მარინა ბასილაშვილი
53-ე საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრის გამგე, იაკობ გოგებაშვილის მედლის მფლობელი
„არაფორმალური განათლება“ ქართულ კანონმდებლობაში განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდგომ გაჩნდა. ფორმალურ განათლებასთან ერთად, ის ხელს უწყობს მოსწავლეს კარიერულ წინსვლასა და ინტერესების გაფართოებაში. 53-ე საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრა ყოველთვის ზრუნავს არაფორმალური სივრცის შექმნაზე. STEM პედაგოგის პრინციპები მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვცდილობთ, მოსწავლემ ცნობისმოყვარეობა და „გამომგონებლობა შეინარჩუნოს“ სკოლის დამთავრებამდე.
6 ივნისს სკოლაში გვსტუმრობდა ცნობილი მათემატიკოსი, აკადემიკოსი თორნიკე ქადეიშვილი – ჰუმბოლდტის სტიპენდიატი, ანდრია რაზმაძის სახელობის პრემიის მფლობელი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET) ლექტორი.
ლექცია „მათემატიკა ყველგანაა“ ნამდვილად ემსახურებოდა მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას, სტემ საგნების პოპულარიზაციას. ამ საინტერესო ლექციას ესწრებოდნენ მათემატიკის მოყვარული უფროსკლასელები, მათემატიკის მასწავლებლები და დირექცია.
ირინა პაპუაშვილი, XI კლასი: მარინა მასწავლებლის ეს იდეა ძალიან მოგვეწონა. განსაკუთრებით გვაინტერესებდა ISET ლექტორთან შეხვედრა, რადგან მომავალ წელს აბიტურიენტი ვარ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შეხვედრის მოსამზადებელი პერიოდიც. ბატონ თორნიკესთან პირველივე საუბარი ტელეფონითაც კი სასარგებლო და სასიამოვნო იყო. ლექციამ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი შეხვედრები და ლექციები ხშირადაა საჭირო.
მარიამ ნაცვლიშვილი, XI კლასი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა თორნიკემ ISET-ში მიგვიწვია უკეთ გასაცნობად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ შეხვედრის ორგანიზება ჩვენ, მოსწავლეებმა, გავაკეთეთ. ხუმრობა არ არის აკადემიკოსთან დამოუკიდებლად ურთიერთობა.
მომავალ წელს ვაპირებთ მათემატიკური კლუბის ჩამოიყალიბებას.
ბიქტორ სამყურაშვილი, მასწავლებელი: მშვენიერი შეხვედრა იყო. პირველ რიგში, ბავშვები გაეცნენ მათემატიკის თანამედროვე პრობლემებს, რაც ხელს უწყობს საგნის უფრო სიღრმისეულად შესწავლას და სხვა კუთხიდან სწავლის პროცესის დანახვას.
ნინო ბურჯალიანი, 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი: ბატონი თორნიკეს სტუმრობა ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ჩვენი სკოლისათვის. მოსწავლეების ინტერესი და მოლოდინები სრულად გამართლდა. მათ არ უნდოდათ ლექციის დამთავრება. ბატონი თორნიკე ქადეიშვილის რამდენჯერმე შეთავაზებაზე, უნდოდათ თუ არა მოსწავლეებს ლექციის დამთავრება, ბავშვებმა უარი განაცხადეს. მათემატიკური კლუბის შექმნის იდეაც შეხვედრაზე დაიბადა.
ლექციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: რამდენგანზომილებიანია ჩვენი სამყარო; ფლატლანდია, გასვლა განზომილებიდან, სალვადორ დალის 4-განზომილებიანი ჯვარცმა; წრის ფართობი ბაბილონში; ერატოსთენე – დედამიწის რადიუსი; ეგზოტიკური მანძილები: მანძილი დედამიწაზე – დიდი წრე, მანჰეტენის მეტრიკა, ჭადრაკის მეფის მეტრიკა, ბრიტანული რკინიგზის მეტრიკა.
ერთ-ერთ ერთი თემა იყო რამდენგანზომილებიანია ჩვენი სამყარო.
თორნიკე ქადეიშვილი: უკვე დიდი ხანია გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ სინამდვილეში სამყარო უფრო მეტგანზომილებიანი უნდა იყოს, ოთხი განზომილება ვერ იტევს სამყაროში მიმდინარე პროცესების სიღრმესა და სირთულეს. დამატებითი განზომილების იდეა მეოცე საუკუნის ბოლოს აღორძინდა სიმთა თეორიაში. გაჩნდა ახალი ვარაუდები, რომ სამყარო ათგანზომილებიანია.
ჩვენი ხილული სამყარო 3-განზომილებიანია. პლატონი საუბრობდა რეალური სამგანზომილებიანი სამყაროს საგნების ორგანზომილებიან ჩრდილებზე გამოქვაბულის კედელზე, რომელსაც გამოქვაბულში მყოფი ტყვეები ხედავენ და მხოლოდ ეს გამოსახულებები ჰგონიათ ერთადერთი რეალობა.