25 მაისს, ამაღლების დღეს, დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ „სპექტრში“, გაიმართა შეხვედრა ტარიელ ხარხელაურთან. სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის უფროსკლასელების ინიციატივას ფრთა შეასხა სასწავლო ცენტრის „სპექტრი“ დირექტორმა, ნუნუ ცაკაშვილმა. იგი თავად უძღვებოდა ამ შთამბეჭდავ საღამოს. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ხორნაბუჯის, სოფელ სამრეკლოს, ქალაქ დედოფლისწყაროს პირველი და მეორე საჯარო სკოლების უფროსკლასელები და ამავე სკოლის პედაგოგები.
წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ დღეებში გარდაცვლილი დედოფლისწყაროელი პოეტის, ლევან ალავერდაშვილის ხსოვნას.
შეხვედრის პირველი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობასთან და პედაგოგებთან დიალოგს დაეთმო. თითოეული ემოციური და გულში ჩამწვდომი შეკითხვა და პოეტის პასუხი თვალზე ცრემლის კვალს ტოვებდა. მიხვდებოდით, რომ შეხვედრის მონაწილეები უაღრესად კარგად იცნობდნენ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებას, მის თითოეულ ლექსს.
მეორე ნაწილი მთლიანად პოეზიას დაეთმო. დამსწრე საზოგადოება სულგანაბული უსმენდა მგოსნის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას. საღამოსთვის განკუთვნილი დრო სრულად დაეთმო სიტყვის ძალას, ლექსს.
სიურპრიზი გახლდათ ახალგაზრდა დედოფლისწყაროელი პოეტის, ქეთევან ნათელაძის მიერ წაკითხული ლექსები, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა თბილისიდან, უსაყვარლესი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის შეხვედრას რომ დასწრებოდა.
ამაღლების დღე იყო ლექსის დიდი ზეიმი!
პოეზიის დიდი გაკვეთილი მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა.
მარიკა პოპიაშვილი