ინტერვიუ პირველ წამყვან სპეციალურ მასწავლებელთან – ირინე ფიროსმანაშვილი, დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის წამყვანი სპეციალური მასწავლებელი
– წლის მასწავლებლად დასახელების შემდეგ, პირველი სპეციალური მასწავლებელი ხართ, ვინც სტატუსი აიმაღლა. რას შეცვლის ეს თქვენს საქმიანობაში?
– განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, 1 მარტს მომენიჭა წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემი ვალდებულებაა პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სწავლა-სწავლების სტრატეგიების გამოყენება, სასწავლო რესურსის შექმნა-გამოყენება; სსსმ მოსწავლეთა შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელებაში მონაწილეობა; თვითგანვითარებაზე და სკოლის განვითარებაზე ზრუნვა, პროფესიული ეთიკის დაცვა, ასევე იმ კომპეტენციების დაკმაყოფილება, რისი ვალდებულებაც აქვს წამყვან სპეციალურ მასწავლებელს. ერთსაც დავამატებდი, სტატუსი და წლების განმავლობაში მიღებული გარკვეული გამოცდილება, საშუალებას მომცემს ჩემი ცოდნა გავუზიარო კოლეგებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას.
– სსსმ მოსწავლისთვის საჭირო პირობები თუ არის დღეს სკოლაში უზრუნველყოფილი (პანდუსი, რესურსოთახი, თვალსაჩინოება, სახელმძღვანელოები), ამათგან რისი დეფიციტია?
– დღეს სკოლაში მთლიანობაში უზრუნველყოფილია სსსმ მოსწავლისათვის საჭირო პირობები. ყველა ზოგად საგანმანათლებლო სკოლის სივრცეში, სადაც სწავლობს სსსმ მოსწავლე, ფუნქციონირებს შესაბამისად მოწყობილი რესურსოთახი. თვალსაჩინოების შეძენა ხდება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. გასულ წლებთან შედარებით არის უფრო მეტი სახელმძღვანელოები. სამინისტროს მიერ სკოლებში იგზავნება როგორც მატერიალური სახით, ასევე ელექტრონული ლიტერატურა. რაც შეეხება პრობლემებს, ვისურვებდი, რომ სსსმ მოსწავლეებისათვის გარემო კიდევ უფრო ადაპტირებული და უნივერსალური იყოს.
– თითქმის 15 წელია, ამ სფეროში საქმიანობთ. კონკრეტულად რა გაუმჯობესდა, კერძოდ, თქვენს სკოლაში და რა არის ის, რაც, პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს?
– სსიპ ქ. დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლაში 2014 წლიდან ვმუშაობ. აღსანიშნავია დირექციის მხარდაჭერა ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით. რესურსოთახი აღიჭურვა ტექნიკური, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და თვალსაჩინო რესურსით. პოზიტიურია სკოლის თემის დამოკიდებულება სსსმ მოსწავლეების მიმართ, გაიზარდა ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ. განსხვავებული ადამიანების მიღებითა და დაფასებით ბავშვებს ჯანსაღი ღირებულებები ჩამოუყალიბდათ. გამოვარჩევ მშობლებთან აქტიურ თანამშრომლობას და კომუნიკაციას. წლების განმავლობაში მასწავლებლებმა შეიძინეს სსსმ და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება, გამოწვევების პროცესში გუნდური მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება მოსწავლეზე ორიენტირებულ ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ჩვენს სკოლაში მოსაგვარებელ საკითხს, პირველ რიგში, ვისურვებდი ეტლით მოსარგებლე მოსწავლის სკოლის ზედა სართულებზე გადაადგილების უზრუნველყოფას.
– მშობელი თქვენი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და თანამოაზრეა – როგორ თანამშრომლობთ. კონკრეტული მაგალითით ხომ ვერ დაგვანახებთ ამ თანამშრომლობის აუცილებლობას და სიკეთეს
– მშობელთან პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ მშობელთან მაქვს აქტიური კომუნიკაცია. აუცილებელია მშობელი გრძნობდეს თანადგომას და მხარდაჭერას. მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთი მოსწავლის ლ.თ.-ს მშობელს, რომელთანაც რამდენიმე წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, რაც უფრო ჩაერთო მშობელი, მით მეტად გაიზარდა ბავშვის შედეგები, მოსწავლეს ჩამოუყალიბდა სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური გახდა როგორც სახლში, ასევე სკოლაში, გაიზარდა საკლასო, სასკოლო და სკოლის გარეთ წრეებზე მოსწავლის ჩართულობა, შეიძინა მეგობრები, გახდა თავდაჯერებული და მოტივირებული, გაუჩნდა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. ეს ყველაფერი მოხერხდა მშობელთან აქტიური კომუნიკაციით და თანამშრომლობით.
– რამდენი სსსმ მოსწავლე გყავთ და რა იცით მათ შესახებ სკოლის დამთავრების შემდეგ (თუ უკვე გყავთ ასეთები), რას სწავლობენ სკოლაში ისეთს, რაც მერე ცხოვრებაში ადგებათ?
– სკოლაში გვყავს 10 სსსმ მოსწავლე და ვართ 2 სპეციალური მასწავლებელი. ჩვენი მიზანია თითოეული სსსმ მოსწავლე იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და შევძინოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით, უფროსკლასელთან ვახორციელებთ ახლო მდებარე პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტს, მოსწავლის ინტერესების წრის გაფართოების და პრიორიტეტული საქმიანობის გამოყოფა-არჩევის მიზნით. ბავშვების ნაწილი სკოლის შემდეგ აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებელში, ხშირ შემთხვევაში ისინი ინარჩუნებენ კონტაქტს სკოლის მასწავლებლებთან და ღებულობენ მათგან რჩევებს.
– სსსმ ბავშვებთან მიმართებით სიტყვა „წარმატება“ სხვა მნიშვნელობისაა. რა შემთხვევაში მიიჩნევთ თოთოეულ სსსმ ბავშვთან გაწეულ შრომას წარმატებულად, რა შედეგი გარწმუნებთ, რომ ამ კონკრეტულ ბავშვთან თქვენი შრომა შედეგიანი ანუ წარმატებული იყო ?
– წარმატება ინდივიდუალურია თითოეულ მოსწავლესთან. წარმატების მისაღწევად, პროფესიის სიყვარულთან ერთად, პასუხისმგებლობა, საქმისადმი ერთგულება და შრომისმოყვარეობაა საჭირო. თითოეულ ბავშვთან გაწეულ შრომას წარმატებულად მივიჩნევ, როცა გაზრდილია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, არის კლასის სრულფასოვანი წევრი, აღწევს წინასწარ დაგეგმილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს და ამასთანავე ვხედავ მშობლის მადლიერ თვალებს. თითოეული მოსწავლის მცირედი წარმატებაც კი მაბედნიერებს.
– გაქვთ თუ არა კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობა. ამ კონტინგენტის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, სარგებლობთ თუ არა ერთმანეთის პროფესიული გამოცდილებით?
– კოლეგებთან ხშირად მაქვს საქმიანი ურთიერთობები. ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, მიღწევებს და გამოწვევებს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ უკუკავშირს.
– რა მხარდაჭერა აქვთ სპეციალურ მასწავლებლებს სამინისტროს ან მასწავლებლის სახლის მხრიდან, რომ წარმატებით გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდა?
– წელს ზაფხულში დაგეგმილია უფროსი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. გასულ წელს ჩატარდა სპეციალური მასწავლებლის საცდელი ტესტირება. სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის ორგანიზებით აპრილის თვეში დაგეგმილია წინა საგამოცდო 16-საათიანი ტრენინგი სპეციალური მასწავლებლებისათვის. ასევე გამოქვეყნდა 2021 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე ტესტის აღწერა, შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა. მითითებულია სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა პროფესიულ უნარებში და ლიტერატურა, დამხმარე მასალის მოძიება შესაძლებელია ბმულზე: inclusion.ge
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩემს კოლეგებს.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი