვავებული და უჩვეულოა, სხვა განზომილებაა თითქოს. სხვადასხვა ინკლუზიურ ჯგუფებთან თუ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს და პირველი, რაც ამ თეატრში მოსვლისას თავიდანვე თვალში საცემი იყო ჩემთვის, ის არის, რომ ხელმძღვანელები ძალიან სათუთად და ინდივიდუალური მიდგომით ურთიერთობენ დასის თითოეულ წევრთან. ეს საოცრად კომფორტულ და თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ყოველ ჩვენგანს, დიდსა თუ პატარას, პირველ რიგში – შშმ პირებს, საშუალება გვეძლევა გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც გვაწუხებს, გამოვხატოთ სცენაზე ჩვენი ემოცია და ინდივიდუალიზმი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ხელმძღვანელების მიერ არჩეული რეპერტუარი და ხედვა საშუალებას გვაძლევს, გავაჟღეროთ ჩვენი სათქმელი, გამოვხატოთ ჩვენი სამყარო და ჩვენი სათქმელი მაყურებლამდე სპექტაკლის სახით მივიტანოთ. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა ამ ჯადოსნურ ადგილას რომ მოვხვდი და ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, თუ კიდევ დიდხანს ვიქნები „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის“ წევრი.“
მარიამ იორდანაშვილი, შშმ მსახიობი,19 წლის: „ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ერთი სული მაქვს, როდის მივალ რეპეტიციაზე და ვნახავ ჩემს მეგობრებს. ძალიან მიყვარს ეს ადამიანები. ისეთი სასიამოვნო გარემოა, მეგობრული და ასევე საქმიანი. ჩვენი რეჟისორები ძალიან გვეხმარებიან სირთულეების გადალახვაში, ამიტომ ძალიან ადვილად გამოგვდის ყველაფერი, ეს გვეხმარება გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან, შიშებისგან და ლაღად ვგრძობდეთ თავს სცენაზე. აქ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და მხარში ვუდგავართ როგორც მუშაობის პროცესში, ასევე მის გარეთაც. ყოველი ახალი სპექტაკლი ჩემთვის ახალი სამყაროს გახსნაა. ვგრძნობ, რომ ძალიან შევიცვალე და მე ეს მომწონს.
ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენი სპექტაკლით ჩინეთში დაინტერესდნენ და თეატრალურ ფესტივალზე მიგვიწვიეს, ემოციებით დატვირთული ჩამოვედი გასტროლიდან, კიდევ დიდხანს მემახსოვრება ეს მოგზაურობა, მადლობა ყველას ამისათვის. ჩვენს თეატრს კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ!“
გიორგი პოლოლიკაშვილი, შშმ მსახიობი, 17 წლის: „მე ვარ მსახიობი და ასევე წიგნიც დავწერე, მწერალიც ვარ. მე უკვე სამი როლი მაქვს ნათამაშები. ბოლო სპექტაკლში გამომძიებლის როლი მაქვს. ყოველდღე ვმუშაობ ჩემს როლზე, რომ პროფესიონალი გავხდე. რუსთაველის თეატრში ვითამაშეთ ბევრჯერ, ზაფხულში ვიყავით ჩინეთში, ძალიან მაგარი იყო. ძალიან მიხარია, რომ ირა და გიორგი ახალ სპექტაკლშიც მომცემენ როლს. მე აქ მყავს ბევრი მეგობარი და ყველა მათგანი მიყვარს. ყველაზე მეტად კი მიყვარს, როცა „პაკლონზე“ გავდივართ და ზღვა აპლოდისმენტები და „ბრავო“ ისმის სპექტაკლის ბოლოს. ბედნიერი ვარ ამ დროს, ძალიან ბედნიერი. მიხარია, რომ ადამიანებს მოსწონთ, როგორ ვთამაშობ. ძალიან მიხარია. ბედნიერებაა სცენაზე დგომა! „ირა კოხრეიძის თეატრი“ მაგარია!“
დორა ანდრე, ტიპური განვითარების მსახიობი, 18 წლის: „გაოცებული ვარ ამ ახალგაზრდების შესაძლებლობებით. ისეთი მონდომებულები და ნიჭიერები არიან, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყოველ როლს და დღითი დღე იზრდებიან. უბედნიერესი ვარ, ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მუშაობის და მათთან ურთიერთობის საშუალება რომ მომეცა, ეს საოცარი გამოცდილებაა ჩემთვის. მათი შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა და ჩვენ ყველა ერთად, ინტეგრირებული გუნდით, ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია! მე არ ვიცი ქართული ენა და უმრავლესობა დასში ჩემს ენაზე არ საუბრობს, ამის მიუხედავად, ძალიან გახსნილი და გულწრფელი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ვაკეთებთ დიდ ხელოვნებას და მომავალშიც გავაგრძელებთ მაყურებლის გაოცებას. მადლობა ყველაფრისთვის, ამ დასმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. არც კი ვიცი როგორ გადავუხადო მადლობა ირას და გიორგის ამ ბედნიერებისთვის. მიყვარხართ.“
„დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო აღტაცებულად ამ დასის და ხელმძღვანელების შესახებ. საოცარ საქმეს აკეთებენ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს ასეთ საოცარ ადამიანებთან უწევთ ურთიერთობა მშვიდ, კულტურულ ატმოსფეროში, ეს დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის, – ამბობს ერთ-ერთი მსახიობის მშობელი – ამდენი წელი ვაკვირდები და ერთი ხმამაღალი სიტყვა ან საუბარი არ მსმენია რეპეტიციის დროს, სრული ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა ვაღიარო, რომ დასმა ჩვენს შვილებზე ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა, სოციალიზაციის და თვითშეფასების, მეტყველების და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების კუთხით, ამ მხრივ საგრძნობი პროგრესი შეინიშნება ბავშვებში, თანაც ასეთი ჩამოყალიბებული და ორიგინალური სპექტაკლების შექმნაც თუ იყო შესაძლებელი ინკლუზიაში, ესეც ბევრს არ წარმოგვედგინა. ვფიქრობ, ამ დასს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ეს პირველი ინტეგრირებული დასია ჩვენი ქვეყნიდან, რომლის ნამუშევარმაც უცხოური აღიარება მოიპოვა. მადლობას ვუხდი ირას და გიორგის უანგარო შრომისთვის და ჩვენი შვილების მიმართ გაწეული ღვაწლისთვის.“
♦ ♦ ♦
ჩვენც ვისურვებდით, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება მიაქციოს თეატრს, რომელმაც შშმ მსახიობების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დაამტკიცა, რომ შშმ პირთა მონაწილეობით შესაძლებელია მაღალი სტანდარტის თანამედროვე ხელოვნების პროდუქტის შექმნა. თეატრის ხელმძღვანელთა მიდგომა დღეს დამკვიდრებულ ბევრ სტერეოტიპსა და მოდელს ამსხვრევს და ამ გზით ცდილობს ამ ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. დასის წევრების შთაბეჭდილებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თეატრში მოსვლის შემდეგ, მათი ცხოვრება გაცილებით საინტერესო, ხალისიანი და სრულფასოვანი გახდა. „ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, ამ ჯადოსნურ ადგილას რომ მოვხვდი“ – ამბობს მარიამ კაპანაძე; „ვგრძნობ, რომ ძალიან შევიცვალე და მე ეს მომწონს“ — ეს მარიამ იორდანაშვილის სიტყვებია; გიორგი პოლოლიკაშვილი კი აცხადებს, რომ „ბედნიერებაა სცენაზე დგომა!“; ამ დასმა დორა ანდრეს ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა, „მიყვარხართ“ — ასე მიმართავს ირას და გიორგის. ეს გულწრფელი სიტყვები, ალბათ, ყველაზე უკეთ მეტყველებს „ირა კოხრეიძის თეატრის“ მნიშვნელობაზე, ამავდროულად, ყველაზე მაღალი შეფასებაა იმ უდიდესი შრომის, რაც ირა კოხრეიძემ და გიორგი მიქაბერიძემ, თეატრის დაფუძნების დღიდან დღემდე, გასწიეს. „ირა კოხრეიძის თეატრი“ მაგარია!“
ლალი თვალაბეიშვილი